26 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა პალესტინელი პატიმარი ქალის ვიდეო გამოაქვეყნა. პოსტის ავტორის მტკიცებით, ვიდეოზე ასახულ ქალს სხეულზე მძიმე დაზიანებები ებრაელებმა მიაყენეს. “ებრაელებმა ის დაამახინჯეს და ხელის თითები დააჭრეს” – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.
ირაკლი ზაქარეიშვილი ვიდეოს მცდარი აღწერით ავრცელებს. ვიდეო პალესტინელი პატიმარი ქალის, ისრა ჯააბისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცადებას ასახავს. ვიდეოში ისრა ყვება, რომ ისრაელმა მას პატიმრობაში სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება შეუზღუდა, თუმცა სხეულზე მძიმე დამწვრობა და დაზიანებები მან არა პატიმრობაში, არამედ 2015 წელს მისსავე მანქანაში მომხდარი აფეთქების შედეგად მიიღო.
პალესტინელი ქალი ისრაელის პოლიციამ 2015 წელს იერუსალიმის მიმდებარედ, გამშვებ პუნქტთან მისსავე მანქანაში მომხდარი აფეთქების შემდეგ დააკავა. ისრაელის სამართალდამცავი უწყებების ცნობით, აფეთქება ისრა ჯააბისმა მიზანმიმართულად გამოწვია, მას შემდეგ რაც პოლიციამ მას მანქანის გაჩერება სთხოვა. აფეთქებას პალესტინელ ქალთან ერთად, პოლიციის ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანებაც მოყვა.
ისრაელის მხარის მტკიცებით, ისრა ჯააბისის მიზანი ისრაელის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის მოწყობა იყო. საქმის მასალებით დგინდება, რომ ჯააბისს დაპატიმრებისას თან ხელნაწერი წერილი ჰქონდა, რომელშიც ის პალესტინელი თვითმკვლელი ტერორისტების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა. 2016 წელს ჯააბისს მკვლელობის მცდელობისთვის 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თავად ისრა ჯააბისს მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება არ უღიარებია. მისი მტკიცებით, აფეთქება მანქანის ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოწვია.
პატიმრობაში ყოფნის დროს, მან რამდენჯერმე მიმართა ისრაელის სასჯელაღსრულების სამსახურს სახის დაზიანებების ქირურგიული ჩარევით სამკურნალოდ, თუმცა ოპერაციაზე უარი მიიღო. სასჯელაღსრულების სამსახურის განმარტებით, პატიმრებისთვის ქირურგიული სერვისის მიწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და კოსმეტიკურ ქირურგიულ დახმარებას არ მოიცავს. მათივე განცხადებით, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ჯააბისს ხელებზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
ისრა ერთ-ერთია იმ 39 პალესტინელ პატიმართაგან, რომელიც ისრაელსა და ჰამასს შორის პატიმრების გაცვლაზე ისრაელის საპატიმროდან შეთანხმების მეორე დღეს გაათავისუფლეს.
წყაროს შესახებ
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს სისტემატურად აქვეყნებს. 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, ის რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციას. ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.