რუსეთთან ევროკავშირის ვაჭრობაზე სტატისტიკური ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

118
VIEWS

26 ივლისს ფეისბუქ გვერდებმა (1, 2) გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ვიდეოს ავტორი ევროკავშირსა და რუსეთზე დაწესებულ სანქციებზე საუბრობს. ვიდეოს თანახმად, ევროკავშირი თავისივე დაწესებულ სანქციებს გვერდს უვლის და რუსეთთან უფრო აქტიურ ვაჭრობას აგრძელებს, ვიდრე უკრაინაში ომის დაწყებამდე ხდებოდა. ვიდეოში ნათქვამია, რომ 2022 წელს ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წელთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა, 35%-ით გაიზარდა თხევადი გაზის იმპორტი, 800 მილიონი დოლარი დაიხარჯა რუსეთისგან ბირთვული ნაწარმის, ხოლო 1.5 მილიარდი ალმასის შესყიდვაზე. ვიდეოს ავტორი ასევე ამბობს, რომ სანქციები არ შეხებია არც ლუკოილს და არც რუსულ ალმასებს. მისივე თქმით, სანქციების გვერდის ავლის კარგი მაგალითია პოლონეთის გავლით რუსული ალუმინის ევროპაში შეტანა.

Screenshot 2023 07 31 133227 რუსეთთან ევროკავშირის ვაჭრობაზე სტატისტიკური ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება

ვიდეოში მოყვანილი ფაქტებით იმის მტკიცება, რომ ევროკავშირი თავისივე დაწესებულ სანქციებს გვერდს უვლის, მანიპულაციურია. ვიდეოში მხოლოდ 2022 წლის სტატისტიკური მონაცემებია გამოყენებული, დაწესებული სანქციების ამოქმედებას და შედეგების მიღებას კი დრო სჭირდება. 2023 წლის პირველ კვარტალში უკვე აისახა, რომ გასული წლის თებერვალთან შედარებით ევროკავშირში რუსეთიდან იმპორტი 82%-ით შემცირდა.

როგორია 2023 წელს რუსეთიდან ევროკავშირის იმპორტის მაჩვენებლები?

2022 წელს ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით მართლაც გაიზარდა და დაახლოებით 259 მილიარდი ევრო შეადგინა. აქედან ძირითადი ნაწილი ევროკავშირის მხრიდან იმპორტზე მოდის, რომელმაც 200 მილიარდს გადააჭარბა, მაშინ როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი 2021 წელს დაახლოებით 165 მილიარდი იყო. სანაცვლოდ, რუსეთში ექსპორტის რაოდენობა 88-დან 56 მილიარდ ევრომდე შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ იმპორტისა და საერთო ბრუნვის ზრდა განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ სანქციების ამოქმედებისათვის და შედეგების მისაღებად დრო არის საჭირო. 2022 წლის იანვარ-თებერვალში ევროკავშირი რუსეთისგან თვიურად დაახლოებით 20 მილიარდი ევროს იმპორტს ახორციელებდა, რაც წინა წლის ანალოგიური თვეების მაჩვენებლებთან ორჯერ მეტი იყო. აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო ორი თვის მანძილზეც და უკვე ივნისის თვიდან იმპორტმა კლება დაიწყო, რაც სანქციების ამოქმედებას და რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შეზღუდვამ გამოიწვია. იმპორტის კლება მთელი წლის მანძილზე გრძელდებოდა, დეკემბერში ეს მაჩვენებელი წლის დასაწყისთან შედარებით განახევრდა და 10.3 მილიარდი ევრო შეადგინა. კლების ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა და ევროსტატის ინფორმაციით რუსეთისგან იმპორტი 2022 წლის თებერვალთან შედარებით მიმდინარე წლის მარტში 82%-ით შემცირდა და 3.8 მილიარდი ევრო შეადგინა, ექსპორტის რაოდენობა კი 8-დან 4 მილიარდ ევრომდე დაეცა. 

Screenshot 2023 07 31 133237 რუსეთთან ევროკავშირის ვაჭრობაზე სტატისტიკური ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება
2022 წლის იმპორტის, ექსპორტისა და სავაჭრო ბალანსის მონაცემები. წყარო: Eurostat

Untitled 2 რუსეთთან ევროკავშირის ვაჭრობაზე სტატისტიკური ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება

რუსეთისგან იმპორტის შემცირებაზე დიდი გავლენა იქონია ნავთობისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დასანქცირებამ, რომლებიც შედარებით გვიან შევიდა ძალაში. უფრო კონკრეტულად, მხოლოდ 2022 წლის 5 დეკემბერს ამოქმედდა საზღვაო გზებით მიღებულ რუსულ ნავთობზე დადებული ემბარგო, ხოლოდ დიზელის იმპორტი აიკრძალა 2023 წლის 5 თებერვლიდან. ასევე სანქციებისა და უკრაინაში მიმდინარე ომისგან გამოწვეული სხვა მიზეზების გამო, მნიშნელოვნად შემცირდა ან შეწყდა გაზის, ქვანახშირისა და სხვა რესურსების იმპორტიც. ეს ყველაფერი აღმოჩნდა მთავარი ფაქტორი სავაჭრო ბრუნვის შესამცირებლად, რადგან ბუნებრივი საწვავის წილი რუსეთისგან იმპორტირებული პროდუქტის დაახლოებით ¾-ს შეადგენდა

Screenshot 2023 07 31 133244 რუსეთთან ევროკავშირის ვაჭრობაზე სტატისტიკური ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება
ნავთობის, დიზელის, ბუნებრივი გაზის, თხევადი გაზისა და ქვანახშირის იმპორტი რუსეთისგან 2022 წლის მარტთან შედარებით 2023 წლის მარტში მნიშვნელოვნად შემცირდა. წყარო: Bruegel

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს თხევადი გაზის იმპორტის რაოდენობა 16-დან 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, მისი რაოდენობა ბუნებრივ გაზთან შედარებით იმდენად მცირეა, რომ ორივე სახის საერთო რაოდენობაზე დიდი ზეგავლენა ვერ იქონია. კერძოდ, ომამდე ევროკავშირი 155 მილიარდ კუბურ მეტრ რუსულ გაზს იღებდა. ამასთანავე, ევროსტატის მონაცემებით 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ მონაკვეთში რუსული თხევადი გაზის იმპორტის წილი 4.9%-ით არის შემცირებული. ამისდა მიუხედავად, თხევადი გაზის იმპორტის მაჩვენებელი მაინც საკმაოდ მაღალია და როგორც ევროპარლამენტმა, ისე ევროკავშირის ენერგოკომისარმა უკვე მოუწოდეს წევრ ქვეყნებსა და კომპანიებს, შეწყვიტონ რუსეთისგან ამ რესურსის შესყიდვა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ევროკავშირის მიერ რუსულ თხევად გაზზე უარის თქმა რუსეთს ფინანსურად ვერ დააზარალებს, რადგან მათ მარტივად შეუძლიათ ამ პროდუქტის აზიაში გაყიდვა.

ევროკავშირის მიერ რუსული თხევადი გაზის იმპორტის შესახებ იხილეთ მითების დეტექტორის სტატიაში:

უვლის თუ არა ევროკავშირი გვერდს თავის დაწესებულ სანქციებს?

გავრცელებულ ვიდეოში, მის ავტორს ევროკავშირის მიერ სანქციების გვერდის ავლის მაგალითად მოყვანილი აქვს რუსული ალუმინის იმპორტი, პოლონეთის გავლით. რეალურად, სანქციები დაედო მხოლოდ კონკრეტული ტიპის ალუმინის ნაწარმს: ალუმინის ფირფიტები, ფურცლები ან ზოლები, რომლებიც 0.2 მმ სისქეს აღემატება. შესაბამისად, ალუმინის სხვა ყველა პროდუქტის იმპორტისათვის ევროკავშირს ფარული გზების ძიება არ სჭირდება. 

ვიდეოში ნახსენები ისეთი პროდუქტების იმპორტი, როგორებიცაა ბირთვული ნარჩენები და ალმასები, ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებში აქამდე არ მოხვედრილა, რაც კონკრეტული წევრი ქვეყნების წინააღმდეგობის შედეგია. კერძოდ, უნგრეთი და ბულგარეთი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი ბირთვულ პროდუქტზე, რის გამოც მათ არ სურთ სანქციების დაწესება. ალმასებისა და ბრილიანტების იმპორტი კი მნიშვნელოვანია ბელგიისთვის, სადაც (ქალაქ ანტვერპენში) ძვირფასი თვლების მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო ცენტრი მდებარეობს. ანტვერპენის გავლით ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიარდი დოლარის ღირებულების ბრილიანტები იყიდება, რომლის 5-დან 10%-მდე რუსული წარმომავლობისაა. მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, ევროპარლამენტი აქტიურად ცდილობს ალმასების სანქციების სიაში შეყვანას და ამის შესახებ არაერთხელ მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს. 

სანქციების გვერდის ავლის საშუალებების შემცირება ევროკავშირის სანქციების მეთერთმეტე პაკეტის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო. მეთერთმეტე პაკეტი ასევე დამატებით სანქციებს აკისრებს და განავრცობს იმ პიროვნებებისა და უწყებათა სიას, რომლებიც რუსეთს ომის წარმოებაში დახმარებას უწევს.

რატომ არ სანქცირდება ლუკოილი?

ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს “ლუკოილის” სანქციების სიაში არყოფნა. კომპანია, რომელიც ნავთობის სფეროში სიდიდით მეორე რუსული ორგანიზაციაა, ევროკავშირის ინსტიტუტებში პოლიტიკოსთა ნაწილის აზრით, უნდა დასანქცირდეს, რადგან რუსეთი მისგან დიდ თანხებს იღებს. პოლიტიკოს ინფორმაციით, “ლუკოილის” ლობისტებმა დაარწმუნეს ევროკავშირის მაღალჩინოსნები იმაში, რომ კომპანია ომში მხარს უკრაინას უჭერს და მენეჯმენტი ომის წინააღმდეგია. ამას ემატება ბულგარეთის დამოკიდებულებაც, სადაც ლუკოილს პრაქტიკულად მონოპოლური პოზიცია უკავია და დიდ გავლენას ახდენს ადგილობრივ პოლიტიკაზეც. ასევე ნოემბერში ლუკოილმა გადაწყვიტა ბულგარეთის ოპერაციების ბუღალტერია შვეიცარიიდან გადაეტანა ბულგარეთში და ქვეყანაში უფრო მაღალი გადასახადების გადახდა დაეწყო. ბულგარეთში ელიან, რომ მიმდინარე წელს, ამ გადაწყვეტილების შედეგად, ბიუჯეტში მიიღებენ 300-დან 350 მილიონ ევრომდე შემოსავალს, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2021 წელს 1.8 მილიონს უდრიდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, დროთა განმავლობაში ლუკოილის გარშემო ეჭვები იზრდება და შესაბამისად იზრდება იმის შანსიც, რომ სამომავლოდ სანქციათა პაკეტში ეს კომპანიაც მოხვდეს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist