რუსეთის 2 ომი საქართველოში და დეზინფორმაცია “ალტ-ინფოს” ეთერში

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

373
VIEWS

2022 წლის 28 ივლისს ალტ-ინფოს გადაცემა “ალტერნატიულ ხედვაში” საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა მიხეილ ჟღენტმა განაცხადა, რომ საქართველო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ომში ორჯერ ჩაითრია, ჯერ 1992 წელს, შემდეგ კი 2008 წელს, ახლა კი მას მორიგი მცდელობა აქვს, საქართველო კვლავ ომში ჩაითრიოს. 

მიხეილ ჟღენტი: „ჩვენ ომში ამერიკელება ჩაგვრთეს ორჯერ – 1992 წელს და 2008 წელს… იმიტომ ჭამდა სააკაშვილი ჰალსტუხს და იმიტომ ეჩხუბებოდა პრეზიდენტს ამერიკის, რომ დაპირებული ჰქონდა იმას, რომ იმას უნდა გაეჩერებია იქ რუსეთის ელიტა, რომელიც ჩაბმული იყო ამ ომში, იგივე ამერიკელების გამოზრდილი ელიტა, მაგრამ ის დაპირება, რომელიც სააკაშვილს მისცა ამერიკის ადმინისტრაციამ, არ შეუსრულეს… აი, ეხლა არის მესამე მცდელობა, რომელიც კიდევ გრძელდება… ეს სიტუაცია ვერ გაჩერდება… საქართველოს მოსახლეობა უკვე მიხვდა იმ 32-33 წლიან ბლეფს, რომელშიც ცხოვრობს და ახლა რა სახელი ერქმევა [ალტ-ინფო, პარტია], შეიძლება სახელიც შეიცვალოს, სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება, ამ სიტუაციას ვერავინ ვერ გააჩერებს.“ 

მიხეილ ჟღენტის მტკიცება რეალობას არ შეესაბამება. 1992 წელს აფხაზეთის ომი რუსეთის წაქეზებით და სამხედრო დახმარებით, ხოლო 2008 წლის ომი საქართველოში უშუალოდ რუსეთის ინტერვენციით დაიწყო. მტკიცება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორჯერ ჩაითრია საქართველო ომში, დეზინფორმაციულია და ამ გზავნილების მიზანია საომარ მოქმედებებზე რუსეთის პასუხისმგებლობიდან ფოკუსი სხვა ქვეყნების მიმართ ბრალდებების წაყენებით გადაიტანოს. რეალურად აშშ და სხვა სტრატეგიული პარტნიორები ცეცხლის შეწყვეტის პროცესში იყვნენ ჩართული და მათი დახმარებების შედეგად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა და ომისშმდგომი ფინანსური კრიზისის დაძლევა მოხერხდა. 

  • რუსეთის მიერ სეპარატიზმის გაღვივება და მხარდაჭერა 

რუსეთი აფხაზეთში სეპარატიზმს ჯერ კიდევ 80-იან წლებში აღვივებდა. კრემლის ზეგავლენით ამ პერიოდში შეიქმნა სახალხო ფორუმი “აიდგილარა”, რომელმაც მოამზადა ე. წ. ლიხნის მიმართვა, რის მიხედვითაც აფხაზეთი საქართველოსგან უნდა გამოყოფილიყო. ამას შემდგომში სხვადასხვა სეპარატისტული გადაწყვეტილება მოჰყვა, მათ შორის, აფხაზური გვარდიის შექმნა, რაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი გახდა აფხაზეთის ტერიტორიაზე საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურების უსაფრთხოების შემოწმება და დაცვა.

