29-30 ივლისს ქართულ და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4, 5) ფეისბუქ-ანგარიშებმა ფრანგული სატირული ჟურნალის “შარლი ებდოს” 2023 წლის 2 აგვისტოთი დათარიღებული ნომრის გარეკანი გამოაქვეყნეს. გარეკანზე უკრაინელი მოფარიკავე ოლგა ხარლანის კარიკატურაა გამოსახული, რომელმაც მილანში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე რუს მოფარიკავე ანა სმირნოვასთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა. გარეკანზე ასევე ვკითხულობთ წარწერას: “მისი ქვეყნის ნამდვილი სიამაყე”.
გავრცელებული კარიკატურა და გარეკანი ყალბია. “შარლი ებდოს” უახლესი ნომერი 26 ივლისს გამოვიდა და ის საფრანგეთის ქალაქ მარსელში პოლიციის მხრიდან ძალადობის შემდეგ ერთ-ერთი მათგანის წინასწარ პატიმრობაში დატოვების თემას ეხება.
“შარლი ებდოს” გავრცელებულ გარეკანზე სერიის ნომერი (№1619) არის მითითებული, გამოშვების თარიღად კი 2023 წლის 2 აგვისტოა დატანილი. გამოცემის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, “შარლი ებდოს” ბოლო ნომერი 26 ივლისის თარიღითა და №1618-ით გამოვიდა. მსგავსი ვიზუალის კარიკატურას ვერც “შარლი ებდოს” ფეისბუქ-გვერდზე ვხვდებით.
“შარლი ებდოს” 26 ივლისის ნომერი საფრანგეთის ქალაქ მარსელში პოლიციის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის შემთხვევას შეეხება, რომელიც პარიზში პოლიციელის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობის შემდეგ დაწყებული დემონსტრაციების დროს მოხდა. ამ საქმეზე ბრალი ოთხ პოლიციელს წარედგინა, მათგან ერთს კი წინასწარ პატიმრობა შეეფარდა. წარწერები გარეკანზე: “მარსელი: პოლიციელები ზღვარზე არიან”; “მოგვეცით მუშაობის საშუალება”.
რაც შეეხება უკრაინელ მოფარიკავე ოლგა ხარლანს, რომელიც გაყალბებული კარიკატურის გმირია, მან მილანში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი მოფარიკავე ანა სმირნოვა მატჩში დაამარცხა, შემდეგ კი, როცა სმირნოვამ მისთვის ხელის ჩამორთმევა სცადა, უკრაინელმა მოფარიკავემ დაშნა წინ გაწია და მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა. საბოლოოდ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ ხარლანს ორთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა, თუმცა მომავალი წლის პარიზის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მაინც დართო.
შარლი ებდოს სახელით უკრაინის თემაზე გაყალბებული გარეკანები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა:
- უკრაინაზე “შარლი ებდოს” გარეკანის გაყალბებული კარიკატურები ვრცელდება
- “შარლი ებდოს” გარეკანი, თითქოს ზელენსკი შობას იპარავს, გაყალბებულია
- “შარლი ებდოს” სახელით ზელენსკის მორიგი გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-ანგარიში Nero Nero ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. მას დეზინფორმაციაც არაერთხელ გაუვრცელებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.