კონსპირაცია, თითქოს ანტარქტიდის კედლის მიღმა ქალაქია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

105
VIEWS

11 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც  ყინულის დიდ კედელს და მის გვერდით რამდენიმე ოვალური ფორმის შენობას ვხედავთ. ვიდეოში ფოტოა ჩასმული, რომლის სხვადასხვა ნაწილები რიგრიგობითაა მოახლოებული და ვიდეოს ავტორი ინგლისურ ენაზე ყვება, რომ ანტარქტიდის კედლის მიღმა ქალაქია. 

თანდართული აღწერის მიხედვით, სწორედ ამიტომ დადიან პრეზიდენტები ამ ადგილას და ყველა ტექნოლოგიას აქედან იღებენ. 

Screenshot 2023 08 15 120149 კონსპირაცია, თითქოს ანტარქტიდის კედლის მიღმა ქალაქია

ვიდეოში გამოყენებული ფოტო ნამდვილი არაა და მას ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოს ნიშნები აქვს. ცნობები, რომ  ანტარქტიდა სინამდვილეში დედამიწას შემოვლებული კედელია, ან რომ მის ქვეშ, ან მიღმა დასახლებებია განთავსებული, კონსპირაციის ნაწილია. 

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ ფოტოს, რომლის სხვადასხვა ნაწილიც რიგრიგობითაა მოახლოებული. ვიდეოში უცნობი მამაკაცი ინგლისურ ენაზე ამბობს, რომ ის არ ამტკიცებს რომ ფოტო ნამდვილია, თუმცა ბევრი რუკა არსებობს, რომლებიც ყინულის საფარის ქვეშ ან მის მიღმა ქალაქების არსებობას ადასტურებს. 

ვიდეოს ფრანგული სუბტიტრები ახლავს, ასევე გამოსახულების ზედა და ქვედა ნაწილში ვხედავთ რუსულენოვან წარწერას: “არ დაუჯერო ტელევიზორს, რასაც სკოლაში გასწავლიან, დაინახე სიმართლე. ანტარქტიდის კედლის მეორე მხარეს ქალაქია, ისეთი არა, როგორც ჩვენი, გაიღვიძეთ”.

ვიდეოს ზედა მარჯვენა კუთხეში ფრანგულენოვანი ტელეგრამ არხის JQHN SPARTAN ლინკი ჩანს, რომელზეც ვიდეოს შედარებით ვრცელი ვერსია 2 აგვისტოს განთავსდა. ვიდეოს ასევე დართული აქვს ხელსაწყო scribot_ai-ს ლოგო, რომელიც ფრანგული სუბტიტრების დამატებისთვის გამოიყენება.  

Screenshot 2023 08 15 120155 კონსპირაცია, თითქოს ანტარქტიდის კედლის მიღმა ქალაქია

ვიდეოს აღწერაში წყაროდ ტვიტერის ანგარიში vegastar-ია მითითებული, რომელმაც ვიდეო ფრანგული სუბტიტრების გარეშე ასევე 2 აგვისტოს გაავრცელა

vegastar-ის გავრცელებულ ვიდეოზე უკვე ნათლად ვხედავთ ტიკტოკის ანგარიშს awakentruther, რომელმაც ვიდეო ამავე დღეს, 2 აგვისტოს აქვს გამოქვეყნებული, აღწერით: “ანტარქტიდა, რა არის ყინულის ბარიერის მიღმა?” აღსანიშნავია, რომ ამ ანგარიშსს არაერთი კონსპირაციული შინაარსის ვიდეო აქვს გამოქვეყნებული

Screenshot 2023 08 15 120201 კონსპირაცია, თითქოს ანტარქტიდის კედლის მიღმა ქალაქია

  • გავრცელებულ ფოტოს ხელოვნური ინტელექტის გენერირებული ფოტოს ნიშნები აქვს

რაც შეეხება თავად ფოტოს, ის, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტითაა (AI) შექმნილი. ამაზე რამდენიმე დეტალი მეტყველებს: vegastar-ის მიერ გავრცელებულ შედარებით მაღალი ხარისხის ვიდეოში ვხედავთ, რომ ფოტოს წინა ნაწილი ან ყინულის ფენას, ან წყალს უნდა განასახიერებდეს, თუმცა ის უცნაურადაა დაბურული. გარდა ამისა, ფოტოს ცენტრალურ ნაწილში, ოვალური ფორმის შენობების უკანა ფონზე თეთრ ვერტიკალურ ხაზებს ვხედავთ. ფოტოს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ვერსიებში, რომლების ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ვრცელდება, გარკვევით ჩანს, რომ, როგორც აღნიშნული შენობების ფონი, ასევე მათ გვერდით არსებული დასახლება ნამდვილი არაა. ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოების ნაწილს სწორედ გაურკვეველი, არადეტალური ფონი ახასიათებს (1, 2).

Screenshot 2023 08 15 120206 კონსპირაცია, თითქოს ანტარქტიდის კედლის მიღმა ქალაქია

  • კონსპირაცია ყინულის საფარს მიღმა ქალაქის არსებობის შესახებ

გავრცელებული ვიდეო ცნობილ კონსპირაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, დედამიწის  ჩვენთვის ნაცნობ ტერიტორიას ყინულის დიდი კედელი აქვს შემოვლებული. კონსპირაციის მიმდევრებს რუკებიც აქვთ შექმნილი. ვიდეოს მეორე ნაწილში სწორედ ერთ-ერთი ასეთი რუკა ჩნდება. 

Screenshot 2023 08 15 120214 კონსპირაცია, თითქოს ანტარქტიდის კედლის მიღმა ქალაქია

ინფორმაცია იმისა შესახებ, რომ ანტარქტიდა სინამდვილეში ყინულის კედელია, რომელიც დედამიწას აქვს შემოვლებული, ასევე ცნობები, რომ ანტარქტიდის ქვეშ ან მის მიღმა დასახლებული ადგილებია, მყარ მტკიცებულებებს არ ემყარება. USA Today-ს მიხედვით, მეცნიერები სხვადასხვა ტექნოლოგიით ანტარქტიდის ყინულის ქვეშ არსებულ რელიეფს უკვე 60 წელია იკვლევენ და რადარებიდან მიღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ყინულის საფარის ქვეშ დასახლებები არაა

გარდა ამისა, მყინვარების მკვლევრის ბეთან დეივისის მიხედვით, ჩატარებულმა კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ უკანასკნელი 20 000 წლის მანძილზე ყინულის საფარი სწორედ ამ მდგომარეობაში იყო და არ არსებობდა ყინულისგან თავისუფალი იმდენად დიდი ტერიტორია, რომ მასზე ქალაქი გაშენებულიყო. დღესდღეობით ანტარქტიდაზე მხოლოდ რამდენიმე მცირე კვლევითი ბაზაა

რაც შეეხება მტკიცებას, რომ ანტარქტიდა დედამიწის გარშემო შემოვლებული ყინულის კედელია, ის როგორც NASA-ს, ასევე დამოუკიდებელი კომპანიების სატელიტური გამოსახულებებით ბათილდება. ანტარქტიდა დედამიწის სამხრეთ ნახევარ-სფეროში განთავსებული კონტინენტია

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ მომხმარებელი მაია თვალთვაძე შეთქმულების თეორიებს რეგულარულად ავრცელებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გამოავლინა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist