რა დეზინფორმაცია ვრცელდება 8 მარტის აღნიშვნის ისტორიაზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

8 მარტი
81
VIEWS

9 მარტს ყოფილმა სამხედრო ერმილე ნემსაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ქალების საერთაშორისო დღის აღნიშვნა კოპენჰაგენში სექს-მუშაკების პროტესტს უკავშირდება. პოსტის მიხედვით, 1910 წელს დანიის დედაქალაქში გერმანელი ქვრივის, ფრაუ ბოდეკერის ლიდერობით სექს-მუშაკები პროტესტის ნიშნად მერიის შენობის წინ გაშიშვლდნენ. პოსტის მიხედვით, ამ პროტესტიდან მალევე, კლარა ცეტკინის წინადადებით, კოპენჰაგენის სოციალისტ ქალთა კონფერენციაზე 8 მარტი ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.

8 მარტი

მტკიცება, თითქოს დანიაში სექს-მუშაკების პროტესტი ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის საფუძველი გახდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ქალების საერთაშორისო დღე სხვადასხვა ქვეყანაში ქალების საერთო გაფიცვას უკავშირდება, პირველად “ქალთა დღე” კი ამერიკაში აღინიშნა.

ქალების საერთაშორისო დღის აღნიშვნას სოციალისტური საწყისი აქვს. პირველად ის ამერიკაში აღნიშნეს – 1908 წლის 28 თებერვალს 15 000-მდე ქალი ნიუ-იორკის ქუჩებში საპროტესტოდ გამოვიდა და სამუშაო საათების შემცირებას, უკეთეს ანაზღაურებასა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას ითხოვდა. ერთი წლის შემდეგ, 1909 წელს, ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ 28 თებერვალი ქალთა ეროვნულ დღედ გამოაცხადა. ამერიკაში ქალების ეროვნული დღე 28 თებერვალს 1913 წლამდე აღინიშნებოდა. 

1910 წელს დანიაში კოპენჰაგენის სოციალისტი ქალების მეორე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის რეზოლუციაში, კლარა ცეტკინის თანაავტორობით, წერია, რომ ყველა ქვეყნის სოციალისტმა ქალმა ქალების საერთაშორისო დღე უნდა აღნიშნონ, რომლის მთავარი მიზანიც სუფრაჟისტული, ანუ ქალებისათვის საარჩევნო უფლების მინიჭების, იდეების დაწინაურება იქნება. კლარა ცეტკინის ინიციატივას ერთხმად მხარი დაუჭირა 100-ზე მეტმა ქალმა დელეგატმა, 17 ქვეყნიდან. 

უცნობია, თუ რატომ შეარჩიეს კოპენჰაგენის სოციალისტი ქალების კონფერენციის მონაწილეებმა მარტი ქალების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თუმცა ორი ძირითადი მოსაზრებაა გამოთქმული. ერთი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება კლარა ცეტკინმა მიიღო, რადგან 1911 წლის 18 მარტს 40 წელი სრულდებოდა საფრანგეთის მთავრობაში რევოლუციულ-სოციალისტური მთავრობის, კომუნის მოსვლიდან. ხოლო, სხვა მოსაზრებით, ქალების დღისათვის 8 მარტის შერჩევა აშშ-ში 1957 წლის 8 მარტს არასასურველი შრომითი პირობებისა და საარჩევნო უფლების მოპოვებისათვის მკერავი ქალების გაფიცვას უკავშირდება. სხვადასხვა წლებში 8 მარტს არაერთ ქვეყანაში გაიმართა ქალების მარში, გაფიცვა თუ პროტესტი. მაგალითად, 1914 წლის 8 მარტს ქალების მარში მოეწყო ბრიტანეთშიც. ლონდონში მარში ქალებისათვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მხარდაჭერას მიეძღვნა. 1917 წლის 23 თებერვალს (გრიგორიანული კალენდრით 8 მარტი), რუსი ქალები გაიფიცნენ დევიზით ,,პური და მშვიდობა”. ისინი პირველ მსოფლიო ომში რუსი სამხედროების დაღუპვას და საკვებზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებდნენ, გაფიცვა 4 დღე გაგრძელდა და საბოლოოდ, ქალებისათვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებით დასრულდა. 

1977 წელს 8 მარტი გაერომ ქალების საერთაშორისო დღედ ოფიციალურად აღიარა

წყაროს შესახებ

ერმილე ნემსაძე ყოფილი სამხედრო და ულტრამემარჯვენე ჯგუფ „ქართული მარშის“ წევრი იყო. ის ჰომოფობიური, სიძულვილის ენის შემცველი და ანტიდასავლური გზავნილებითაა ცნობილი. სხვადასხვა თემაზე ერმილე ნემსაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, დანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist