რას ეფუძნება ინფორმაცია სიკვდილმისჯილზე ექსპერიმენტის შესახებ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

4k
VIEWS

განახლება: ფეისბუქზე პოსტის მცდარად მონიშვნის შემდეგ გვერდზე TIA.GE გამოქვეყნებულ პოსტში შევიდა შესწორება.

15 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Maia Mushkudiani გაავრცელა პოსტი, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში სიკვდილმისჯილ ადამიანზე ექსპერიმენტი ჩაატარეს, თვალები აუხვიეს, ხელი გაუკაწრეს, თუმცა უთხრეს, რომ ვენა გადაუსერეს და ექსპერიმენტის განმავლობაში მას თასში წყლის წვეთების ჩაღვრის ხმა ესმოდა, რომელიც საკუთარი სისხლის ხმა ეგონა. პოსტის მიხედვით, როდესაც წვეთები შეწყდა, კაცს გული გაუჩერდა.  აღნიშნულ ექსპერიმენტს პოსტის ავტორი კოვიდ პანდემიას უკავშირებს და ამტკიცებს, რომ მის დასაძლევად ყველაზე მნიშვნელოვანი წინასწარი განწყობაა.

 

"
პოსტში მოცემული ინფორმაცია მტკიცებულების გარეშეა და სიმართლეს არ შეესაბამება. მასში მოხსენიებული მეცნიერი – ვიქტორ რეპანი ღია წყაროებში არ იძებნება. ღია წყაროებში ასევე არ გვხვდება ინფორმაცია აშშ-ში მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ. პოსტში გამოყენებული ფოტო 1898 წელსაა გადაღებული და მასზე სიკვდილმისჯილის ელექტროსკამზე დაბმის პროცედურაა აღბეჭდილი და არა რაიმე ტიპის ექსპერიმენტი.

პოსტში არ არის მოცემული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის ჩატარდა ექსპერიმენტი. ნახსენებია მხოლოდ ექსპერიმენტის ჩატარების ადგილი – აშშ, თუმცა, ღია წყაროებში ინფორმაცია მსგავსი ნებართვის გაცემის და ამ ტიპის ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ არ იძებნება.

ღია წყაროებში ასევე არ იძებნება ინფორმაცია მეცნიერ ვიქტორ რეპანის შესახებ, რომელმაც პოსტის ავტორის მტკიცებით, ექსპერიმენტი ჩაატარა.

ფოტო, რომელიც პოსტს აქვს დართული, არა ექსპერიმენტს, არამედ 1898 წელს აშშ-ში ელექტროსკამზე სიკვდილმისჯილის დასჯას ასახავს.

ქართულ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული სიუჟეტის მსგავსი ტექსტი 2004 წელს ვებ-გვერდ readthehook.com-ზე გამოქვეყნდა., სადაც  ბილ და რიჩ სოუნსების ინტერვიუში მოყვანილია ციტატა ბერნარ ლოუნის წიგნ “მკურნალობის დაკარგული ხელოვნებიდან”. ამ ციტატის მიხედვით, ინდოეთში 1936 წელს სწორედ ისეთი ექსპერიმენტი ჩატარდა, როგორიც პოსტშია აღწერილი, იმ განსხვავებით, რომ სიკვდილმისჯილი საწოლზე დააბეს, ნაკაწრები ოთხივე კიდურზე გაუკეთეს და თასები, რომლებშიც წყალი წვეთავდა, საწოლის ოთხივე კუთხეში დადგეს. თუმცა, ღია წყაროებში ინფორმაცია ინდოეთში ჩატარებული მსგავსი ექსპერიმენტის შესახებაც არ იძებნება.

ინტერნეტ სივრცეში მსგავსი ტიპის ექსპერიმენტების შესახებ ინფორმაცია ადრეც გავრცელებულა. ერთ-ერთი ასეთი მითი უკავშირდებოდა აშშ-ში, ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი რუსეთში მომხდარ ამბავს, სადაც თითქოს პატიმარს უთხრეს, რომ მას კობრა უკბენდა და ასე დასჯიდნენ სიკვდილით. ამის შემდეგ მას თვალები აუხვიეს და ნემსით დაჩხვლიტეს. იგი მაშინვე გულის შეტევით გარდაიცვალა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, მის ორგანიზმში იმ ტოქსიკური ნივთიერებების სიჭარბეც დადგინდა, რომელიც კობრას ნაკბენის შედეგად ვრცელდება. აშშ-ში ჩატარებული ექსპერიმენტის მსგავსად, ეს ამბავიც მტკიცებულების გარეშეა. კობრის ნაკბენით არც აშშ-ში და არც რუსეთში ადამიანს სიკვდილით არ სჯიან.

მსგავსივე ლეგენდა იყო გავრცელებული ინგლისშიც. ამ შემთხვევაში ადამიანს ჩამოხრჩობით სჯიდნენ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კი დანით ყელის გამოჭრა მიუსაჯეს. მას თვალები აუხვიეს და ყელში დანის არა მჭრელი, არამედ ბლაგვი მხარე გამოუსვეს. მიუხედავად ამისა, პატიმარი გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს ინფორმაციაც არ შეესაბამება სიმართლეს.

აშშ-ში ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ იდენტური შინაარსის პოსტები არაერთ ფეისბუქ გვერდზე და ჯგუფში გამოქვეყნდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist