30 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ფოტო, რომელზეც $10 000 კუპიურაა გამოსახული. მიახლოებულ ფოტოზე კუპიურის ზედა მარცხენა კუთხე ჩანს, სადაც იკითხება წარწერა ,,Hail Satan” (,,დიდება სატანას”). ირაკლი ზაქარეიშვილი ფოტოს აღწერაში მიუთითებს, რომ ამგვარი კუპიურა აშშ-ში იბეჭდებოდა და მისი გამოშვება ქვეყანამ 1969 წელს შეწყვიტა.
მტკიცება, თითქოს ამერიკის ფედერალური ბანკის მიერ დაბეჭდილ კუპიურაზე დატანილი იყო სატანისტური შინაარსის წარწერა ,,Hail Satan” სიმართლეს არ შეესაბამება და გავრცელებული ფოტო გაყალბებულია. აშშ-ში მსგავსი კუპიურა იბეჭდებოდა, თუმცა არა ამ წარწერით.
ამერიკის ფედერალური ბანკი 1928 წლიდან ბეჭდავდა $10,000-იან კუპიურებს, რომლზეც გამოსახული იყო სალმონ ჩეისი, შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი აბრაამ ლინკოლნის პრეზიდენტობის დროს. აშშ-ის გრავიურისა და ბეჭდვის ბიუროს მიხედვით, კუპიურა ,,იშვიათი გამოყენების გამო” 1969 წლის 14 ივლისიდან გაუქმდა.
,,ამერიკის ისტორიის ეროვნული მუზეუმის” ნუმიზმატიკის კოლექციაში $10,000-იანი კუპიურაც ინახება. ნამდვილი კუპიურა გავრცელებული ფოტოსგან, რომელიც გაყალბებულია, განსხვავდება. გავრცელებულ ფოტოზე მინიშნებაა, რომ წარწერა ,,Hail Satan” ზუსტად 1-იანის ზემოთ ჩანს. აშშ-ის ფედერალური ბანკის მიერ წარმოებულ $10,000-იან კუპიურების კიდეში გამოსახულია ხაზები, თუმცა მასზე არ იკითხება მსგავსი წარწერა.
აღნიშნული ფოტოფაბრიკაცია დოლარის კუპიურის შესახებ ადრეც ვრცელდებოდა და 2017 წელს ის ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Snopes-მა გადაამოწმა.
წყაროს შესახებ:
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს ავრცელებს. მას ასევე არაერთხელ გაუვრცელებია დეზინფორმაციული და მანიპულაციური ინფორმაცია სოციალურ ქსელში. ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.