ლიხნის მიმართვის ხელმომწერები

სეპარატისტული განწყობების გაღვივების ფონზე 1992 წლის 14 აგვისტოს სეპარატისტულმა დაჯგუფებებმა საქართველოს შინაგან ჯარებს, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურების უსაფრთხოების დაცვისთვის იმყოფებოდნენ (ძირითადი მიზანი იქ არსებული დაძაბულობის განმუხტვა იყო), ცეცხლი გაუხსნეს, რამაც ომის დაწყება გამოიწვია

ომის წინა პერიოდში რუსეთი აფხაზ სეპარატისტებს მნიშვნელოვნად აიარაღებდა. შეიარაღება ასევე აქტიური იყო უშუალოდ კონფლიქტის მიმდინარეობისას, რაც აფხაზ სეპარატისტებს უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარა

ომის დაწყებისთანავე აფხაზი სეპარატისტების მხარეს ჩაერთვნენ რუსეთის მოქალაქეები და ჩრდილოკავკასიური დაჯგუფებები, რომლებიც ანტიქართულ ჯარებს მნიშვნელოვნად აძლიერებდნენ. მაგალითად, თუ 1992 წლის 14 აგვისტოსთვის აფხაზური ჯარი 1000-მდე ჯარისკაცს ითვლიდა და მათი მძიმე ტექნიკა მხოლოდ 3 ერთეული იყო, რუსეთის დახმარებით აღნიშნული რაოდენობები გაიზარდა. იარაღის დეფიციტის პერიოდში სეპარატისტებმა რუსეთისგან შემდეგი ძალა მიიღეს:

  • 1000 ავტომატი, 600 ტყვიამფრქვევი, 500 ხელყუმბარა
  • ტყვიაწამალი
  • ქვეითთა 6 საბრძოლო მანქანა, ტ-72 ტიპის ტანკი
  • საარტილერიო დანადგარები და ნაღმტყორცნები
  • რუსეთის ავიაციის დახმარება სეპარატისტებს
  • რუსეთის მოქალაქეების და ჩრდილოეთკავკასიელთა დაჯგუფებების ცოცხალი ძალა
რუსული Су-25 სოხუმის თავზე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

აღსანიშნავია, რომ რუსეთი სეპარატისტებს იმ კონკრეტული იარაღითაც ამარაგებდა, რომელიც გამოყენებული იქნა სამგზავრო თვითმფრინავების განადგურებაში, რასაც მშვიდობიანო მოქალაქეები ემსხვერპლნენ.

სეპარატისტების მიერ განადგურებული სამგზავრო თვითმფრინავები:

  • Transair Georgia-ს ტუპოლევ Ту-134А (დაიღუპა 1 ადამიანი)
  • ტუპოლევ Ту-154Б (დაიღუპა 108 ადამიანი, მათ შორის, სამედიცინო პერსონალი და The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ალექსანდრა ტატლი)
  • თვითმფრინავი ტუ-134 (დაიღუპა 27 ადამიანი)
  • Orbi Georgian Airways-ის ტუპოლევ Ту-154Б-2 (მსხვერპლი არ მოჰყოლია)

გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1993 წლის 22 სექტემბერი: “გუშინ სოხუმთან მიახლოებისას აფხაზთა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ჩამოაგდეს სამგზავრო საერეისო თვითმფრინავი ტუ-134 (ხომალდის მეთაური ტაბუევი), რომელიც ასრულებდა რეისს სოჭი-სოხუმი (საბორტო ნომერი 65893, რეისის ნომერი 6942). თვითმფრინაცი გამოფრინდა ადლერის აეროპორტიდან 16 საათზე და სულ 15 წუთის შემდეგ, როცა სოხუმის აეროპორტს მიუახლოვდა, აეროპორტიდან დაახლოებით 5 კილომეტრზე ზღვის მხრიდან, აფხაზთა სამხედრო კატარღიდან მას ესროლეს საჰაერო სითბური რაკეტა. თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავში იყო 21 მგზავრი და ექვსი ეკიპაჟის წევრი. ამ საათისთვის არსებული ინფორმაციით, ყველა დაიღუპა. ავიალაინერის მგზავრებს შორის იყვნენ საზღვარგარეთელი ჟურნალისტები”. 

Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით, რომელის 1995 წლის 1 მარტს გამოქვეყნდა, რუსეთი ასევე დამნაშავე იყო იმაში, რომ ის იმ კონკრეტულ ჯგუფებს აწვდიდა შეიარაღებას, რომლებიც მას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სავარაუდოდ ან აუცილებლად სასტიკი მეთოდებისთვის გამოიყენებდნენ. ასევე Human Rights Watch-ი ხაზს უსვამს რუსეთის მნიშვნელობას სოხუმის წინააღმდეგ მიმართულ შეტევაში.

Human Rights Watch: “რუსული სამხედრო აღჭურვილობისა და ლოჯისტიკის დახმარებით, აფხაზურმა ძალებმა სოხუმზე სამი ძირითადი შეტევა განახორციელეს 5 იანვარს, მარტის შუა რიცხვებში და 1 ივლისს, მაგრამ ვერ აიღეს ქალაქი.”

Human Rights Watch-ის ანგარიშში ასევე ვხვდებით ინფორმაციას რუსეთის ჩართულობის სხვა ფორმებზეც, მათ შორის:

  • რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს სამოქალაქო სამიზნეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;
  • ტყვარჩელში აფხაზეთის ტერიტორიას იცავდნენ რუსეთის მიერ გაწვრთნილი და რუსეთის მიერ დაქირავებული მებრძოლები;
  • რუსული თვითმფრინავები და გემები გამოყენებული იქნა თავდასხმისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მტკიცება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველო 1992 წლის ომში ჩაითრია, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. 

  • რუსეთის ინტერვენცია საქართველოში 2008 წელს

აგვისტოს ომი, ისევე როგორც აფხაზეთის შემთხვევაში, რუსეთის ხელშეწყობით დაიწყო და რუსეთის სამხედრო ძალების ინტერვენციით დასრულდა. საქართველოსა და რუსეთის შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ მარტ-აპრილის პერიოდში დაიძაბა, როდესაც რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებაზე დაიწყო საუბარი, ხოლო საქართველო კი ნატოში გაწევრიანებისკენ თავისი მისწრაფებების ერთგული კვლავ რჩებოდა. 

ვითარება ნელ-ნელა ივლისის თვეში დაიძაბა, კულმინაციას კი აგვისტოში მიაღწია. ივლისის თვეში რუსეთმა ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნები ჩაატარა. მცირე შეტაკებები უკვე 1 აგვისტოდან დაიწყო. 1 აგვისტოს დილით მანქანა, რომელშიც ქართველი პოლიციელები იყვნენ, ორ ფუგასურ ყუმბარაზე აფეთქდა, ასევე სროლები იყო ღამის განმავლობაში, რამაც ცხინვალის რეგიონის სოფლებში 6 სამოქალაქო პირის და 1 პოლიციელის დაშავება გამოიწვია. 

მცირე სროლები იყო 3 აგვისტოს, თუმცა აღსანიშნავია რომ ამ დღეს ჯავის რაიონში რუსეთის 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის ელემენტები განლაგდა.  ინტენსიური სროლები გაგრძელდა შემდგომ დღეებშიც, რამაც 5 აგვისტოს ორი ქართველი ჯარისკაცის დაჭრა გამოიწვია, 6 აგვისტოს კი 3 მათგანი დაიჭრა

7 აგვისტოს ქართულ სამშვიდობო ძალებზე ცხინვალის რეგიონიდან მნიშვნელოვანი შეტევა განხორციელდა, რასაც 8 აგვისტოს საქართველოს მხრიდან ცხინვალის დაკავება, შემდგომში კი უკან დახევა მოჰყვა. 

ამ შემთხვევაშიც კონფლიქტის დაწყებაში ძირითადად რუსეთი და სეპარატისტული ჯგუფები ფიგურირებენ, თუმცა აფხაზეთის ომისგან განსხვავებით, აქ ასპარეზზე გამოდიან დასავლეთის სახელმწიფოები (მათ შორის აშშ), რომლებიც კონფლიქტის შეჩერებას, ცეცხლის შეწყვეტასა და საქართველოს დახმარებას ცდილობდნენ. 

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან დაეხმარა.

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის 13 აგვისტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ საქართველოში ჰუმანიტარულ მისიას იწყებდა.

პრეზიდენტი ჯორჯ ბუში: “ჩვენ დავავალეთ თავდაცვის მდივანს ბობ გეითს დაიწყოს საქართველოს ხალხისთვის ჰუმანიტარული მისია, აშშ-ს სამხედრო ხელმძღვანელობით. ეს მისია იქნება აქტიური და C-17 თვითმფრინავი ჰუმანიტარული ტვირთით უკვე გზაშია. და რამდენიმე დღეში ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკულ თვითმფრინავს, ისევე როგორც საზღვაო ძალებს ჰუმანიტარული და სამედიცინო ტვირთის მისაწოდებლად. ჩვენ ველით რუსეთისგან, რომ ის პატივს სცემს ვალდებულებას, დაუშვას ყველა სახის ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ ველით რუსეთისგან იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხაზი, მათ შორის საზღვაო პორტები, აეროპორტები, გზები და საჰაერო სივრცე იქნება ღია ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად და მოქალაქეების ტრანზიტისთვის”.

ასევე სწორედ აშშ იყო ის ვინც, საქართველოს 9 აგვისტოს ერაყიდან ქართველი ჯარისკაცების გადაყვანაში დაეხმარა. ჯამში 8 რეისით საქართველოში 800-ზე მეტი სამხედრო დაბრუნდა, რითიც ქართული არმია რუსეთის წინააღმდეგ გაძლიერდა. ჯარისკაცებთან ერთად ასევე გადმოტანილი იქნა 11 ტონა ტვირთი.

ამასთანავე, სწორედ დასავლეთის უშუალო ჩართულობით მოხერხდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმება, რომლის პროექტიც საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ეკუთვნოდა. რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ შეასრულა, რაც გამოიხატა გორის საავადმყოფოს ეზოს დაბომბვაში და რუსეთის მიერ გორში დამატებითი ძალების მობილიზებაში. შეთანხმების დარღვევას რუსეთისადმი პრეზიდენტ ბუშის მორიგი განცხადება და მოწოდება მოჰყვა, რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება. უკვე 15 აგვისტოს საქართველოში ასევე ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად პრესკონფერენციას მართავს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციაზე. თბილისი, აგვისტო 2008

ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჰუმანიტარული დახმარების მიღებას თბილისის აეროპორტსა და ბათუმის/ფოთის პორტებში, რადგან იქ მყოფი აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავები და გემები რუსეთს ხელს უშლიდა, აღნიშნული მნიშვნელოვანი პუნქტები დაებომბა და გაენადგურებინა.

ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში საქართველოში აშშ-ის შემდეგი ხომალდები იმყოფებოდა:

  • Arleigh Burke
  • RIM-67 Standard ER (SM-1ER/SM-2ER)
  • რაკეტის გამშვები სისტემა, შეიარაღებული ჰარპუნის ტიპის რაკეტებით
  • 2 სატორპედო გამშვები აპარატი Mark 32
  • USS Mount Whitney (LCC/JCC 20) Blue Ridge
  • Hamilton კლასის სანაპირო დაცვის კატარღაUSCGCDallas (WHEC-716).

24 აგვისტოს ბათუმის პორტში ასევე აშშ-ის სამხედრო ხომალდი USS McFaul შევიდა, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარების შემოტანასთან ერთად, უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გააძლიერა.

სამხედრო/ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად დიდი იყო ფინანსური დახმარებაც. 2008 წლის სექტემბერში სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა აღნიშნა, რომ საქართველოსადმი აშშ-ის მიერ გაწეული დახმარება მინიმუმ 1 მილიარდი დოლარი იყო. 2008-2009 წლებში დახმარებამ 1.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

სენატორი ჯოზეფ ბაიდენი, 2008 წ. აგვისტო: “ეს ფული დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას რომ გაუმკლავდეს საქართველოს ეკონომიკისათვის მიყენებული ზიანს და არის ნათელი გზავნილი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიატოვებს ამ ახალგაზრდა დემოკრატიას”

ამერიკისგან მიღებული დახმარება საქართველოში სხვადასხვა მიმართულებებზე გადანაწილდა, რათა სახელმწიფოს კვლავ გაეგრძელებინა ეფექტურად ფუნქციონირება და განვითარება. 

  • სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობა – $48,600,000
  • ინვესტიცია მოსახლეობაში/ჰუმანიტარული დახმარება – $440,433,000
  • ეკონომიკური ზრდა – $467,890,000
  • მშვიდობა და უსაფრთხოება – $44,577,000
  • სახელმწიფო დეპარტამენტის მონიტორინგი – $2,000,000

ქავერის ფოტო:

  1. რუსი სამხედრო ცხინვალში რუსული დროშით, 11 აგვისტო, 2008, ფოტო: ანდრეი სმირნოვი
  2. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტო არქივი

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist