9 ოქტომბერს კრემლის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ნაცისტურ სამაჯურს ატარებს. ზოგიერთი გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად ავრცელებდა ზალუჟნის სამაჯურიან ფოტოსაც და სტატიაში აღნიშნავდა, რომ ვალერი ზალუჟნის სამაჯური რამდენიმე რგოლისგან შედგება, რომლებზეც სხვადასხვა ორნამენტი და მონახაზია გამოსახული, მათ შორის კი ნაცისტური სიმბოლო – სვასტიკა.
ინფორმაცია გაავრცელეს შემდეგმა რუსულმა გამოცემებმა: RT, Красная Весна, lenta.ru, life.ru, Российская газета, gazeta.ru, ЦАРЬГРАД, Общественная служба новостей.
12 ოქტომბერს ზალუჟნის ფოტო, რომელზე დაყრდნობითაც ამტკიცებენ, რომ ის სვასტიკის გამოსახულებიან სამაჯურს ატარებს ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმაც გამოაქვეყნეს.
გავრცელებული ინფორმაცია ფოტომანიპულაციას შეიცავს. სინამდვილეში, სამაჯურზე არა სვასტიკა არამედ სკანდინავიური სიმბოლოა გამოსახული. ფოტო ავთენტურია, თუმცა სამაჯურის გამოსახულების დაბალმა რეზოლუციამ შესაძლოა ინტერნეტ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს.
6 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ საკუთარი ფოტო, სადაც მას სწორედ ზემოაღნიშნული სამაჯური უკეთია, Twıtter-ზე გამოაქვეყნა.
მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერმა, ანატოლი შტეფანმა (შტირლიცი) იმის საჩვენებლად, თუ როგორ სამაჯურს ატარებს ზალუჟნი, Twitter-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამაჯურის ფოტო გამოაქვეყნა.
ფოტოში ნათლად ჩანს, რომ ეს სიმბოლო არა სვასტიკა, არამედ სკანდინავიური (კელტური კვანძის მსგავსი) ნიშანია.
აღსანიშნავია, რომ თუ სამაჯურის ახლო კადრის სანახავად ვალერი ზალუჟნის ტვიტერის ორიგინალ ფოტოს გავადიდებთ, სურათი ბუნდოვანი გახდება და სიმბოლოთა რეალური გამოსახულება დაიკარგება. ანატოლი სტეფანის პოსტის მეშვეობით, შეგვიძლია დავინახოთ თუ როგორ იცვლება სამაჯურზე არსებული სიმბოლიკა მას შემდეგ, რაც კადრს მოვაახლოებთ.
რუსულ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრიც გამოეხმაურა და სამაჯურის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დაბალი რეზოლუციის ფოტოსგან განსხვავებით, სიმბოლოების გარჩევა შესაძლებელია.
რაც შეეხება თავად სამაჯურს, მსგავსი სამაჯური მაღაზია Pakabone-ის საიტზე შეგვიძლია ვნახოთ, სადაც სლავური, სკანდინავიური და ტომობრივი ატრიბუტების ყიდვაა შესაძლებელი. მაღაზიის ვებ-გვერდზე ასევე ხელმისაწვდომია ზალუჟნის სამაჯურის ის სიმბოლო, რომელიც მანიპულაციურად გაავრცელეს და სვასტიკას დაუკავშირეს. სიმბოლოს შეძენა სამაჯურისგან განცალკევებითაც არის შესაძლებელი. (ivermectin)
ფოტო 12 ოქტომბერს გამოცემა France 24-მაც გადაამოწმა.
ნინი შაორშაძე
მითების დეტექტორის სტაჟიორი
“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.” შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.