მანიპულაცია, თითქოს სააკაშვილმა 2008 წელს ხელი მოაწერა დოკუმენტს, თუ სად გადიოდა საოკუპაციო ხაზი 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

154
VIEWS

6 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა ვერა-ციცინო ხარაბაძე, Oboladze Gia და ირმა ხახუტაიშვილი გაავრცელეს პოსტი, რომლის მიხედვითაც 2008 წელს საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც წერია, რომ საოკუპაციო ხაზი სოფელ კირბალზე გადის. ავტორების მტკიცებით, ადგილზე “ნაცებმა პროვოკაცია მოაწყვეს”, საოკუპაციო ხაზის იქით გადავიდნენ და ქართული დროშა დაკიდეს. პოსტების მიხედვით, “საპასუხოდ მოსაზღვრეებმა ეკლესია ჩაკეტეს და აგერ ერთი ადამიანი მოკლეს და მეორე დაიჭირეს”.  

Screenshot 2023 11 09 120615 მანიპულაცია, თითქოს სააკაშვილმა 2008 წელს ხელი მოაწერა დოკუმენტს, თუ სად გადიოდა საოკუპაციო ხაზი 

პოსტების ავტორების მტკიცება საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით მანიპულაციური შინაარსისაა. რეალურად, მიხეილ სააკაშვილს ხელი არ მოუწერია დოკუმენტისთვის, რომელიც რაიმე სახით განსაზღვრავდა, თუ რომელ სოფლებზე გადის უკანონო საოკუპაციო ხაზი. რაც შეეხება დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ დოკუმენტს, მას ხელი მიხეილ სააკაშვილმა არა 2008, არამედ რუსეთ-საქართველოს ომამდე, 2007 წელს მოაწერა. 

ფეისბუქ-მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული პოსტებით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ საოკუპაციო ხაზი სოფელ კირბალსა და ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე გადის. რეალურად, საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი დოკუმენტისთვის ხელი არასდროს მოუწერია. საოკუპაციო ხაზი უკანონოა და მთავრობა, საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე, ხელს ვერ მოაწერდა ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც მის მდებარეობას განსაზღვრავს. საქართველო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობას არ აღიარებს, შესაბამისად, მსჯელობა იმაზე, თუ სად გადის მისი “საზღვრები”, არ ყოფილა.  

ბორდერიზაციაზე საუბრისას პარტია “ქართული ოცნების” წევრები პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ხშირად სდებენ ბრალს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს დადგენილი საზღვრებით ხელმძღვანელობენ. მაგალითად, პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენაზე და გადაწყვეტილებას “დანაშაულებრივ ქმედებას” უწოდებს. კირბალში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შემდეგ იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმაც – მისი მტკიცებით, “ოკუპაცია იყო დაშვებული და თვითონ საოკუპაციო ხაზები გავლებული სააკაშვილის ხელისუფლების მიერ”. 

რას მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს?  

2007 წლის 8 მაისს გამოიცა საქართველოს პარლამენტის დადგენილება, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილიყო დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. 2007 წლის 10 მაისს კი გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება “ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ”. დოკუმენტის მიხედვით, ბრძანებულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნას ითვალისწინებდა. (სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონი 1990 წლის 11 დეკემბერს, ზვიად გამსახურდიას მიერ გამოიცა). 

დოკუმენტის მიხედვით, დროებით ადმინისტრაციას უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე, ეზრუნა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე. ამ დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერი ედუარდ კოკოითი იყო, სწორედ 2007 წელს დაიწყო მოძრაობა “კოკოითი, ფანდარასტ!” (კოკოითო, მშვიდობით), რომლის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო. დროებითი ადმინისტრაციის მოვალეობად ასევე განისაზღვრა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების ინტერესების დაცვა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა. 

უფრო კონკრეტულად, ფუნქციებს შორის იყო:

  • ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრისა და ფართო პოლიტიკური თვითმმართველობის მინიჭების მიზნით, ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სახელით მოლაპარაკების წარმოება საქართველოს ხელისუფლებასთან; 
  • დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მიზნით შესაბამისი პირობების მომზადება; 
  • დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე კანონიერებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი ინტერესების დაცვა; 
  • ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობა, დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება; 
  • ტერიტორიაზე განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა; ქართული და ოსური ენების, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება, სპეციალური ქართულ და ოსურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება; ოსურ ენაზე ნორმატიული აქტების, სხვა ოფიციალური დოკუმენტებისა და ინფორმაციის თარგმნის, გამოცემისა და გავრცელების უზრუნველყოფა, აგრეთვე ოსურენოვანი საინფორმაციო საშუალებების განვითარების ხელშეწყობა; კონსულტაციების წარმოება გარდამავალ პერიოდში დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახელწოდების განსაზღვრის მიზნით; 
  • სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა, ეკონომიკური განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებში მინისტრის მოადგილის კანდიდატურების კანონმდებლობით დადგენილი წესით დასანიშნად წარდგენა, რომელთა მონაწილეობითა და მათთან შეთანხმებით განხორციელდება დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო – შემდგომში დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დიმიტრი სანაკოევი დაინიშნა.  

როგორც მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კანონპროექტზე მსჯელობისას განმარტავდა, კომპრომისების, მოქნილი მოლაპარაკებებისა და ყველა მხარის ინტერესების განუხრელი გათვალისწინების გზით საქართველოს მთავრობას უნდა მოეხერხებინა, ერთი მხრივ, საქართველოს ოსური მოსახლეობის ავტონომიური უფლებების დამკვიდრება და ინსტიტუციონალური განმტკიცება (პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ ეს მოლაპარაკების პროცესის შედეგად უნდა მოხერხებულიყო), ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, გარე ძალების ჩარევის ბოლომდე აღმოფხვრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.  

კირბალი საოკუპაციო ხაზთან მდებარე ერთ-ერთი სოფელია, რომლის მაცხოვრებლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებს არაერთხელ გაუტაცებიათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, რუსი სამხედროები იტაცებენ ტყეში შეშის შესაგროვებლად და ძროხების გამოსადევნად წასულ მოქალაქეებსაც. 2023 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა ლომისის მამათა მონასტრის კარი აჭედეს. ადგილზე ჩავიდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და თქვა, რომ “ვიღაცამ ქართული დროშა ააფრიალა, რაც იმის მიზეზი გახდა, რომ რუს სამხედროებს უფრო მკაცრი ზომები მიეღოთ”. 6 ნოემბერს, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელში საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს. როგორც მოგვიანებით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, გინტური ტაძრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და აჭედილი კარი გახსნა. ოკუპანტებს ამ დრომდე (9/11/2023) ჰყავთ გატაცებული ლევან დოთიაშვილი, რომელიც გინტურთან ერთად იმყოფებოდა.  

წყაროების შესახებ 

სამივე ფეისბუქ-მომხმარებელი – ირმა ხახუტაიშვილი, ვერა-ციცინო ხარაბაძე და Oboladze Gia პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. ისინი სხვადასხვა დროს “მითების დეტექტორის” მიერ გამოვლენილ ოპოზიციის დისკრედიტაციის ან ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიაში იყვნენ ჩართული (1;2;3;4). 

ფეისბუქ-მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიპოზიციური შინაარსის მასალას სისტემატურად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული პოსტები ფაქტების გადამმოწმებლებს ყალბ ინფორმაციად აქვთ მონიშნული. “მითების დეტექტორმა” მომხმარებლის მიერ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია წარსულშიც გადაამოწმა

Screenshot 2023 11 09 120632 მანიპულაცია, თითქოს სააკაშვილმა 2008 წელს ხელი მოაწერა დოკუმენტს, თუ სად გადიოდა საოკუპაციო ხაზი 

ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ჰომოფობიური შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს ფეისბუქ-მომხმარებელი ვერა-ციცინო ხარაბაძეც. “მითების დეტექტორს” მისი პოსტები ყალბ ინფორმაციად (1;2) არაერთხელ მოუნიშნავს.   

Screenshot 2023 11 09 120643 მანიპულაცია, თითქოს სააკაშვილმა 2008 წელს ხელი მოაწერა დოკუმენტს, თუ სად გადიოდა საოკუპაციო ხაზი 

გარდა ამისა, ვერა-ციცინო ხარაბაძე სოფელ კირბალში მოკლულ თამაზ გინტურს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობის” პროვოკაციას უკავშირებს. მომხმარებელს ასევე გამოქვეყნებული აქვს პოსტი, რომლის მიხედვითაც თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ტაძრის ტერიტორიაზე “პროვოკაციის მიზნით იყვნენ ასულები”.  

Screenshot 2023 11 09 120654 მანიპულაცია, თითქოს სააკაშვილმა 2008 წელს ხელი მოაწერა დოკუმენტს, თუ სად გადიოდა საოკუპაციო ხაზი 

“მითების დეტექტორმა” წარსულში ასევე გადაამოწმა ქართული ოცნების მხარდამჭერი ანგარიშის, Oboladze Gia-ს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტები. აღსანიშნავია, რომ ანგარიში ჩართული იყო ნაციონალური მოძრაობის და ცალკეული პირების დისკრედიტაციის კამპანიებში (1;2).


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist