როგორ აფასებდნენ 7 ნოემბერს და 26 მაისს საერთაშორისო ორგანიზაციები?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

41
VIEWS

2021 წლის 16 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ირწმუნება, რომ 7 ნოემბრის და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების მიერ გაკეთებული განცხადებები არ არსებობს.

"
ირაკლი ზაქარეიშვილის მტკიცება, რომ აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებს 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც აშშ-ს იმჟამინდელი ელჩმა, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებმა და საგარეო საქმეთა უწყებებმა, ასევე ნატოს, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლებმა ამ პერიოდში არაერთი კრიტიკული განცხადება გაავრცელეს.

2011 წლის 26 მაისს მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატა აშშ-ს იმჟამინდელმა ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა. მან ხაზი გაუსვა სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების შესაძლო შემთხვევების გამოძიების აუცილებლობას. ამავე მოწოდებით გამოვიდა 28 მაისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მარკ ტონერიც.

27 მაისს მედიის საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა შეშფოთება გამოხატასაპროტესტო აქციის დაშლის დროს სამართალდამცველების მიერ ჟურნალისტების შეურაცხყოფის, დაკავების და დაკითხვის ფაქტების გამო. ასევე 27 მაისს ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა საქართველოს მთავრობას აქციის დაშლისას განვითარებული მოვლენების გამოძიებისაკენ მოუწოდა:

დევიდ ლიდინგტონი: “მე დამამწუხრა იმის გაგონებამ, რომ თბილისის ქუჩებში ძალადობას ჰქონდა ადგილი. იმ დროს, როდესაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს ადგილი სამართლებრივი პროტესტისთვის და დემონსტაციებისთვის, არ შეიძლება არსებობდეს ადგილი ძალადობისთვის. ვიმედოვნებ, რომ ყველა უარს იტყვის ასეთ ქმედებებზე. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას სრულყოფილად გამოიძიოს ბოლო 24 საათის მანძილზე განვითარებული მოვლენები”.

31 მაისს კი გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქარველოს მთავრობას საპროტესტო აქციის დაშლისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამოძიებისკენ მოუწოდებდა.

რაც შეეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, ამ დღეს განვითარებული მოვლენების გამო ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის იმჟამინდელმა  უმაღლესმა  წარმომადგენელმა, ხავიერ სოლანამ შეშფოთება გამოთქვა და თბილისში სპეციალური წარმომადგენელი, პიტერ სემნები მოავლინა, რომელიც ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა. სოლანამ განაცხადა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება დემოკრატიული ინსტიტუტების საშუალებით უნდა მოგვარებულიყო:

ხავიერ სოლანა: “ყველა მხარემ უნდა განაახლოს დიალოგი და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რაც დაძაბულობას უწყობს ხელს. ეს არის კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი. მე ეს გზავნილი პრეზიდენტ სააკაშვილს და საქართველოს ოპოზიციას გადავეცი”.

8 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა ნატოს გენერალურმა მდივნამა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების და მედიასაშუალებების დახურვის გამო და აღნიშნა, რომ ეს ევროატლანტიკურ ღირებულებებს არ შეესაბამებოდა.

იააპ დე ჰოოპ სხეფერი: ”ნატო ყურადღებით და შეშფოთებით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მე ვთხოვე ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიაში, ელჩ რობერტ სიმონს გადასცეს საგარეო საქმეთა მინისტრს ალიანსის შეხედულება, რომ მხარეებმა უნდა გამოიჩინონ თავშეკავება, თავიდან აიცილონ ძალადობა და კანონის ფარგლებში მოიქცნენ”.

ამავე დღეს განცხადება გაავრცელა ეუთოს იმჟამინდელმა თავმჯდომარემ და ესპანეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმაც. მან საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო შეშფოთება გამოთქვა:

მიგელ ანხელ მორატინოსი: “ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სიტუაციის გაუარესება აიცილონ თავიდან. მოვუწოდებ ყველას შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავიდან აიცილონ ექსცესები და კონსტრუქციული დიალოგი გამართონ”.

8 ნოემბერს კომენტარი გააკეთა ევროპის საბჭოს იმჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმაც:

ტერი დევისი: ”ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული სიტუაციის გამო, რომელიც მას შემდეგ გაუარესდა, რაც მე კვირას [4 ნოემბერს] საქართველო დავტოვე… შეკრების თავისუფლება გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციით, და ხელისუფლება უნდა დარწმუნდეს, რომ ყველა შეზღუდვა გამართლებული და შესაბამისია”.

8 ნოემბერს განცხადება გაავრცელა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და ვითარების ეკალაციის, საგანგებო მდგომარეობის შემოღების და რამდენიმე ტელევიზიისა და რადიოს დახურვის გამო შეშფოთება გამოთქვა.

ამავე დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდა გაეუქმებინა საგანგებო მდგომარეობა და აღედგინა ყველა მედიის მაუწყებლობა.

9 ნოემბერს განცხადება გაავრცელეს დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმაც. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისაკენ და მხარეებს კონსტრუქციული დიალოგისაკენ მოუწოდებდა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი ნათქვამი იყო, რომ მიუღებელია ძალადობა ოპოზიციის წინააღმდედ და მიუღებელია პრესის თავისუფლების და ინდივიდუალური თავისუფლებების დარღვევა.

10 ნოემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელმა, უნგრელმა პარლამენტარმა მათიას იორშიმ თქვა, რომ განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს რეპუტაცია შელახა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა 19-20 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, მედიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა კვლავ შეშფოთებას იწვევდა. 29 ნოემბერს კი ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებდა პატივი ეცა გამოხატვის, შეკრების და მედიის თავისუფლების პრინციპებისათვის და გამოეძიებინა ადამიანის უფლებათა და მედიის თავისუფლების დარღვევის ფაქტები.

მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია, რომ აშშ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევებზე არ რეაგირებდა და დასავლელი პარტნიორები 2012 წლამდე საქართველოს სასამართლო სისტემას არ აკრიტიკებდნენ წარსულშიც გავრცელებულა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist