სუროგაცია საქართველოში – გადის თუ არა “ქართული გენი” სუროგაციის გზით ქვეყნიდან?

კითხვის დრო: 8 წუთი

კითხვის დრო: 8 წუთი

245
VIEWS

19 ივნისს პარლამენტის ბიუროს კანონპროექტი სახელწოდებით – „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ წარედგინა. კანონპროექტი მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობებთან, მეთოდებთან, პროცედურებთან, აგრეთვე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ტიპებთან, სამედიცინო ტექნოლოგიების დახმარებით რეპროდუქციის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უფლებასთან და მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სფეროში არსებულ სხვა სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

კანონის მოქმედება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება და მისი მიღების შემთხვევაში, 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება იკრძალება. შესაბამისად, ამ პროცედურებით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის უანგარობის პრინციპზე დაყრდნობით იქნება დაშვებული.

19 ივნისს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ  ისაუბრა. მინისტრის თქმით, კანონი რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველანაირ საკითხს, მათ შორის სუროგაციასა და ინ ვიტრო განაყოფიერებასაც ეხება. აზარაშვილმა აღნიშნა, რომ არსებობს ბევრი შესაძლებლობა, რომელთა საშუალებითაც ბავშვი დაბადებამდე ქვეყნის გარეთ ხვდება, სადაც მათი გასხვისების/გაშვილების პოტენციური საფრთხე იქმნება. ამასთან ერთად,  ეს პროცესები კომერციის ნაწილად იქცა და ასეთი გზებით საქართველოდან ქართული გენი გაედინება. 

ზურაბ აზარაშვილი: “არსებობს ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომ ბავშვი დაბადებამდე მოხვდეს ქვეყნის გარეთ და დაიბადოს სხვა ქვეყანაში, იქ სადაც აქვთ ამ ბავშვის გაშვილების, არ მინდა ვთქვა, მაგრამ რეალურად არის გასხვისების, პოტენციური მოლოდინი. სამწუხაროდ, ეს კომერციულ ნაწილად იქცა და ასეთი გზით საქართველოდან გადის როგორც ქართული გენი, ასევე საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ სხვადასხვა ასეთი არასწორი მიზნებისთვის. აქედან გამომდინარე, ეს შეიზღუდება და მომდევნო წლის პირველი იანვრიდან, ეს იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაშვებული”.

 

მანამდე, 2023 წლის 12 ივნისს სუროგაციის საკითხებზე პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სუროგაცია საქართველოში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს დაშვებული და ამ მომსახურების რეგულირების გარეშე დატოვება ძალიან შემაშფოთებელია, რამდენადაც არავინ იცის, საქართველოში დაბადებული ბავშვი ქვეყნიდან ვის გაჰყავს.

ირაკლი ღარიბაშვილი: “არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, საერთოდ რომელ წყვილს… არსებობს ინფორმაციები, რომ შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს.”

1. საქართველოში კომერციული გესტაციური სუროგაცია არის ლეგალური, რა დროსაც, ემბრიონის მისაღებად წყვილის ან დონორის გენეტიკური მასალა გამოიყენება და სუროგატ დედას ახალშობილის  გენეტიკასთან რაიმე სახის თანხვედრა არ აქვს. შესაბამისად, სუროგაციის გზით ქვეყნიდან “ქართული გენის გასვლა” ვერ მოხდება. რაც შეეხება ინ ვიტრო განაყოფიერებას, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის GGRC-ის დამფუძნებლისა და კლინიკური დირექტორის ნინო მუსერიძის თქმით, საქართველოში უცხოელი წყვილების უმრავლესობა საკუთარი გენეტიკური შვილის გასაჩენად, ან უკვე შერჩეული დონორით  შემოდის და ამ შემთხვევაშიც, მათ მიერ მიწოდებული “გენების გადინება” ხდება.

2. სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა ვერ მოხერხდება, თუ მისი დაბადების მოწმობის დოკუმენტში ორივე მშობელი, (ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი წყვილი) არ იქნება მითითებული. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მხოლოდ გესტაციური სუროგაციაა დაშვებული, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის გენეტიკური მშობლები ამ მომსახურებით მოსარგებლე წყვილი (ქალი და მამაკაცი) გამოდის, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და ნამდვილად აქვს სამედიცინო ჩვენება იმისათვის, რომ აიყვანონ სუროგატი დედა. შესაბამისად, საქართველოში ერთი და იმავე სქესისგან შემდგარი წყვილი სუროგატის მომსახურებით ვერ ისარგებლებს და ვერც ამ გზით გაჩენილ ნაყოფს გაიყვანს ქვეყნიდან.

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები (მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ზრდასრული მოსახლეობის 17,5%, შესაბამისად, ყოველი ექვსი ადამიანიდან – ერთი უნაყოფოა. უნაყოფობა არის მამაკაცის ან ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადება, რომელიც განიხილება იმ შემთხვევაში, თუ 12 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ ორსულობა არ დგება. მიუხედავად პრობლემის მასშტაბისა, უნაყოფობის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები – მათ შორის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, როგორიცაა ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) ბევრისთვის მიუწვდომელია მაღალი ხარჯების, სოციალური სტიგმისა და შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო.


დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები (ART) უნაყოფობის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს მოიცავს, რომლებიც ერთმანეთისგან ბიოტექნოლოგიური მანიპულაციების ჩართულობის ხარისხის ან პროცესში მონაწილე პირების რაოდენობის თვალსაზრისით განსხვავდება. ამ მეთოდებს შორისაა ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია, რომელზეც ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს.

ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) არის პროცედურა, რომლის დროსაც კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმა არა ქალის ორგანიზმში, როგორც ეს ბუნებრივად ხდება, არამედ ლაბორატორიულ პირობებში მიმდინარეობს. ტრადიციული ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდი პოტენციური მშობლების სასქესო უჯრედებით შექმნილი ემბრიონის პოტენციური დედის საშვილოსნოში გადატანას გულისხმობს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვი პოტენციური დედის და მამის გენეტიკური შვილია.

იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური მშობელი ვერ წარმოქმნის გამეტას, ან მისი გამეტა უვარგისია განაყოფიერებისთვის, ინ ვირტო განაყოფიერების პროცესში შესაძლოა ჩაერთოს მესამე პირიც – გამეტის დონორი.  თუ მესამე პირი კვერცხუჯრედის დონორია, მაშინ განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის ბიოლოგიური მშობლები პოტენციური მამა და კვერცხუჯრედის დონორი იქნებიან, პოტენციურ დედას კი, რომელმაც ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად ჩასახული ემბრიონი გააჩინა, ბავშვთან გენეტიკური კავშირი არ ექნება. ასეთივე მდგომარეობა იქმნება იმ შემთხვევაში, თუ ინ ვიტრო განაყოფიერებაში დონორის სპერმის გამოყენება მოხდება – ახალშობილს გენეტიკური კავშირი ექნება მხოლოდ დედასთან, რომელმაც გააჩინა და არ ექნება გენეტიკური კავშირი პოტენციურ მამასთან.

სუროგაცია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (მესამე პირთა ჩართულობით) ერთ-ერთი ფორმაა, რომლის დროსაც ემბრიონის განვითარება არა გენეტიკური დედის, არამედ სუროგატი დედის საშვილოსნოში მიმდინარეობს. სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვი გენეტიკურად იმ კვერცხუჯრედთან და სპერმატოზოიდთან არის დაკავშირებული, რომელიც  ემბრიონის შესაქმნელად გამოიყენება, შესაბამისად, შეკითხვაზე – არის თუ არა ბავშვი სუროგატ დედასთან გენეტიკურად დაკავშირებული – პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის სუროგაციაზე გვაქვს საუბარი.

სუროგაციის სახეები – ტრადიციული და გესტაციური სუროგაცია

გესტაციური სუროგაციის დროს ემბრიონი ხელოვნური განაყოფიერების (IVF) გზით, დონორების ან პოტენციური მშობლების კვერცხუჯრედისა და სპერატოზოიდის გამოყენებით მიიღება, შემდეგ კი მისი სუროგატი დედის საშვილოსნოში გადატანა ხდება. შესაბამისად, გესტაციური სუროგაციის დროს, სუროგატი დედა გენეტიკურად არ არის დაკავშირებული იმ ნაყოფთან, რომელიც მის საშვილოსნოში ვითარდება. გესტაციური სუროგაციის დროს, ბავშვის გენეტიკური მშობლები პოტენციური მშობელი/მშობლები ან დონორი/დონორები არიან.

თავის მხრივ, ერთმანეთისგან განსხვავდება სრული გესტაციური სუროგაცია, რა დროსაც პოტენციური მამის სპერმატოზოიდით ნაყოფიერდება პოტენციური დედის კვერცხუჯრედი და ემბრიონი სუროგატი დედის საშვილოსნოში თავსდება, და  ნაწილობრივ გესტაციური სუროგაცია, როდესაც პოტენციური/დონორი მამის სპერმატოზოიდით ანაყოფიერებენ დონორი/პოტენციური დედის მდედრობით გამეტას და ემბრიონს ათავსებენ სუროგატი დედის საშვილოსნოში.

არსებობს კვლევები, რომლის თანახმადაც, უჯრედებს შეუძლიათ გადალახონ პლაცენტური ბარიერი და ბავშვს მიაწოდონ სუროგატის დნმ, თუმცა პლაცენტა არა მხოლოდ კვებავს ნაყოფს, არამედ ფილტრის ფუნქციასაც ასრულებს და დნმ-ის გაცვლას ნაყოფსა და სუროგატს შორის ზღუდავს. შესაბამისად, სუროგატის დნმ, რომელიც გადის პლაცენტაში, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბავშვის დნმ-ზე რამე ტიპის ზეგავლენა მოახდინოს.

აღსანიშნავია, რომ მუცლად ყოფნის პერიოდში შესაძლოა საშვილოსნოს გარემომ არა ნაყოფის დნმ-ზე და შესაბამისად გენებზე,  არამედ გენების ექსპრესიაზე მოახდინოს გავლენა. გენის ექსპრესია გულისხმობს ორგანიზმის პროცესს, რა დროსაც ხდება გენების გამოყენება ბიოლოგიური პროდუქტის, მაგალითად, პროტეინის შესაქმნელად. თავის მხრივ კი, გენების ექსპრესიაზე მნიშვნელოვან გავლენას გარემო და ადამიანის ცხოვრების წესი ახდენს. 

ტრადიციული სუროგაციის დროს, ემბრიონის მისაღებად სუროგატი დედის კვერცხუჯრედი გამოიყენება,  შესაბამისად, გესტაციური მატარებელი (სუროგატი) ბავშვის გენეტიკური დედა გამოდის. ასეთ შემთხვევაში, ბავშვის მამა შეიძლება იყოს როგორც დონორი, ასევე პოტენციური მშობელი. პირველ შემთხვევაში, ბავშვთან გენეტიკურ კავშირში იქნებიან სუროგატი დედა და დონორი, ხოლო მეორე შემთხვევის დროს ბავშვთან გენეტიკურ კავშირში სუროგატი დედა და პოტენციური მამა იქნებიან. ტრადიციული სუროგაციის დროს,  სუროგატ დედას როგორც გესტაციური, ასევე გენეტიკური კავშირი აქვს ბავშვთან, რა დროსაც არაერთი ეთიკური, მორალური და სამართლებრივი ასპექტი ხდება საყურადღებო, სწორედ ამიტომ ბევრი ქვეყანა ტრადიციულ სუროგაციას კრძალავს.

სუროგაციის ფორმები – კომერციული და არაკომერციული (ალტრუისტული) სუროგაცია

კომერციულ და არაკომერციულ (ალტრუისტულ) სუროგაციას შორის განსხვავება სუროგატი დედისათვის სუროგაციული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურების საკითხში მდგომარეობს. შესაბამისად, კომერციული სუროგაციის დროს  სუროგატი დედა მხოლოდ ანაზღაურების სანაცვლოდ თანხმდება მომსახურების გაწევასა და მისი დაქირავებაც მხოლოდ საშვილოსნოს გამოყენების მიზნით ხდებაარაკომერციული, იგივე ალტრუისტული სუროგაციის დროს, სუროგატი დედა ბავშვის საშვილოსნოში გამოზრდას და მშობიარობის შემდეგ მის პოტენციური მშობლებისთვის გადაცემას ანაზღაურების მიღების მოტივაციის გარეშე თანხმდება. ალტრუისტული სუროგაციის ხელშეკრულებების უმეტესობაში სუროგატი ახლო ურთიერთობაში მყოფება პოტენციურ მშობლებთან, შესაძლოა იყოს წყვილის მეგობარი ან ნათესავი. ქვეყნებში, რომლებშიც ალტრუისტული სუროგაცია დაშვებულია, გათვალისწინებულია ასევე იმ ხარჯების ანაზღაურება, რაც სუროგატის მედიკამენტური მკურნალობისათვის არის საჭირო.

როგორ რეგულირდება საქართველოში სუროგაცია?

სუროგაცია საქართველოში ლეგალურად 1997 წელს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 143-ე მუხლის საფუძველზე გამოცხადდა. 143-ე მუხლის თანახმად, საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის მიზნით ნებადართულია და მის წინაპირობებს ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობა ან საშვილოსნოს არარსებობა წარმოადგენს. კანონში “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” არ არის დიფერენცირებული სუროგაციის ტრადიციული და გესტაციური ფორმები და გამოყენებულია ტერმინი „ექსტრაკორპორული განაყოფიერება“, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა, მოიცავდეს ან არ მოიცავდეს სუროგატი დედის ჩართვას. პროფესორ ნინო ბოგვერაძის თანახმად, რთულია საუბარი იმაზე, თუ სუროგაციის რა ფორმას მიიჩნევს დასაშვებად კანონმდებლობა, რამდენადაც კანონი ცალსახად არ კრძალავს ტრადიციულ სუროგაციას, თუმცა, 143-ე მუხლში აღნიშნული ფრაზა „სხვა ქალი“, რომელიც გამოიყენება სუროგატი დედის დეფინიციისას, შეიძლება მიუთითებს იმაზე, რომ სუროგატ დედას არ უნდა ჰქონდეს გენეტიკური კავშირი დაბადებულ ბავშვთან. “მითების დეტექტორი” ინფორმაციის დაზუსტების მიზნით კორძაძის საადვოკატო ბიუროს პარტნიორ ადვოკატს, პროფესორ ნინო ბოგვერაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში მხოლოდ გესტაციური სუროგაციის პრაქტიკა არსებობს. 

ნინო ბოგვერაძე: “პირდაპირი ჩანაწერი კანონმდებლობაში, რომ გესტაციური სუროგაციაა მხოლოდ დაშვებული, არ არის, თუმცა ეს გამომდინარეობს იმ მოთხოვნებიდან, რომელიც საკანონმდებლო დონეზე არსებობს სუროგაციასთან მიმართებით და, შესაბამისად, პრაქტიკაშიც უკვე ამგვარად (გესტაციური სუროგაცია) დამკვიდრდა”. 

საქართველოში არსებული კლინიკების (ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი, კლინიკა ინ ვიტრო(ლიდერმედი), ჟორდანიას კლინიკა) წარმომადგენლები, რომლებიც პაციენტებს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებს მესამე პირთა ჩართულობით (სუროგაცია, დონაცია) სთავაზობენ, “მითების დეტექტორთან” საუბარში აცხადებენ, რომ საქართველოში მხოლოდ გესტაციური სუროგაციის პრაქტიკა არსებობს, რაც სუროგატი დედის, როგორც კვერცხუჯრედის დონორობას გამორიცხავს. შესაბამისად, გამოირიცხება სუროგატი დედისა და ნაყოფის გენეტიკური თანხვედრაც.

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის GGRC-ის დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძე ამბობს, რომ ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ  სუროგაციის დროს  გესტაციური მატარებელი (სუროგატი) პოტენციური მშობლის/დონორის გენეტიკური მასალით არის უზრუნველყოფილი, სუროგატ დედას რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში, უბრალოდ არ შეუძლია ერთდროულად იყოს დონორიც და სუროგატიც. 

ნინო მუსერიძე: “განსხვავებული კრიტერიუმებით ხდება დონორის და სუროგატი დედის შერჩევაც, თუ წყვილს სჭირდება დონორი, ის არჩევს მათთან მიახლოებულ ფენოტიპს, 18-28 წლის, მაღალი AMH მაჩვენებლით, სუროგატი დედის ასაკი კი 38 წლამდეა, მას უნდა ჰყავდეს საკუთარი შვილები და ჰქონდეს ორსულობის ნორმალური ანამნეზი.  დონორის და სუროგატის მომზადება მედიკამენტოზურადაც აბსოლუტურად განსხვავებული პროტოკოლით ხდება, შესაბამისად გამორიცხულია სუროგატი თავად იყოს დონორიც.  ასევე არასწორია ვარაუდი, რომ ქართული გენი ქვეყნიდან გაედინება, რადგან წყვილთა აბსოლუტური უმრავლესობა საზღვარგარეთიდან საკუთარი ბიოლოგიური შვილის გასაჩენად შემოდის. რეგულაციები შეიძლება გამკაცრდეს და არ აიკრძალოს,  დაწესდეს კონტროლი სერვისის მიმწოდებლებზე, ჩვენ ერთად უნდა განვსაზღვროთ სწორი მიმართულება, რომ მედიცინის ეს დარგი არ დავაკნინოთ.”

საქართველოში სპეციალური კანონი, რომელიც დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს, მათ შორის სუროგაციას დაარეგულირებს, არ არსებობს, თუმცა დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს ნაწილობრივ ეხება სხვა კანონები და ბრძანებები, მაგალითად, კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ,  კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის  წესების შესახებ“; საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება „საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესის დამტკიცების თაობაზე“ და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით ამ დრომდე არ იზღუდებოდა პოტენციური მშობლების ან სუროგატი დედის ასაკი და მოქალაქეობა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს აქვს უფლება იყოს პოტენციური მშობელი ან თავად გახდეს სუროგატი. თუმცა ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლითაც განისაზღვრება, თუ ვის შეუძლია სუროგაციის მომსახურებას მიმართოს.  “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 143-ე მუხლით  განსაზღვრულია, რომ  სუროგაციაზე წვდომის უფლება მხოლოდ წყვილს აქვს. კანონი ფართო განმარტების შესაძლებლობას ქმნიდა, რის საპასუხოდაც, იუსტიციის მინისტრის 2012 წლის ბრძანებაში, რომელიც ამ კანონის ქვემდებარე აქტს წარმოადგენს, 2020 წელს ცვლილებები შევიდა და დაკონკრეტდა, რომ  “წყვილში”, მხოლოდ ქალი და კაცი შეიძლება იყვენენ მოაზრებული. შესაბამისად, კანონი არეგულირებს იმას, რომ ექსტრაკორპორული განაყოფიერება მხოლოდ ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი წყვილისაგან იყოს დასაშვები.

2020 წლის აგვისტოში, იმდროინდელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე  ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის 2012 წლის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. შეტანილი ცვლილების თანახმად, ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის აღზრდა ქალისა და მამაკაცისაგან შემდგარი წყვილისთვის არის დასაშვები, რომლებიც:

  1. იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, 1 წელი;
  2. იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში.

ბრძანებაში შეტანილი ცვლილებები წულუკიანმა ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის მოტივით ახსნა: 

თეა წულუკიანი: “ახალი წესი ეხება მხოლოდ სუროგაციას. 100% იმ ქალებისა, ვინც თავის სხეულში გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ ითავსებს სხვა პირებს ბიოლოგიური მასალისგან შექმნილ ემბრიონს, მათი 100% არის საქართველოს მოქალაქე. ის წყვილები, 98% და მეტი, რომლებიც სარგებლობენ სუროგაციის სერვისით საქართველოში, არიან უცხოელები. შესაბამისად, შემოდის წესი, რომ კვლავაც წყვილი გაგებული იქნება როგორც ქალი და მამაკაცი. ასევე ახალი წესია ის, რომ ჩვენ უნდა აღკვეთოთ ჩვილით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაული და პრევენცია მოვახდინოთ, რომ საქართველოში სუროგაციით გზით დაბადებული ბავშვი არ გახდეს სექსუალური ექსპლუატაციის, წამების, არაადამიანური მოპყრობის საგანი და ავიცილოთ თავიდან ფიქტიური წყვილები, ვინც დანაშაულის მიზნებისთვის ქმნის სუროგაციის გზით ბავშვს და გაყავს საქართველოდან.”

თავის მხრიც, ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვების რეგისტრაციას “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” კანონი არეგულირებს. მე-19 მუხლით განსაზღვრულია, რომ დაბადების რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს სამედიცინო დაწესებულებიდან უნდა წარედგინოს ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი საბუთი, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებამ რომელიც დადებულია:

  1.  სუროგატსა და გენეტიკურ მშობლებს შორის (ამ შემთხვევაში მშობლებად მიიჩნევიან გენეტიკური მშობლები),
  2.  ბავშვის გამჩენ ქალს, გენეტიკურ მშობელს, დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად ჩასაწერ პირსა (რომელიც არ არის ბავშვის გენეტიკური მშობელი) და დონორს შორის (ამ შემთხვევაში მშობლად მიიჩნევა გენეტიკური მშობელი და ხელშეკრულების საფუძველზე დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლად ჩასაწერი პირი)
  3.  ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილსდა დონორებს შორის (მშობლად მიიჩნევა წყვილი).

შესაბამისად, ამავე წესით განისაზღვრება, რომ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად დონორის ან „სუროგატული დედის“ მითითება დაუშვებელია.

რაც შეეხება “ექსტრაკორპორული განაყოფიერების” გზით ბავშვის ქვეყნიდან გაყვანას,მას საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება „საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესის დამტკიცების თაობაზე არეგულირებს. ბრძანების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, ორივე მშობელი მითითებული არ არის, ან მის სახელზე სააგენტოს მიერ არ არის რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საქართველოდან გაყვანაზე (საზღვრის გადაკვეთაზე) უარის თქმის შესახებ.

შესაბამისად, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა ვერ მოხერხდება, თუ მისი დაბადების მოწმობის დოკუმენტში ორივე მშობელი, (ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი წყვილი) არ იქნება მითითებული. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მხოლოდ გესტაციური სუროგაციაა დაშვებული, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის გენეტიკური მშობლები ამ მომსახურებით მოსარგებლე წყვილი (ქალი და მამაკაცი) გამოდის, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და ნამდვილად აქვს სამედიცინო ჩვენება იმისათვის, რომ აიყვანონ სუროგატი დედა. 

საქართველოში ნებადართულია, როგორც ალტრუისტული ისე კომერციული სუროგაცია, რამდენადაც კანონმდებლობა არაფერს ამბობს შეთანხმების ხასიათის შესახებ. 2022 წელს საქართველოში ასისტენტ-პროფესორის, ელენე გავაშელიშვილის ჩატარებული კვლევის თანახმად, სააგენტოებისა და კლინიკების გაზრდილი რაოდენობის უკან უფრო მეტად უცხოელი წყვილების მოთხოვნა დგას, რაზეც შემდეგი ფაქტორები ახდენს გავლენას: საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო სასურველ სერვისებზე წვდომის საშუალებას იძლევა, ფასები ხელმისაწვდომია და წყვილის მშობლებად განსაზღვრა ბავშვის გაჩენისთანავე ხდება.

სუროგაციის მიმართ დამოკიდებულება მსოფლიოს ქვეყნებში ერთმანეთისაგან განსხვავებულია, არსებობს სუროგაციის მოწინააღმდეგე, სუროგაციის მიმართ შედარებით ნეიტრალური დამოკიდებულების მქონე და „სუროგაციის მეგობარი“ ქვეყნები, სადაც კომერციული სუროგაცია დაშვებულია. ისეთ ქვეყნებში როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ბულგარეთი, პორტუგალია,  ავსტრია, ნორვეგია და ესტონეთი სუროგაციის ორივე ფორმა (ალტრუისტული და კომერციული) აკრძალულია. ზოგიერთი ქვეყანა (დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, დანია, საბერძნეთი…) სუროგაციას მხოლოდ მაშინ უშვებს, როდესაც სუროგატი დედა არ იღებს საფასურს გაწეული სამსახურისთვის. ზოგიერთ ქვეყანაში სუროგაცია კანონით არ რეგულირდება, მაგრამ არც აკრძალულია. სუროგაციისადმი მეგობრულ ქვეყნებად ითვლებოდა უკრაინა, საქართველო და რუსეთი. ამ უკანასკნელში 2022 წლის დეკემბერში უცხოელებისთვის რუსი სუროგატი დედების გამოყენება აიკრძალა

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist