რა ვიცით უშაქრო საღეჭი რეზინების შემადგენლობაზე?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

1.5k
VIEWS

9 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მამაკაცი რუსულ ენაზე უშაქრო საღეჭი რეზინების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ასეთ საღეჭ რეზინებს ტკბილი გემო მაინც აქვთ, რადგან ისინი დამატკბობელ საკვებ დანამატ E934-ს შეიცავენ. E934 კი ასპარტინის მჟავაა, რომელიც ქირურგიური ოპერაციის, ლობოტომიის დროს გამოიყენებოდა და რომელიც ფსიქიკას აზიანებს. მამაკაცი ამბობს იმასაც, რომ ასპარტინის მჟავა ორგანიზმში არ გადამუშავდება და მხოლოდ გროვდება. ვიდეოს მიხედვით, სწორედ ამიტომ ადამიანებს, რომლებიც საღეჭ რეზინებს ხშირად მოიხმარენ, ინფორმაციის ანალიზის უნარი უქვეითდებათ და თვალებს ერთი მიმართულებით ვერ ასწორებენ. 

Screenshot 2023 10 23 113624 რა ვიცით უშაქრო საღეჭი რეზინების შემადგენლობაზე?

მტკიცება, თითქოს უშაქრო საღეჭი რეზინები მომწამვლელ საკვებ დანამატ E934-სა და ასპარტინის მჟავას შეიცავს, ყალბია. რეალურად, საკვები დანამატების ჩამონათვალში ნივთიერება კოდით E934 საერთოდ არ იძებნება. ხოლო ასპარტინის მჟავა ამინო მჟავაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივად წარმოიქმნება. 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას სურსათის შემადგენლობისა და წარმოების შესახებ შექმნილი აქვთ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების, ნორმების, მითითებების და რეკომენდაციების კრებული სახელწოდებით CODEX ALIMENTARIUS, რომელიც საკვები დანამატების საძიებო სისტემასაც მოიცავს. ჩამონათვალი პროდუქტების შესახებ ახალი კვლევების შესაბამისად პერიოდულად იცვლება და ახლდება. საძიებო სისტემაში შესული ყველა საკვებ დანამატს, მათ შორის დამატკბობლებს, საკუთარი კოდი აქვს მინიჭებული. თუმცა ჩამონათვალში საკვები დანამატი კოდით 934 არ იძებნება. 

რაც შეეხება ასპარტინის მჟავას, ის ამინომჟავათა ჯგუფს მიეკუთვნება და ცალკე აღებული საკვებ დამატკბობელს არ წარმოადგენს, თუმცა გარკვეული რაოდენობით ფენილალანინისთან ერთად შედის საკვები დანამატის ასპარტამის შემადგენლობაში. 

ასპარტინის მჟავა შესაძლოა ორგანიზმში არსებული სხვა ნივთიერებებისგან ორგანიზმშივე წარმოიქმნას. საინტერესოა, რომ მისი არსებობა სხვა ამინომჟავებისა და ზოგიერთი ნუკლეოტიდის წარმოებას უწყობს ხელს. ასპარტინის მჟავა მონაწილეობს ნერვული სისტემისა და ჰორმონალური სისტემის ფუნქციონირებაში.  შესაბამისად, მტკიცება, თითქოს ასპარტინის მჟავა ორგანიზმისთვის მიუღებელია და მისი არა გადამუშავება, არამედ მხოლოდ დაგროვება ხდება, მცდარია.

ვიდეოში მამაკაცი ამბობს იმასაც, რომ ასპარტინის მჟავა ლობოტომიის ოპერაციის დროს გამოიყენებოდა, როცა თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროებს ერთმანეთისგან ყოფდნენ. რეალურად, ლობოტომია მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროს ერთმანეთისგან დაშორებას არ გულისხმობს. ლობოტომიის დროს პაციენტის თავის ტვინის შუბლის წილისა და დიენცეფალონის შემაერთებელი ნერვული ბოჭკოები იჭრება, ზიანდება ან ქიმიურად მოდიფიცირდება. ამგვარ ოპერაციას მეოცე საუკუნის 30-50-იან წლებში ძირითადად ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებს უტარებდნენ, თუმცა ამჟამად ოპერაცია სხვადასხვა ქვეყანაში აკრძალულია და კვლევებით მისი არაეფექტიანობა და ჩატარების მაღალი რისკი დადასტურებულია. აღსანიშნავია, რომ ლობოტომიის ერთ-ერთი ტიპს თავის ტვინში  სკლეროზული აგენტების (sclerosing agents) შეყვანა წარმოადგენდა. თუმცა სკლეროზულ აგენტების შემადგენლობაში, მისი თვისებებიდან გამომდინარე, ასპარტინის მჟავა არ გვხვდება. 

რას შეიცავს უშაქრო საღეჭი რეზინი?

სხვადასხვა ბრენდის უშაქრო საღეჭი რეზინები სხვადასხვა ნივთიერებისგან შედგება. ტკბილი გემოს მისაღებად გამოყენებული დამატკბობლები ძირითადად შეიცავენ: პოლიოლებს (ასევე ცნობილი როგორც შაქარი-ალკოჰოლი/Sugar Alcohols), ასპარტამსა და სტევიას. 

შაქარი-ალკოჰოლები თავის მხრივ რამდენიმე სახისაა, უშაქრო საღეჭ რეზინებში ყველაზე ხშირად ქსილიტოლი, იზომალტი, მალტიტოლი, მანიტოლი და სორბიტოლი გვხვდება. ისინი ძირითადად კენკროვანი და სხვა ხილისგან მიიღება. 

სტევია ბუნებრივი დამატკბობელია, რომელიც მცენარე სტევიას ფოთლებისგან მიიღება. 

ასპარტამი ხელოვნური დამატკბობელია, რომელიც ორი ამინომჟავისგან – ფენილალანინისგან და ასპარტინისგან ხელოვნურად მიიღება. ასპარტამის თვისებების შესახებ მრავალი კვლევაა ჩატარებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC), სურსათისა და სოფლიოს მეურნეობის სააგენოს (FAO) და სურსათის დანამატების კვლევის გაერთიანებული საექსპერტო კომიტეტიs (JECFA)  უახლესი 2023 წლის 14 ივლისის განახლების მიხედვით, ასპარტამის კარცენოგენური თვისებების დასადასტურებლად ადამიანებში “არასაკმარისი,” ხოლო საექსპერიმენტო ცხოველებში “საკმარისზე ნაკლები” მეცნიერული მტკიცებულება არსებობს და შესაბამისად, მისი მოხმარების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტი არ შეცვლილა. თუმცა კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო (IARC) ასპარტამს ადამიანებში შესაძლო კარცენოგენად აღიარებს.

ხაზგასასმელია, რომ კვლევები იმის შესახებ, ზრდის თუ არა ასპარტამის მოხმარება კიბოს განვითარების რისკს, კვლავ მიმდინარეობს. თუმცა ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (efsa) 2013 წლის სამეცნიერო დასკვნის მიხედვით, ასპარტამი ტვინის რაიმე ტიპის დაზიანებას ან ისეთ ქცევით ცვლილებებს, როგორიცაა ჰიპერაქტიურობა, არ იწვევს. 

წყაროს შესახებ

ვიდეოში ვიქტორ ალექსეევიჩ ეფიმოვი საუბრობს. მისივე Youtube არხის აღწერის მიხედვით, ის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკურ მეცნიერათა კანდიდატი, მენეჯმენტისა და ისტორიის კათედრის პროფესორია. ეფიმოვი პეტერბურგის აგრარული უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას იკავებდა. კრემლის პროპაგანდისტურლი გამოცემის lenta.ru-ს 2019 წლის 15 ივლისის მასალის მიხედვით, მაშინ უკვე ყოფილმა რექტორმა აღიარა, რომ თანამდებობაზე ყოფნისას უნივერსიტეტის კუთვნილი 28 მილიონი რუბლი გაფლანგა. Lenta.ru-ს მიხედვით, ეფიმოვმა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) პეტერბურგის განყოფილებაში ჩაატარა ლექცია ძველ ეგვიპტეში შექმნილი კონსპირაციული ჯგუფის შესახებ, რომლის დამფუძნებლები შთამომავლებიც მსოფლიოს დღემდე მართავენ. 

Screenshot 2023 10 23 113631 რა ვიცით უშაქრო საღეჭი რეზინების შემადგენლობაზე?

რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ის ნაწყვეტია ეფიმოვის 2015 წელს გამოქვეყნებული გამოსვლიდან “იდეოლოგიური უსაფრთხოების საფუძვლები,” რომლის აღწერის მიხედვითაც, ის პეტერბურგის აგრარული უნივერსიტეტის პირველკურსელებს მიმართავდა. 

Screenshot 2023 10 23 113639 რა ვიცით უშაქრო საღეჭი რეზინების შემადგენლობაზე?

ეფიმოვს ეკუთვნის წიგნი “გლობალური მმართველობა და ადამიანი: როგორ გავექცეთ მატრიცას,” რომელშიც ავტორი მსოფლიოს მმართველ ფარულ ძალებზე საუბრობს.

Screenshot 2023 10 23 113646 რა ვიცით უშაქრო საღეჭი რეზინების შემადგენლობაზე?

აღსანიშნავია, რომ ეფიმოვის ვიდეოს ნაწყვეტი საღეჭი რეზინების შესახებ 2022 წელს ყახაზეთშიც გავრცელდა. ვიდეო ყაზახურმა გამოცემა stopfake.kz-მ გადაამოწმა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist