14-17 აპრილს რუსულენოვან ტელეგრამ არხზე ТелеДНО, რუსულ პლატფორმა dzen.ru-ზე, ასევე, ფეისბუკის რუსულენოვან და ქართულენოვან ანგარიშებზე (1, 2, 3, 4, 5, 6, 7) გამოქვეყნდა ბრიტანული გაზეთის “ახალი ევროპელი” (The New European”) #337 გამოცემის გარეკანის ფოტო. მასზე გამოსახულია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც დალაი ლამას კალთაში ზის და ანაზღაურების სანაცვლოდ ენით კოცნას სთავაზობს. მათ მარცხნივ დგას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი, ხოლო კარიკატურას სათაურად ახლავს ფრაზა – “რამდენის გადახდაზეა თანახმა ბრიტანეთი უკრაინის კრიზისის გადასაჭრელად?”
“ახალი ევროპელის” გარეკანის ფოტო გაყალბებულია. ბრიტანული ჟურნალის მიერ გამოცემული #337 ნომრის გარეკანის ფოტო არ ემთხვევა გავრცელებულ ვერსიას. ყალბი კარიკატურის შესახებ კომენტარი გამოცემა “ახალი ევროპელის” ტვიტერ გვერდმაც გააკეთა და მას კვირის ტყუილის კატეგორიის გამარჯვებული უწოდა.
“ახალი ევროპელის” მიერ გამოქვეყნებულ #337 ნომრის გარეკანს სრულიად სხვა დიზაინი აქვს. ამას ადასტურებს გაზეთის ფეისბუკისა და ტვიტერის პოსტები (1, 2), ასევე, “ახალი ევროპელის” ოფიციალური ვებ-გვერდი.
მსგავსი კარიკატურა არ გვხვდება არც გამოცემის ძველ ნომრებსა და სპეციალურ გამოშვებებში (special issue), როგორც ეს გაყალბებული გარეკანის ზედა მარჯვენა კუთხეშია მითითებული.
ამას გარდა, თავად “ახალი ევროპელის” ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ გავრცელებული კარიკატურა, სადაც ზელენსკი დალაი ლამას კალთაში ზის, ყალბია. გამოცემა წერს, რომ “კვირის ტყუილის კატეგორიის გამარჯვებულებად იქცნენ ვლადიმერ პუტინი და ძალიან მდარე კარიკატურისტი რუსეთის ფედერაციიდან.” ტვიტს დართული აქვს ფოტო, რომელზეც გამოსახულია გაყალბებული გარეკანი.
ცნობილი გამოცემების გარეკანების გაყალბება კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია. ერთ-ერთი უკანასკნელი გარეკანი რომელიც “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა, ფრანგულ სატირულ ჟურნალ “შარლი ებდოზე” ვლადიმირ პუტინთან და იესო ქრისტესთან ერთად გამოსახული ვოლოდიმირ ზელენსკი იყო:
- “შარლი ებდოს” სახელით ზელენსკის მორიგი გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება
- როგორ აყალბებს კრემლის პროპაგანდა დასავლური გამოცემების გარეკანებს უკრაინის წინააღმდეგ
თაკო ინასარიძე
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.