21-22 ნოემბერს ალტ-ინფოს ფეისბუქ გვერდმა ალტ-სიახლე, ასევე ქართულენოვანმა (1,2) და რუსულენოვანმა (1,2,3,4,5) ფეისბუქ ანგარიშებმა გერმანიის საფეხბურთო ნაკრების კატარში გამართულ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასვლის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. მათი მტკიცებით, კატარის ხელისუფლებამ გერმანული თვითმფრინავი არ მიიღო, რადგან მასზე ლგბტქ+ სიმბოლიკა იყო გამოსახული. თვითმფრინავს ომანში გადაფრენა მოუწია, საიდანაც გერმანიის ნაკრები სხვა თვითმფრინავით ჩაფრინდა კატარში. პოსტებს თანდართული ჰქონდა თვითმფრინავის და გერმანიის ნაკრების ფოტო.
21-23 ნოემბერს მსგავსი მტკიცება რუსულმა მედიასაშუალებებმა Известия-მ და Москва 24-მა გავრცელეს.
მტკიცება, რომ კატარის ხელისუფლებამ გერმანიის დელეგაციის თვითმფრინავი არ მიიღო, მცდარია. ნაკრები წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით 14 ნოემბერს ლუფთჰანზას ავიახაზებით გერმანიიდან ომანში, საწრთვნელ ბაზაზე ჩაფრინდა, 17 ნოემბერს კი ომანის ავიახაზებით კატარში გადაფრინდა.
გერმანიის საფეხბურთო ნაკრები გერმანიიდან კატარში პირდაპირი რეისით არ ჩასულა. 14 ნოემბერს გუნდი ფრანკფურტიდან მასკატში, ომანის დედაქალაქში საწრთვნელ ბაზაზე ჩაფრინდა, სადაც მოგვიანებით ომანის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა. ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო სწორედ ამ დღეს, გერმანიის საფეხბურთო ნაკრების თვითმფრინავში ასვლამდეა გადაღებული.

Airbus A330-300-ს, რომელმაც ფრენა განახორციელა Fanhansa ჰქვია და მასზე დატანილია წარწერა “მრავალფეროვნება იმარჯვებს”, მის კორპუსზე ასევე გამოსახულია სხვადასხვა სქესის, რასისა და ასაკის ადამიანები, რომლებიც ერთიან ჯაჭვს ქმნიან. ავიაკომპანია ლუფთჰანზას განმარტებით, ის სხვადასხვა ერებსა და კულტურებს ერთმანეთთან აკავშირებს და ემსახურება ყველას, განურჩევლად მათი სქესის, ასაკის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, ეროვნების, იდენტობის და სექსუალური ორიენტაციისა და მას ყველგან ერთი გზავნილი მიაქვს, რომ მრავალფეროვნება იმარჯვებს.
გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ (DFB) დამატებითი განმარტება გაავრცელა, თუ რატომ ჩაფრინდა გუნდი ომანიდან კატარში სხვა რეისით. განცხადების მიხედვით, რადგან ლუფთჰანზა რეგულარულ ფრენებს დოჰას მიმართულებით არ ასრულებს, დოჰაში ჩაფრენის შემთხვევაში თვითმფრინავს გერმანიაში მგზავრების გარეშე მოუწევდა დაბრუნება. გერმანიის საფეხბურთო გუნდთან ერთად მასკატში სხვა მგზავრებიც ჩაფრინდნენ, რის შემდეგაც თვითმფრინავმა მასკატიდან დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეასრულა ფრენა და იქიდან უკან, ფრანკფურტში დაბრუნდა.
რაც შეეხება ნაკრებს, ის დოჰაში 17 ნოემბერს ომანის ავიახაზებით ჩაფრინდა. მოვლენის ამსახველი ვიდეო კადრები რამდენიმე სპორტულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა (1,2,3).

გავრცელებული მტკიცება, რომ კატარის მხარემ გერმანიის ნაკრების თვითმფრინავი არ მიიღო, France24-მაც გადაამოწმა, მათი დასკვნით, მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა და გუნდი დოჰაში წინასწარ დაგეგმილი მარშრუტითა და რეისებით ჩაფრინდა.
კატარში გამართულ 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” ადრეც იკვლია. ვრცლად იხილეთ მასალებში:
- ელით თუ არა პატიმრობა FIFA-ს გულშემატკივრებს კატარში ლგბტქ+ დროშის აღმართვისთვის?
- იკრძალება თუ არა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ალკოჰოლი და ლგბტ თემის დასწრება?
“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.” შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.