21 მაისს ფეისბუქ-ანგარიშმა Zura Nozadze აშშ-ის სამხედრო ქირურგის ტერეზა ლონგის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამერიკელ ჯარისკაცებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიღების შემდეგ გამოვლენილ სერიოზულ სამედიცინო გართულებებზე საუბრობს. ლონგი ამბობს, რომ მისი კარიერის განმავლობაში ასეთი დიდი რაოდენობით მიოკარდიტები, პერიკარდიტები, ინსულტი, არითმია, სხვადასხვა სახის სიმსივნე, ღვიძლის დისფუნქცია და მენსტრუალური ციკლის დარღვევები აქამდე არ შეუმჩნევია. ლონგის თქმით, მის ნათქვამს თავდაცვის სამედიცინო ეპიდემიოლოგიის მონაცემთა ბაზაც (DMED) ადასტურებს, რომელშიც 2021 წელს ზემოთ ჩამოთვლილი გართულებების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობა ჩანს.
გავრცელებული პოსტი შეცდომაში შემყვანია. რეალურად, თავდაცვის სამედიცინო ეპიდემიოლოგიის მონაცემთა ბაზაში 2016-2020 წლის მონაცემები არასრულად იყო ასახული, რის ფონზეც 2021 წლის მონაცემები უფრო მაღალი ჩანს. გარდა ამისა, ბაზაში სამხედროების ვაქცინირების სტატუსი არ ჩანს, შესაბამისად სამედიცინო გართულებების ვაქცინასთან დაკავშირებას ფაქტობრივი მტკიცებულება არ აქვს. რაც შეეხება სიმსივნეების რაოდენობის ზრდას, ბიოლოგიური თვალსაზრისით, ერთ წელიწადში ასეთი დიდი ცვლილება შეუძლებელია, რადგან სიმსივნის განვითარება გრძელვადიანი პროცესია.
თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პიტერ გრეივსმა ფაქტების გადამმოწმებელ პლატფორმა AFP-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ თავდაცვის სამედიცინო ეპიდემიოლოგიის მონაცემთა ბაზაში (DMED) 2016-2020 წლებისა და 2021 წლის მონაცემებს შორის შესამჩნევი განსხვავება სისტემაში არასრულად შეყვანილმა მონაცემებმა გამოიწვია.
გრეივსის თქმით, თავდაცვის ჯანდაცვის სააგენტოს შეიარაღებული ძალების სამეთვალყურეო განყოფილებამ (AFHSD) აღმოაჩინა, რომ 2016-2020 წლების სამედიცინო დიაგნოზების საერთო რაოდენობა, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო DMED-ში, წარმოადგენდა ფაქტობრივი სამედიცინო დიაგნოზების მხოლოდ მცირე ნაწილს. ამის საპირისპიროდ, 2021 წლის სამედიცინო დიაგნოზის საერთო რაოდენობა სისტემაში სრულად იყო ასახული.
AFP ამ საკითხზე მომზადებულ სტატიაში ერთ-ერთ არგუმენტად ვეინის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქირურგიისა და ონკოლოგიის პროფესორის დეივიდ გორსკის სტატიას ასახელებს. გორსკი წერს, რომ DMED-ის მონაცემები მოცემულ დაავადებებსა და კორონავირუსის ვაქცინებს შორის კავშირს ვერ დაადასტურებს, რადგან მონაცემებში იმ ადამიანების ვაქცინაციის სტატუსი არ ჩანს, რომლებსაც კონკრეტული სამედიცინო გართულებები გამოუვლინდათ. გარდა ამისა, DMED-ის მონაცემთა ბაზა ვაქცინების გვერდით მოვლენებზე დაკვირვებისთვის არაა განკუთვნილი.
ტერეზა ლონგი ამტკიცებდა, რომ სხვა დაავადებებთან ერთად, ვაქცინციის პროცესის გააქტიურების შემდეგ სიმსივნის დიაგნოზის რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ თემაზე AFP-სთან ტეხასის უნივერსიტეტის სიმსივნის ცენტრის ასოცირებულმა დირექტორმა ჯონ სვითენჰემმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წლის ანგარიშები ზოგად პოპულაციაში სიმსივნის დიაგნოზის 5-დან 15 პროცენტამდე ზრდას აჩვენებს. სვითენჰემის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ პანდემიის პერიოდში ბევრმა ადამიანმა სკრინინგისა და გამოკვლევების პროცესი გადადო, რაც მონაცემებზე ერთიანად აისახა. ამ საკითხზე აღსანიშნავია ონკოლოგიის პროფესორის დეივიდ გორსკის განმარტებაც, რომელიც ამბობს, რომ სიმსივნის განვითარებას წლები სჭირდება, შესაბამისად ერთ წელიწადში 300-1000%-იანი ზრდა ვერ მოხდებოდა. მაშინაც კი, თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ სიმსივნის შემთხვევების რიცხვი რაღაც დონეზე გაზრდილია, ეს ვერ იქნება ვაქცინაციასთან დაკავშირებული, რომელიც სამხედროებში აქტიურად 2021 წელს დაიწყო.
ანტივაქსერები სხვადასხვა დაავადებასა და სამედიცინო გართულებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან აქამდეც ხშირად აკავშირებდნენ. “მითების დეტექტორის” მიერ ამ თემაზე მომზადებული სტატიები ვრცლად იხილეთ:
- ანტივაქსერის დეზინფორმაცია და დაუსაბუთებელი მტკიცებულებები “ობიექტივის” ეთერში
- მენსტრუალური ციკლის ცვლილებებსა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ დასტურდება
- კორონავირუსის ვაქცინები იმუნოდეფიციტს არ იწვევს – რას ამტკიცებს თინა თოფურია და რა დაადგინა შვედეთში ჩატარებულმა კვლევამ?
წყაროს შესახებ
ფეისბუქ-მომხმარებელ Zura Nozadze-ს კიდევ რამდენიმე ფეისბუქ-ანგარიშს მართავს (1, 2, 3) რომლებზეც ძირითადად ანტივაქსერული შინაარსის პოსტები ქვეყნდება. ზურა ნოზაძე დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს, განსაკუთრებით კი ვაქცინაციისა და 5 G-ის თემაზე.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.