1 და 3 აპრილს ფეისბუქ ანგარიშმა “შიინ ევროპისკენ” ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერების შესახებ ორი პოსტი გამოაქვეყნა (1,2). 1 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტს ფოტო აქვს დართული, რომელზეც სამ დრეგ ქვინს ვხედავთ. მათგან ერთ-ერთს უჭირავს პლაკატი გრიგორიადისის ფოტოთი და წარწერით “#თავისუფლება ლაზარეს”. თანდართული აღწერის მიხედვით, გრიგორიადისს ამერიკული რეალითი შოუს ტრანსგენდერები უცხადებენ სოლიდარობას. 3 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ ლაზარეს სოლიდარობაში ბელგიის პრაიდის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელზეც ვხედავთ კაცს ვარდისფერი და ყვითელი ფერის თმითა და წვერით. ამ შემთხვევაშიც, კაცს უჭირავს პლაკატი იდენტური წარწერით – “#თავისუფლება ლაზარეს”.
გავრცელებული ფოტოები პროგრამულადაა დამუშავებული. ფოტო, რომელზეც დრეგ ქვინებს ვხედავთ, 2022 წელს გავრცელდა და ორიგინალ ფოტოზე მათ პლაკატი არ უჭირავთ. რაც შეეხება მეორე ფოტოს, ის ტვიტერზე 2020 წლიდან იძებნება და პლაკატი არც ამ ფოტოზე გვხვდება.
1 აპრილს გავრცელებულ ფოტოზე ვხედავთ სამ დრეგ ქვინს დიდი ბრიტანეთიდან, სასცენო სახელებით Baga Chipz, Blu Hydrangea და Cheryl Hole. აღნიშნული ფოტოს ყველაზე ძველი ვერსია BBC-ის ერთ-ერთ სტატიაში იძებნება, რომელიც 2022 წლის 7 თებერვლითაა დათარიღებული. სტატია ლგბტქ რეპრეზენტაციაში სატელევიზიო გადაცემა RuPaul’s Drag Race-ის როლს ეხება. ფოტოზე მოცემული სამივე დრეგ ქვინი სწორედ ამ შოუს მონაწილე იყო. ფოტოს ორიგინალ ვერსიაზე პლაკატი საერთოდ არ გვხვდება.

რაც შეეხება 3 აპრილს გავრცელებულ ფოტოს, ის 2020 წლის 7 მაისს ტვიტერის ანგარიშმა Kiitattz-მა გაავრცელა. პლაკატი რაიმე წარწერით არც ამ ფოტოზე გვხვდება.
ლაზარე გრიგორიადისის დაკავების შემდეგ, რომელსაც 7-9 მარტს “აგენტების კანონის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა ედება ბრალად, ანგარიშმა შიინ ევროპისკენ გრიგორიადისის დისკრედიტაციის მიზნით არაერთი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოების ნაწილით ავტორი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ გრიგორიადისს მხარს ლგბტქი თემის წარმომადგენლები უჭერენ, ხოლო ნაწილი იმაზე მიანიშნებს, თუ რა ელის მას ციხეში.
წყაროს შესახებ:
ანგარიში შიინ ევროპისკენ ამავე სახელწოდების ორ სხვა ანგარიშთან (1,2) ერთად კოორდინირებულად ავრცელებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის მტკიცებებსა და გაყალბებულ ფოტო-ვიდეო მასალას. გვერდი არასამთავრობო ორგანიზაციების წამოწყებული სამოქალაქო კამპანიის “შინ ევროპისკენ” საპირწონედ შეიქმნა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
ანგარიშის მეგორების ჩამონათვალში პრორუსული ტელევიზია “ალტ-ინფოსა” და “კონსერვატიული მოძრაობის” მხადამჭერები გვხვდებიან.
გასულ თვეებში “მითების დეტექტორმა” “შინ ევროპისკენ” ფეისბუქ ანგარიშების მიერ გავრცელებული არაერთი მცდარი ინფორმაცია გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.