პოლიტიკა

დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთისთვის დაწესებული ამერიკის სანქციები საქართველოს არ ეხება

5 ნოემბერი, 2018

29 ოქტომერი-4 ნოემბრის გამოცემაში გაზეთ “ასავალ-დასავალთან”  ინტერვიუში პოლიტოლოგმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა განაცხადა, თითქოს უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საქართველოს არ ეხება.  29 ოქტომბერს იდენტური გზავნილი ონლაინ გამოცემა “საქინფორმშიც” გავრცელდა, სადაც ამავე გამოცემის რედაქტორთან არნო ხიდირბეგიშვილთან ინტერვიუში სანქციების საკითხის გარდა ნატოში გაწევრიანებისადმი ამერიკის ოფიციალური პოზიციისადმი სკეპტიციზმის გაღვივება ხდება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი: „პასუხი მარტივია: ამერიკისთვის საქართველო ნულია! … აგერ ამ დღეებში მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, თბილისში შემოიარა ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა და პირდაპირ თქვა, უკრაინის გამო რუსეთისათვის დაწესებული სანქციები საქართველოს არ ეხებაო - ანუ თქვენი პრობლემების გამო, ჩვენ რუსეთს სანქციებს არ დავუწესებთო!“

არნო ხიდირბეგიშვილი: ”ბოლტონი, ისევე, როგორც მერკელი, საგულდაგულოდ არიდებდა თავს ტერმინ „ოკუპაციას”.... შემდეგი „არა“ გახდა უარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე საქართველოს კონტექსტში. და მესამე „არა“ გაისმა საქართველოს ნატოში მიღებასთან დაკავშირებით".

ჯონ ბოლტონის ვიზიტის ინტერპრეტაციები “ასავალ-დასავალსა” და “საქინფორმში” დეზინფორმაციულია. შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივანმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა თბილისში ვიზიტისას  აღნიშნა, რომ საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გამო რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული და კიდევ ერთხე დაადასტურა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი აშშ-ს მხარდაჭერა.

სანქციები. ბოლტონმა თბილისში 26 ოქტომბერს გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხდა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მთელი რიგი სანქციების უკვე დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ. სანქციების ნაწილი დაწესებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც მოხდა საქართველოს ტერიტორიების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია”.

აღშანიშნავია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული აშშ-ს სანქციების პაკეტში, რომელიც  ძალაში 2017 წელს შევიდა,  რუსეთის მიერ საერთაშორი სამართლის დარღვევად საქართველოს ტეროტორიის აფაზეთისა და  ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია არის დასახელებული. სანქციების დაწესებისათვის შემუშვებულ კანონპროექტში აღნიშნულია,რომ საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად მიიღებს აშშ-ს დახმარებას, რუსეთის აგრესიასთან და მის მიერ მიყენებულ ზარალთან გასამკლავებლად.

ნატოში ინტეგრაცია. ჯონ ბოლტონმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციისადმი აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ  აშშ-ს პოლიტიკა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ უცვლელია. მისი თქმით, აშშ-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობის გარღმავება მრავალი  მიმართულებით არის შესაძლებელი.

საქართველოში ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით დეზინფორმაციები აქტიურად ვრცელდება. “ასავალ-დასავალისა” და “საქინფორმის” გარდა, 31 ოქტომბერს საეჭვო  ვებ-პორტალმა ReportBlogs გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს აშშ-ს უსაფრთხოების მრჩეველმა საქართველოში ვიზიტისას საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და საქართველოს პარტნიორობის შეწყვეტით დაემუქრა. ვებ-პორტალი სტატიის გამოქვეყნებამდე მხოლოდ 9 დღით ადრე არის დარეგისტრირებული.