რა კონსპირაციული თეორია ვრცელდება “ტელეღიპუცების” შექმნის ისტორიაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

777
VIEWS

5 მარტს ფეისბუკ ანგარიშმა Giorgi Mamisashvili ცნობილი ანიმაციური სერიალის, “ტელეღიპუცების” ისტორია გაავრცელა, რომელიც, მისი მტკიცებით, რეალურია. გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, ტელეღიპუცების ცხოვრება, სინამდვილეში,  ბულგარეთის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი ბავშვების ცხოვრებით არის შთაგონებული, სადაც პაციენტებს გაუსაძლის პირობებში ამყოფებდნენ, არ აჭმევდნენ, კეტავდნენ ბნელ ოთახებში ან ყინვაში, ღობეზე მიბმულს კვირების განმავლობაში ტოვებდნენ.

იდენტური ინფორმაცია 13-17 თებერვალს რუსულენოვანმა ფეისბუკ ანგარიშმა და გვერდმაც გაავრცელეს.

ტელეგიპუცები

ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ტელეღიპუცების პროტოტიპს ბულგარეთის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ნაწამები ბავშვები წარმოადგენენ, არ დასტურდება და კონსპირაციულ თეორიას წარმოადგენს. შოუს შემქმნელებმა განაცხადეს, რომ პერსონაჟების შექმნისას შთაგონებული იყვნენ ასტრონავტებით, რომლებიც მთვარეზე ეშვებოდნენ. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნულია, რომ თითოეული ტელეღიპუცა ბულგარეთის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი ბავშვებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს. მაგალითად, ყვითელი ტელეღიპუცა – ლალა – იზოლირებული იყო დანარჩენებისგან და 5 წლის განმავლობაში ოთახში იყო გამოკეტილი, რის გამოც, მისი ფსიქიკური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდა. ის ცეკვავდა მუსიკის გარეშე, საუბრობდა იმ ენაზე, რომელიც მხოლოდ მისთვის იყო გასაგები, მისი კანი კი მზის სხივების გარეშე სრულიად გაყვითლდა.  ტინკი-ვინკი მუნჯი იყო და ხშირად კედელს ურტყამდა თავს, ამიტომ ის სიცივეშიც კი მიბმული იყო ღობეზე, რის გამოც მისი კიდურები გალურჯდნენ. დიფსის არ შეეძლო ლაპარაკი რადგან მისთვის ეს არავის უსწავლებია, თითქმის არაფერს ჭამდა, გამუდმებით ავადმყოფობდა და გამუდმებით გული ერეოდა – სწორედ ამიტომ ჰქონდა მწვანე ფერი. 

ვიდეოში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც ამ ისტორიას დაადასტურებდა, თუმცა ემოციური ეფექტისთვის მასში გამოყენებულია ტელეღიპუცების დამუშავებული ფოტოები, რაც მათ უფრო შემზარავ და საშიშ იერს ანიჭებს.

telegiputsebi1 რა კონსპირაციული თეორია ვრცელდება “ტელეღიპუცების” შექმნის ისტორიაზე?

რეალურად, “ტელეღიპუცები” არავითარ კავშირში არ არიან ბულგარეთის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამომწყვდეულ ბავშვებთან. ეს შეთქმულების თეორია სათავეს იღებს 2013 წელს quotev.com-ზე გამოქვეყნებული ისტორიიდან, რომელშიც, ავტორი ანიმაციური შოუს გმირების პროტოტიპებად ბულგარეთის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფ ბავშვებს: ლალას, ტოვოტეის, პოლინას და დონკას წარმოაჩენს. ამ ისტორიის თანახმად,  ბავშვები, რომელთაც დეფორმირებული სახეები და სხვა პრობლემები ჰქონდათ, გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებაში,   სასტიკი მოპყრობის პირობებში ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალნენ. Quotev-ზე გამოქვეყნებულ ისტორიაში ასევე ახსნილია, თუ რატომ აქვთ ტელეღიპუცებს მუცელზე ტელევიზორი: დაწესებულებაში მყოფი ბავშვებისთვის ერთადერთი ხსნა და შვება ტელევიზორის ყურება იყო, თუმცა მათ ერთხელ შემთხვევით მოისმინეს, როგორ სთხოვდა დირექტორი თანამშრომლებს ტელევიზორების მოშორებას ელექტროენერგიის გაძვირების გამო. ბავშვებმა გადაწყვიტეს დაემალათ ტელევიზორი, თუმცა დასამალი ადგილი დაწესებულებაში არსად იყო, მათ კი ტელევიზორების გადაყლაპვა მოუწიათ.

აღსანიშნავია, რომ Quotev არის კრეატიული პლატფორმა, რომელსაც მომხმარებლები იყენებენ ვიქტორინების, მოთხრობების გამოკითხვების გამოსაქვეყნებლად. ვიქტორინები მოიცავს მრავალფეროვან თემებს, მოთხრობები კი მომდინარეობს ფანტასტიკის, ორიგინალური და არამხატვრული ლიტერატურიდან. ზოგიერთი მომხმარებელი საკუთარ ნამუშევრებსაც კი ტვირთავს მოთხრობების განყოფილებაში, თავისი მხატვრული უნარების წარმოსაჩენად. “ტელეღიპუცების თეორიის” აღწერაში ვკითხულობთ, რომ “ეს არის ნამდვილი ისტორია, რომელმაც შეიძლება თქვენი ბავშვობის მოგონებები ტელეღიპუცების შესახებ შეარყიოს”, თუმცა ეს კონკრეტული ისტორია Fanfiction განყოფილებაში გვხვდება, რომელიც  არსებული ნაწარმოებების გულშემატკივრების მიერ სხვა, ახალი ვერსიით წარმოდგენას, ნაწარმოებში საკუთარი პერსონაჟებისა და ფანტაზიის გამოყენებასა და ახალი მიმართულებების მიცემას გულისხმობს. კიდევ ერთი კატეგორია, რომელშიც ეს ისტორიაა განთავსებული, არის Сreepypasta, რაც მომხმარებლის მიერ გენერირებულ, პარანორმალური ისტორიებს ნიშნავს, რომლებიც მკითხველის შეშინებას ისახავს მიზნად.

რაც შეეხება “ტელეღიპუცების” შექმნის ისტორიას, ამის შესახებ 2013 წელს, ანიმაციური სერიალის  შემქმნელებმა, ენ ვუდიმ და ენდრიუ დევენპორტიმ  The Guardian-თან ისაუბრეს. მათი თქმით, ანიმაციის გმირებისთვის შთაგონების წყარო ვაშინგტონში სმიტსონის ინსტიტუტში სტუმრობა გახდა, რა დროსაც ასტრონავტები საფენებში ჩაცმულ პატარებს მიამსგავსეს. 

ენდრიუ დევენპორტი: “მოხიბლული ვიყავი მთვარეზე დაშვებით. სასაცილო მომეჩვენა, რომ კაცობრიობის მიღწევების ამ მწვერვალზე, ფიგურები, რომლებიც გამოჩნდნენ სადესანტო კაფსულებიდან მოცულობითი კოსმოსური კოსტიუმებით, ჩვილებს ჰგავდნენ, უზარმაზარი თავებითა და მოკლე  ფეხებით – და ისინი თავიანთი ახალი სამყაროს მღელვარებაზე ზევით-ქვევით ხტუნვით რეაგირებენ. ასე რომ, მე მოვიფიქრე ასტრონავტებზე დაფუძნებული პერსონაჟები, შეზღუდული ენით, როგორი მეტყველებაც მცირეწლობან ბავშვებს აქვთ.” 

ამავე ინტერვიუში ენდრიუ დევენპორტი განმარტავს იმასაც, თუ რატომ ჰქონდათ პერსონაჟებს მუცელზე ტელევიზორი. BBC-ის მოკლე შინაარსის (Brief) ნაწილი იყო ანიმაციაში ბავშვების ცოცხალი გამოსახულების ჩართვა. ამან პრობლემები შექმნა, რამდენადაც ტინკი ვინკი  8 ფუტი და 6 ინჩი (259.08სმ) სიმაღლის იყო და ბავშვებს ტელეღიპუცები მონსტრებად ეჩვენებოდათ. ამიტომ  შემქმნელებმა გადაწყვიტეს, ტელევიზორები მათთვის მუცელზე დაედოთ: “მამხიარულებდა იმაზე ფიქრი, რომ ტელეღიპუცები უყურებდნენ ბავშვებს თავიანთ ეკრანებზე ისეთივე ენთუზიაზმით, როგორიც ბავშვები უყურებდნენ ტელღიპუცებს თავიანთ ეკრანებზე”, – აღნიშნა დევენპორტიმ.

აღსანიშნავია, რომ ტელეღიპუცებზე სხვა არაერთი კონსპირაციის თეორია არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთი თეორიის თანახმად,  მზე, რომელიც ყოველი ეპიზოდის დასაწყისში ამოდის, სინამდვილეში დემონია. ამ თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ ბავშვის სახე, რომელიც მზის ცენტრში ჩნდება,  რამდენიმე წამით დემონურ გამომეტყველებას იღებს და ბავშვებს ქვეცნობიერ შემზარავ კადრებს უგზავნის. კიდევ ერთი თეორიის თანახმად, ტელეღიპუცები  ბიოგენეტიკურად შემუშავებული მონები არიან, რომლებიც ვერ აკონტროლებენ საკუთარ ბედს. მათ იდუმალი „ხმა“ ეუბნება, თუ როდის უნდა ჭამონ, როდის დაიძინონ და ა.შ. ასევე, ანიმაციაში გვხვდება ვაკუუმის მსგავსი პერსონაჟი, Noo Noo, რომელიც მუდმივად აკონტროლებს ტელეღიპუცებს, რომ მათ შეასრულონ ბრძანებები. 

ამ შეთქმულების თეორიებს საერთო არაფერი აქვთ სინამდვილესთან. ისტორია, რომ  თითქოს ანიმაციის შთაგონების წყარო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გარდაცვლილი ბავშვები იყვნენ, 2023 წელს ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ, leadstories-მაც გადაამოწმა.

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში “Giorgi Mamisashvili” ვაქცინებსა და სხვა თემებზე დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიებს ხშირად ავრცელებს. მისი პოსტები “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4).

პოსტების არქივი (1,2,3)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist