დეკანოზი სპირიდონი აგვისტოს ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს, რუსეთის ჯარს კი სამშვიდობოს უწოდებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

138
VIEWS

8 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა ანა გიორგაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრობს და ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებები საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო და რუსული არმია საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ ამის შემდეგ შემოვიდა, მანამდე კი ქვეყანაში მხოლოდ სამშვიდობო ძალები იმყოფებოდნენ:

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი: “7 აგვისტოს ღამე ხომ დაიწყო, 8 რომ თენდებოდა, და მიმართავს [სააკაშვილი] რუსეთს, რომ არ ჩაერიოო საქმეშიო, ომში არ ჩაერიოო. ანუ რა რუსეთი შემოვიდა?… საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო საკუთარ ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. არანაირი რუსეთ-საქართველოს ომი არ ყოფილა სინამდვილეში. შემდგომ შემოდის რეგულარული არმია რუსეთის. ის ნაწილები, რომლებიც იდგნენ იქ, იმ ნაწილებს საქართველოს კანონმდებლობით ერქვა სამშვიდობო ნაწილები.”

Screenshot 24 2 დეკანოზი სპირიდონი აგვისტოს ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს, რუსეთის ჯარს კი სამშვიდობოს უწოდებს

მტკიცება, რომ 2008 წლის 8 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ რუსული სამშვიდობო ნაწილები იმყოფებოდნენ და რუსული რეგულარული არმია მას შემდეგ შემოვიდა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, სიმართლეს არ შეესაბამება. რუსული რეგულარული არმია როკის გვირაბის გავლით საქართველოში ჯერ კიდევ 7 აგვისტოს, დილის საათებში შემოვიდა, რასაც არაერთი წყარო ადასტურებს.

მტკიცება, რომ რუსული რეგულარული არმია საქართველოს ტერიტორიაზე 8 აგვისტომდე არ შემოსულა კრემლის ნარატივის ნაწილია, რომლის მიზანია ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს დააკისროს. რეალურად, არსებობს წყაროები, რომლებიც ადასტურებენ, რომ რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 7 აგვისტოს დილის საათებში იყო შემოსული. 2018 წელს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარმა დავით ბატაშვილმა გამოაქვეყნა ექსპერტის აზრი აგვისტოს ომის დაწყების შესახებ, რომელშიც განმარტებულია, თუ როგორ დაგეგმა და დაიწყო ომი რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ. ნაშრომში სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ნაჩვენებია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის რეგულარული, არასამშვიდობო სამხედრო ძალები შემოიჭრნენ. ეს წყაროებია:

  1. საქართველოს მიერ მოპოვებული სატელეფონო ზარების ჩანაწერები, რომლებიც როკის გვირაბთან ცხინვალის რეჟიმის ე.წ. მესაზღვრეებს ეკუთვნით. ჩანაწერში საუბარი 7 აგვისტოს გამთენიისას (03:41 და 03:52)  ხდება და ე.წ. მესაზღვრე გასიევი ზემდგომს ატყობინებს როკის გვირაბში რუსული სამხედრო მანქანების, მათ შორის მძიმე ტექნიკის გადაადგილების შესახებ. გასიევი ამბობს, რომ რუსულმა სამხედრო კოლონამ როკის გვირაბი გამოიარა და მას რუსი პოლკოვნიკი კაზაჩენკო მეთაურობს.
  2. ინფორმაცია რუსულ მედიაში, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გაზეთ Кра́сная звезда́-ში, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა, ბოლოს კი საერთოდ წაიშალა, თუმცა თავდაპირველ ვერსიაში 135-ე პოლკის კაპიტანი დენის სიდრისტი ამბობს, რომ მისმა დანაყოფმა 7 აგვისტოს მიიღო ბრძანება ცხინვალში გადასვლის შესახებ.
  3. წერილები, რომლებშიც მშობლები მათი შვილების ცხინვალში 7 აგვისტოს გაგზავნის შესახებ წერენ მიიღო პერმის ოლქის ადამიანის უფლებათა კომისარმა ტატიანა მარგოლინამ.
  4. რუსი ჯარისკაცების კომუნიკაციებიდან ჩანს, რომ ისინი ცხინვალში 7 აგვისტოდან იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, რუსულ მედიაში სამხედროების დაღუპვის შესახებ ცნობებიდან და მათი ოჯახის წევრებთან ინტერვიუებიდან ჩანს, რომ ისინი ცხინვალში 7 აგვისტოს დილიდან გადაისროლეს.
    Screenshot 25 2 დეკანოზი სპირიდონი აგვისტოს ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს, რუსეთის ჯარს კი სამშვიდობოს უწოდებს
  5. რუსული სისხლის სამართლის ოფიციალური გამოძიება, რომელიც რუსულმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ფონდმა “დედის უფლება” გაასაჯაროვა. სისხლის სამართლის საქმე რუსი სამხედროს, ვლადიმირ სელიპეტოვის გარდაცვალებას ეხება. სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, ის 2008 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით დილის 4 საათზე საქართველოს ტერიტორიაზე, ჯავის რაიონში, როკის გვირაბიდან 155 მეტრში თავში ერთი ტყვიით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.
  6. სოხუმის რეჟიმის ლიდერის, სერგეი ბაღაფშის აღიარება, როდესაც 7 აგვისტოს მან ტელეკამერების წინ განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს” ესაუბრა და მისგან მიიღო ინფორმაცია, რომ იქ ჩრდილოეთ კავკასიის ოკრუგის ბატალიონი შევიდა.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ 7 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შემოჭრის პარალელურად მიმდინარეობდა კიბერ თავდასხმა ქართულ სერვერებზე.

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული არასამშვიდობო ძალების გადაადგილება და ამით სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა 2008 წლის აგვისტომდეც ხდებოდა:

  • 17 აპრილს აფხაზეთში ჩავიდა 300-მდე რუსი ჯარისკაცი,
  • აფხაზეთში კიდევ 400 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ განცხადება მოსკოვში აპრილის ბოლოს გაკეთდა,
  • აფხაზეთში გაიგზავნა რუსული სპეციალური დანიშნულების ძალების ორი ასეული. სპეციალური დანიშნულების ძალები გაგზავნეს ცხინვალშიც.
  • რუსეთი თავდაცვის სამინისტრომ 31 მაისს განაცხადა, რომ აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ჯარებს გზავნიდა.
  • 15 ივლისს დაიწყო მასშტაბური სამხედრო წვრთნები Kavkaz-2008, რომლის დასრულების შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილს ტერიტორია არ დაუტოვებია და საქართველოს საზღვრებთან რჩებოდნენ. წვრთნების პერიოდში ჯარისკაცებში გავრცელდა საინფორმაციო ფურცელი სათაურით “მეომარო, იცოდე სავარაუდო მოწინააღმდეგე”, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციას შეიცავდა.
  • 4 და 5 აგვისტოს ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა, ედუარს კოკოითიმ და დიმიტრი მედოევმა განაცხადეს, რომ ცხინვალის რეგიონში ჩრდილოეთ ოსეთიდან და რუსეთიდან ასობით მოხალისე შევიდა.

2008 წლის 5 ივნისს ევროპულმა პარლამენტმა გამოაქვეყნა რეზოლუცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთს აფხაზეთიდან დამატებითი სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისაკენ მოუწოდებდნენ. რეზოლუციაში ნათქვამი იყო, რომ არსებული სამშვიდობო ფორმატი გადახედვას საჭიროებდა, რადგან რუსმა სამხედროებმა დაკარგეს ნეიტრალური და მიუკერძოებელი სამშვიდობოების როლი.

შესაბამისად, მტკიცება, რომ 8 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ რუსი სამშვიდობოები იმყოფებოდნენ ტყუილია და კრემლის ნარატივს იმეორებს.

სპირიდონ ცქიფურიშვილის შესახებ

ვარდიგორის მამათა მონასტრის დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი ალტ-ინფოსთან დაკავშირებული პირია, ხშირად ერთვება ალტ-ინფოს ეთერში და ასევე მონაწილეობდა 2021 წლის 5 ივლისს მოვლენებში, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ჰომოფობიურ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდა. დეკანოზი “ალტ-ინფოს” მასალების გავრცელებაშიც აქტიურად მონაწილეობს და ომის შეჩერებას მათ  დამსახურებად მიიჩნევს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist