ვინ ადანაშაულებს სომხებს ეთიოპიური დამწერლობის მოპარვაში – ეთიოპიელი ისტორიკოსი თუ რუსულენოვანი ბლოგი?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

766
VIEWS

2017 წლის 3 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდმა “შენი ჩემი ჩვენი ისტორია” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ცნობილმა ეთიოპიელმა მეცნიერმა ტეკოლა ჰაგოსიმ სომხები ეთიოპიური ანბანის მითვისებაში დაადანაშაულა. პოსტის მიხედვით, ეთიოპიელმა მეცნიერმა თურქეთში ყოფნისას ძველ ეთიოპურ ენაზე დაწერილი წიგნი იპოვა, რომელსაც ძველ სომხურ დამწერლობად წარმოაჩენდნენ. პოსტის მიხედვით ტეკოლა ჰაგოსიმ სომხების მიერ ძველი ეთიოპური ანბანის სომხურად “გასაღებაზე” რამდენიმე სტატია და ლექცია მოამზადა.

აღნიშნული პოსტი 2023 წლის ნოემბერშიც აქტიურად ვრცელდება და 14 ნოემბრისთვის ჯამში 2200-ზე მეტი გაზიარება აქვს.

Screenshot 2023 11 15 135009 ვინ ადანაშაულებს სომხებს ეთიოპიური დამწერლობის მოპარვაში - ეთიოპიელი ისტორიკოსი თუ რუსულენოვანი ბლოგი?

მტკიცება ეთიოპიელი მეცნიერის მიერ სომხების ეთიოპიური ანბანის მითვისებაში დადანაშაულების შესახებ მხოლოდ ერთ წყაროს – რუსულენოვან ბლოგ AzGlobus-ს ეყრდნობა, რომელიც ირწმუნება, რომ ცნობილ ეთიოპიელ ისტორიკოსთან, ტეკოლა ჰაგოსთან ინტერვიუ ჩაწერა. თუმცა, ღია წყაროების მიხედვით, ჰაგოსი იურისტია და არა ისტორიაზე, არამედ პოლიტიკასა და სამართალზე წერს. არ იძებნება მის მიერ სომხურ დამწერლობაზე ან მის ეთიოპიურ დამწერლობასთან კავშირზე დაწერილი არცერთი ნაშრომი. რეალურად, ეთიოპიური დამწერლობის წარმოშობა სამხრეთსემიტურ, ძველ სამხრეთ არაბულ დამწერლობას უკავშირდება, ხოლო სომხური დამწერლობა – ფეჰლავურ და ასევე არამეულ დამწერლობას, რომელიც ჩრდილოეთსემიტური დამწერლობების სახეობაა.

ინფორმაცია, რომ ეთიოპიელმა მეცნიერმა სომხები ეთიოპიური ანბანის მითვისებაში დაადანაშაულა, სათავეს რუსულენოვანი ბლოგიდან იღებს. პირველად აღნიშნული ინფორმაცია 2016 წლის 22 სექტემბერს AzGlobus-მა გამოაქვეყნა. სტატიაში ტეკოლა ჰაგოსი მოხსენიებულია როგორც საქვეყნოდ ცნობილი ისტორიკოსი, რომელიც ეთიოპიელი იმპერატორების მემკვიდრეობას იკვლევს. სტატიაში ნათქვამია, რომ ჰაგოსმა AzGlobus-ის ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, სადაც მოყვა თუ როგორ აღმოაჩინა თურქეთში მოგზაურობისას სომხების მიერ ეთიოპიური ანბანის მითვისების შესახებ და რომ ამ თემაზე წიგნს წერდა. მსგავსი წიგნი ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული. აღსანიშნავია, რომ AzGlobus-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში რესპოდენტი არმენოფობიური განცხადებებით გამოირჩევა და სომეხ ისტორიკოსებს ცრუ ისტორიკოსებს უწოდებს. ინტერვიუს მიხედვით, ჰაგოსი ამბობს “ყველა დოკუმენტთან ერთად შევისწავლე სომხური ლიტერატურა ეგრეთ წოდებული “სომხური გენოციდის” შესახებ”.

AzGlobus-ზე დაყრდნობით იდენტური ინფორმაცია 2016 წლის 23 სექტემბერს რუსულ ენაზე გამოაქვეყნეს ინტერნეტ პორტალებმა 1905.az და news.day.az, 24 სექტემბერს კი აზერბაიჯანულ ენაზე გაავრცელა ონლაინ გამოცემა dia.az-მა (მასალა ამჟამად ვებ-საიტზე ხელმისაწვდომი აღარ არის). 2016 წლის 15 დეკემბერს იდენტური ინტერვიუ zirve.info-მაც გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ინფორმაცია ნათარგმნი იყო 2016 წლის 11 ნოემბრის “ლიტერატურული საქართველოს” ნომრიდან.

გაზეთ “ილორის” 2017 წლის 1-15 აგვისტოს ნომერში ნახსენებია, რომ გაზეთმა “ლიტერატურულმა საქართველომ” დაბეჭდა AzGlobus-ის 2016 წლის ინტერვიუს თარგმანი. ამავე ნომერში AzGlobus-ის 2017 წლის სტატიის თარგმანია წარმოდგენილი. სტატიის მიხედვით, მათ კვლავ ჩაწერეს ინტერვიუ ტეკოლა ჰაგოსთან, სადაც ის სომხებს კვლავ ადანაშაულებს ეთიოპიური ანბანის მითვისებაში და ამბობს, რომ როგორც კი ეთიოპიელ იმპერატორებზე წიგნის წერას მორჩება, მაშინვე შეუდგება ახალ წიგნზე მუშაობას სათაურით “სომხები – კულტურულ ფასეულობათა მიმტაცებლები”. AzGlobus-ის მიხედვით, ეთიოპიელი მეცნიერი სომხებს მრავალი ერისათვის საუკუნეების განმავლობაში პრობლემის შექმნაში ადანაშაულებს და სურს შეიქმნას კომისია ან “საერთაშორისო სასამართლო გაეროსა და იუნესკოს ჩარჩოებში”, რომელიც სომხებს  “თავის ადგილს მიუჩენს”. ინტერვიუდან ეს ამონარიდები 2017 წლის 3 აგვისტოს “საქართველო და მსოფლიოს” სტატიაშიც გვხვდება.

საბოლოო ჯამში, ღია წყაროების შესწავლის შედეგად ცხადი ხდება, რომ ინფორმაციის პირველწყარო რუსულენოვანი ბლოგი AzGlobus-ია და ყველა სხვა გამოცემა მის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუებს ეყრდნობა. 

Screenshot 2023 11 15 135018 ვინ ადანაშაულებს სომხებს ეთიოპიური დამწერლობის მოპარვაში - ეთიოპიელი ისტორიკოსი თუ რუსულენოვანი ბლოგი?

ვინ არის ტეკოლა ჰაგოსი?

სტატიებში და პოსტში თანდართულ ფოტოზე მართლაც ეთიოპიელი მეცნიერი ტეკოლა ჰაგოსია გამოსახული. ის აშშ-ში მოღვაწე ადვოკატია და მისი სამეცნიერო ნაშრომები, წიგნები და სტატიები უმეტესად ეთიოპიის შიდა და საგარეო პოლიტიკას შეეხება. მას დაწერილი აქვს წიგნები “პოლიტიკური ფილოსოფიის, ძალაუფლების და ეკონომიკური განვითარების დემისტიფიკაცია” და “დემოკრატიზაცია? ეთიოპია 1991-1994: პირადი მოსაზრება”. ღია წყაროებში იძებნება მისი სტატიებიც შემდეგ თემებზე: ეთიოპიაში მასშტაბური კაშხლის მშენებლობა, სამართლისა და მორალის გამიჯვნა და ეთიოპიისა და ერითრეის ურთიერთობა. როგორც ღია წყაროებიდან ირკვევა ჰაგოსი სამართალმცოდნეა და მისი კვლევები არა ისტორიას, არამედ პოლიტიკას და სამართალს უკავშირდება. ღია წყაროებში არ იძებნება სომხური და ეთიოპიური ანბანის მსგავსების შესახებ ტეკოლა ჰაგოსის მიერ მომზადებული სტატია და არც ინტერვიუებში ნახსენები წიგნები ეთიოპიელი იმპერატორებისა და კულტურულ ფასეულობათა მიტაცების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ტეკოლა ჰაგოსი Ethiopian Observer-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც ის პოლ ჰენზეს წიგნს მიმოიხილავს, წერს:

“ბრწყინვალე მეცნიერი ჯეიმს ბრაისი იყო პირველი სწავლული, რომელმაც გამოააშკარავა და დაგმო სომეხთა განოციდი 1915 წელს. მე განსაკუთრებით პატივს ვცემ მის სამეცნიერო მოღვაწეობას და სიმამაცეს, მიუხედავად მისი მცდარი დამოკიდებულებისა ქალების უფლებების მიმართ”. როგორც ციტატიდან ჩანს, ჰაგოსი სომეხთა გენოციდზე საუბრისას არ იყენებს სიტყვებს “ეგრეთ წოდებული” და არ უარყოფს მას, რაც, სხვა შეუსაბამობებთან ერთად, ეჭვქვეშ აყენებს AzGlobus-ის მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუების ნამდვილობას.

ეთიოპიური და სომხური დამწერლობის წარმოშობის შესახებ

რაც შეეხება ეთიოპიურ და სომხურ დამწერლობებს, ეთიოპიური დამწერლობა, იგივე გე’ეზის დამწერლობა ძველი სამხრეთ არაბული დამწერლობისგან არის განვითარებული, რომელიც ახლანდელი იემენის ტერიტორიაზე წარმოიშვა და მისი კვალი ეთიოპიის ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვით მე-9 საუკუნიდან ჩნდება. გე’ეზის დამწერლობის ყველაზე ძველი ნიმუში ერითრეის ტერიტორიაზე ახალი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნით დათარიღებულ ობელისკზეა შემორჩენილი. უცნობია გე’ეზის დამწერლობის ჩამოყალიბების ზუსტი გარემოებები, იყო ეს თანდათანობითი ევოლუცია ძველი სამხრეთ არაბული დამწერლობის ნიადაგზე, თუ კონკრეტული ინდივიდის მიერ ამ მოდელზე დაყრდნობით შექმნილი სისტემა. ეთიოპიურ ანბანში 26 ასოა, ხოლო ძველი სამხრეთ არაბულისა და სხვა სემიტური ენებისგან განსხვავებით, გე’ეზის დამწერლობის მიმართულება მარცხნიდან მარჯვნივაა, რაც, სავარაუდოდ, ბერძნული გავლენის შედეგია.

Screenshot 2023 11 15 135031 ვინ ადანაშაულებს სომხებს ეთიოპიური დამწერლობის მოპარვაში - ეთიოპიელი ისტორიკოსი თუ რუსულენოვანი ბლოგი?
გე’ეზის და სამხრეთ არაბული დამწერლობების შედარება. წყარო: wikipedia

ღია წყაროებში არ იძებნება სამეცნიერო ნაშრომი რომელიც ამტკიცებს, რომ სომხური დამწერლობა ეთიოპიური დამწერლობისგან წარმოიშვა. რეალურად, სომხური დამწერლობის შექმნა მესროპ მაშტოცს მიეწერება, ახალი წელთაღრიცხვით 405 წლით თარიღდება და 38 ასოს მოიცავს. ვარაუდობენ, რომ ის ფეჰლავური დამწერლობის საფუძველზეა შექმნილი, რომელიც თავის მხრივ არამეულ დამწერლობას ეფუძნება.

2003 წელს ეთიოპიური კვლევების საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა ეთიოპიელი მკვლევრის, აილე ბეკერის სტატია, რომელიც სომხური ანბანის წარმოშობის რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორის მესროპ მაშტოცის მიერ მის შექმნას და ასევე ჰიპოთეზას, რომ იერუსალიმში ეთიოპიელ და სომეხ სწავლულთა შორის ინფორმაციის მიმოცვლამ სომხურ დამწერლობაზე ეთიოპიურის გავლენა განაპირობა, თუმცა ბეკერი არ ამტკიცებს, რომ სომხებმა ეთიოპიური ანბანი მიითვისეს.

დამწერლობებს შორის ცალკეულ მსგავსებებს შესაძლო განაპირობებდეს ის ფაქტი, რომ არამეული ჩრდილოეთსემიტური დამწერლობის ერთ-ერთი სახეობაა, ხოლო ძველი სამხრეთ არაბული – სამხრეთსემიტური, რომელთაც, მეცნიერების ვარაუდით, საფუძვლად პროტო-სემიტური დამწერლობა უდევს. გარდა ამისა, სომხურ დამწერლობას, ისევე როგორც ეთიოპიურს აქვს ბერძნული დამწერლობის გავლენაც.

არქივი: 1, 2, 3, 4, 5, 6


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ეთიოპია, სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist