22 მარტს ფეისბუკ მომხმარებელმა მალხაზ ხაბაზმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ რუსეთი საპასუხო სანქციების პაკეტს ამზადებს, რომლის ფარგლებშიც აშშ-ს გამდიდრებულ ურანს აღარ მიაწვდის. ხაბაზის თქმით, რუსეთიდან ურანის მიწოდების შეწყვეტა ამერიკის ენერგეტიკის სფეროს დიდ დარტყმას მიაყენებს, რადგან, მისი მტკიცებით, აშშ-ისთვის საჭირო გამდიდრებული ურანის რაოდენობის 50%-ის იმპორტი სწორედ რუსეთის ფედერაციიდან ხორციელდება, რაც აშშ-ში მოქმედ ატომურ რეაქტორებს ამუშავებს.
მტკიცება იმის შესახებ, რომ ამერიკის ატომური ელექტროსადგურების 50% რუსეთისგან ნაყიდ გამდიდრებულ ურანზე არის დამოკიდებული, მცდარია. 2020 წელს, აშშ-ის ურანის იმპორტში რუსეთის ფედერაციის წილი მხოლოდ 16% იყო, აშშ ურანს სხვა სახელმწიფოებიდანაც იღებს. გარდა ამისა, ატომური ელექტროსადგურებით აშშ-ის ელექტროენერგიის მხოლოდ 20% გამომუშავდება, დანარჩენი 80% სხვა ენერგიის წყაროებით მიიღება.
რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრის მოადგილე ალექსანდერ ნოვაკმა 21 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი გამდიდრებული ურანის აშშ-ისთვის მიყიდვის შეზღუდვას განიხილავდა. ამჟამად შეერთებულ შტატებში აქტიური 94 ატომური რეაქტორია, რომლებიც ქვეყნის მთლიანი ელექტროენერგიის დაახლოებით 20%-ს გამოიმუშავებენ. დანარჩენი 80% კი ასე ნაწილდება: ბუნებრივი აირი 40%; განახლებადი ენერგიის წყაროები 20%; ქვანახშირი 19% ნავთობი 1%.
ატომური სადგურებისათვის საჭირო გამდიდრებული ურანის 90%-ს ამერიკა უცხოელი პარტნიორებისაგან ყიდულობს. აშშ-ის ენერგეტიკის საინფორმაციო სააგენტოს უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ყველაზე დიდი ოდენობის იმპორტი კანადიდან და ყაზახეთიდან ხორციელდება, შესაბამისად 22-22%, რუსეთიდან 16%, ავსტალიიდან 11%, უზბეკეთიდან 8%, ნამიბიადან 5%, სხვა ქვეყნები 14%.
ატომურ ელექტროსადგურებს ახალი ურანის მიღება დაახლოებით ყოველ 2 წელში ერთხელ ესაჭიროებათ. დამატებით, აშშ-ს გააჩნია მარაგები, რომლებიც სანქციების ამოქმედების შემთხვევაშიც რამოდენიმე წელი საკმარისი იქნება რეაქტორების ფუნქციონირებისთვის. აქვე აღსანიშნავი ფაქტია, რომ სავაჭრო ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკა საჭირო რაოდენობის ურანის იმპორტის 20%-ზე მეტს რუსეთისგან არ უნდა ახორციელებდეს, რათა მასზე დამოკიდებულების დონე შეზღუდოს.
27 მარტს კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ჯონათან ვილკინსონმა განაცხადა, რომ კანადა მზად არის, პარტნიორებს დამატებითი ოდენობის ნავთობი, გაზი და ურანი მიაწოდოს. მისი განცხადებით, კანადელ ურანის მწარმოებლებს ზედმეტი მარაგები ამჟამადაც აქვთ და რუსული პროდუქტის მნიშვნელოვნად ჩანაცვლება შეუძლიათ.
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.