3 დეზინფორმაცია DTRA-ს პროგრამასა და უკრაინაში ინფექციების გავრცელებაზე

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

453
VIEWS

9 აგვისტოს რუსულ ონლაინ გამოცემა Ridus.ru-ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: “ვირუსოლოგი გრიგორიანი: როგორ გაყინა სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ უკრაინაში აშშ-ს ბიოლაბორატორიების საქმიანობა”. გამოცემასთან ინტერვიუში გრიგორ გრიგორიანი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა “არამხოლოდ ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური ნაბიჯებით”, არამედ უკრაინიდან მომავალი ბიოლოგიური საფრთხის უგულვებელყოფის საჭიროებით იყო განპირობებული. უკრაინაში “ამერიკული ბიოლაბორატორიების” მოქმედებას გრიგორიანი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთ სააგენტოს DTRA-ს საქმიანობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ეს პროგრამა აშშ-ს საშუალებას აძლევს გვერდი აუაროს 1972 წლის ჟენევის კონვენციას ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ. გრიგორიანის მტკიცებით, პროგრამა ასევე კარტახენის პროტოკოლის და მთელი რიგი სხვა კონვენციების დარღვევით ხორციელდება. ინტერვიუში გრიგორიანი ასევე აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან პოსტ-საბჭოთა სივრცეში იმატებს სხვადასხვა ინფექციური დაავადებები, რასაც ის ბიოლაბორატორიების საქმიანობას უკავშირებს, მაგალითისთვის კი მოჰყავს უკრაინაში 2011 წლიდან ქოლერის “გახშირებული” აფეთქებები და 2014 წელს უკრაინის მოსახლეობის ებოლათი ინფიცირება.

13 აგვისტოს იგივე ინტერვიუ რუსულ ენაზე თავის საიტზე გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” და ორგანიზაცია Antilab-მაც გამოაქვეყნა. პოსტის სახით კი ინტერვიუს თარგმნილი მონაკვეთები ფეისბუკ-მომხმარებელმა Lado Qartvelishvili-მა ჯგუფში ანტილაბ-საქართველო 17 და 18 აგვისტოს გააზიარა.

Screenshot 1 3 დეზინფორმაცია DTRA-ს პროგრამასა და უკრაინაში ინფექციების გავრცელებაზე

გრიგორი გრიგორიანის ინტერვიუ რამდენიმე დეზინფორმაციულ მტკიცებას შეიცავს. 1.მტკიცება, თითქოს DTRA აშშ-ს საშუალებას აძლევს ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო კონვენციებს გვერდი აუაროს, მცდარია, სააგენტო მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების შეკავების მიმართულებით მუშაობს და შეიარაღების კონტროლის შესახებ რამდენიმე ხელშეკრულების აღსრულებაშია ჩართული. 2. 2014 წელს უკრაინაში ებოლა არ გავრცელებულა 3. უკრაინაში ქოლერას შემთხვევები ანომალური არ არის, სხვადასხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში ქოლერის ვირუსის კერები არსებობს და დაავადება პერიოდულად იჩენს თავს. 

  • რა არის DTRA?

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) 1998 წელს ჩამოყალიბდა.  მისი წინამორბედი სააგენტობის ისტორია სათავეს მანჰეტენის პროექტიდან იღებს და სხვადასხვა დროს DTRA-ს წინამორბედი სააგენტოების მისია ბირთვული შეიარაღების სფეროში სხვადასხვა გამოწვევის შესაბამისად იცვლებოდა. თუ მანჰეტენის პროექტის ფარგლებში ბირთვული იარაღი იყო შემუშავებული, უკვე ცივი ომის პერიოდში DTRA-ს წინამორბედი სააგენტოების ფუნქციებში განიარაღების მიმართულებით მუშაობაც შედიოდა. 1998 წლიდან DTRA-ს მისია მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების და ახალი საფრთხეების წარმოქმნის შეკავებაა. DTRA აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან პოტენციური საფრთხეების განეტრალების მიზნით, რისი ერთ-ერთი მაგალითია ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამა (BTRP). სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში უკრაინასთან და საქართველოსთან თანამშრომლობა არაერთხელ გამხდარა კრემლის დეზინფორმაციის სამიზნე. აღსანიშნავია, რომ პროგრამა მთელ რიგ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის უშუალოდ რუსეთშიც მოქმედებდა.

ვრცლად აღნიშნული პროგრამის და უკრაინის ბიოლობორატორიების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

აღსანიშნავია, რომ ინტერვიუში გრიგორიანი არ ხსნის, როგორ იყენებს აშშ DTRA-ს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვაზე ჟენევის კონვენციისთვის გვერდის ასავლელად. კონვენციის შემუშავებაში ერთ-ერთი წამყავანი როლი სწორედ აშშ-ს ჰქონდა. კონვენციაზე მუშაობა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა და მისი რატიფიცირება აშშ-ის მიერ ჯერ კიდევ 1975 წელს მოხდა, DTRA-ს შექმნამდე. აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის პროგრამა 1969 წელს პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის ბრძანებით შეწყდა. რაც შეეხება კარტახენის პროტოკოლის აშშ ამ პროტოკოლის და მისი მშობელი კონვენციის, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის კონვენციის, წევრი არ არის. კარტახენის პროტოკოლის მიზანი დედამიწაზე არსებული ბიომარავლფეროვნების ბიმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან დაცვაა. ბიომარავლეფეროვნების დაცვის კონვენციასა და მის თანხმლებ კარტახენის პროტოკოლს ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღთან კავშირი არ აქვთ.

გრიგორიანი ამბობს, რომ DTRA სხვადასხვა კონვენციის დარღვევით მუშაობს, თუმცა არ აკონკრეტებს როგორ. აღსანიშნავია, რომ სწორედ DTRA არის შეირაღების კონტროლთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმების შესრულების გაკონტროლებაზე პასუხისმგებელი, ამ შეთანხმებებს შორისაა ახალი START-ი, ყოვლისმომცველი ბირთვული ტესტების აკრძალვის ხელშეკრულება, შეთანხმება პლუტონიუმის წარმოების შესახებ, შეთანხმება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების შეთანხმებები.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ “სახიფათო ამერიკულ ბიოლაბორატორიებზე” დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა. ამ ფონზე DTRA-ს საიტზე სისტემატურად ქვეყნდება ინფორმაცია უკრაინის უწყებებთან მისი თანამშრომლობს შესახებ. უკრაინაში ე.წ ბიოლოგიური იარაღის პროგრამებთან დაკავშირებით კრემლის ბრალდებებს გაერო ჯერ კიდევ მარტში გამოეხმაურა. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ბრალდებები საფუძველსაა მოკლებული. განიარაღების საკითხებში გაეროს უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის პროგარმების შესახებ ცნობები არ არსებობს.  

  • უკრაინაში ქოლერას გავრცელების ბუნებრივი კერები არსებობს და დაავადების პერიოდული გამოვლენა მის ხელოვნურად გავრცელებას არ უკავშირდება.

ინტერვიუში გრიგორიანი ამბობს, რომ უკრაინაში ქოლერას აფეთქებების შემთხვევები გახშირდა და აღნიშნავს, რომ უკრაინა ტროპიკული ქვეყანა არ არის. შესაბამისად, იქმნება წარმოდგენა, რომ უკრაინაში ამ დაავადების გავრცელება უცნაურია. გრიგორიანს მაგალითად მოჰყავს 2011, 2014, 2015 წლებში მარიუპოლში ქოლერას აფეთქებები და 2017 წელს მიკოლაევში 350 შემთხვევის დადასტურება. 2011 წელს მარიუპოლში მართლაც გავრცელდა ქოლერა. შემთხვევების გამოვლენის შემდეგ ქალაქის მოსახლეობისთვის გაიცა რეკომენდაცია არ ეთევზავათ და არ ებანავათ ზღვაში. თუმცა გრიგორიანის მიერ აღწერილი სხვა შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. 2017 წელს მიკოლაევში, სადაც გრიგორიანის თქმით, დაავადების კიდევ ერთი აფეთქება იყო, მდინარე ინგულის გეგმიური შემოწმების შედეგად ქოლერის გამომწვევი ბაქტერია მართლაც გამოავლინეს, თუმცა დაავადების შემთხვევები არ დადასტურებულა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ქოლერის გამომწვევი ბაქტერიის ბინადრობის ბუნებრივი კერები არსებობს და ყოველწლიურად, თბილ ამინდში მისი გავრცელების შესაძლებლობა იმატებს. ამის შესახებ მარიუპოლში ქოლერის გავრცელების დროს სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის წარმომადგენელი ვლადიმირ სუხაჩევი გამოცემა Ukrainskaya Pravda-ს ესაუბრა. იმავე გამოცემასთან უკრაინის ინფექციონისტების ასოციაციის თავმჯდომარემ ტერნოპოლის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფერსორმა, მიხალ ანდრეიჩინმა აღნიშა, რომ ქოლერის გამომწვევ ბაქტერიას უკრაინის და სსრკ-ს ტერიტორია “პრაქტიკულად არ დაუტოვებია”. ეს ბაქტერია ბუნებაში ცირკულირებს და პერიოდულად მისი აღმოჩენა წყალსაცავებში ხდება. ინფიცირება ძირითადად წყლიდან ხდება, უფრო იშვიათად დაბინძურებული საკვები პროდუქტებიდან. მთლიანობაში დაავადების გავრცელებას ცუდი სანიტარიული პირობები უწყობს ხელს. როგორც იკვეთება, უკრაინაში ქოლერის გავცელების კერები ბუნებრივად არსებობს და დაავადების პერიოდული აფეთქება ინფექციის ხელოვნურ გავრცელებას არ უკავშირდება. 

  • 2014 წელს უკრაინაში ებოლა არ გავრცელებულა

2014-2016 წლებში მსოფლიოში ებოლას აფეთქების პერიოდში უკრაინაში ებოლას ვირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დადასტურებულა. ამ პერიოდში უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არსებობდა დაავადების გავრცელების რისკები. ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვასილი ლაზორიშინეცის თქმით, უკრაინას ჰქონდა კავშირი, აქტიური მიმოსვლა და ვაჭრობა აფრიკის იმ ქვეყნებთან, სადაც ვირუსი ფართოდ იყო გავრცელებული და შესაბამისად ქვეყანა მზად უნდა ყოფილიყო ვირუსის შემთხვევების გამოვლენისთვის.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ბიოლაბორატორიებში აშშ-ს ჩართულობით “სახიფათო” კვლევებისა და ბიოლოგიური იარაღის პროგრამების შესახებ დეზინფორმაცია აქტიურად ვრცელდება. ამ თემასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist