დეზინფორმაცია, თითქოს ილიაუნიმ ბაღებსა და სკოლებში ხატების ჩამოხსნა მოითხოვა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

47
VIEWS

18 თებერვალს კრემლისტური ალტ-ინფოს მხარდამჭერმა ფეისბუქ-მომხმარებელმა ხატია ჯანაშიამ ლაივ-ჩართვაში თქვა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა განათლების სამინისტროს გაუგზავნა ბრძანება, “სკოლებიდან და ბაღებიდან გააქრონ ხატები”. მისივე მტკიცებით, ბრძანება სამინისტროდან ყველა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას გადაეცა. 

ხატია ჯანაშია: ძალიან ბევრი შეტყობინება შემოგვდის სიწმინდეების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. არა მარტო ბაღის თემა, არამედ სკოლები და ამაში გარეულია როგორც NGO-ები, ასევე […] ამაში არის გარეული ილიაუნი. ილიაუნი-ში მიდის გადამზადება, ილიაუნი-ში ატრენინგებენ ამ სამინისტროს წარმონაქმნებს და სასკოლო საგნები იქნება, ბაღის თემები იქნება თუ რა იქნება, ეს განსაკუთრებით, ეს ხატების თემა და სიწმინდეების თემა, პირდაპირ არის ბრძანება ილიაუნიდან შესული სამინისტროში და სამინისტროდან უკვე მთელს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, სადაც ბაღის დირექტორებს პირდაპირ დაუდეს მაგიდაზე დებულებები და მოსთხოვეს, რომ სკოლებიდან და ბაღებიდან გააქრონ ხატები. 

thithqos iliaunim baghebsa da skolebshi khatebis chamokhsna დეზინფორმაცია, თითქოს ილიაუნიმ ბაღებსა და სკოლებში ხატების ჩამოხსნა მოითხოვა

მტკიცება, თითქოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბაღებსა და სკოლებში ხატების ჩამოხსნა მოითხოვა, დეზინფორმაციულია. “მითების დეტექტორს” უნივერსიტეტში უთხრეს, რომ მსგავსი შინაარსის რეკომენდაციით განათლების სამინისტროსთვის არ მიუმართავთ. ინფორმაცია რომ სიმართლეს არ შეესაბამება, ადასტურებენ განათლების სამინისტროშიც.  

 ხატია ჯანაშია ამტკიცებს, რომ ბაღებსა და სკოლებში ხატების ჩამოხსნასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში “პირდაპირ არის შესული ბრძანება” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. “მითების დეტექტორი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირდა – როგორც მათ განგვიმარტეს, აღნიშნული საკითხი განათლების სამინისტროსთან არ განხილულა და, შესაბამისად, მსგავსი შინაარსის რეკომენდაციით უწყებისთვის არ მიუმართავთ.   

ასევე, განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან “მოთხოვნის შესვლასთან” დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. 

კრემლისტურმა ალტ-ინფომ და მისმა მხარდამჭერმა ფეისბუქ-ანგარიშებმა სკოლებსა და ბაღებში რელიგიური სიმბოლოების გამოყენების საკითხის განხილვა აქტიურად მას შემდეგ დაიწყეს, რაც დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს სოფელ არწივანის სკოლაში მომხდარი შემთხვევის შესახებ დაუსვა კითხვა. არწივანის სკოლაში, რომელშიც მუსლიმი მოსწავლეები და მასწავლებლები სწავლობენ და მუშაობენ, მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა კურთხევის რიტუალი ჩაატარეს. ამილახვრის განცხადებით, მომხდარზე მოკვლევა დაიწყო. მომდევნო დღეებში ალტ-ინფომ მშობელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მე-8 ბაგა-ბაღში ხატები ჩამოხსნეს. ბაღის ტერიტორიაზე ალტ-ინფოს მხარდამჭერი აქტივისტები მივიდნენ და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ

რა წერია კანონში?

ზოგადი განათლების შესახებ კანონი, რომელზეც მინისტრი საუბრობდა, 2005 წელს მიიღეს. მე-3 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს: 

“საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან, ხოლო კერძო სკოლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური გაერთიანებებისაგან”. 

 გარდა ამისა, ნეიტრალურობისა და არადისკრიმინაციულობის შესახებ მე-13 მუხლის მიხედვით: 

“დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. ეს ნორმა არ ზღუდავს საჯარო სკოლაში სახელმწიფო დღესასწაულებისა და ისტორიული თარიღების აღნიშვნას, აგრეთვე ისეთი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც მიმართულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებისაკენ”.  

 მე-18 მუხლის (რწმენის თავისუფლება) მიხედვით:  

 “საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს”.  

 “საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ნებაყოფლობით შეისწავლონ რელიგია ან ჩაატარონ რელიგიური რიტუალი, თუ იგი ემსახურება რელიგიური განათლების მიღებას.”

შესაბამისად, 2005 წელს მიღებული კანონის მიხედვით, სკოლებში რელიგიური სიმბოლოების გამოფენა არ არის დაშვებული, გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ის აკადემიურ მიზნებს ემსახურება – მაგალითად, ისტორიის ან სხვა საგნების სწავლებას. ხაზგასასმელია, რომ კანონი არ მიემართება კონკრეტულად რომელიმე რელიგიის სიმბოლოების გამოფენას – ის ერთნაირად ეხება ყველა აღმსარებლობას.

 წყაროს შესახებ: 

ხატია ჯანაშია სათადარიგო გვერდი კრემლისტური “ალტ-ინფოს” მხარდამჭერი ხატია ჯანაშიას 2 ფეისბუქ-ანგარიშიდან ერთ-ერთია. ის ანტიოპოზიციური, ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსის ინფორმაციას სისტემატურად აქვეყნებს. ხატია ჯანაშიას მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist