Project Veritas-ის მიერ გამოქვენებული დოკუმენტები არ ამტკიცებს, რომ Pfizer-ი ინფორმაციას მალავდა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

173
VIEWS

2023 წლის 22 მარტს ფეისბუქ-ჯგუფში ანტილაბ-საქართველო მომხმარებელმა Lado Qartvelishvili გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც Project Veritas-მა გაავრცელა დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ კომპანია Pfizer-მა იცოდა ვაქცინაციის შემდეგ მიოკარდიტის პოტენციური რისკის არსებობის შესახებ გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებში, მაგრამ ვაქცინაცია მაინც განაგრძეს. იგივე შინაარსის ინფორმაცია რუსულენოვანმა ტელეგრამ-არხმა Джинн из Пробирки | Биолаборатории 21 მარტს გაავრცელა. ტელეგრამ-არხის მიერ გავრცელებულ პოსტში აღნიშნულია, რომ მიოკარდიტის გაზრდილი რისკის შესახებ Pfizer-ს ინფორმაცია 2022 წლის დასაწყისში ჰქონდა. უშუალოდ Project Veritas-მა დოკუმენტები 2023 წლის 16 მარტს გაავრცელა.

Screenshot 2 6 Project Veritas-ის მიერ გამოქვენებული დოკუმენტები არ ამტკიცებს, რომ Pfizer-ი ინფორმაციას მალავდა

ორგანიზაციის Project Veritas-ის მიერ გავრცელებული დოკუმენტები არ ამტკიცებს, რომ Pfizer-მა მიოკარდიტის პოტენციური რისკის შესახებ ინფორმაცია დამალა. დოკუმენტში ციტირებული კვლევები, საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი დოკუმენტის გამოქვეყნებამდე. Project Veritas-ი ამერიკული ულტრა-მემარჯვენე ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა ჯგუფის დისკრედიტაციის მიზნით არაკეთილსინდისიერ ჟურნალისტურ მეთოდებს იყენებს და ვაქცინაციასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს. 

რუსულენოვან ტელეგრამ-პოსტში აღნიშნულია, რომ 2022 წლის დასაწყისში Pfizer-მა იცოდა Covid-19-ის ვაცინის მიღების შემდეგ მიოკარდიტის გაზრდილი რისკის არსებობის შესახებ და ეს ინფორმაცია დამალა. ეს მტკიცება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კომპანია ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას საზოგადოებისგან მალავდა. თუმცა რეალურად დოკუმენტი, რომლებიც Project Veritas-მა გაავრცელა, ამ ინფორმაციას არ ამტკიცებს. დოკუმენტის მიხედვით, ის mRNA ვაქცინის ადმინისტრირების შემდეგ მიოკარდიტისა და პერიკარდიტის გამოვლენის შემთხვევებზე არსებულ ინფორმაციას და რეკომენდაციებს მოიცავს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ის ბოლოს 2022 წლის 11 თებერვალს განახლდა.

მიოკარდიტი გულის კუნთის ანთებაა, ხოლო პერიკარდიტი გულის გარეთ არსებული ლორწოვანი გარსის ანთება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კლინიკური კვლევის ეტაპზე, ვაქცინა 20 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო და კვლევის ამ ეტაპზე გვერდითი მოვლენები ვაქცინაციისთვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტებით შემოიფარგლებოდა (მაგ. სიცხე, ნანემსარის შეწითლება და ა.შ) დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიოკარდიტის იშვიათი (დაახლოებით 2.3 შემთხვევა 100 000 ადამიანზე) და მსუბუქი შემთხვევები მას შემდეგ გამოვლინდა, რაც ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცეს და მათი ფართომასშტაბიანი გამოყენება დაიწყო. Pfizer-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია 2020 წლის დეკემბერში მიიღო.

ინფორმაცია, რომ Covid-19-ის ვაქცინების გამოყენება მიოკარდიტის გამოვლენასთან შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული, მედიაში პირველად 2021 წლის აპრილში გავრცელდა. კვლევები, რომლებიც Project Veritas-ის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია ციტირებული, 2021 წლის ბოლოდან არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და Pfizer-ის მიერ ჩატარებული კვლევები არ არის. ერთ-ერთი ასეთი კვლევა ხელმისაწვდომი უკვე 2021 წლის ოქტომბერში იყო. კვლევა ისრაელში ჩატარდა და 2020 წლის 20 დეკემბრიდან 2021 წლის 31 მაისამდე შეგროვებულ მონაცემებს მოიცავდა. კიდევ რამდენიმე მსგავსი კვლევა 2021 წლის ოქტომბერ-დეკემბერის პერიოდში გამოქვეყნდა. ინფორმაცია ვაქცინაციასთან ასოცირებული მიოკარდიტის მცირედით გაზრდილი რისკების შესახებ გავრცელებული იყო არა მარტო კვლევით-სამედიცინო წრეებში, არამედ მედიასაშაუალებების მიერაც შუქდებოდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ნოემბერში საფრანგეთში ჯანდაცვის სამინისტრომ 30 წელს ქვემოთ პირებში მოდერნას ვაქცინის გამოყენების საწინააღმდეგო რეკომენდაცია გასცა. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო კვლევითან, რომელმაც გამოავლინა, რომ იშვიათ შემთხვევებში mRNA ვაქცინები მიოკარდიტის გამოვლენასთან იყო დაკავშირებული. მეტიც, მიოკარდიტი როგორც ვაქცინების გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტი 2021 წლის ნოემბერში თავად Pfizer-ის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია მითითებული. ამჟამად აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) საიტზე აღნიშნულია, რომ აშშ-ში ვაქცინის ადმინისტრირების შემდეგ მიოკარდიტი და პერიკარდიტი იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტია. CDC-ის მიხედვით, დაკვირვებების შედეგად მიღებული მონაცემები, Covid-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინებსა და მიოკარდიტსა და პერიკარდიტს შორის მიზეზშედეგობრივ კავშირზე მიუთითებს. სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ მიოკარდიტისა და პერიკარდიტის შემთხვევები უფრო ხშირად ახალგაზრდა კაცებში ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 7 დღეში გამოვლინდა, თუმცა ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა მიოკარდიტი/პერიკარდიტი პირველი დოზის და ბუსტერ დოზის შემდეგ გამოვლინდა.

მიუხედავად იმისა, რომ მიოკარდიტი და პერიკარდიტი ვაქცინების შესაძლო გვერდითი მოვლნებად ითვლება, აღსანიშნავია, რომ ეს გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია. გარდა ამისა 2022 წლის თებერვალში Nature Reviews-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, Covid-19-ის გადატანის შემდეგ მიოკარდიტის გამოვლენის შემთხვევები გაცილებით აღემატება ვაქცინების გამოვლენის შედეგებს. ჩვეულებრივი, ვირუსული მიოკარდიტის გამოვლენის სიხშირე წელიწადში 100 000 ადამიანზე 1-10 შემთხვევას მოიცავს, Covid-19-ის გადატანის შემდეგ გამოვლენილი მიოკარდიტის სიხშირე 100 000 ინფიცირებულზე 1000-4000 შემთხვევას მოიცავს, ხოლო mRNA ვაქცინით აცრის შემდეგ მიოკარდიტის გამოვლენის სიხშირე 100 000 ვაქცინირებულში 0.3-5 შემთხვევას წარმოადგენს. ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ mRNA ვაქცინის შემდგომი მიოკარდიტი იშვიათია, შემთხვევები ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს და ამავდროულად პაციენტის გამოჯანმრთელება რამდენიმე დღეში ან კვირაში ხდება. შესაბამისად კვლევის ავტორები Covid-19-თან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების გათვალისწინებით, გვერდითი მოვლენის მიუხედავად, ვაქცინაციის რეკომენდაციას გასცემენ. ვაქცინების შემდგომ მიოკარდიტთან და პერიკარდიტთან დაკავშირებულ უკვე ნახსენებ სხვა კვლევებშიც აღნიშნულია, რომ მიოკარდიტისა და პერიკარდიტის შემთხვევები მსუბუქი და საშუალო სირთულით ვლინდებოდა.

Screenshot 3 5 Project Veritas-ის მიერ გამოქვენებული დოკუმენტები არ ამტკიცებს, რომ Pfizer-ი ინფორმაციას მალავდა

2022 წლის ივნისში The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 18-64 წლამდე 15 148 369 აცრილ ადამიანში მიოკარდიტი, პერიკარდიტი ან ორივე 411 შემთხვევაში გამოვლინდა. Тhe Lancet-ში გამოქვეყნებული კიდევ ერთ კვლევაში აღნიშნულია, მოდერნას ვაქცინის შემთხვევაში ამ გვერდითი ეფექტის გამოვლენის სიხშირე 100 000 კაცზე 1.55-3.04 იყო, ხოლო Pfizer-ის ვაქცინის შემთხვევაში 1.31-2.23. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა წარსული კვლევების გამოცდილება, რომ გვერდითი ეფექტების გამოვლენა მოკლევადიანია. ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ მიოკარდიტი და პერიკარდიტი ვაქცინებთან ასოცირებული ახალი გვერდითი მოვლენები არ არის და სხვა ვაქცინებიც, კონკრეტულად კი ჩუტყვავილას ვაქცინა მიოკარდიტის გაზრდილ რისკთან იყო დაკავშირებული. კვლევის მიხედვით, ეს მიუთითებს, რომ დაავადება არ არის სპეციფიკური ახალ mRNA ვაქცინებთან და არც SARS-CoV-2 სპაიკ პროტეინთან მიმართებით. კვლევაში აღნიშნულია, რომ დაავადების გამომწვევი სხვა მექანიზმის ვერსიები არსებობს, თუმცა ცალსახა მტკიცებულებები, რომლებიც სრულად ახსნიდა ვაქცინებსა და მიოკარდიტს შორის კავშირს, ამჟამად არ არსებობს.

რა არის Project Veritas?

Project Veritass ამერიკული ულტრამემარჯვენე აქტივისტთა ჯგუფია, რომელიც ჯეიმს ო’კიფის მიერ 2010 წელს დაარსდა. ჯგუფი სხვადასხვა ხერხით, ფარული ვიდეოებისა და დამონტაჟებული ვიდეოების საშუალებით ძირითადად მედია ორგანიზაციებისა და პროგრესული ჯგუფების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.  Project Veritas-ი ხშირად ხელს უწყობს დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების გავრცელებას. 

2023 წლის თებერვალში, Project Veritas-მა გაავრცელა ვიდეო, რომელიც ორგანიზაციის თანახმად, ამტკიცებდა, რომ Pfizer-ი ფინანსური მოგების მიზნით კორონავირუსის მუტაციების შექმნაზე მუშაობდა. თუმცა ვიდეო Pfizer-ის მიერ სახიფათო ექსპერიმენტების ჩატარებას არ ადასტურებს. რამდენიმე სხვადასხვა ორგანიზაციამ მათ შორის, ფაქტების გადამოწმების ამერიკულმა სამსახურმა Factcheck.org-მა და გამოცემა Forbes-მაც Project Veritas-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმეს და უარყვეს.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით Project Veritas-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარსულში “მითების დეტექტორმაც” გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:

წყაროს შესახებ:

ჯგუფი ანტილაბ-საქართველო თავისი შინაარსით ორგანიზაცია Antilab-თან არის დაკავშირებული. ორგანიზაცია “ამერიკულ ბიოლაბორატორიებს” და ბიოლოგიურ იარაღს ეწინააღმდეგება და საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიას ავრცელებს. ჯგუფში “ანტილაბ-საქართველო” პოსტებს ძირითადად ერთი მომხმარებელი, Lado Qartvelishvili-ი აქვეყნებს. ამ ჯგუფში ქართველიშვილის მიერ გამოქვეყნებული დეზიფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.

არქივის ბმულები 1,2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist