განაცხადა თუ არა სენატორმა ტომ ტილისმა, რომ აშშ-ს დახმარებით უკრაინელი ჩინოვნიკები იახტებს იყიდიან?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

192
VIEWS

12 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშმა “Eduard Jishkariani” გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ამტკიცებს, რომ ზელენსკის აშშ-ის სენატში გამოსვლის შემდეგ, რესპუბლიკელმა სენატორმა ტომ ტილისმა CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ ამერიკას არ შეუძლია უკრაინის ფულით დახმარება, რადგან მათი ჩინოვნიკები ამ ფულით იახტებს იყიდიან. პოსტის ავტორი აცხადებს, რომ უკრაინელთა მიერ იახტების შესყიდვაზე ის წარსულშიც წერდა, თუმცა ფეისბუქი მას დეზინფორმაციაში ადანაშაულებდა, რის გამოც მას შეზღუდვები დაუწესეს.

tom tolisi განაცხადა თუ არა სენატორმა ტომ ტილისმა, რომ აშშ-ს დახმარებით უკრაინელი ჩინოვნიკები იახტებს იყიდიან?

ტომ ტილისს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. CNN-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ ზელენსკიმ სცადა, სენატორები იმაში დაერწმუნებინა, რომ უკრაინისათვის გაწეული დახმარება ნამდვილად ომს მოხმარდება და არა იახტების შესყიდვას. 

რესპუბლიკელი ტომ ტილისი ჩრდილო კაროლინის შტატის მიერ არჩეული სენატორი და უკრაინის მხარდამჭერია. 2023 წლის ნოემბერში მან ბლუმბერგთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის 100%-ით უჭერს მხარს ისრაელსა და უკრაინას და დაუშვებელია, რომ უკრაინის დაფინანსებაში  თანხების უკმარისობის ან მისი შეწყვეტის პრობლემა იყოს. 

12 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სენატს ეწვია, სადაც უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ცნობილ გამოცემა CNN-თან კომენტარი გააკეთა ტომ ტილისმა. მისი თქმით, კორუფციაზე საუბარი იმიტომ ჩამოვარდა, რომ ზოგიერთმა სენატორმა განაცხადა, რომ მათი აზრით, უკრაინელი ჩინოვნიკები მიწოდებული ფულადი დახმარებით იახტებს შეიძენდნენ. ტილისმა ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკიმ ამ წარმოდგენის გაქარწყლება იმ რეფორმების განხილვით სცადა, რომელიც უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ევროკავშირთან ერთად გაატარა. სენატორის აზრით, უკრაინაში ამ კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. CNN-თან საუბარი ტილისმა იმის აღნიშვნით დაასრულა, რომ პრეზიდენტი სენატში თბილად მიიღეს და ამასთანავე, ზელენსკიმ მთლიანი დრო სენატორების უკრაინის დაფინანსების გაგრძელებაში დარწმუნებას დაუთმო და არ უცდია მათზე ზეწოლა.

უნდა აღინიშნოს, რომ ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეიმს დეივიდ ვენსმა 11 დეკემბერს ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ამჟამად უკრაინისათვის დაფინანსების გაგრძელებას ეწინააღმდეგება, რადგან ეს ფული შესაძლოა ზელენსკის რომელიმე მინისტრისათვის უფრო დიდი იახტის შესაძენად იყოს გამოყენებული. ამ კომენტარს ტომ ტილისმა იმავე დღეს სრული უაზრობა და სისულელე უწოდა. საპასუხოდ, კი ვენსმა დააფიქსირა აზრი, რომ უკრაინა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა და ჟურნალისტს გაუცხადა, რომ ზოგიერთი უკრაინელი ომის პერიოდში გამდიდრდა და გულუბრყვილობა იქნება იმის დაჯერება, რომ ეს ამერიკის მიერ გამოყოფილი ფულით არ მომხდარიყო. 

უკრაინაში არსებულ კორუფციის პრობლემებზე არაერთხელ უსაუბრიათ რესპუბლიკური პარტიის წევრებს, მათ შორის სენატორებს. მათი ნაწილი სწორედ ამას ასახელებს მთავარ მიზეზად, თუ რატომ არ თანხმდება უკრაინისათვის დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევის მოთხოვნებს. მსგავსად, აშშ-ს მთავრობის მაღალჩინოსნებსაც არაერთხელ განუცხადებიათ, რომ უკრაინას მკაცრი ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება სჭირდება, თუმცა მათივე თქმით ქვეყანაში ამ მხრივ პოზიტიურ ნაბიჯებს ხედავენ. ამასთანავე, აშშ-სა და ევროპის ოფიციალური პირების განცხადებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინისათვის გაწეული დახმარება ვინმემ მოიპარა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციის მიზნით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელებულა. მათ შორის იყო 2023 წლის ნოემბერში გავრცელებული მტკიცება, თითქოს მან 2 მდიდრული იახტა იყიდა, უკრაინელი ბიზნესმენების სახელით. საერთაშორისო მედიების ჩატარებული გამოძიებისას დადგინდა, რომ აღნიშნული იახტები კვლავ იყიდება და ისინი ზელენსკის ან ვინმე სხვა პიროვნებას არ შეუძენია. სავარაუდოდ სწორედ ეს დეზინფორმაცია გახდა სენატორი ვენსის მიერ იახტების ყიდვაზე გაკეთებული განცხადების საბაბი. 

ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი მაღალჩინოსნების ქონებაზე გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ დეტალურად იხილეთ “მითების დეტექტორის: სტატიებში:

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ მომხმარებელი Eduard Jishkariani ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის ცნობებს, მათ შორის, დეზინფორმაციას, ხშირად ავრცელებს. ჯიშკარიანის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist