2024 წლის 5 თებერვალს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ტერიტორიაზე 14 კგ-მდე წონის ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩინა, რომელიც, უწყების თქმით, უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით, საქართველოში კი საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, რუსეთის ქალაქ ვორონეჟში გასატანად შემოიტანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვა ემსახურებოდა “იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომელიც საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ განხორციელდებოდა, დაბრალებოდა საქართველოს, როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში”.
ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაშიც გავრცელდა. კრემლის პროპაგანდისტულ გამოცემებში, მათ შორის ქართველ ექსპერტებზე დაყრდნობით, ავითარებდნენ ნარატივს, რომლის თანახმადაც, უკრაინის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ სცადა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა, თუმცა საქართველომ ამ გამოცდას კვლავ წარმატებით გაართვა თავი და “ქართველებმა უკრაინელებს ვორონეჟის აფეთქების საშუალება არ მისცეს”.
აღნიშნულზე სიუჟეტი რუსეთის პირველი არხმაც მოამზადა. ასევე გამოცემა pravda-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “უკრაინა ორმაგ ტერაქტს გეგმავს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოზე. მაგრამ ქართველები უკვე ორი წელია ფხიზლად არიან.” რუსულ მედიას გამოყენებული ჰქონდა “საქინფორმის” რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის კომენტარი, რომელიც მან რუსეთის პირველ არხს მისცა; ასევე გააშუქეს სახელისუფლებო ექსპერტების ზაალ ანჯაფარიძის, ლევან ნიკოლეიშვილის, ირაკლი ლატარიას და ედიშერ გვენეტაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოსაზრებებიც, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული.
რუსეთის პირველ არხთან კომენტარში არნო ხიდირბეგაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის მორიგი მცდელობა იმისა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაერთოს. გარდა ხიდირბეგაშვილისა, სიუჟეტში ნაჩვენებია ზაალ ანჯაფარიძისა და ლევან ნიკოლეიშვილის სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტები, რომლებშიც ისინი უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციაში ჩათრევაში ადანაშაულებენ.
ზაალ ანჯაფარიძე: „არ გვეშვება ჩვენი ე.წ. „სტრატეგიული პარტნიორი” უკრაინა, რომელმაც საქართველოდან საკუთარი ელჩი გაიწვია და ჩვენი ელჩი ფაქტობრივად გამოაგდო. ის რაც საჯაროდ გახმაურდა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით (აისბერგის წვერია მხოლოდ), საკმარისია ერთი მყარი ვარაუდისთვის – ყველანაირად სურთ საქართველოს ჩათრევა რუსეთთან კონფრონტაციაში.”
ლევან ნიკოლეიშვილი: “აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება, სავარაუდოდ, უკრაინელი პოლიტიკური ელიტის მიერ გახლდათ წახალისებული, ამ საქმეში ხომ მათი მმართველი პარტიის წარმომადგენლის სახელიც ფიგურირებს. […] ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინის პოლიტელიტა ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას”.
რუსული გამოცემა pravda-ს სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინას სურდა რუსეთის ფედერაციაში ტერაქტების განხორციელება, ტერაქტების დაგეგმვასა და განხორციელების ორგანიზატორად კი საქართველოს წარმოჩენა, რასაც შემდეგ ქართული ოპოზიცია ხელისუფლების დასამხობად გამოიყენებდა. გამოცემას წარმოდგენილი აქვს ედიშერ გვენეტაძისა და ირაკლი ლატარიას ის კომენტარები, რაც მათი სოციალური ქსელების ანგარიშებზე გამოქვეყნდა.
ედიშერ გვენეტაძე: „უკვე თითქმის ორი წელია, რაც შინა და გარე ძალების მიერ გრძელდება პროვოკაციული ქმედებები მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩასათრევად! სხვა რომ ვერაფერი მოახერხეს და საქართველო ვერანაირად ვერ ჩართეს ომში!… ძალიან დიდი ყურადღება და ძალისხმევა სააჭირო იმისათვის, რათა მეხუთე კოლონას არ მიეცეს საშუალება ბნელი ზრახვები განსახორციელებლად!”.
ირაკლი ლატარია: “ეს ის უკრაინა არ არის, ჩვენი ელჩი რომ გამოაგდო და თავისი გაიწვია? ,,სტრატეგიული პარტნიორი” ხოო? მოკლედ რა, უკრაინის ახლანდელი ხელისუფლება უფრო დიდი მტერია ჩვენი თუ რუსეთი, უკვე ვეღარ გაიგებ.. საკუთარ ქვეყანაში ყველა პუნქტით დამარცხდნენ და ახლა ჩვენთან უნდათ პრობლემები უფრო გაამძაფრონ…”
სტატიის დასასრულს აღნიშნულია საქართველოს მიერ ასაფეთქებელი ნივთიერების ამოღების მნიშვნელობაც: “საქართველო რომ აშშ-ის ვასალი ყოფილიყო, ასეთ ინფორმაციას არ გაამჟღავნებდა. “ეს ნიშნავს, რომ “საკუთარი პერანგი უფრო ახლოს არის შენს სხეულთან”, მაგრამ რამდენად?” – ნათქვამია pravda-ს სტატიაში.
სახელისუფლებო ექსპერტები ზაალ ანჯაფარიძე, ლევან ნიკოლეიშვილი, ირაკლი ლატარია, ედიშერ გვენეტაძე მუდმივად არიან ჩართულნი საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერ და ოპონენტების მადისკრედიტირებელ კამანიებში. ისინი სისტემატიურად ავრცელებენ ოპოზიციის და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო გზავნილებს. გარდა ამისა, მათ გზავნილებს შორისაა ე.წ. “მეორე ფრონტის” საფრთხე, თითქოს უკრაინის ხელისულება ქართულ “მეხუთე კოლონასთან” ერთად საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომშო ჩართვას ლობირებს.
ამის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორების გზავნილები კონფერენციის “დიდება უკრაინას!” წინააღმდეგ
- სანქციებში თუ ომში ჩათრევა – ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?
- ვინ ჩაერთო პრეზიდენტის დისკრედიტაციის კამპანიაში იმპიჩმენტის პროცედურის დაანონსების შემდეგ?
- რატომ არის რუსეთი პარლამენტის რეზოლუციაში უხსენებელი?
რაც შეეხება არნო ხიდირბეგიშვილს, ის საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმის” რედაქტორია. “საქინფორმი” ხშირად ავრცელებს კრემლისტურ გზავნილებს და ყალბ ინფორმაციას. თავად არნო ხიდირბეგაშვილი სხვა კრემლისტურ მედიებსა და აქტორებთან ერთად მანიპულირებს ნატოში ინტეგრაციის თემით და ამტკიცებს, თითქოს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმა მოუწევს. 2022 წელს მსგავსი მანიპულაციური გზავნილი ჰქონდა ლევან ნიკოლეიშვილსაც, რომელმაც საქართველოს ნატოში წევრობა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დათმობას დაუკავშირა.
ვრცლად იხილეთ:
- მტკიცება, თითქოს ნატოში გაწევრიანება ტერიტორიული დათმობების ხარჯზე მოხდება, მცდარია
- მანიპულაციას, თითქოს კრამერი NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დათმობას ითხოვს, სახელისუფლებო ექსპერტი და მედიები ავრცელებენ
არქივი:
pravda.ru
1tv.ru
ედიშერ გვენეტაძე
ირაკლი ლატარია
ლევან ნიკოლეიშვილი
ზაალ ანჯაფარიძე