რა ვიცით სტეპან ბანდერას შესახებ და როგორ იყენებს მის სახელს კრემლის პროპაგანდა?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

11.3k
VIEWS

უკანასკნელ პერიოდში რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობასთან ერთად რუსულენოვან მედიასა და სოციალურ ქსელებში, ასევე ქართულენოვანი ფეისბუქ მომხმარებლებს მიერ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერის სტეპან ბანდერასთან დაკავშირებით. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ უკრაინაში ბანდერას მიმდევრები ნაცისტები არიან, ხოლო ბანდერას სისასტიკე თავად ჰიტლერსაც კი აშფოთებდა.

26-27 მარტს ბანდერასთან და ნაციზმთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში რუსულ ენაზე ასევე ზიარდებოდა გრაფიკული ფოტო, სათაურით “რატომ არის უკრაინა ნაცისტური სახელმწიფო?” ფოტოს ტექსტში აღნიშნულია, რომ სწორედ ბანდერა იყო ინიციატორი 1941 წელს იმ ეთნიკური წმენდის, რომელსაც შეეწირნენ უკრაინელები, პოლონელები და ებრაელები, თუმცა უკრაინაში ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბანდერას ძეგლებს მაინც უდგამენ და ქუჩებს მის სახელს უწოდებენ. ამ კუთხით უკრაინელებზე რუსული პროპაგანდისტული მედიის RT-ს რედაქტორმა მარგარიტა სიმონიამაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაციზმის მიმდევარია.

25 თებერვალს ამ თემაზე თავის ბლოგში, სათაურით “ნატოს მღვრიე ტყლაპო” პრიმაკოვის რუსულ-ქართულ ცენტრთან დაკავშირებული Facebook გვერდი “პოლიტიკანოც” წერდა.

პოლიტიკანო: “სტეპან ბანდერა და რომან შუხევიჩი იმ ”საამაყო” უკრაინელების სიის სათავეში იმყოფებიან, რომლებიც მასობრივად ხოცავდნენ ებრაელებს და პოლონელებს II მსოფლიო ომის დროს. სტეპან ბანდერა და რომან შუხევიჩი პოლონეთში სახელმწიფო დამნაშავეებად არიან აღიარებული, დასავლეთ უკრაინაში კი მათ ძეგლები უდგათ.”

სტეპან ბანდერას მიერ მოწყობილ მკვლელობებზე იდენტურ სტატიას 2014 წელს გამოცემა “საქართველო და მსოფლიო”, ხოლო 2020 წელს “ნიუსფრონტი” აქვეყნებდა.

ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ფოტო სტეპან ბანდერას შესახებ

მცდელობა, რომ უკრაინა ნაცისტურ სახელმწიფოდ წარმოჩინდეს, მას შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების მიზანი უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია” იყო

ვლადიმერ პუტინი: „ამ ოპერაციის მიზანია დაიცვას ადამიანები, რომლებიც უკვე რვა წელია კიევის რეჟიმის გამო დამცირებისა და გენოციდის წინაშე დგანან… ამ მიზნით, ჩვენ შევეცდებით უკრაინის დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას”.

კრემლისტური აქტორების მიერ ბანდერას შესახებ გავრცელებული ცნობები ხშირ შემთხვევაში რეალობას არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ბანდერას სახელი არ უკავშირდება უკრაინელების, ებრაელებისა და პოლონელების ეთნიკურ წმენდას, ის უკრაინაში მაინც საკამათო ისტორიულ ფიგურად რჩება და ხალხის აზრი მის შესახებ იყოფა. ზოგადად ნაციზმს/ფაშიზმს კი უკრაინულ საზოგადოებაში მხარდაჭერა მინიმალური აქვს და ეს იდეოლოგიები კანონითაც კი არის აკრძალული.

  • სტეპან ბანდერა: ნაცისტი თუ განმათავისუფლებელი ლიდერი?

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთსა და უკრაინას შორის გამართულ ომში პოლონეთმა შეძლო და უკრაინის ქალაქი ლვივი დაიკავა.  ამ პერიოდში სწორედ აქ ცხოვრობდა სტუდენტი სტეპან ბანდერა, რომელიც ადგილობრივ ნაციონალისტურ ორგანიზაციებში აქტიურად იყო ჩართული. სწორედ ბანდერას უკავშირდებოდა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრონისლავ პიერაცკის მკვლელობის მოწყობა, რის გამოც 1934 წელს ის დააკავეს და სასიკვდილო განაჩენი მიუსაჯეს

სტეპან ბანდერა

მას შემდეგ, რაც ნაცისტებმა პოლონეთი დაიკავეს, ბანდერამ და მისმა მომხრეებმა ციხეს თავი დააღწიეს. 1941 წლამდე ის მესამე რაიხის ვერმახტის სამხედრო სადაზვევრო განყოფილებას პოლონეთსა და უკრაინაში საბჭოთა კავშირის ჯაშუშების მოგერიებაში ეხმარებოდა

ბანდერას მიზანი უკრაინის თავისუფლება და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა იყო, რის გამოც მან გერმანიასთან შეთანხმება დადო, თუმცა შემდგომში ნაცისტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის გეგმას უარი გამოუცხადეს, ბანდერა კი 1941 წელს საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გამოკეტეს, სადაც ის 1944 წლის სექტემბრამდე იმყოფებოდა

როგორც კრემლისტური აქტორები ამტკიცებენ, 1941 წელს უკრაინის ტერიტორიაზე გაჩაღებული ეთნიკური წმენდა სწორედ ბანდერას სახელს უკავშირდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ბანდერა უკრაინის ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდა და ის გერმანელებს საკონცენტრაციო ბანაკში ჰყავდათ დატყვევებული. ბანდერა სავარაუდოდ ირიბად მაინც არის დაკავშირებული იმ არმიასთან (უკრაინის მეამბოხე არმია), რომელსაც ბრალი ეთნიკურ წმენდაში ედება, რადგან მისი წევრები ძირითადად ბანდერას უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციიდან იყვნენ. სწორედ ამის გამო ის უკრაინაშიც კი დღემდე საკამათო ფიგურად რჩება. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისტორიკოსთა ნაწილი უარყოფს რომ პოლონელებისა და ებრაელების ეთნიკური წმენდა უკრაინის მეამბოხე არმიას (UPA) ან უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციას (OUN) უკავშირდება. მათი მტკიცებით, ეს ყველაფერი ოკუპაციის პირველ დღეებში ნაცისტებმა და არაორგანიზებულმა ჯგუფებმა დააორგანიზეს. აღსანიშნავია, რომ ეს აზრი გამომდინარეობს უკრაინის სახელმწიფო კომისიის დასკვნიდან, რომელიც პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას მიერ შეიქმნა. კომისია მიზნად ისახავდა, რომ ეთნიკურ წმენდასთან UIA-ს და OUN-ის  კავშირი გამოეკვლია.

უკრაინის მეამბოხე არმია

საბჭოთა და შემდგომში უკვე კრემლისტური პროპაგანდა ბანდერას ასევე ბრალს ჰიტლერის მარიონეტობაში დებდა, თუმცა ბანდერა ნაცისტებთან კავშირს მხოლოდ უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იყენებდა, შემდგომში კი მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, რადგან ჰიტლერს უკრაინის დამოუკიდებლობა არ სურდა და ასევე ის მოუწოდებდა, რომ „გაენადგურებინათ ყველა, ვინც სლავურ ნაგავს აძლიერებდა“.

40-იანი წლების შუა პერიოდში უკრაინელმა ნაციონალისტებმა ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ  1959 წელს ბანდერა სწორედ საბჭოთა კავშირის აგენტმა მოკლა.

  • რა დამოკიდებულება აქვთ უკრაინაში ბანდერას მიმართ?

დღესდღეობით სტეპან ბანდერა უკრაინაში საკამათო ფიგურას წარმოადგენს. ილკო კუჩერივის დემოკრატიული ინიციატივების ფონდის კვლევის მიხედვით, უკრაინის მოსახლეობის 32% მიიჩნევს, რომ ბანდერა პოზიტიური ფიგურაა, თუმცა, იმავე რაოდენობის გამოკითხულთა აზრით, ბანდერა ნეგატიურ პოლიტიკურ ლიდერს წარმოადგენს. 21%-სთვის ბანდერა იმდენადვე დადებითი ფიგურაა, რამდენადაც უარყოფითი. 

საგულისხმოა, რომ ბანდერას მიმართ პატივისცემა სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. მაგალითად, 2009 წელს პრეზიდენტ იუშენკოს ინიციატივით სტეპან ბანდერას საფოსტო მარკა გამოიცა. ასევე უკრაინაში სტეპან ბანდერას პატივსაცემად მისი რამდენიმე ძეგლი დღემდეა აღმართული. 2014 წელს კიევში მოსკოვის გამზირს სტეპან ბანდერას გამზირი ეწოდა

სტეპან ბანდერას საფოსტო მარკა
სტეპან ბანდერას ძეგლი ლვივში, უკრაინა

 

  • რა დამოკიდებულებაა უკრაინაში ნაციზმის მიმართ?

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ნაცისტური და ფაშისტური იდეოლოგიები 2015 წლის გადაწყვეტილებით აკრძალულია. ასევე იკრძალება ამ იდეოლოგიების და მათი სიმბოლიკის პროპაგანდა. 2019 წელს უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის გადაწყვეტილება სრულად შეესაბამებოდა უკრაინის კონსტიტუციას.

კანონი ნაცისტური და კომუნისტური იდეოლოგიების დაგმობისა და მათი სიმბოლიკების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ

ამასთან ერთად, ძალიან დაბალია იმ ულტრამემარჯვენე პარტიების მხარდაჭერა, რომლებსაც ხშირად კრემლისტური პროპაგანდა ფაშისტებად/ნაცისტებად მოიხსენიებს. ამგვარ პარტიებს მაიდნის მოვლენების დროს წამყვანი როლი არ ჰქონიათ. ასევე დაბალი იყო მათი შედეგები 2014 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში. 

ულტრამემარჯვენე პარტიებმა 2014 წელთან შედარებით კიდევ უფრო ნაკლები პროცენტი 2019 წლის არჩევნებზე მოიპოვეს. ერთ-ერთმა ასეთმა პარტია “სვობოდამ” არჩევნებში 2.15% მიიღო, 5 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა და შესაბამისად, მისი წევრები პარლამენტში ვერ შევიდნენ. აღნიშნულ პარტიას 2014 წელს ხმების 4.71% ჰქონდა მიღებული. (www.lasvegasoms.com)

უკრაინის 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები

რუსეთი ცდილობს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყება იმ მიზეზით გაამართლოს, თითქოს უკრაინა ნაცისტურ სახელმწიფოს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი მიდგომა საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა და იმ პერიოდში დასავლეთ უკრაინელებს “ბანდერიტებს” უწოდებდნენ

როგორც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი ხოსე კაზანოვა აღნიშნავს, რუსეთი სწორედ ნაცისტის წოდებით ცდილობს გაამართლოს საკუთარი აგრესიული ქმედებები

ხოსე კაზანოვა: „ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ [რუსეთი] ამას აკეთებს ყოველ ჯერზე, როცა უკრაინელები ცდილობენ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას, რუსები ცდილობენ თქვან, რომ უკრაინელები ნაცისტები არიან… სანამ ვინმეს მოკვლას აპირებთ, თქვენ უნდა მოახდინოთ მისი დეჰუმანიზაცია და ეს არის ის, რაც ახლა ხდება.”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist