5 და 6 იანვარს ფეისბუკ ანგარიშმა თეა აბაშიძე პარტია “გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას ორი კომენტარის სქრინშოტი (1, 2) გაავრცელა. ერთ კომენტარში ნათქვამია, რომ ხვიჩია ომში თანაბრად გულშემატკივრობს უკრაინასა და რუსეთს, რამდენადაც უნდა, რომ სლავებმა ერთმანეთი ბოლომდე გაწყვიტონ. მეორე კომენტარში კი ვკითხულობთ, რომ სტალინის ხატი ყველა ქართველის ოჯახში უნდა ეკიდოს, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ცოცხლები ვართ.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ორივე კომენტარი გაყალბებულია. მსგავსი შინაარსის განცხადება არც ხვიჩიას სოციალურ ქსელის ანგარიშებზე იძებნება და არც რომელიმე მედიასაშუალებასთან განუცხადებია. კომენტარების სიყალბე “მითების დეტექტორთან” “გირჩის” ლიდერმაც დაადასტურა.
მიუხედავად იმისა, რომ იაგო ხვიჩიას კომენტარებს გვერდის ვერიფიკაციის ნიშანი აქვს, სქრინშოტები გაყალბებულია, რაზეც სხვადასხვა ნიშანი მეტყველებს. მაგალითად, პირველი კომენტარის ფონი მეორესთან შედარებით უფრო მუქია, ასევე მეორე კომენტარზე ფოტოსა და სახელს შორის პირველ კომენტართან შედარებით უფრო დიდი გამოტოვებული ადგილია შესამჩნევი. პოსტის ავტორი, თეა აბაშიძე, რომელიც ფეისბუქ ტროლია, წერს, რომ პირველი კომენტარი იაგო ხვიჩიამ ტაბულას ნიუსზე დაწერა, თუმცა სხვა ფეისბუკ მომხმარებლების თხოვნის მიუხედავად, თავად პოსტი არ აქვს დალინკული.
რეალურად, ხვიჩიას მიერ დატოვებული მსგავსი შინაარსის კომენტარი სოციალურ ქსელში არ იძებნება. განცხადებები რუსეთ-უკრაინის ომსა და სტალინის სურათზე არც იაგო ხვიჩიას ფეისბუკის ანგარიშებზე ( 1, 2) და ტვიტერზე არ იძებნება. “გირჩის” ლიდერმა მსგავსი შინაარსის კომენტარი არც რომელიმე მედიასაშუალებასთან გაუკეთებია. “მითების დეტექტორი” იაგო ხვიჩიას დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ ორივე სქრინშოტი გაყალბებულია და მსგავსი კომენტარები არ დაუწერია.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ ანგარიში “თეა აბაშიძე” დაკავშირებულია ფეისბუკ ანგარიშებთან “მრისხანე ბაბუაწვერა” და “ბიწაძე ნანა”, რომელთაც თედო აბაშიძე მართავს. თედო აბაშიძე სხვადასხვა პოლიტიკოსისა და აქტივისტის ყალბ ციტატას ძირითადად ირონიული შინაარსით აქვეყნებს, თუმცა არ უთითებს, რომ ინფორმაცია სატირულია, ხოლო ფეისბუკ მომხმარებლების ნაწილი პოსტებს რეალურად აღიქვამს.
თეა აბაშიძე ამ ეტაპზე პროფილზე რეიჩელ ჯეიდის ფოტოს იყენებს.
პარტია “გირჩის” ლიდერის იაგო ხვიჩიას სახელით გაყალბებული პოსტები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გამოავლინა. ვრცლად იხილეთ:
ვრცლად იხილეთ:
- ბაია პატარაიას და იაგო ხვიჩიას სახელით გაყალბებული პოსტები ვრცელდება
- აპირებს თუ არა იაგო ხვიჩია მიცვალებულების ოქროს კბილების გამოყენებას?
- ჭიათურელ მაღაროელებზე იაგო ხვიჩიას გაყალბებული პოსტი ვრცელდება
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.