არის თუ არა სომხეთის ბაღში უკრაინელი და სომეხი ნაციონალისტების ფოტოები?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

396
VIEWS

11 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა Eduard Jishkariani გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ნაციონალისტების, უკრაინელი სტეფან ბანდერასა და სომეხი გარეგინ ნჟდეს პორტრეტები კიდია, ფოტოზე ჩანს სომხეთისა და უკრაინის გაერთიანებული დროშაც. პოსტის თანახმად, ფოტო სომხეთის ერთ-ერთ საბავშვო ბაღშია გადაღებული. “როგორც ჩანს საქართველოში ჩავარდნილი “სამხრეთ ფრონტის” პროგრამამ სომხეთში გადაინაცვლა, რასაც ეხლა იქ საფრანგეთის სპეცსამსახურები კურირებენ” – ვკითხულობთ პოსტში. 

მსგავსი წარწერით ფოტო რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3) და რუსულმა გამოცემა Царьград ТВ-მა გამოაქვეყნეს. იდენტურ ფოტოს ტელეგრამის არხზე აზიარებს რუსი პოლიტოლოგი და ბლოგერი, ალექსანდრ სემჩენკო. ის აღწერაში მიუთითებს, რომ ფოტოზე ნანახი გასაკვირი არ არის, მით უფრო მაშინ, როდესაც ერთი დღით ადრე სომხეთის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად გერმანიას ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოები გადასცა. 

baghi1 არის თუ არა სომხეთის ბაღში უკრაინელი და სომეხი ნაციონალისტების ფოტოები?
სტეფან ბანდერასა და გარეგინ ნჟდეს პორტრეტების ამსახველი ფოტო მანიპულაციურად ვრცელდება. რეალურად, ის არა საბავშვო ბაღში, არამედ ერევანში არსებული უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ცენტრშია გადაღებული. ფოტო სომხური გამოცემა CivilNet-ის ჟურნალისტმა ინსტაგრამ სთორიში გამოაქვეყნა. 

Dopomoga უკრაინიდან და მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების დასახმარებელი ცენტრია, რომელიც ერევანში მდებარეობს. ფოტო სწორედ იქ არის გადაღებული. ცენტრის მიერ ინსტაგრამ და ტელეგრამის არხებზე გამოქვეყნებულ არაერთ ფოტოში ჩანს ბანდერასა და ნჟდეს პორტრეტები. 

baghi2 არის თუ არა სომხეთის ბაღში უკრაინელი და სომეხი ნაციონალისტების ფოტოები?

ფოტოს გადასამოწმებლად და დამატებითი ცნობების მისაღებად ,,მითების დეტექტორი” ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN)-ის წევრ სომხურ მედიას, CivilNet-ს დაუკავშირდა. გამოცემის მთავარი რედაქტორის ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო თავდაპირველად მათმა ჟურნალისტმა Dopomoga ცენტრში გადაიღო და ინსტაგრამის სთორიში დადო, პორტრეტების ქვემოთაც  მან დააწერა ბანდერასა და ნჟდეს გვარები. ჟურნალისტმა ანა ეგანიანმა ფოტო 9 თებერვალს გამოაქვეყნა. 

baghi3 არის თუ არა სომხეთის ბაღში უკრაინელი და სომეხი ნაციონალისტების ფოტოები?
ანა ეგანიანის ინსტაგრამ სთორი / Civilnet.am

ფოტო ყალბი აღწერით, თითქოს ის სომხეთის ერთ-ერთ საბავშვო ბაღშია გადაღებული, ყველაზე ადრე აზერბაიჯანულმა ტელეგრამ არხმა Без Тормозов გაავრცელა. ტელეგრამ არხი წერდა, რომ სომხურ სკოლებში ბავშვებს პირველივე დღიდან ასწავლიან ფაშისტურ იდეოლოგიას და ფოტოს ტელეგრამის რუსულ სეგმენტში გავრცელებასაც ითხოვდა. 

გარეგინ ნჟდე სომეხი სამხედრო პირი, ნაციონალისტი და დაშნაკციუტუნის რევოლუციური გაერთიანების წევრი იყო.  ის იბრძოდა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბოლშევიკების წინააღმდეგ. აზრთა სხვადასხვაობა არსებობს მეორე მსოფლიო ომში მისი გერმანიასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. 1940-იანი წლების დასაწყისში გარეგინ ნჟდე გერმანიის ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობდა და ვერმახტის სომხურ ლეგიონში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იმ იმედით იბრძოდა, რომ გერმანია ომში გაიმარჯვებდა, სომხეთი კი დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. გარეგინ ნჟდე რამდენჯერმე იჯდა საბჭოთა კავშირის ციხეში. ბოლოს ის სოფიაში, საკუთარ სახლში დააკავეს, ბოლშევიკი სამხედროების მკვლელობისა და ნაცისტური გერმანიის მხარეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით. ნჟდე თავდაპირველად ვლადიმირის ციხეში იყო, ერთი წელი კი გაატარა ერევნის ციხეში, სადაც გარდაიცვალა. გარეგინ ნჟდეს სომხეთის ეროვნული გმირის წოდება აქვს. 2016 წელს ერევანში ნჟდეს ძეგლის დადგმას რუსეთში უკმაყოფილება მოჰყვა.

რაც შეეხება უკრაინელ სტეპან ბანდერას, ის პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩართული იყო ადგილობრივ ნაციონალისტურ ორგანიზაციებში, იბრძოდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის 1930-40-იან წლებში  და არაერთხელ აღმოჩენილა საბჭოთა ციხეშიც. როდესაც ნაცისტებმა პოლონეთი დაიკავეს, ბანდერამ და მისმა მომხრეებმა ციხეს თავი დააღწიეს, შემდეგ კი მესამე რაიხის ვერმახტის სამხედრო სადაზვევრო განყოფილებას პოლონეთსა და უკრაინაში საბჭოთა კავშირის ჯაშუშების მოგერიებაში ეხმარებოდნენ

ბანდერას მიზანი უკრაინის თავისუფლება და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა იყო, რის გამოც მან გერმანიასთან შეთანხმება დადო, თუმცა შემდგომში ნაცისტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის გეგმას უარი გამოუცხადეს, ბანდერა კი 1941 წელს საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გამოკეტეს, სადაც ის 1944 წლის სექტემბრამდე იმყოფებოდა. ბანდერა უკრაინაშიც კი დღემდე საკამათო ფიგურად რჩება. 

სტეპან ბანდერას სახელი და ბიოგრაფია კრემლს პროპაგანდისტული მიზნებით, უკრაინის გასაშავებლად არაერთხელ გამოუყენებია. რას ავრცელებდა რუსული პროპაგანდა სტეფან ბანდერაზე ვრცლად იხილეთ ,,მითების დეტექტორის” მასალაში:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი, Eduard Jishkariani ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის, დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ ცნობებს ხშირად ავრცელებს. ჯიშკარიანის გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.

არქივის ბმულები: Eduard Jishkariani, Царьград ТВ, Александр Семченко, Без Тормозов, Dopomoga.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: სომხეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist