რატომ არის რუსეთი პარლამენტის რეზოლუციაში უხსენებელი?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

294
VIEWS

24 იანვარს ოპოზიციურმა პარტიებმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანი პოზიციის დაფიქსირებისა და რეზოლუციის შემუშავებისკენ მოუწოდეს. 26 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციამ მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტის შემუშავებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რამდენადაც “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი ტექსტის საბოლოო ვერსიაში რუსეთის სამხედრო აგრესია ნახსენები არ იყო. ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად პირველ თებერვალს საქართველოს პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ოპოზიციამ რეზოლუციის პროექტს ხელი არ მოაწერა და რეზოლუციაში რუსეთის არ ხსენების გამო ხელისუფლების გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა, სოციალურ ქსელში პროსახელისუფლებო ექსპერტები და“ქართული ოცნების” წევრები საკუთარი გადაწყვეტილების გამართლებას შემდეგი გზავნილებით ცდილობდნენ:

  • ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა ომის, რუსეთის აგრესიის თავიდან ასარიდებლად
  • მმართველი პარტია უპირველესად ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და რუსეთს მოდავების საბაბს აცლიდა
  • ოპოზიციას/ნაციონალურ მოძრაობას კონფრონტაცია და რუსეთის პროვოცირება სურს
  • ნაციონალურ მოძრაობას უკრაინის რეზოლუციაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს, რადგან 2008 წელს ევროსაბჭოს რეზოლუაციაზე ხელმოწერით, მან ომის დაწყებაში თავად დაადანაშაულა საქართველო.

მოსაზრებას, რომ ხელისუფლებამ რეზოლუციაში რუსეთზე ჩანაწერის არგაკეთებით კრემლი არ გააღიზიანა და რუსეთის პროვოცირებით ოპოზიციაა დაინტერესებული, კრემლისტური აქტორებიც იზიარებდნენ, რომლებიც დამატებით ამკვიდრებდნენ აზრს, რომ ოპოზიცია დასავლეთის დაკვეთით მოქმედებს, რომელსაც დაძაბულობის ახალი კერების გაჩენა  და ყველაფერში რუსეთის დადანაშაულება სურს. 

გზავნილები:

  • ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა ომის, რუსეთის აგრესიის თავიდან ასარიდებლად

გიორგი ხელაშვილი, ქართული ოცნება: „ნუ შექმნიან დამატებით პანიკას და ნუ გაამწვავებენ ვითარებას, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს რუსეთის აგრესიას. აი, ეს იყო მთავარი, რის გამოც ჩვენ შევეცადეთ, ტექსტი ყოფილიყო პრინციპული, მაგრამ ყოველგვარი ზედმეტი პროვოკაციული სიმწვავის გარეშე”.

მიხეილ სარჯველაძე, “ქართული ოცნება”“არ არის აუცილებელი ამ დოკუმენტში დიდი გასაქანი მივცეთ პოპულიზმს. რაც შეეხება რუსეთის აგრესორობას, არ ვფიქრობ, რომ ამ რეზოლუციის წუნს წარმოადგენს ის, რომ დოკუმენტში ამ ფაქტის დამატებითი ხაზგასმა არ მომხდარა.”

გია ვოლსკი, ქართული ოცნება, პარლამენტის ვიცე-სპიკერი:ის, რომ თითი არ დავუქნიეთ და არ ვთქვით – ის ცუდი ბიჭი ისა თქო?! შეაგინე ვლადიმერ ვლადიმეროვიჩსო, შესაგინებელი კი არის, მაგრამ რეალურად, სიტუაციაში, რომელიც დღეს შეიქმნა და ფრონტის იმ ნაწილში, სადაც ჩვენ ვდგავართ, ახალი ცხელი წერტილი არ უნდა შეიქმნას.”

მოსაზრებას, რომ რეზოლუცია “ქართული ოცნების” პოლიტიკას ასახავს, რომელიც რუსეთის არგაღიზიანებაზეა მიმართული კრემლისტური კონსერვატიული მოძრაობის წარმომადგენელიც იზიარებდა:

შოთა მარტინენკო, “კონსერვატიული მოძრაობა”: “[ქართული ოცნება] რუსეთის გაღიზიანების პოლიტიკაზე არ წავა ეხლა. ეს რეზოლუციაც გამოხატავს…“

შოთა მარტინენკო, “კონსერვატიული მოძრაობა”: “ოპოზიცია მოითხოვს ფორმულირებას, რომელმაც უნდა გააღიზიანოს რუსეთი, ხელისუფლება არ ეთანხმება.”

ამავე დროს სახელისუფლებო ექსპერტები მმართველი პარტიის პოზიციას იმით ამართლებდნენ, რომ “ქართული ოცნება” პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებით მოქმედებდა და უკრაინის მხარდაჭერის პარალელურად რუსეთს მოდავების საფუძველს არ უტოვებდა.

  • მმართველი პარტია უპირველესად ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და რუსეთს მოდავების საბაბს აცლიდა

თამთა მეგრელიშვილი: “ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა უმაღლესი კლასი. პირველი და მთავარი – საგარეო საკითხებთან მიმართებით სწორი პოზიციონირებისათვის, შექმნა რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც გამოხატა ღია მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სუვერენული უფლებების მიმართ, ამავდროულად, ტექსტს მსოფლიოში ვერავინ ეყოლება შემდავებელი (თქვენ წარმოიდგინეთ რუსებიც კი), იმდენად უდავო, სწორი და საყოველთაოდ აღიარებული მოცემულობები და მარტივი ჭეშმარიტებებია მოტანილი”.

გია გაბრიჭიძე:„ნებისმიერი რეზოლუცია, თუ ქმედების გადაწყვეტილება რომელიც სხვა სახელმწიფოებს შორის კონფლიქტურ ურთიერთობას ეხება, უნდა იყოს განმსჭვალული უპირველესად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე… აუცილებლად უნდა დაფიქსირებული საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის სრული მხარდაჭერა და არაფრის დიდებით არ უნდა იყოს “გოშიას სიმამაცის” მსგავსი.”

ედიშერ გვენატაძე: რეზოლუცია და თუ ქმედება უნდა ამოდიოდეს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და უნდა ემსახურებოდნენ მის უსაფრთხოებას! რაც რეალურად ჩანს კიდევაც ჩანს ამ რეზოლუციით!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და სახელისუფლებო ექსპერტები “ნაციონალური მოძრაობას” არსებული ვითარების ესკალაციაში ადანაშაულებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მათ არა უკრაინის, არამედ  საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და რუსეთის გაღიზიანება და პროვოცირება სურთ. 

  • ოპოზიციას/ნაციონალურ მოძრაობას კონფრონტაცია და რუსეთის პროვოცირება სურს

ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე: “მათი ნაბიჯების შედეგი არის ის, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას აქვს ჩაბარებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%. ეს არის ერთგვარი ომის პარტია. მათ აშკარად სურთ, რომ იხილონ ომი უკრაინაში, ეს პირდაპირ გამოსჭვივის მათი საუბრებიდან და მე მგონი ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ, რომ იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ.” 

ირაკლი ლატარია, სახელისუფლებო ექსპერტი: ,,ე.ი. რა ხდება, რეზოლუცია არ მოეწონათ ნაცებს, რატომ? იმიტომ, რომ იქ არ წერია ლილიპუტინი, არ იბრიქება სახელმწიფო, არ აკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთი შემოიჭრას და რაც მთავარია, ეს დოკუმენტი არ დაგვაკარგვინებს 110-ზე მეტ სოფელს და სრულ ოკუპაციაში არ მოგვაქცევს!!! ბოდიში ნაცებს, ლილიპუტინს არ ვწერთ და მეორე დღეს ყველა ჰესს არ ვუფორმებთ რუსებს.”

ედიშერ გვენატაძე: „ამ ადამიანების მიზანი ერთია, აირიოს სიტუაცია ქვეყანაში და აქედან სარგებელი ნახონ!“

ამავე გზავნილს იმეორებდნენ კრემლისტური აქტორები “ალტ-ინფოს” ეთერში. “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული კრემლისტური პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” ამტკიცებდა, რომ “ნაციონალურ მოძრაობა” შეგნებულ და მიზანიმართულ პროვოკაცის ეწევა, 2008 წლის ომის გამეორება უნდა, რითიც აშშ-ის დავალებას ასრულებს, რომელსაც უკრაინის გარდა დაძაბულობის კიდევ ერთი კერის გაჩენა და დასავლეთის თვალში რუსეთის “სიცუდის” დამტკიცება სურს.

  • ოპოზიცია დასავლეთის დაკვეთით მოქმედებს, რომელსაც დაძაბულობის ახალი კერების გაჩენა  და ყველაფერში რუსეთის დადანაშაულება სურს

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “ჩვეულებრივად საქართველოს მოღალატეები არიან,  მათი მარიონეტები არიან და ამოცანა არის, რომ ამ ცეცხლის უბედურებაში საქართველოც გახვიონ. ამერიკისთვის იდეალური სიტუაცია იქნება სადღაც ერთ წერტილში კიდევ გაჩნდეს უბედურების კერა, დამატებითი არგუმენტიც ექნება ევროპელი პარტნიორების მისამართით, რატომ არის რუსეთი ცუდი და პლიუს რუსეთს მოუწევს გარკვეული ძალების გადასროლა და ერთიანი მუშტის დაქსაქსვა, რომელიც ეხლა უკრაინისკენაა მიმართული.”

გიორგი ქარდავა, “კონსერვატიული მოძრაობა”: „საქართველოს შემთხვევაში რუსეთისთვის ამ ყველაფრის ფონზე რაღაც სიტყვიერი, ვერბალური ფორმით დაძაბულობის კერის გაჩენა და გაღიზიანების პოლიტიკის გატარება უკრაინას ვერაფერში ვერ უშველის მაგრამ, ჩვენ შეიძლება გაცილებით უფრო მეტი საფრთხე დაგვემუქროს. აი, ეგ მოხდება და ეგ არის კაცო ამოცანა ამ ადამიანების. ის ძალა, რომელიც ამათ აფინანსებს, ესენი მოიყვანა ხელისუფლებაში და ზოგადად, ამათ უკან დგას, მისი ამოცანა არის ძალიან მარტივი. ცეცხლოვანი კერები უნდა გაჩნდეს ამერიკის შეერთებული შტატები გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის საზღვრებთან, ანუ, უკრაინასთან ერთად საქართველოშიც თუ გაჩნდება ცეცხლოვანი კერა, სადაც დამატებითი ჯარების გადასროლა მოუწევს რუსეთს.“

ნიკოლოზ მჟავანაძე,”უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე, ტვ “ალტ-ინფოს” წამყვანი:: “ბევრი საქართველოს ჩათრევას ცდილობს ამ დაპირისპირებაში. ნაციონალები მათი სატელიტები აღშფოთდნენ იმის გამო, რომ რეზოლუციაში მაინდამაინც დედის გინება და “პუტინ ხუილო არ იყო ჩაწერილი.”

  • ნაციონალურ მოძრაობას უკრაინის რეზოლუციაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს, რადგან 2008 წელს ევროსაბჭოს რეზოლუაციაზე ხელმოწერით, მან ომის დაწყებაში საქართველო თავად დაადანაშაულა

მმართველი პარტიის წევრები და პროსახელისუფლებო ექსპერტები აცხადებდნენ, რომ წინა ხელისუფლებამ თვითონ აღიარა ომის დაწყებაში საკუთარი ბრალეულობა, რაც საერთაშორისო დოკუმენტებში, კერძოდ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციაში არის დადასტურებული. “ქართული ოცნების” წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობას” დიპლომატიის სტანდარტის დაწუნების მორალური უფლება არ აქვს და მათ მიერ ხელმოწერილი რეზოლუციები ყველას კარგად ახსოვს. იდენტური გზავნილი გაავრცელა “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერმა  და tvalsazrisi.ge-ის ავტორმა ირაკლი ჯანყარაშვილმაც. 

გარდა ამისა, პროსახელისუფლებო ექსპერტმა, ზურაბ ქადაგიძემ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნა ვიდეო მასალა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და იმდროინდელი ხელისუფლება საქართველოს ღალატში არიან დადანაშაულებული. ვიდეოს თანახმად, 2008 წლის ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ შემუშავებულ რეზოლუციაზე ხელის მოწერით “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ფაქტობრივად, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ომის დაწყება აღიარა.

Screenshot 1 3 რატომ არის რუსეთი პარლამენტის რეზოლუციაში უხსენებელი?
ვიდეო, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობა” რეზოლუციაზე ხელის მოწერის გამო სამშობლოს ღალატშია დადანაშაულებული, 26 იანვარს ანტიოპოზიციურმა ფეისბუკ გვერდმა პოლიტიკური სატირა / Political Satire და ფეისბუკ ანგარიშმა ტერენტი გლდანელი გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური სატირა / Political Satire-ის მიერ გამოქვეყნებული პოსტი დასპონსორებულია.

Screenshot 2 2 რატომ არის რუსეთი პარლამენტის რეზოლუციაში უხსენებელი?

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები და პრორუსული აქტორები წარსულშიც ამტკიცებდნენ, რომ წინა ხელისუფლებამ 2008 წლის რეზოლუციაზე ხელმოწერით თვითონ აღიარა ომის დაწყებაში საკუთარი ბრალეულობა. ამის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist