დეზინფორმაცია, თითქოს ლავროვმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე დოკუმენტს მოაწერა ხელი 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

115
VIEWS

26 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა Kaxa Buzariashvili გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 3+3 ფორმატში ხელი მოაწერა “საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.  

Screenshot 2023 10 27 153654 დეზინფორმაცია, თითქოს ლავროვმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე დოკუმენტს მოაწერა ხელი 

გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს და სერგეი ლავროვს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მხარი არ დაუჭერია. 3+3 ფორმატში საქართველო არ მონაწილეობს და ქვეყნების არცერთ შეხვედრას არ დასწრებია.  

რა წერია დოკუმენტში? 

3+3 ფორმატის მონაწილე ქვეყნებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელშიც ვკითხულობთ:  

  1. “ითვალისწინებენ რა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთო ინტერესებსა და კეთილმეზობლობაზე, ხაზგასმით აღნიშნეს დავების მშვიდობიანად მოგვარების, სუვერენიტეტის პატივისცემის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის, შიდა საქმეებში ჩარევის, ძალისა და მუქარის გამოყენების აკრძალვისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის მნიშვნელობა გაეროს წესდების ყველა პრინციპიდან გამომდინარე.  
  2. სხვადასხვა საერთაშორისო საკითხზე თავიანთი აზრის გამოხატვისას მათ განიხილეს რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები და ხაზი გაუსვეს ისეთი პლატფორმების მნიშვნელობას, როგორიც არის რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმა “3+3”იმ ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგისა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობის მიზნით, რომლებსაც რეგიონში მნიშვნელოვანი როლი აქვთ. 
  3. აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ გავლენა ნდობის გაძლიერებაზე, ერების კეთილდღეობასა და რეგიონულ სტაბილურობაზე.  
  4. აღინიშნა კულტურული თანამშრომლობის, ხალხებს შორის კონტაქტის, განათლების, მეცნიერების, ტურიზმისა და სპორტის სფეროში ერთობლივი პროექტების მნიშვნელობა. 
  5. იმ მიზნით, რათა რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება, ისინი გააძლიერებენ ბილატერალურ და მრავალმხრივ კონსულტაციებს.  
  6. მიესალმებიან რეგიონში ყველა ქვეყანას შორის ნორმალიზაციისა და ურთიერთობების განვითარების მიმდინარე პროცესს. 
  7. შეხვედრის შედეგებს აფასებენ დადებითად და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ პლატფორმა ღიაა საქართველოს თანაბარუფლებიანი მონაწილეობისთვის. 
  8. მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებაზე. მათ ხაზი გაუსვეს, რომ აუცილებელია, დაუყოვნებლივ შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება.   
  9. სომხეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მადლობა გადაუხადეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მიღებისა და შეხვედრის წარმატებით ჩატარებისთვის”  
Screenshot 2023 10 27 153711 დეზინფორმაცია, თითქოს ლავროვმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე დოკუმენტს მოაწერა ხელი 
რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები თეირანში გამართულ 3+3-ის შეხვედრაზე

დოკუმენტში არსად წერია, რომ სერგეი ლავროვმა მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გარდა ამისა, არცერთი ღია წყაროთი არ დასტურდება, რომ შეხვედრაზე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საზღვრებზე იმსჯელეს. 

ასევე, “საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას” ხელს ვერ მოაწერდა იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები – აფხაზეთი და ცხინვალი აქვს ოკუპირებული. რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს და ქვეყნის ლიდერები მათ ე.წ. პრეზიდენტებთან ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბოლოს 2023 წლის 4 ოქტომბერს შეხვდა. პუტინმა ბჟანიას რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების 15 და “საქართველო-აფხაზეთის ომში გამარჯვების 30 წლისთავი” მოულოცა. გარდა რუსეთისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ. 

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ პირველ აბზაცში საუბარია რეგიონში მშვიდობის, სუვერენიტეტის პატივისცემის, ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე გაეროს წესდების მიხედვით, რომელიც საერთაშორისო დოკუმენტია და რომელშიც ჩამოყალიბებულია გაეროს მიზნები და პრინციპები. განცხადების კითხვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კონტექსტი, რომელშიც 3+3 შეხვედრა ჩატარდა – სექტემბერში მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალებს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო, რომელსაც ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ კაპიტულაციის გამოცხადება მოჰყვა. ე.წ. რესპუბლიკა 2024 წლის 1-ლი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს. რეგიონის მოსახლეობამ, რომელსაც ძირითადად ეთნიკური სომხები შეადგენენ, სახლების დატოვება დაიწყო. 

3+3 ფორმატი 

3+3 ფორმატის შექმნის იდეა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. 2020 წელს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, მან პირველად ისაუბრა 6 ქვეყნის – თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, საქართველოსა და ირანის ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით და იდეა 2021-შიც გაიმეორა. საქართველომ პლატფორმის შეხვედრებში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა. 5 ქვეყნის პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს, მოსკოვში გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრამდე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ფორმატში მონაწილეობას არ აპირებდნენ.  

მიუხედავად მონაწილეობაზე საქართველოს უარისა, 2021 წლის 10 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს დროშაც იყო აღმართული. 

Screenshot 2023 10 27 153719 დეზინფორმაცია, თითქოს ლავროვმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე დოკუმენტს მოაწერა ხელი 
საქართველოს დროშა მოსკოვში გამართულ 3+3-ის შეხვედრაზე

საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელი იყო შეხვედრაზე საქართველოს დროშის აღმართვა და შესაბამისი დიპლომატიური არხებით რეაგირება ჰქონდათ.  

3+3 ფორმატის მეორე შეხვედრა 2023 წლის 23 ოქტომბერს, თეირანში გაიმართა. შეხვედრადე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ფორმატში საქართველო, შესაძლოა, მალე ჩაერთოს და თავისი ვარაუდები ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობის “ეროვნული ინტერესებით” ახსნა. პლატფორმის შეხვედრებში საქართველოს მონაწილეობაზე იმედი გამოთქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ “საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა”. 

წყაროს შესახებ 

ფეისბუქ-მომხმარებელი Kaxa Buzariashvili ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ პოსტებს სისტემატურად ავრცელებს. მის მიერ გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული. 

Screenshot 2023 10 27 153731 დეზინფორმაცია, თითქოს ლავროვმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე დოკუმენტს მოაწერა ხელი 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist