2 ოქტომბერს ქართული ოცნების მხარდამჭერმა გვერდმა “ლიდერი 41” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც “პუტინის ჟურნალისტი” დიმიტრი გორდონი ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას სთხოვს. პოსტში აღნიშნულია, რომ ანალოგიური განცხადება რუსეთის დუმის წევრმა, ვლადიმირ ჟირინოვსკიმაც გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინის “ფავორიტებს” საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავება ეწყინათ. პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს რუსეთი სააკაშვილის დაპატიმრებით შეშფოთებულია და მის გათავისუფლებას ითხოვს.
“ლიდერი 41”-ის პოსტი შეცდომაში შემყვანია, რეალურად დიმიტრი გორდონი უკრაინელი ჟურნალისტია, რომელიც კრემლის პოლიტიკას მკაფიოდ აკრიტიკებს და რომელმაც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით უკრაინის პრეზიდენტს მართლაც მიმართა. ჟირინოვსკის განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კი სარკასტული იყო. “ლიდერი 41”-ის პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია და მის გათავისუფლებას რუსეთის ინტერესების გამომხატველი პირები ითხოვენ.
უკრაინელი ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილს თანადგომა მართლაც გამოუცხადა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სააკაშვილის გასათავისუფლებად მოქმედებისკენ მოუწოდა.
დიმიტრი გორდონი:
დიმიტრი გორდონი: “მიხიელ სააკაშვილი უდიდესი რეფორმატორი და პოლიტიკოსია, რომელმაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ღარიბი, ყველაზე კრიმინალური და კორუმპირებული ქვეყანა აყვავებულ სახელმწიფოდ აქცია. მიხეილ სააკაშვილმა უზარმაზარი როლი ითამაშა იმაში, რომ უკრაინა ყოფილიყო დემოკრატიული სახელმწიფო. მე გულწრფელად ვაფასებ ამ ადამიანს, მე მიყვარს ის და ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ვთხოვ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ იმოქმედოს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს გასათავისუფლებლად. მე მივმართავ მიხეილ სააკაშვილს და ვუსურვებ თავდაჯერებას, სიმტკიცესა და ხვალინდელი დღის რწმენას იმიტომ, რომ ხვალინდელ დღეს სააკაშვილიც და საქართველოც მშვენივრად იქნება, მე დარწმუნებული ვარ ამაში. ”
უკრაინელი ჟურნალისტს, დიმიტრი გორდონს მიხეილ საკაშვილის მხარდამჭერი განცხადება ადრეც არაერთხელ გაუკეთებია.
დიმიტრი გორდონი უკრაინელი ჟურნალისტია, რომლსაც 2017 წლამდე ტელეკომპანია “უკრაინა112”-ის ეთერში საავტორო გადაცემა “სტუმრად დიმიტრი გორდონთან” მიჰყავდა. 2017 თებერვალში, გორდონმა განაცხადა, რომ ვიქტორ მედვედჩუკის, რომელიც პუტინის ნათლია და უკრაინაში “რუსული სამყაროს” იდეოლოგია, გავლენის გამო ტელეკომპანიასთან თანამშრომლობას წყვეტდა.
გორდონისა და რუს პროპაგანდისტ ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვს შორის დაპირისპირება რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონების ნაწილის ოკუპაციის გამო რამდენიმე წელია არსებობს. სოლოვიევმა თქვა, რომ ეს იყო ცილისწამება, რომლის გამოც უკრაინელი ჟურნალისტი უნდა გასამართლებულიყო. საპასუხოდ, გორდონმა სოლოვიოვს “სასტიკი პროპაგანდისტი” უწოდა, სოლოვიოვმა კი უკრაინელ ჟურნალისტს შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა და მას “არაკომპეტენტური”, “ნაძირალა”, “ბოროტმოქმედი” უწოდა.
ჟირინოვსკის სარკასტული კომენტარი
ვლადიმერ ჟირინოვსკის სარკასტული კომენტარი სააკაშვილის დაკავებაზე 2 ოქტომბერს სახელისუფლებო მედიებმა, ასევე ფეისბუკ გვერდმა “ლიდერი41” მცდარი კონტექსტით, როგორც რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის რეალური მხარდაჭერა გააშუქეს. როგორც დიმიტრი გორდონის კომენტარი, ასევე ჟირინოვსკის განცხადება ლიდერი 41-ის პოსტში ისეა წარმოდგენილი, თითქოს რუსეთი სააკაშვილის დაკავებას არ მიესალმება.
ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
რა თქვა რეალურად ჟირინოვსკიმ სააკაშვილის დაკავებაზე?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.