ნიკოლოზ მჟავანაძე ნინო ლომჯარიას წარსულ საქმიანობაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 8 წუთი

კითხვის დრო: 8 წუთი

ნინო ლომჯარია
70
VIEWS

5 აპრილს ნიკოლოზ მჟავანაძემ სეზონი TV-ს ეთერში, გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” განაცხადა, რომ როდესაც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები “სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ,” სამართლიანი არჩევნების (ISFED) იმჟამინდელი თავმჯდომარე, ნინო ლომჯარია ლაპარაკობდა, “როგორი კარგი საარჩევნო გარემო იყო საქართველოში.”  

sezonitv ნიკოლოზ მჟავანაძე ნინო ლომჯარიას წარსულ საქმიანობაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

ნიკოლოზ მჟავანაძე ნინო ლომჯარიას წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” ნინო ლომჯარიას აღმასრულებელი დირექტორობის პერიოდში არჩევნებთან დაკავშირებით არაერთი კრიტიკული ანგარიში აქვს გამოქვეყნებული. 

ნინო ლომჯარია “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი 2011-2015 წლებში იყო. მის პასუხისმგებლობებსა და მოვალეობებში, მათ შორის, სადამკვირვებლო მისიების ორგანიზება შედიოდა. აღნიშნულ პერიოდში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც ISFED-ი აკვირდებოდა და ანგარიშებს აქვეყნებდა. ორგანიზაციას წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის 5 ანგარიში აქვს გამოქვეყნებული – ისინი კრიტიკულად აფასებს გარემოს და ასახავს პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დაშინების, მუქარის, სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლებისა და ანგარშსწორების ათობით ფაქტს. 

ISFED-ის პირველი შუალედური ანგარიში 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით “სამართლიანი არჩევნების” წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში 1 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, აღნიშნულ პერიოდში სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარის 9, დარბევის 1, ბიზნესმენებზე / კერძო მესაკუთრეებზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის 6, ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. 

“სამართლიანი არჩევნების” მიერ 2012 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებული შემდეგი შემთხვევების შესახებ:  

  1. გურჯაანში კონტრაქტი აღარ გაუგრძელდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლს, რომელიც, ამავდროულად, “ქართული ოცნების” აქტივისტი იყო. პარტიის გაზეთის გავრცელების შემდეგ ის პოლიციაში დაკითხეს. 
  2. დასუფთავების სამსახურის დირექტორის მოადგილის პოზიციიდან გაათავისუფლეს ზვიად ყვირილაშვილი, რომელმაც გურჯაანში “ქართული ოცნების” დაფუძნებას გაუწია ორგანიზება 
  3. ლაგოდეხში სკოლიდან გაათავისუფლეს პედაგოგი ცისანა ჯოიაშვილი, რომელსაც მიაჩნდა, რომ გადაწყვეტილება მისი შვილის “ქართულ ოცნებასთან” კავშირის მიზეზით იყო მიღებული.  
  4. დედოფლისწყაროში კულტურისა და სპორტის ცენტრის თანამშრომელმა, ამავდროულად, ქართული ოცნების შტაბის ოფის-მენეჯერმა, აკაკი ნატროშვილმა სამსახური დატოვა. სამართლიან არჩევნებთან საუბარში ის ზეწოლის ფაქტს ადასტურებდა.  
  5. დედოფლისწყაროში სკოლის პედაგოგი, ელენე პოპიაშვილი ამბობდა, რომ დირექტორმა მისი მეუღლის “ქართულ ოცნებასთან” კავშირის გამო წასვლაზე განცხადების დაწერა მოსთხოვა.  
  6. დედოფლისწყაროში საბავშვო ბაღის დირექტორმა აღმზრდელს, ნანა კოკილაშვილს გათავისუფლებაზე განცახდების დაწერა აიძულა. კოკილაშვილი ამბობდა, რომ “ქართულ ოცნებასთან” კავშირის გამო გაათავისუფლეს.
  7. დედოფლისწყაროში სახელოვნებო სკოლის პედაგოგი და სასწავლო ნაწილის გამგე, თამარ თამაზაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა. იგი “ქართული ოცნების” ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე თამაზაშვილის მამიდა და თამაზ თამაზაშვილის დაა . კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი აღნიშნულ პერიოდში სასჯელს იხდიდა და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდა.
  8. გორის № 9 საჯარო სკოლიდან პედაგოგი ია ბჟალავა გაათავისუფლეს. ის გათავისუფლებას უკავშირებდა ფაქტს, რომ მისი მეუღლე პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი იყო.
  9. ბაღდათში, სოფელ დიმის N1 საჯარო სკოლაში დირექტორმა სკოლის დატოვება მოსთხოვა პედაგოგ თინა კელენჯარიძეს, რომელიც კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი გახდა. მანამდე კელენჯარიძემ დირექტორის მოადგილის თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.
  10. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ შელიამ თანამშრომელთა თათბირზე გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტს, გია ცირამუას განუცხადა, რომ თანამშრომლები მას უკვე აღარ ენდობოდნენ და ოპოზიციონერად მოიაზრებენ, რადგან მისი ცოლის ძმა, კორნელი საჯაია ჩხოროწყუს „ქართული ოცნების“ ოფისის ხელმძღვანელი იყო. ამასთან , გია ცირამუას თქმით, გამგებელმა მიანიშნა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერის თაობაზე. გია ცირამუამ თანამდებობა დატოვა.

ISFED-ის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ პოლიტიკური ნიშნით მუქარის შესახებაც. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში მუქარის 9 ფაქტი აღრიცხეს.  

  1. ჩოხატაურის სოფელ ზოტში მცხოვრებ იური გიორგაძეს დაემუქრნენ, რომ თუ სატელიტი ანტენის დამონტაჟებაზე “ქართული ოცნების” შეთავაზებას დასთანხმდებოდა ან პარტიის სასარგებლოდ იაქტიურებდა, სოციალური დახმარება შეუწყდებოდა.  
  2. ჩოხატაურის სოფელ ბუკისციხეში ენმ-ს აქტივისტმა მოსახლეობას ურჩია, არ წასულიყვნენ “ქართული ოცნების” შეხვედრაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, პრობლემები შექმნოდათ.  
  3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ლანჩხუთში “გლობალ TV” სატელიტური ანტენების დამონტაჟების შემთხვევაში დასაქმებულებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ. 
  4. ხობის სოფელ ჭკადუაში საბავშვო ბაღში ქურდობაში ეჭვმიტანილის სტატუსით “ქართული ოცნების” აქტივისტები დაიბარეს. პოლიციელმა ერთ-ერთს უთხრა, რომ პარტიას ჩამოშორებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, “მიხედავდნენ” მას და მის ძმასაც. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ დაკარგული თანხა, რაზეც გამოძიება დაიწყო, ბაღის აღმზრდელს სხვა ხელჩანთაში ედო.  
  5. “ქართული ოცნების” ბაღდათის შტაბის ხელმძღვანელი ამბობდა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრისას მათ უკან დაჰყვებოდნენ პოლიციელები, რომლებიც მათი წასვლის შემდეგ სახლებში თავად შედიოდნენ. მისივე ინფორმაციით, მოქალაქეებს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან შეხვედრა სურდათ, თუმცა მუქარის გამო თავს იკავებდნენ. 
  6. “ქართული ოცნების” ფოთის ოფისის თავმჯდომარე ფრიდონ კვარაცხელიას დაურეკეს და დაემუქრნენ, რომ თუ დაგეგმილ შეხვედრაზე წავიდოდა, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. 
  7. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ხარაგაულში “ქართული ოცნების” ოფისის გახსნის პარალელურად ავტობუსების მძღოლებს ურეკავდნენ და აფრთხილებდნენ, ხარაგაულის მიმართულებით ხალხი არ გადაეყვანათ. რამდენიმე მარშრუტი მოიხსნა.  
  8. ჭიათურაში საფეხბურთო დარბაზის დარაჯს დაემუქრნენ, რომ გაათავისუფლებდნენ, თუ “ქართული ოცნების” ოფისში სიარულს თავს არ დაანებებდა. 
  9. ახმეტაში საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი და ფინანსური მენეჯერი გულჩინა წიქორიძეს, რომელიც “ქართული ოცნების” გაზეთებს ავრცელებდა, დაემუქრნენ, რომ სოციალურ დახმარებასა და თავშესაფარს დაკარგავდა. გულჩინა წიქორიძისთვის მანქანის განზრახ დაჯახება სცადა კახეთის ენერგოდისტრიბუციის სერვის ცენტრის მენეჯერმა, ასევე, მას დაურბიეს თავშესაფარი. 

ანგარიშში ასახულია ქუთაისში მომხდარი დარბევის ფაქტიც. 2012 წლის 1 მაისს თვითმართველობის შენობასთან “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა, რომელიც მოსახლეობისთვის  ქუთაისობის სანთლებით მილოცვას ითვალისწინებდა. დასუფთავების სამსახურმა მომიტინგეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. შედეგად, დაზიანდა ავტომობილი.  

ISFED-ის პირველ შუალედურ ანგარიშში ასახულია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ორი – ქუთაისსა და ფოთში დაფიქსირებული შემთხვევა. დოკუმენტის მიხედვით, 2012 წლის 3 მაისს “პოსტ სკრიპტუმის” ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე ენმ-ს წარმომადგენლების პარტიის აქტივისტებთან დახურულ შეხვედრას აქტივისტის სახელით, ჩუმად დაესწრო. ჟურნალისტის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შენიშნეს, დაცვამ წიხლებით სცემა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, წაართვა აპარატურა, რომელშიც გადაღებული მასალა წაუშალეს.  2012 წლის 2 მაისს პრეზიდენტის დაცვამ და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებზე იძალადეს – კონკრეტულად, “პოსტ სკტიპტუმისა” და “ახალი არხის” ჟურნალისტებს პრეზიდენტის ვიზიტის გაშუქების საშუალება არ მისცეს. რაც შეეხება ფოთში მომხდარ შემთხვევას, ანგარიშის მიხედვით, “Tspress-ს” ჟურნალისტს პრეზიდენტის ვიზიტისას გადაადგილების და გადაღების უფლება შეუზღუდეს, გადაღებული მასალის წაშლა სთხოვეს, შემდეგ კი კამერა წაართვეს, ჩიპი ამოიღეს და ნივთები ეზოში გადაუყარეს. 

ზეწოლა ბიზნესზე / კერძო მესაკუთრეზე – ISFED-მა მსგავსი შემთხვევები კასპში, ამბროლაურში, თერჯოლაში, საგარეჯოში, ფოთსა და მარტვილში დააფიქსირა. შემთხვევები მოიცავს: “ქართული ოცნების” ოფისის გახსნის დღეს ქალაქისკენ მიმავალი ტრანსპორტის მოხსნას; სამსახურიდან გაგდების მუქარის გამო “ქართული ოცნებისთვის” ოფისის არმიქირავებას; ანტენების დამონტაჟების გამო მოქალაქეებზე ზეწოლასა და დემონტაჟის მოთხოვნას; ბიძინა ივანიშვილთან კავშირის გამო ტელეკომპანია “მეცხრე არხისთვის” ოფისის მიქირავებაზე უარის თქმას.  

ISFED-ის მეორე შუალედური ანგარიში 

“სამართლიანი არჩევნების” მეორე შუალედური ანგარიში 4 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარისა და ზეწოლის 9, პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების 2, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის 4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის ხელის შეშლის 2 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა. 

ISFED-მა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები გამოავლინა სიღნაღში, თელავში, ჭიათურაში, ხონში, ჩხოროწყუში, სამტრედიასა და ქუთაისში. შემთხვევები მოიცავს: 

  • “ქართული ოცნების” მხარდაჭერის, ასევე, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის გამო პედაგოგების გათავისუფლების 3 შემთხვევას (სიღნაღში, ქუთაისში, სამტრედიაში) 
  • მეუღლის “გლობალ TV-ში” მუშაობის გამო თანამშრომლის სამსახურიდან გაშვებას (თელავში) 
  • “ქართული ოცნების” მხარდაჭერის მიზეზით წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლის სამსახურიდან გაშვებას (ხონში)
  • კლინიკაში არსებულ პრობლემებსა და ქალაქის დაბინძურებაზე საუბრის შემდეგ სამსახურიდან პედიატრის, ამავდროულად, “რესპუბლიკური პარტიის” წევრის გათავისუფლებას; (ჭიათურაში)
  • უშიშროების თანამშრმლებისგან დავალების მიღების გამო ბაზრის დაცვის წევრის, ამავდროულად, “ქართული ოცნების” კოალიციის წევრის გაშვებას (ჩხოროწყუში)  

რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით მუქარას, ISFED-ის მიერ აღრიცხული 9 შემთხვევა მოიცავს: 

  1. ხარაგაულში, სოფელ ბორში სკოლის დირექტორზე “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პედაგოგის გათავისუფლების მოთხოვნით ზეწოლას ახორციელებდნენ
  2. ყვარელში პოლიციის თანამშრომლებმა პირი, რომელიც “ქართულ ოცნებას” სატრანსპორტო მომსახურებას უწევდა, განყოფილებაში გადაიყვანეს და ურჩიეს, პარტიასთან კავშირი გაეწყვიტა. 
  3. მოქალაქის თქმით, საგარეჯოს გამგეობაში დაავალეს დაეწერა, რომ “გლობალ TV–ის” ანტენის დამონტაჟების დროს თანამშრომლებს “ქართული ოცნების” მაისურები ეცვათ და აგიტაციას ეწეოდნენ 
  4. ჩხოროწყუს მხცოვრების ინფორმაციით, პოლიციამ მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო დააჯარიმა, თუმცა ნასვამი არ ყოფილა, რაც ანალიზებმა დაადასტურა. ის შემთხვევას პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა. 
  5. ზუგდიდში რესპუბლიკური პარტიის წევრებს ურეკავდნენ და აფრთხილებდნენ, რომ არ გაერთიანებულიყვნენ “ქართული ოცნების” რიგებში და ჩამოშორებოდნენ პოლიტიკურ საქმიანობას.  
  6. ტყიბულში მიკროავტობუსის მძღოლმა “ქართული ოცნებისთვის” სატრანსპორტო მომსახურების გაწევაზე მას შემდეგ თქვა უარი, რაც გამგეობის თანამშრომელმა “მეგობრულად ურჩია”, პარტიასთან კონტაქტი გაეწყვიტა. 
  7. რუსთავში პირმა, რომელმაც ოჯახს თავი ენმ-ს წარმომადგენლად წარუდგინა, მათ მოსთხოვა, დაესახელებინათ, თუ ვის აძლევდა მათი სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული შვილი ხმას.  
  8. კასპის ფეხბურთის გუნდის წევრებს, რომლებიც აპირებდნენ, მატჩზე “ქართული ოცნების” მაისურები ჩაეცვათ, სახლებში უბნის ინსპექტორებმა მიაკითხეს და დროულად წასვლის საშუალება არ მისცეს, რის გამოც მათ თამაში წაგებულად ჩაეთვალათ. სტადიონზე პოლიცია იყო მობილიზებული 
  9. ხარაგაულში, სოფელ ნემოძირში “ქართულ ოცნებასთან” გამართულ შეხვედრაზე პოლიციის წარმომადგენელმა მოქალაქეებს დაურეკა და დაშლისკენ მოუწოდა 

წინა ანგარიშისგან განსხვავებით, მეორე შუალედურ ანგარიშში ფიზიკური ანგარიშსწორების 2 შემთხვევა გვხვდება” 

  1. 2012 წლის 20 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” ხობის რაიონული ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას მანქანით გადაადგილების დროს 2 პირი თავს დაესხა და ხელკეტებით სცემა 
  2. 2012 წლის 30 მაისს თელავში, სოფელ ვანთაში “ქართული ოცნების” თელავის კოორდინატორს, გივი ოთარაშვილს მისთვის უცნობი 2 პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

ISFED-მა ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები აღრიცხა გორში, თიანეთში, მარტვილსა და რუსთავში. ერთ-ერთი შემთხვევის დროს თიანეთში პოლიციამ დააკავა ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც პოლიციის შენობას უღებდა. ჟურნალისტი ყვებოდა, რომ პოლიციელებმა მასზე იძალადეს და ძალადობით წაართვეს კამერა, არ უშვებდნენ საპირფარეშოში და მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. მთივლიშვილი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. 

“სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში ასევე ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ხელის შეშლის 2 შემთხვევის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, ISFED-ის თანამშრომლებს მუშაობაში ხელი შეუშალეს და დაემუქრნენ “ქართული ოცნების” ოფისსა და პარტიის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.  

ISFED-ის მე-3 და მე-4 შუალედური ანგარიში 

სამართლიანი არჩევნების მე-3 შუალედური ანგარიში 2012 წლის 4 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარებაც 4 ივნისამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. საანგარიშო პერიოდში ISFED-ის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 7, მუქარისა და ზეწოლის 17 ( მათ შორის ბიზნესზე ზეწოლის – 1, მოქალაქეებზე ზეწოლის – 6 და პარტიის აქტივისტებზე ზეწოლის 10 შემთხვევა ), პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების 4, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების 7 და მოსყიდვის 5 შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები სრულად უკავშირდება მოქალაქეების “ქართულ ოცნებასა” და ტელეკომპანია “მაესტროსთან” კავშირს. ასევე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან არის დაკავშირებული ანგარიშში ასახული მუქარისა და ზეწოლის შემთხვევები და ფიზიკური ანგარიშსწორება. რაც შეეხება ამომრჩეველთა მოსყიდვას, ISFED-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 5 ივნისს ქუთაისში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიგებდნენ ფლაერებს, რომლებზეც, მათი თქმიით, მოსახლეობას შეეძლო დაეწერათ სურვილები და ოცნებები ათასი ლარის ფარგლებში და მიეღოთ სასურველი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ისინი დააკავეს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ანგარიშში ასევე ასახულია, რომ თერჯოლაში სოციალური დახმარება შეუწყდა ქალს, რომელმაც ხელი მოაწერა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას. 

მე-4 შუალედური ანგარიში 2012 წლის 3 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციამ გამოავლინა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 2, პოლიტიკურინიშნით პარტიების აქტივისტებზე/მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – 8, ფიზიკური ანგარიშსწორების – 2, პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლის – 5, ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლის – 5, არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევის 1  და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – 17(მათ შორის საჯარო მოხელეების მონაწილეობით პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულიზეწოლის 14) შემთხვევა. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ანგარიში ასახული შემთხვევების უმეტესობა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისა და წარმომადგენლების დაშინებას, მუქარასა და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით მათი სამსახურიდან გათავისუფლებას ეხება. 

ISFED-ის მე-5 შუალედური ანგარიში 

2012 წლის არჩევნების ბოლო შუალედური ანგარიში პირველი აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს. საანგარიშო პერიოდში გაზრდილია როგორც აქტივისტებზე ზეწოლისა და მუქარის (10), ასევე, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობის (15) შემთხვევები. ასევე, ანგარიშში ასახულია პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის 8; ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლის 10;  საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის  3; სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 4; სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევის / ხელის შეშლის – 4; სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების 5 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – 31 შემთხვევა. 

აქტივისტებზე ზეწოლისა და მუქარის შემთხვევები: 

  • ზუგდიდში “ქართული ოცნების” კოორდინატორს სახლში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ეწვია და მისგან მოითხოვდა ახსნას, რატომ იყო ოპოზიციაში, ასევე, დააზიანა ნივთები და იარაღით ემუქრებოდა მას.  
  • სიღნაღში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მოქალაქეს “ურჩია”, “ქართული ოცნება” დაეტოვებინა, უარის მიღების შემდეგ, მანქანაში ჩაისვა სასაფლაოსთან მიიყვანა, სადაც უშიშროების რეგიონალური სამსახურის უფროსი დახვდათ. მათ მოქალაქეს სცემეს და ემუქრებოდნენ, მოუწოდებდნენ, დაეტოვებინა “ქართული ოცნება”. 
  • ბელგიაში მცხოვრები “ქართული ოცნების” მხარდამჭერი პირის სახლში, კასპში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი მივიდა და ოჯახს დაემუქრა, რომ თუ მათი შვილი არ “დაჭკვიანდებოდა”, სახლს დაკარგავდნენ. 
  • ოზურგეთში მცხოვრებ პირს, რომელიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო, საკუთარ მიწის ნაკვეთზე დარგული ძვირფასი ნერგები გაჩეხილი დახვდა. ფაქტს ის პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევდა.  
  • ახალციხეში “ქართული ოცნების” აქტივისტთან, რომელიც პარტიის მხარდამჭერ ბუკლეტებს არიგებდა, მივიდა პირი, რომელმაც თავი პოლიციელად გააცნო და საქმიანობს შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჭერით დაემუქრა. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა გოგოებმა ტირილი დაიწყეს, კაცმა მათ ბუკლეტები დაუხია და მაისურების გახდა აიძულა.  
  • ჩოხატაურში სკოლის დირექტორი ხელფასის დაქვითვით დაემუქრა მასწავლებლებს, რომლებიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შეხვედრაზე დასწრებას არ აპირებდნენ. 
  • დუშეთში სამხედრო სამსახურში გაიწვიეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, რომელიც მანამდე სამედიცინო შემოწმებისას რამდენჯერმე იქნა დაწუნებული. მისი თქმით, სამედიცინო შემოწმების სამსახურის უფროსი ექიმებს მოუწოდებდა, დოკუმენტებში ჩაეწერათ, რომ ის სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი იყო. 
  • ლაგოდეხში ქალი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენაზე ხელმოწერებს აგროვებდა, ამბობდა, რომ საქმიანობის დაწყების შემდეგ მისით დაინტერესდნენ და დაკითხვაზე დაიბარეს, ასევე, სდევნიდნენ და მოუწოდებდნენ, პარტიიდან წამოსულიყო. 
  • ქობულეთში ტაქსის მძღოლი, რომელსაც საქმიანობა აეკრძალა, გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” შეხვედრებზე მოქალაქეების გადაყვანას უკავშირებდა.  
  • 8 აგვისტოს ლანჩხუთში ცოცხალ ჯაჭვში ჩადგომის უფლება არ მისცეს ქალს, რომელსაც “ქართული ოცნების” მაისური ეცვა.   

მონიტორინგის ანგარიშში ასახული პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის შემდეგი შემთხვევები: 

  • 2012 წლის 3 აგვისტოს ფოთში “ქართული ოცნების” აქტივისტები გაზეთებს არიგებდნენ, რა დროსაც მათთან “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი მივიდა, გაზეთები დაუხია და სახეში შეაყარა. 
  • 2012 წლის 4 აგვისტოს ქობულეთში “ქართული ოცნების” აქტივისტები დაგეგმილი აქციის შესახებ პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც მათთან ჩაქვის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი მივიდა და საქმიანობის გაგრძელება აუკრძალა.  
  • 17 აგვისტოს თელავში “ქართული ოცნების” აქტივისტებს სოფლის რწმუნებულმა პლაკატების გაკვრის უფლება არ მისცა იქ, სადაც გაკვრა აკრძალული არ არის. 
  • 7 აგვისტოს ყაზბეგში “ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალას წითელი საღებავი შეასხეს და ციფრი 5 გადააწერეს. 
  • 5 აგვისტოს მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ ბიძინა ივანიშვილს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა გზა გადაუკეტეს. ადგილზე შუამთობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. 
  • 9 აგვისტოს ახალციხეში “ქართული ოცნებიდან” სიების გადასამოწმებლად ჩასულ პირებს ენმ-ს მხარდამჭერმა ადგილის დატოვება მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ უკან დაჰყვებოდა და ყველა ოჯახი, რომელშიც სიების გადამმოწმებლები შედიოდნენ, მათთან კომუნიკაციაზე უარს აცხადებდა. 
  • 9 აგვისტოს გურჯაანში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრას მართავდა, რა დროსაც ადგილზე მივიდნენ ქალები, რომლებიც ენმ-ს კანდიდატისადმი მხარდაჭერას ხმამაღლა აფიქსირებდნენ და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ. 
  • 17 აგვისტოს საგარეჯოში “ქართული ოცნების” კანდიდატი, თინა ხიდაშელი შეხვედრას მართავდა, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და შეხვედრის ჩაშლას შეეცადნენ, მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც. პოლიციამ მხოლოდ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის წევრები დააკავა. 

ანგარიშში ასევე ასახულია ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები რუსთავში, სამტრედიაში, ახალციხესა და ქობულეთში – ყველა მათგანი ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებზე ანგარიშსწორებას ასახავს. 

მანამ, სანამ “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დაიკავებდა, ნინო ლომჯარია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) მუშაობდა. 2008-2010 წლებში ის საარჩევნო პროექტების კოორდინატორი იყო, რომლის მოვალეობებში, მათ შორის, საარჩევნო მონიტორინგის მისიების ორგანიზება და შესაბამისი პროექტების მართვა შედიოდა. აღნიშნულ პერიოდში საია-ს არჩევნებთან დაკავშირებით ასევე აქვს გამოქვეყნებული ანგარიშები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ ფაქტებს კრიტიკულად აფასებს.  

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნინო ლომჯარია მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც დარღვევებსა და ოპონენტების მხარდამჭერებზე ანგარიშწორების, მუქარისა თუ მოსყიდვის ფაქტებს კრიტიკულ ანგარიშებში ასახავდნენ და უფლებამოსილ პირებს რეაგირებისკენ მოუწოდებენნ. შესაბამისად, სეზონი TV-ს ეთერში ნიკოლოზ მჟავანაძის მიერ გაკეთებული განცხადება დეზინფორმაციული შინაარსის არის. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist