4 ივნისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და ანონიმურმა პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდმა “ტერენტი გლდანელი” გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც, მისი თქმით, აფხაზეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი დავით გულუა ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო უზრუნველყოფა ყირიმის პორტიდან მოდიოდა, უკრაინელებს კი ამისთვის ხელი არ შეუშლიათ. დამატებით, პოსტის აღწერაში ირაკლი ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ გულუას თქმით, აფხაზეთის დაკარგვა აშშ-ის მიერ იყო ორგანიზებული, რათა საქართველო რუსეთისთვის ჩამოეშორებინათ, ხოლო ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ომში უკრაინელები გვეხმარებოდნენ, ტყუილია და ისინი პირიქით, სამხედრო ოპერაციებში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდნენ.
ირაკლი ზაქარეიშვილის პოსტი დავით გულუას ინტერვიუს მანიპულაციურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. რეალურად, გულუას არ უთქვამს, რომ უკრაინა საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთის ომში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა და რომ აფხაზეთის დაკარგვა აშშ-ის მიერ იყო ორგანიზებული. ვრცელ ინტერვიუში გულუა ომის დაწყების და განვითარების შესახებ საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს რუსეთის როლზე. რაც შეეხება უკრაინის მიერ გაწეულ დახმარებას, გულუა სრულად არ უარყოფს მსგავსი დახმარების მიღებას, ხოლო საქართველოზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყირიმში ბაზირებული ხომალდების მიერ თავდასხმაზე საუბრისას გასათვალისწინებელია, რომ ამ პერიოდში უკრაინას არ ჰქონდა ეფექტური კონტროლი ყირიმის ნახევარკუნძულზე, მის პორტებზე და იქ განთავსებულ ხომალდებზე, შესაბამისად, ვერ შეძლებდა რუსეთისათვის ხელის შეშლას.
ზაქარეიშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო წარმოადგენს ნაწყვეტს გადაცემიდან “საქართველოს დაბადება”. ვიდეოს ნაწყვეტში გულუა მართლაც საუბრობს უკრაინის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე და ამბობს, რომ ხომალდები, რომლებიც საქართველოს ესროდნენ ყირიმში იყვნენ ბაზირებული, თუმცა ის არ ამბობს, რომ უკრაინელები სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდნენ საქართველოს წინააღმდეგ და არც ვერტმფრენებით გაწეულ დახმარებას უარყოფს სრულად:
დავით გულუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი: “ის სამხედრო ხომალდები, რომლებიც ჩვენ გვესროდნენ მთელი ომის განმავლობაში, ისინი ყველა ბაზირებული უკრაინაში იყვნენ, ყირიმში. რატომ არ გააჩერეს? ის კი არა, ვერტმფრენები რომ ლტოლვილების გადასაყვანად მოგვცეს, იმათაც იცოდნენ, რომ სამხედრო ფორმიანი, დაჭრილი იყო თუ ის, არ უნდა მოხვედრილიყო, მარტო მშვიდობიანი. ახლა გაუშვეს ფეიქი, რომ ისინი ჩვენ გვეხმარებოდნენ. არ ყოფილა. არავის ვალი ჩვენ არა გვაქვს. “
აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიაზე თავდასხმებს ახორციელებდნენ რუსული სამხედრო თვითმფრინავები და გემები. მათ შორის იყო რუსული შავი ზღვის ფლოტის ხომალდები, მაგალითად СКР «Безукоризненный». რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით ხომალდი 1992 წელს “ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს სამშვიდობო მისიაში” მონაწილეობდა, რეალურად კი მონაწილეობდა გაგრის ოკუპაციაში. მასში ასავე მონაწილეობდნენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები Кил-2, Дон, Головин, ВТН-38, ВМ-66, რომლებიც ბაზირებული იყვნენ ყირიმის პორტებში.
აფხაზეთის ომის დროს ყირიმის ტერიტორიას თვითგამოცხადებული ყირიმის რესპუბლიკა აკონტროლებდა. 1992-1995 წლებში ყირიმის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და უკრაინის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად იღებდა სხვადასხვა კანონებსა და გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ, ეკონიმიკურ და სამხედრო საკითხებზე. ამავე პერიოდში ყირიმში აქტიურობდნენ პრორუსული ძალები, რომლებიც მოითხოვდნენ სევასტოპოლის და მოგვიანებით მთელი ყირიმის რუსეთისათვის შეერთებას და აქ განთავსებული ფლოტის მთლიანად რუსეთისათვის გადაცემას. ფლოტის განაწილების თაობაზე რუსეთსა და უკრაინას შორის 1992-1995 წლებში მიღწეული შეთანხმებები არ შესრულდა და მოლაპარაკების მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. სხვადასხვა დროს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთისათვის სევასტოპოლის იჯარით გადაცემაზეც, რაზეც საბოლოოდ უკრაინამ უარი თქვა, ასევე მოლაპარაკებების დროს რუსეთის პრეზიდენტი ბორის იელცინი უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კრავჩუკს სთხოვდა ფლოტის ნაწილი, რომელიც უკრაინას უნდა მიეღო, რუსეთისათვის გადაეცა და სანაცვლოდ რუსეთი საწვავის დავალიანებას ჩამოაწერდა, რაზეც უარი მიიღო.
შეთახმების მიღწევამდე შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდებს საბჭოთა კავშირის დროინდელი დროშით უნდა ეცურათ, თუმცა უთანხმოებისა და პროტესტის შედეგად 1993 წლის ივნისისათვის ფლოტის 220 ხომალდზე რუსული დროშა იყო აღმართული, მხოლოდ 3-ზე – უკრაინული.
ყირიმის პარლამენტის მიერ საკუთარი კონსტიტუციის მიღების, რომელიც უკრაინის კონსტიტუციასთან კონფლიქტში მოდიოდა, საკუთარი საგადასახადო და სატარიფო სისტემის შემოღების, არჩევნებისა და რეფერენდუმების ჩატარების ფონზე, უკრაინის მთავრობა ცდილობდა სიტუაციის კონტროლისათვის დაქვემდებარებას მოლაპარაკებების და ყირიმისათვის მეტი ავტონომიის შეთავაზების გზით. უკრაინის მცდელობებს ხელს უშლიდნენ ყირიმში პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთთან შეერთებას ითხოვდნენ. მათ მხარს უჭერდა რუსეთის მთავრობაც. მაგალითისათვის 1993 წლის ივლისში რუსეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სევასტოპოლი ერთიანი რუსული შავი ზღვის ფლოტის ბაზად და რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა, რაც უკრაინამ და დასავლეთის ქვეყნებმა დაგმეს.
შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც უკრაინას არ ჰქონდა ეფექტური კონტროლი ყირიმის ნახევარკუნძულზე, იქ მდებარე საზღვაო ბაზებზე და ამ ბაზებში განთავსებულ ფლოტზე, მოთხოვნა, რომ მას შეეჩერებინა რუსეთის მიერ ამ ფლოტის გამოყენება აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ, არარეალისტურია.
საბოლოოდ ე.წ. ყირიმის რესპუბლიკა 1995 წელს გაუქმდა და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით უკრაინის დაქვემდებარებაში შევიდა. შავი ზღვის ფლოტზე შეთანხმებას რუსეთმა და უკრაინამ 1997 წელს მიაღწიეს, რომლითაც რუსეთს ფლოტის 81.7% დარჩა, უკრაინას კი – 18.3%, მათ შორის ორი ხომალდი, რომლებიც გაგრაზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ СКР «Безукоризненный» და ВТН-38. რუსეთი ასევე დათანხმდა ამ პირობების სანაცვლოდ უკრაინისათვის კომპენსაციის სახით 526 მილიონი აშშ დოლარის გადახდას. უკრაინა დათანხმდა რუსეთისათვის ყირიმის საზღვაო ბაზების მიქირავებას წელიწადში 97 მილიონ დოლარად 2017 წლამდე, შეთანხმების ყოველ 5 წელში განახლების პირობით. სანაცვლოდ რუსეთს პატივი უნდა ეცა უკრაინის სუვერენიტეტისათვის, საზღვრის კვეთისას რუს სამხედროებს უნდა წარმოედგინათ სამხედრო საიდენტიფიკაციო ბარათები და დისლოკაციის ადგილის მიღმა ოპერაციები უნდა მომხდარიყო უკრაინასთან კოორდინაციით. შეთანხმება 2014 წელს რუსეთმა დაარღვია ყირიმის ანექსიით და შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ის გაუქმებულად ცნო.
რაც შეეხება უკრაინის მიერ საქართველოსათვის აფხაზეთის ომში გაწეულ დახმარებას, უკრაინამ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოგზავნა 17 ვერტმფრენი, რომლითაც 300-მდე რეისი შეასრულეს და 8 000-მდე ადამიანი გადაარჩინეს. გარდა ამისა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში, აფხაზეთის ომის დროს სამხედრო ჰოსპიტალის ხელმღვანელმა ელგუჯა ადამიამ თქვა, რომ დაჭრილების ევაკუაცია ჰოსპიტალიდან სევასტოპოლიდან გაგზავნილი გემებით მოხერხდა.
ინტერვიუში დავით გულუა ასევე ახსენებს უკრაინელ მოხალისეებსაც, რომლებიც საქართველოს მხარეს იბრძოდნენ. მისი თქმით, უკრაინელების ომში მონაწილეობას მათი მთავრობა ეწინააღმდეგებოდა და დაჭერით ემუქრებოდა მათ, ვისაც აფხაზეთში სურდა საომრად წასვლა. უკრაინული კანონმდებლობა მართლაც უკრძალავდა უკრაინელ მოხალისეებს ქვეყნის გარეთ კონფლიქტებში მონაწილეობას, თუმცა მათი ჩამოყვანის ორგანიზებას უკრაინული ნაციონალური ასამბლეის და უკრაინის ნაციონალური თავდაცვის ორგანიზაცია, იგივე “უნა-უნსო” ახორციელებდა და აფხაზეთის ომში საქართველოს მხარეს ჯამში 300-მდე უკრაინელი მოხალისე იბრძოდა.
უკრაინის მიერ აფხაზეთის ომში საქართველოსათვის გაწეულ დახმარებაზე დეზინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:
რაც შეეხება ზაქარეიშვილის მტკიცებას, თითქოს გულუა ამბობს, რომ აფხაზეთის დაკარგვა აშშ-ის მიერ იყო ორგანიზებული, მსგავსი რამ ინტერვიუში მას არ განუცხადებია. რეალურად, 4-საათიან ინტერვიუში დავით გულუა ვრცლად საუბრობს რუსეთის როლზე აფხაზეთის ომში. რაც შეეხება დასავლეთს, მან დასვა კითხვა, თუ რატომ არ შეაჩერა დასავლეთმა რუსეთი:
დავით გულუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი: “იმ დროს რუსეთი მთლიანად დასავლეთზე იყო დამოკიდებული. მოსკოვში ისინი იჯდნენ. იმათ ხარჯზე იყო ელცინი, მათ მოიყვანეს პრეზიდენტად. რატომ არ უთხრეს აფხაზეთზე – ნუ უკეთებ ამას? რატომ არ უთხრეს შევარდნაძეს შედი დსთ-ში, ჩვენი გაკეთებულია.”
დასავლეთის, კონკრეტულად კი აშშ-ს მიერ საქართველოს ომში ჩათრევაზე, მათ შორის 1992 და 2008 წლებში, დეზინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა. ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალა:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.