ლორთქიფანიძის დეზინფორმაცია ფოსფოროვანი სასუქის ექსპორტსა და უკრაინაში რუსეთის საელჩოს ფუნქციონირებაზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

253
VIEWS

29 მაისს “სეზონი TV-ის” გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებისა და რუსეთის საექსპორტო პროდუქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლორთქიფანიძის მტკიცებით, რუსეთის საელჩო უკრაინაში შეზღუდული კონტიგენტით მუშაობს და ასე რომ არ იყოს, უკრაინაზე გაზპრომის გაზსადენი ვერ გაივლიდა. ასევე, პრიმაკოვის ცენტრის დირექტორის მიხედვით, არსებობს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქცია, რომლის მიღებაც მხოლოდ რუსეთიდანაა შესაძლებელი, მაგალითად, ასეთია ფოსფოროვანი არაორგანული სასუქები, რომლის 90%-იც მსოფლიოში საექსპორტოდ რუსეთიდან გადის, ასევე, შეერთებული შტატები ურანს, ხოლო ბულგარეთი თხევად აირს დღემდე ყიდულობენ რუსეთისგან.

mzhavanadze saelcho urani sasuqebi ლორთქიფანიძის დეზინფორმაცია ფოსფოროვანი სასუქის ექსპორტსა და უკრაინაში რუსეთის საელჩოს ფუნქციონირებაზე

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება 2 დეზინფორმაციულ და 1 მანიპულაციურ მტკიცებას შეიცავს: 1)მტკიცება, რომ რუსეთის საელჩო უკრაინაში საქმიანობას აგრძელებს მცდარია. 2)ასევე ყალბია მტკიცება, რომ მსოფლიოში ფოსფოროვანი სასუქის ექსპორტის 90% რუსეთზე მოდის, რუსეთი ამ მიმართულებით მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებში არ შედის, თუმცა, ზოგადად სასუქების იმპორტი ევროკავშირში რუსეთზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. 3)რაც შეეხება აშშ-ის რუსულ ურანზე დამოკიდებულებას, 2021 წელს რუსულმა ურანმა შეერთებულ შტატებში იმპორტირებული ურანის მხოლოდ 14% შეადგინა. ამჟამად ამერიკის კონგრესი რუსული ურანის სრულ აკრძალვას განიხილავს. 

  • რუსეთის საელჩო უკრაინაში

მტიცება, რომ რუსეთის საელჩო უკრაინაში შეზღუდული კონტიგენტით მუშაობს, მცდარია. რუსეთის ფედერაციამ საკუთარი დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრების უკრაინიდან გაყვანა ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში დაიწყო. 5 იანვარს რუსეთში 18 ადამიანი, უმეტესად რუსი დიპლომატების მეუღლეები და შვილები გაემგზავრნენ, ხოლო შემდეგ რამდენიმე დღეში როგორც კიევში არსებული საელჩო, ასევე ლვივში არსებული საკონსულო კიდევ 30-მა ადამიანმა დატოვა

უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრის წინა დღეს კი რუსეთმა ქვეყანაში არსებული ყველა წარმომადგენლობიდან დარჩენილი დიპლომატების ევაკუაციაც განახორციელა

24 თებერვალს უკრაინამ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ უკრაინა ინარჩუნებს საკონსულო ფუნქციებს, რუსეთში მყოფი უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების, უფლებების დასაცავად.

2023 წლის 20 აპრილს კიევის საკრებულომ რუსეთის საელჩოსთან მიწის იჯარის ხელშეკრულებაც გაწყვიტა და შენობა ქალაქის საკუთრებაში დააბრუნა

  • არის თუ არა აშშ დამოკიდებული რუსულ ურანზე?

გარდა რუსეთ-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობებისა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ნიკოლოზ მჟავანაძის გადაცემაში იმ პროდუქტებზე ისაუბრა, რომელსაც, მისი თქმით, ევროკავშირი “სასიცოცხლო მნიშვნელობის, დანიშნულების” პროდუქციად მიიჩნევს და რომელთა მიღებაც მხოლოდ რუსეთიდანაა შესაძლებელი. ამის მაგალითად ლორთქიფანიძეს ფოსფოროვანი სასუქები მოჰყავს. პრიმაკოვის ცენტრის დირექტორი ამავე კონტექსტში ახსენებს რუსეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გასულ ურანსაც. 

2021 წლის მონაცემებით, რუსულმა ურანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმპორტირებული  ურანის მხოლოდ 14 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში აქტიურად ცდილობენ რუსულ ურანზე დამოკიდებულება კიდევ უფრო შეამცირონ. 16 მაისს რესპუბლიკელი კეტი მაკმორის როჯერსის კანონპროექტმა, რომელიც რუსეთიდან ურანის იმპორტის აკრძალვას გულისხმობს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის “ენერგეტიკის, კლიმატისა და ქსელის უსაფრთხოების” (House subcommittee on energy, climate and grid security) ქვეკომიტეტი წარმატებით გაიარა

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთიდან აშშ-ში საექსპორტოდ გასული ურანის შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. 2022 წლის მარტში “მითების დეტექტორმა” იკვლია თუ რამდენადაა დამოკიდებული შეერთებული შტატების ატომური ელექტროსადგურების ფუნქციონირება რუსულ გამდიდრებულ ურანზე. ვრცლად იხილეთ მასალაში: 

რუსული სასუქების ექსპორტი

რაც შეეხება ლორთქიფანიძის მტკიცებას ევროპაში რუსული სასუქების ექსპორტის შესახებ, ამ სექტორში ევროპული ქვეყნები რუსულ პროდუქციაზე მართლაც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული. ევროკავშირში იმპორტირებული სასუქების 60% და ფოსფატების მესამედი სწორედ რუსეთსა და ბელარუსზე მოდის

ამასთან 2021 წლის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციამ 13.1 მილიარდი დოლარის ღირებულების სასუქი გაიტანა ექსპორტზე, რაც მას მსოფლიოში სასუქების მთავარ ექსპორტიორად აქცევს.  

თუმცა, მტკიცება, რომ ფოსფოროვანი სასუქებით მსოფლიო მომარაგების 90%-ს რუსეთი უზრუნველყოფს, მცდარია. 2020 წელს რუსეთისა და ბელარუსის წილმა ფოსფატებით გლობალური ვაჭრობის მხოლოდ 11%, ხოლო გლობალური ექსპორტის 14% შეადგინა. 

ხოლო 2021 წელს ფოსფოროვანი სასუქების ხუთი მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა ჩინეთი, მაროკო, ეგვიპტე, ისრაელი და თუნისი იყო. 

ევროკავშირის ქვეყნები რუსული სასუქების, კერძოდ კი ფოსფატების ჩანაცვლებას მაროკოსთან მოლაპარაკებით ცდილობენ. ფოსფოროვანი სასუქების მწარმოებელი კომპანიის OCP-ის წარმომადგენლების თქმით, მაროკოს, რომელიც ამჟამადაც ევროპაში ფოსფატების მთავარი ექსპორტიორია, შეუძლია მომდევნო ოთხი წლის მანძილზე საკუთარი წარმოება 50%-მდე გაზარდოს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist