5-6 სექტემბერს თბილისში თბილისის საერთაშორისო კონფერენცია – „დიდება უკრაინას!” – გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები „მაკკეინის ინსტიტუტი“, „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ იყვნენ. 2022 წელს თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უკრაინას მიეძღვნა, კონფერენციის მონაწილეებმა დისკუსიები უკრაინისა და საქართველოს აწმყოსა და მომავალზე, ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებულ პერსპექტივებზე გამართეს და სახელმწიფოების დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. გარდა ამისა, 4 სექტემბერს კონფერენციის მონაწილეები, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდნენ.
პარალელურად, სოციალურ ქსელში თბილისის საერთაშორისო კონფერენციის დისკრედიტაციის კამპანია გამოიკვეთა და მასში როგორც პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური ფეისბუკ-გვერდები ასევე ანტილიბერალური, კრემლისტური ანგარიშები ჩაერთნენ. ისინი, ერთი მხრივ, ამტკიცებდნენ, რომ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ომში ჩათრევის სურვილი ამოძრავებთ, ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა სურთ და საქართველოს მტრები არიან, მეორე მხრივ, კი მათ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირზე აპელირებდნენ.
თბილისის საერთაშორისო კონფერენციას “ქართული ოცნების” წევრებიც (კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი) გამოეხმაურნენ, რომლებმაც ღონისძიების შესახებ კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ კონფერენციაში მონაწილეთა განცხადებები რადიკალიზაციის გაღრმავებას ემსახურებოდა. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის თანახმად, თბილისისის საერთაშორისო კონფერენცია იმ ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც რევოლუციასა და გადატრიალებაზე საუბრობენ. კონფერენციის მონაწილეები საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში დაადანაშაულა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამაც, რომლის განცხადებაც ორმა ფეისბუკ გვერდმა (არ აგარევინებთ • ar agarevinebt, აი ია) დაასპონსორა და სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის გარდა, “საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც” გააშუქა.
“მითების დეტექტორის” მონიტორინგის პროცესში 4-7 სექტემბრის პერიოდში შემდეგი გზავნილები გამოიკვეთა:
- კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ომში ჩათრევის სურვილი ამოძრავებთ
- კონფერენციაში მონაწილე პირებს ქვეყანაში არეულობის შემოტანა, გადატრიალება და “მაიდანის” მოწყობა” სურთ;
- კონფერენციაში მონაწილე პირები საქართველოს მტრები არიან;
- კონფერენციაში მონაწილე პირები “ნაციონალურ მოძრაობასთან” არიან კავშირში და მათ “ლობირებენ”.
ზემოაღნიშნულ გზავნილებს შემდეგი აქტორები ავრცელებდნენ:
- “ქართული ოცნების” წევრები: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი;
- ოპოზიციის მადისკრედიტებელი და პროსახელისუფლებო ფეისბუკ გვერდები: “სიმართლის დროა”, “ არქივი – Archive, “სექტა”;
- კრემლისტური აქტორები: გიორგი ქარდავა (“კონსერვატიული მოძრაობა”), შოთა მარტინენკო (“კონსერვატიული მოძრაობა”), მერაბ გიგანი (“კონსერვატიული მოძრაობა”) მარიკა კუბლაშვილი (“ალტ-ინფოს” წამყვანი), მაცაცო გახოკიძე, (“ალტ-ინფოს” წამყვანი); მალხაზ თოფურია (“პატრიოტთა ალიანსი”), ნანა დევდარიანი (“პატრიოტთა ალიანსი”), ჯაბა ხუბუა (”ასავალ-დასავალი”); ერმილე ნემსაძე (“ქართული მარში”), ირაკლი ზაქარეიშვილი (ადვოკატი), ირაკლი კოკაია(“კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერი”).
- ანტიდასავლური ფეისბუქ გვერდები: “პოლიტიკური სატირა”, “ირაკლი ჯანყარაშვილის პოლიტიკური ბლოგი”, “კონსერვატორი დუმი”, თალიბანელი კონსერვატორი.
- სხვა: გოგა ხაინდრავა (რეჟისორი), ვატო შაქარიშვილი (საზოგაოებრივი მოძრაობა “აი-ია”).
გზავნილები
-
კონფერენციაში მონაწილე პირებს ქვეყანაში არეულობის შემოტანა და ომში ჩართვის სურვილი ამოძრავებთ, “მაიდანის მოწყობა” სურთ
6 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო კონფერენციის შესახებ განცხადება გააკეთა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონფერენცია იმ ადამიანების გარშემო არის აგებული, რომლებიც რევოლუციასა და გადატრიალებაზე საუბრობენ. კონფერენციის მონაწილეებს ომში ჩართვისა და ქვეყანაში არეულობის მოწყობის სურვილში რეჟისორი გოგა ხაინდრავა და საზოგადოებრივი მოძრაობის “აი-ია” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ადანაშაულებდნენ.
აღსანიშნავია, რომ გოგა ხაინდრავას მოსაზრება დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე გია გაჩეჩილაძესა და ვატო შაქარაშვილთან დაკავშირებულმა ფეისბუკ გვერდებმა (არ აგარევინებთ • ar agarevinebt, აი ია), პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიამ (Newposts.ge, POSTV – ახალი ამბები, TV Imedi , The Georgian Times, მარშალ პრეს, For.ge, რეპორტიორი, InfoPostalioni.com, Front News, Lideri.ge, Ipress.ge, Spnews • სააგენტო სივრცეები, მედიაჰოლდინგი “კვირა”, ongo.ge), კრემლისტურმა გამოცემა საქართველო და მსოფლიომ და საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ გოგა ხაინდრავას განცხადება დასპონსორებული იყო “უცნობისა” და ვატო შაქარაშვილის ფეისბუკ გვერდებზე (არ აგარევინებთ • ar agarevinebt, აი ია).
გზავნილი, რომლის თანახმადაც, კონფერენციაში მონაწილე პირებს საქართველოში არეულობის შემოტანა და მეორე მაიდანის მოწყობა სურდათ, თბილისის საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, “კონსერვატიული მოძრაობის” ტელევიზიის “ალტ-ინფოს” ეთერშიც არაერთხელ გაჟღერდა. “საქართველოს მაიდანიზაციის” შესახებ “ალტ-ინფოს” გადაცემების წამყვანები მარიკა კუბლაშვილი და მაცაცო გახოკიძე და “კონსერვატიული მოძრაობის” წევრი მერაბ გიგანი საუბრობდნენ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები | ანტილიბერალური და კრემლისტური აქტორები | სხვა |
ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე: “ის ადამიანები, რომლებიც რევოლუციაზე საუბრობენ, გადატრიალებაზე, უბედურებაზე და ა.შ., მათ გარშემოა აგებული ეს კონფერენცია და ასეთ პირობებში როგორ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, როდესაც პოლარიზატორები არიან წახალისებული.” | მაცაცო გახოკიძე, “ალტ-ინფოს” წამყვანი: “ნაციონალების ლობისტების ვიზიტს საქართველოში ხელისუფლების დამხობა აქვს მიზნად”. | გოგა ხაინდრავა, რეჟისორი: ვინც „დედამ დაწყევლა“ და საქართველოს ომში ჩასათრევად ფილტვები დაიზიანა, ყველას თბილისში მოუყრია თავი, „ცხელ შემოდგომას“ გვიმზადებენ, – ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.„ვინც „დედამ დაწყევლა“ და საქართველოს ომში ჩასათრევად ფილტვები დაიზიანა, ყველას თბილისში მოუყრია თავი! „ცხელ შემოდგომას“ გვიმზადებენ! ჯერ შარვლების ჩასახდელად წავიდნენ საოკუპაციო ხაზზე, პუტინს აშინებენ. შემდეგ TV საროსკიპოებიდან შეგვიტევენ. „სლავა გეროიამ!“ |
მერაბ გიგანი, “კონსერვატიული მოძრაობა” : “მაგას ცდილობს ეხლა ეს დევიდ კრამერიც, იმიტომაც არის ჩამოსული, აქ ახალ დირექტივებს აძლევს ეხლა როგორ უნდა იმოქმედონ, როგორ უნდა დაიწყოს ჩვენ ქვეყანაში რამენაირად დესტაბილიზაცია. “ | ვატო შაქარიშვილი, “აი-იას” დამფუძნებელი: „ახალი უცხოური დესანტი გადმოსხეს საქართველოში, ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები” ამერიკიდან – იან კელი, დევიდ კრამერი, ბენ ჰოჯესი, კურტ ვოკერი… ევროპიდან – ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვები…მოკლედ, რომ ვთქვათ, საქართველოს ომში ჩათრევის პროექტის გამორჩეული მონაწილეებისგან შემდგარი ოლსტარია. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მოყოლებული ეს ადამიანები ძალისხმევას არ იშურებდნენ იმისათვის რომ საქართველო ჩართულიყო ომში.” |
-
კონფერენციაში მონაწილე პირები საქართველოს მტრები და რადიკალები არიან
“ქართული ოცნების” წევრები, გარდა იმისა, რომ არ დაესწრნენ თბილისის საერთაშორისო კონფერენციას, ღონისძიების შესახებ კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს და აღნიშნეს (ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი) რომ კონფერენცია რადიკალიზაციის გაღრმავებას ემსახურებოდა და მათი მხრიდან მონაწილეობაზე უარის თქმა სწორედ პოლარიზაციის შესამცირებელი მცდელობა იყო. გარდა ამისა, კონფერენციაში მონაწილეებს საქართველოს მტრები უწოდა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მსგავსი გზავნილი გაავრცელა ყოფილმა სამხედრომ და პრო-რუსულ ჯგუფ „ქართული მარშის“ წევრმა ერმილე ნემსაძემაც.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები | ანტილიბერალური და კრემლისტური აქტორები | სხვა |
კახა კალაძე, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი: „ვინც ამ კონფერენციას ესწრებიან, ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები, ვითომ მეგობრულად შერაცხულები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, საქართველოს არასდროს გადაუხვევია ამ კურსისთვის. | ერმილე ნემსაძე: “ჩამოეთრია საქართველოში ახალი კიდევ ერთი საქართველოს და ქართველი ერის დაუძინებელი მტრები, ეს დევიდ კრამერები და თუ ვინმე ეს საბოზეთი არი მთლიანად, ქართველი ერის მტრები და სხვათა შორის, ივანიშვილის ფულის და ქონების მტრებიც ასევე, მაგ მხრივ მაინც გამოიფხიკეთ ყურები, საქართველო არ გიყვართ, მაგრამ თქვენი პატრონის ფულები ხო გადარდებთ? და უნდათ ამ პერიოდში რაღაცა სოლიდარობა უკრაინას და მხარდაჭერა უკრაინას და ჩამოვიდნენ საქართველოში, ამას მე საერთოდ ვერ ვხვდები, თუ ვინმეს უნდა უკრაინის მხარდაჭერა, ეგერაა უკრაინა, ეგერ მიდის ომი, აიღეთ იარაღი და კისერი გიტეხიათ თქვენ და რუსებს, ერთი მეორე გიხოციათ და გაჟლეტილხართ, შეხოცილხართ ერთი მეორეს, საქართველო რა შუაშია…
ესტონელებიც, ლიტველებიც და ლატვიელებიც თავისი ფაშისტური მთავრობით, რო ჩვენო, ის შეცდომებიო, რაც დავუშვითო საქართველოში, უკრაინის.. ჯერ ვინ გეკითხებათ თქვე შნირებო, მართლა კონცლაგერად რო გაქვთ თქვენი ქვეყანა ქცეული.” |
გოგა ხაინდრავა, კინორეჟისორი: „რევოლუციური გარდატეხის ინტერნაციონალური კომიტეტის“ სხდომა – „დიდება უკრაინას!“ გაიხსნა – არა კიევში, ოდესაში ან ლვოვში… თბილისში?! „პატივცემული გვამები“ იძულებული შეიქმნენ, ერთად წვეოდნენ საკურატოროს – „ცხელი შემოდგომის“ აღსასრულებლად. თუ არა და… ფაფუ დაფინანსება!“. |
ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე: „დღეს ვახსენეთ მაკკეინის კონფერენცია, სადაც შეკრებილია ამ ქვეყნის აბსოლუტურად ყველა პოლარიზატორი. ეს კონფერენცია ტარდება საერთაშორისო ქოლგის ქვეშ, უამრავი ადამიანი ესწრება, მათ შორის დიპლომატებიც. ეს ხომ გაუგებარი ამბავია, მთავარი პოლარიზატორები არიან შეკრებილი ე.წ. მაკკეინის კონფერენციაზე. ის ადამიანები, რომლებიც რევოლუციაზე საუბრობენ, გადატრიალებაზე, უბედურებაზე და ა.შ., მათ გარშემოა აგებული ეს კონფერენცია და ასეთ პირობებში როგორ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, როდესაც პოლარიზატორები არიან წახალისებული. |
მალხაზ თოფურია, პატრიოტთა ალიანსი: “ცინიზმის პიკი არის ალბათ, პავილიონისი რომ დადგება და მწუხარე სახით იტყვის, ძალიან ვწუხვარო, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არ გახდაო. ადამიანი, რომელიც სათავეში ედგა საქართველოს არმიღებას ევროკავშირში [წამყვანი უსწორებს, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას]… ადამიანმა, რომელიც გაძვრა ნემსის ყუნწში, იყვირა, იწივლა, იკივლა, ჩამოვიდა გულდაწყვეტილი სახით დადგა იმ ხაზთან, საოკუპაციო ხაზთან, კიდევ ერთი პროვოკაციისთვის ალბათ… მეტი თაღლითობა და გარყვნილება იმ ჯგუფისგან, კრამერი, სამარცხვინო ადამიანი, რომელსაც თავი მართლა ეგონა… ჩვეულებრივი კოლონიზატორი როგორც იქცეოდა სადღაც 50-60 წლის წინ ისეთ, მესამე რანგის ქვეყნებში…მათთვის ნათელია, რომ ეს ადამიანები საქართველოს მეგობრები არ არიან, ისინი არიან რევოლუციის მეგობრები, გადატრიალების მეგობრები, სოროსის მეგობრები, სააკაშვილის მეგობრები და არა ქართველი ხალხის მეგობრები.“ | |
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე: სამწუხაროდ, ამ კონფერენციაში, მათ შორის პანელებზე წარმოდგენილი არიან სწორედ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც რადიკალური დღის წესრიგი აქვთ. დღეს მთავარი პრობლემა რადიკალიზაციაა და რა თქმა უნდა, მე პირადად რადიკალიზაციას ვერანაირად ვერ წავახალისებ და რადიკალიზაციის ნორმალიზებას ხელს ვერ შევუწყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, სადაც წარმოდგენილი არიან რადიკალური ჯგუფები. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ დეპოლარიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, მნიშვნელოვანია, რადიკალიზაციის ნორმალიზება არ მოხდეს. ისე წარმოჩენა, თითქოს რადიკალური დღის წესრიგი რაღაცნაირად ლეგიტიმირებულია” |
ილია ჩაჩიბაია, “ობიექტივის” წამყვანი: “ირმა ინაშვილმა ჯერ კიდევ როდის თქვა, რომ როდესაც სასტუმრო რუმსში მივიდა და სიტყვით გამოსვლა ითხოვა, რომ ეს ხალხი იქცევა არასახელმწიფოებრივად. დღეს ქართული ოცნება 2-3 წლის მერე თვითონ მიხვდა ამას და თვითონ ამბობენ.” | |
ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება: „სრულიად ვეთანხმები კახი კალაძის განცხადებას. მან თქვა, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ ე.წ. დებიძინიზაციაზე, არიან ქვეყნის მტრები. მათ ამოძრავებთ მტრული მოტივაცია, რაც ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმეა. თუმცა პარლამენტარები არიან და ყველა პარლამენტში არიან ასეთი ადამიანები”. |
-
კონფერენციაში მონაწილე პირები ხელისუფლების ცვლილებისთვის ირჯებიან, “ნაციონალურ მოძრაობასთან” არიან კავშირში და მათ “ლობირებენ”
კონფერენციის მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით, “ალტ-ინფოს მიერ შექმნილი პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი ქარდავა, “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი მარიკა კუბლაშვილი და”ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა ავრცელებდნენ გზავნილს, რომლის თანახმადაც, თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები “ნაციონალური მოძრაობის” მოკავშირეები არიან და ხელისუფლების მიმართ აგრესიულობით გამოირჩევიან.
გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: „ ეს არის დავიდ კრამერი, რომელიც სააკაშვილის მთავრობაში ყოფნის დროს იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი თანაშემწე, რომელიც კურირებდა კავკასიის და საქართველოს მიმართულებას. ძალიან ახლო კონტაქტები და კავშირები აქვს ამ ადამიანს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მიშასთან რა თქმა უნდა, შესაბამისად, არ არის გასაკვირი რატომ აქტიურობს ეს პიროვნება“.
მარიკა კუბლაშვილი, “ალტ-ინფოს” წამყვანი: “კონფერენციას ესწრებიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ბოლო პერიოდში ნაცხროვის ლობისტებად გვევლინებოდნენ.
ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი (ასავალ-დასავალი, 5 – 11 სექტემბერი): „იან კელი, დევიდ კრამერი, ანა ფოტიგა და ჟიგიმანტას პავილიონისი თბილსში საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად კი არ უნდა ჩამოდიოდნენ, არამედ ქართული სახელმწიფოს მიერ პერსონა ნონ გრატებად უნდა იყვნენ გამოცხადებული და საქართველოს ტერიტორიაზე ცხვირის შეყოფის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, რადგან მუდმივად იჩენენ უპატივცემულობას ქართული სახელმწიფოსა და მისი სუვერენიტეტის მიმართ, უხეშად და ცინიკურად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და ღიად უჭერენ მხარს დესტრუქციულ-რევანშისტული მიზნების მქონე რადიკალური ნაცოპოზიციას!“
გზავნილები კონფერენციის ინდივიდუალური მონაწილეების წინააღმდეგ
როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები (ირაკლი კობახიძე), ასევე კრემლისტური აქტორები (შოთა მარტინენკო, ილია ჩაჩიბაია, მარიკა კუბლაშვილი) კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამდენ ვიოლა ფონ კრამონის, დევიდ კრამერისა და ლორა თორნტონის შესახებ. ირაკლი კობახიძის თქმით, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ინტრესებს მტრობს, როდესაც ამბობს, რომ ივანიშვილისთის დაწესებული სანქციები რეზოლუციიის შედეგია. შოთა მარტინენკოს თანახმად, კრამერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ ადარდებს; ილია ჩაჩიბაიას მტკიცებით კი დევიდ კრამერი და ლორა თორნტონი საქართველოს მტრები არიან, რომელთაც ქვეყანაში შემოსვლა უნდა აეკრძალოთ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები | ანტილიბერალური და კრემლისტური აქტორები |
ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე: „ჩვენ ვნახეთ გუშინ ვიოლა ფონ კრამონის განცხადება იმის შესახებ, რომ რეზოლუციამ შედეგი გამოიღო, ამის შედეგი არის სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ და ასე შემდეგ.ასეთ ევროპარლამენტარს რა შეიძლება უწოდო – ეს არის პირდაპირი მტრობა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. როდესაც ევროპარლამენტარი ბრალს გდებს კონსტიტუციის მიღმა მოქმედებაში, მმართველობაში, რომელიც კონსტიტუციას არ შეესაბამება, ეს პირდაპირ მტრობს ქვეყანას, როდესაც ასეთი დაუსაბუთებელი ბრალდებები არის წაყენებული ხელისუფლების მიმართ. ბუნებრივია, ჩვენ ამაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება. ასევე, როდესაც ხედავთ მაკკეინის კონფერენციას, ვინ არიან დამსწრე პირები – თუკი ვინმე აღვივებს საქართველოში პოლარიზაციას, ყველა არის იქ წარმოდგენილი, აბსოლუტურად ყველა. რატომ ხდება რადიკალიზმის და პოლარიზაციისკენ მიმართული ნაბიჯების ნორმად წარმოჩენა, არ ვიცი, ამაზეც გვექნება ჩვენ ჩვენი რეაქცია“ |
შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: „როგორ აღიქმება ის ფაქტორი, რომ ვიღაცა კრამერი, კოლექტიური ვიღაც ამერიკელი ჩამოდის და გიხსნის, რომ ტერიტორიები გაქვს დაკარგული და ეს რაღაცა უსამართლობა ხდება შენს თავს და ნუ, რა თქმა უნდა, შენ სოლიდარული უნდა იყო უკრაინის და შენც იმოქმედო, მაგაზე მიბიძგებს მისი ლოგიკა! ანუ, რას ნიშნავს ეგ ყველაფერი, ქართველი თავის მიწებზე არ ნერვიულობს და კრამერი ნერვიულობს? მართლა მაგის სჯერა ეხლა საქართველოს მოსახლეობას, რომ ის ისე ნერვიულობს ჩვენს მიწებზე, რომ ჩვენ აი, ვერ ვნერვიულობთ წესიერად და ის ისეთი აღმატებული ხარისხის ადამიანია ვიღაცა, რომ იქიდან მაგდენად იდეურად ნერვიულობს რა! თან თვითონ არაფერი არ უნახავს, მაგითი თვითონ კი არაფერს არ იგებს, საქართველოსთვის აკეთებს რა, შენთვის აკეთებს როგორც მზრუნველი მშობელი, ეხლა ბავშვმა ხომ შეიძლება არ იცოდეს რაღაცები, რა დაზიანდება, რა მოუვა და აი, მშობელივით იქცევა, მაგის გვჯერა რეალურად თუ უნდა დავსვათ კითხვა, რომ რა ამოცანა აქვთ ამ ხალხს?“ |
ილია ჩაჩიბაია,”ობიექტივის” წამყვანი: კითხვა მინდა დაგისვათ იმ კონფერენციაზე, რომელიც თბილისში გაიმართა დევიდ კრამერის ხელმძღვანელობით. და ვიცით ეს რა პერსონაცაა და რა პიროვნებასაც წარმოადგენს და რა ბიოგრაფია აქვს საერთოდ. მიგაჩნიათ თუ არა, რომ უნდა დაწესდეს შეზღუდვები, თუნდაც საქართველოს საზღვრების გადმოლახვისას ასეთ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართველ პიროვნებებზე, როგორიც არის ეს კრამონი, ლორა თორნტონი, NDI-ს ხელმძღვანელი, რომელიც სწორედ პატრიოტთა ალიანსის აქციებისა და აქტიურობის შედეგად ჩამოაცილეს თანამდებობას. და უნდა იქნას თუ არა შეზღუდული ასეთი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქარტული კონფერენციები საქართველოში, სადაც ისმოდა ისეთი განცხადებები, რომელიც ჩემი აზრით, მიუღებელია.” | |
მარიკა კუბლაშვილი, წამყვანი: “ქალბატონი თორნტონი წუხს იმის გამო, რომ საქართველოში არ ტარდება მამათმავალთა მარშები, რაც ევროპული გზიდან გადახვევა და დემოკრატიისთვის დიდი დარტყმაა, ის ასევე შეშფოთებულია, რომ ევროპული ქვეყნების მსგავსად, რომლებმაც ცივი ზამთრისთვის გაწირეს მოსახლეობა, საქართველომაც არ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს მოსახლეობას უმძიმეს პირობებში ჩააგდებდა.” | |
ნანა დევდარიანი, პატრიოტთა ალიანსი: “ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, იმ მომენტისთვის, პარლამენტის ვიცესპიკერმა საკადრისი პასუხი გასცა და საკუთარი ადგილი მიუჩინა ამ გარკვეული დავალებებით ჩამოსულ რეზიდენტს, (იგულისხმება დეივიდ კრამერი) რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მოტანის გარდა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, არაფერი გაუკეთებია.” |
ფეისბუკ გვერდები
თბილისის საერთაშორისო კონფერენციისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციის კამპანიაში არაერთი ხელისუფლების მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი ფეისბუკ გვერდი ჩაერთო. მათ შორის, ფეისბუკ გვერდმა სიმართლის დროა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრამერისა და ანა ფოტიგას ოძისში ვიზიტისა და ოპოზიციის წარმომადგენელებთან შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის სქრინები შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ლიბერასტების დესანტი რიგითი მიშიკოს დასახმარებლად”.
აღსანიშნავია, რომ 5 სექტემბერს ანტიპოზიციურმა ფეისბუკ გვერდმა არქივი – Archive “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრამერის დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. “არქივის” ვიდეო ამავე დღეს პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციურმა ფეისბუკ გვერდმა “სექტამ” გააზიარა .
კრემლისტური და ანტილიბერალური ანგარიშები
სოციალურ ქსელში დისკრედიტაციის კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი იყო, რომელმაც კონფერენციის შესახებ არაერთი პოსტი გამოაქვეყნა. ზაქარეიშვილის თქმით, დასავლელი პარტნიორები პირდაპირ მოგვიწოდებენ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილით ჩანაცვლდეს, რადგან მათ ამაში აქვთ ფული გადახდილი. ზაქარეიშვილს ასევე გამოქვეყნებული ჰქონდა პოსტები ( 1, 2 ) ინდივიდუალური მონაწილეების წინააღმდეგ, კერძოდ დევიდ კრამერსა და კურტ უოლკერზე.
თბილისის საერთაშორისო კონფერენციას რამდენიმე პოსტი (1, 2, 3, 4) მიუძღვნა პარტია “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერმა და Tvalsazrisi.ge-ის ავტორმა გიორგი ჯანყარაშვილმაც. ჯანყარაშვილის თქმით, კონფერენციები, შეკრებები და ანტისაოკუპაციო გამოსვლები, ამერიკული დაზვერვის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანს საქართველოში, მაიდანის სცენარის გადმოტანა და მეორე ფრონტის გახსნა წარმოადგენს. ასევე, ჯანყარაშვილი წერდა, რომ კონფერენციის წარმომადგენლები “ნაციონალურ მოძრაობასთან” არიან კავშირში და საქართველოს ბედი არ ანაღვლებთ.
პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერის, ირაკლი ჯანყარაშვილის კიდევ ერთ ფეისბუკ ანგარიშის “პოლიტიკური სატირას” გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ “მაკკეინის ჯგუფი” წლებია, რაც “კოლექტიურ ბოკერიებს” ლობირებს, რის გამოც “ქართულ ოცნებას” მათთან საერთო არ აქვს.
ირაკლი ჯანყარაშვილმა ასევე (ირაკლი ჯანყარაშვილის პოლიტიკური ბლოგი,კონსერვატორი დუმი) 7 სექტემბერს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც “კრამერისა და მისი დაჯგუფების ქეიფი” არის ნაჩვენები. ჯანყარაშვილის თქმით, ამ ადამიანებს უკრაინა არ ადარდებთ. აღსანიშნავია, რომ “კონსერვატიული მოძრაობის რამდენიმე მხარდამჭერისა (თალიბანელი კონსერვატორი, ირაკლი კოკაია) და “ქართული მარშის” წევრის ერმილე ნემსაძის გარდა იდენტური ვიდეო სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიამ POSTV – ანალიტიკა შემდეგი აღწერით გაავრცელა: “უკრაინის ბედით შეწუხებულმა კონფერენციის მონაწილეებმა ორ დღიანი შეკრება ქეიფით და გართობით დაასრულეს”.