რა კავშირშია სქესობრივი განათლება ევროპაში აბორტისა და ვენერული დაავადების სტატისტიკასთან?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

31
VIEWS

2024 წლის 1 თებერვალს, ტელეკომპანია ალტ-ინფოს ეთერში, გადაცემა ,,დღის კომენტარის” წამყვანმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ევროპის სკოლებში სქესობრივი განათლების სწავლების დაწყების შემდეგ, აბორტის, ნაადრევი სქესობრივი კავშირისა და ვენერული დაავადებების რიცხვი გაიზარდა, თუმცა მიზანი, თითქოს, საპირისპირო იყო. ალექსანდრე ფალავანდიშვილის თქმით, სქესობრივი განათლების სკოლაში შესვლის რეალური მიზანი ,,ბავშვებში სირცხვილის გრძნობის მოკვლა” და გარყვნილების ნორმალიზებაა. ფალავანდიშვილს თავისი მტკიცების სადემონსტრაციოდ დასავლური ქვეყნების გამოცდილება მოაქვს. ის ამბობს, რომ დაავადებებისგან ადამიანს უბიწოება და ზნეობრივი ცხოვრება იცავს. 

ალექსანდრე ფალავანდიშვილი: “დასავლეთში როდესაც შეიტანეს ეს თემა [სქესობრივი განათლება], თითქოს აბორტების რიცხვის შესამცირებლად, თითქოს ვენერული დაავადებების შესამცირებლად, შიდსის შესამცირებლად და ა.შ., პირიქით, რაც ამაზე დაუწყეს ბავშვებს ლაპარაკი, მოიმატა აბორტებმა, მოიმატა ნაადრევმა სქესობრივმა კავშირებმა, მოიმატა დაავადებებმა და ა.შ. იმიტომ, რომ გარყვნილებისა და დაავადებისგან  ადამიანს იცავს უბიწოება და ზნეობრივი ცხოვრება და არა გარყვნილება და დახელოვნება სქესობრივ კავშირში.” 

სქესობრივი განათლება

ალექსანდრე ფალავანდიშვილი ევროპის ქვეყნებში სქესობრივ განათლების შეტანასა და აბორტისა და ვენერული დაავადებების მაჩვენებელს შორის კავშირზე დეზინფორმაციას ავრცელებს. სინამდვილეში, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში აბორტის სტატისტიკა, ზრდის ნაცვლად, პირიქით, მცირდება. ევროპაში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) მზარდი დინამიკაა, თუმცა ეს ათწლეულების ტენდენციაა და სასკოლო პროგრამაში სქესობრივი განათლების გაწერას მასთან კავშირი არ აქვს. 

ევროპის არაერთ ქვეყანაში სქესობრივი განათლების სწავლება სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილია. სქესობრივი განათლების სწავლება, ზოგ შემთხვევაში, სხვადასხვა საგნის ელემენტია, ზოგიერთ ქვეყანაში კი დამოუკიდებელ საგნად ისწავლება. საგანმანათლებლო პროგრამებში სქესობრივი განათლების საკითხების ინტეგრირება გასული საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება. დღეისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები გასცემენ (1, 2) რეკომენდაციების იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს  სექსობრიივ განათლების პროგრამები, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა ამ მხრივ საკუთარ ეროვნულ სტრატეგიას მიჰყვება. ასევე, ქვეყნების მიხედვით განსხვავდება სკოლებში საგნის სწავლების ინტენსივობა და მათი სავალდებულო ხასიათი. 

სქესობრივი განათლების პროგრამები სხვადასხვა ასაკისა და კლასის მოსწავლეებისათვის განსხვავებულ საკითხებს მოიცავს. მაგალითად, თუ დასაწყის პერიოდში მოსწავლეებს საკუთარ სხეულთან დაკავშირებულ საკითხებსა და ძალადობის საფრთხეებზე აწვდიან ინფორმაციაწ, შემდგომში კონტრაცეფციაზე, სქესობრივ მომწიფებასა და სგგდ-ზე ესაუბრებიან. პროგრამების მიზანი, მათ შორის, აბორტისა და ნაადრევი სქესობრივი კავშირის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების გაზრდაა. ევროპის არაერთ ქვეყანაში უკანასკნელი ათწლეულებია აბორტის შემთხვევები მცირდება, სგგდ-ის მატება კი სქესობრივი განათლების სწავლებასთან დაკავშირებული არ არის. 

ქვეყნებმა განსხვავებულ დროს დაიწყეს სკოლის პროგრამებში სქესობრივი განათლების საკითხების გაწერა და ამ დროიდან აბორტის შემთხვევების განსხვავებული სტატისტიკა აქვთ. 

გერმანია: სქესობრივი განათლების პირველი პროგრამა გერმანიაში 1992 წელს მიიღეს. ამჟამად სკოლებში სქესობრივი განათლების სწავლება სავალდებულოა. 8-9 წლის ასაკიდან ამგვარ გაკვეთილებს ყველა სკოლის მოსწავლე ესწრება. სქესობრივი განათლების სასწავლო პროგრამა სხვადასხვა საფეხურზე მოსწავლეებს ზრდის პროცესზე, სქესობრივი მომწიფებისას სხეულის ცვლილებაზე ამ დროს ემოციურ მდგომარეობაზე, რეპროდუქციაზე, სქესობრივ აქტივობაზე, არასასურველ ორსულობაზე, ჰომოსექსუალობაზე, სექსუალურ თუ ბავშვთა მიმართ ძალადობასა და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე  აწვდიან ინფორმაციას

გერმანიის სტატისტიკის ფედერალური ოფისი 1996-2022 წლების აბორტის სტატისტიკას აქვეყნებს. მას შემდეგ, რაც გერმანიის სკოლებში სქესობრივი განათლების სწავლება დაიწყეს, აბორტის სტატისტიკა იკლებს. გამონაკლისი 2000-2001 წლებია, როდესაც აბორტის შემთხვევები განსაკუთრებით გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, 1996 წელს აბორტის 130 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, შედარებისთვის 2022 წელს აბორტის 104 000-მდე შემთხვევა იყო აღწერილი გერმანიაში. ამ წლებში ყველაზე ცოტა, 95 500-მდე შემთხვევა 2021 წელს ფიქსირდება. 

სქესობრივი განათლება
დიაგრამა 1: შეჩერებული ორსულობების რაოდენობა გერმანიაში 1996-2022 წლებში წყარო: Statista.com

გაეროს სტატისტიკით, გერმანიაში ასევე მცირდება ნაადრევ ასაკში ფეხმძიმობის მაჩვენებელი. მაგალითად, თუ 1990-1995 წლებში 1000-დან 15,9 გოგო 15-19 წლის ასაკში მშობიარობდა, 2015-2020 წლებში ეს მაჩვენებელი 8,1 იყო. იგივე მაჩვენებელი ასევე შემცირებულია 20-24 წლის ქალებშიც.  

სქესობრივი განათლება
დიაგრამა 2: მშობიარობის რიცხვი ქალებში გერმანიაში 1950-2020 წლებში, ასაკის მიხედვით. წყარო: Statista.com 

ბალტიისპირეთის ქვეყნები: ბალტიისპირეთის სამი ქვეყნიდან ესტონეთი პირველია, რომელმაც სკოლებში სქესობრივი განათლების სწავლება დაუშვა. ესტონეთმა სქესობრივი განათლების პირველი გეგმა 1996 წელს დაამტკიცა და 2011-ში განაახლა. ესტონეთში სქესობრივი განათლების გაკვეთილები 7-16 წლის მოსწავლეებზეა გათვლილი. ქვეყანა ამ სასწავლო გეგმის შედგენისას გაეროს, იუნესკოსა და ჯანმო-ს რეკომენდაციებს მიჰყვა. 

ლატვიაში არ არსებობს სკოლებში სქესობრივი განათლების დამოუკიდებელი პროგრამა, ლიეტუვაში კი მისი სწავლება მხოლოდ გასულ წელს დაიწყო. 

2012 წლის მონაცემებთან შედარებით, ესტონეთში აბორტის შემთხვევები მცირდება. 2012 წელს ესტონეთში აბორტი 6000-ზე მეტმა ქალმა გაიკეთა, 2021 წელს კი 3355-მა. 

სქესობრივი განათლება
დიაგრამა 3: აბორტების საერთო რაოდენობა ესტონეთში, 2012-2021. წყარო: Abort Report

ესტონეთში, ამავე პერიოდში, ასევე შემცირებულია ნაადრევი ფეხმძიმობის მაჩვენებელი. თუ 1996 წელს 1000-დან 15-19 წლის ასაკის 34.9 გოგო მშობიარობდა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 8,8-მდე შემცირდა. 

ჩეხეთი: 2004 წელს ჩეხეთის ზოგად კანონში სასკოლო განათლების შესახებ სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებით ჩანაწერი გაჩნდა. 2016-2017 წლებში ქვეყანა სკოლებში სქესობრივი განათლების ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობდა. ჩეხეთის რესპუბლიკის სკოლებში სქესობრივი განათლების გაკვეთილები პასუხისმგებლიანი სქესობრივი კავშირის განმარტებას, კონტრაცეფციასა და სგგდ-ისგან თავის დაცვას გულისხმობს. ჩეხეთში სქესობრივი განათლება ბიოლოგიისა და მოქალაქეობის (Citizenship) გაკვეთილების ნაწილია. 

როგორც ნახსენები ქვეყნების მსგავსად, აბორტის შემთხვევების კლება ჩეხეთის შემთხვევაშიც შეიმჩნევა. მაგალითად, 1990-1994 წლებში 15-49 წლის 1000 ქალიდან აბორტს 26 მათგანი იკეთებდა. ეს მონაცემი შედარებულია 2015-2019 წლებს, რა დროსაც მაჩვენებელი 7-მდე შემცირდა. ასევე, 2010-დან 2022 წლის ჩათვლით, ჩეხეთში აბორტის შემთხვევები ყოველწლიურად იკლებდა. ჩეხეთში, ასევე, შემცირებულია ნაადრევი მშობიარობის შემთხვევები.

სქესობრივი განათლება
დიაგრამა 4: ჩეხეთში აბორტების საერთო რაოდენობა (მიზანმიმართული აბორტები შავად) 2010-2022 წლებში. წყარო: Statista.com

სკანდინავიის ქვეყნები: სკანდინავიის ქვეყნები მათ რიცხვშია, ვინც ყველაზე ადრე დაიწყო სქესობრივი საკითხების სასწავლო პროგრამით გათვალისწინება. 1955 წელს მათგან პირველმა, შვედეთმა, სქესობრივ განათლების საკითხების სწავლება მოსწავლეებისათვის სავალდებულო გახადა. 

1970 წლისთვის ფინეთს აბორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, 2021 წელს კი ყველაზე დაბალი. 1970-2021 წლის პერიოდში სკანდინავიის ქვეყნებში აბორტის შემთხვევები ხან იზრდება, ხან იკლებს, თუმცა 1975 წელთან შედარებით, ისლანდიის გარდა, ყველა სკანდინავიურ ქვეყანაში კლება შეიმჩნევა

სქესობრივი განათლება
დიაგრამა 5: მიზანმიმართული აბორტები ყოველ 1000 ფერტილურ ასაკში მყოფ (15-49 წლის) ქალში, 1970-2021. წყარო: THL – Finish Institute for Health and Welfare

გარდა აბორტის სტატისტიკით მანიპულაციისა, ალექსანდრე ფალავანდიშვილი აღნიშნავს, რომ სკოლებში სქესობრივი განათლების საგნების სწავლების შემდგომ, ევროპაში არა თუ შემცირდა, გაიზარდა ვენერული დაავადებების რიცხვი. ევროკავშირი სგგდ-ის სტატისტიკას სისტემატურად აწარმოებს. დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) 1990-2010 წლების ანგარიშში სხვადასხვა სგგდ-ის განსხვავებული მაჩვენებელი ფიქსირდება. ის სქესობრივი გზით გადამდებ რამდენიმე დაავადებას მიმოიხილავს: ქლამიდია, სიფილისი და გონორეა. ანგარიშში განმარტებულია, რომ ევროკავშირი სგგდ-ის შემთხვევად მხოლოდ კლინიკაში დაფიქსირებულ, დადასტურებულ დაავადებას თვლის. ანგარიში ცალკეული ქვეყნებისა და ECDC-ის თანამშრომლობითაა შედგენილი, თუმცა ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) ყველა ქვეყანა დროის ამ მონაკვეთში სისტემატურად არ აწარმოებდა სგგდ-ის სტატისტიკას. შესწავლილ 15-წლიან პერიოდში ქლამიდია ერთადერთი დაავადება იყო, რომლის მზარდი ტენდენციაც შეიმჩნეოდა. 

სქესობრივი განათლება
დიაგრამა 6: ქლამიდიის დადასტურებული შემთხვევების დინამიკა ყოველ 100 000 მოსახლეზე. ევროკავშირი/ევროპის ეკონომიკური სივრცე, 1995-2010. წყარო: European Center for Disease Prevention and Control

ამავე პერიოდში გონორეასა და სიფილისის შემთხვევები კლებულობდა. 1990-2010 წლებისგან განსხვავებით, დღეს ევროპაში ყველაზე გავრცელებული სიფილისია. ზოგიერთი სგგდ-ის რიცხვი სქესობრივი განათლების სკოლებში სწავლებამდეც იზრდებოდა და შემთხვევების მატება მასთან დაკავშირებული არ არის. 2023 წლის ბოლოს ECDC ვენერულ დაავადებებზე ამბობდა, რომ სგგდ-ის შემთხვევებმა მატებას კვლავ განაგრძობს და ევროპაში მისი რიცხვის ზრდა ათწლეულების ტენდენციაა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რიცხვის ზრდის რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ესენია: ინფიცირებულთა სტიგმატიზება, შეზღუდული, ძვირი და დაბალი ხარისხის სერვისებია. ECDC-ის განმარტებით, დაავადების მზარდი ტენდენცია Covid 19-ის პანდემიისას გახშირებულმა ტესტირებამ და შემცირებულმა სოციალურმა კავშირებმაც ვერ შეამცირა. არც ერთი ორგანიზაცია სგგდ-ის შემთხვევების მატებას სკოლებში სქესობრივი განათლების საკითხების სწავლებას არ ასახელებს. 

სქესობრივ განათლების საკითხების სწავლებასა და აბორტის სტატისტიკაზე მცდარი და მანიპულაციური ცნობები აქამდეც გავრცელებულა, რაც ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. ვრცლად მასალები: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist