კოვიდ-19-ით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტებისთვის ვაქცინაცია უსაფრთხოა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

12
VIEWS

15 მაისს ტვ “ობიექტივის” გადაცემა “ნამდვილი ამბების” სიუჟეტი სხვა თემებთან ერთად საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვაქცინაციასაც ეხებოდა, რაზეც ჟურნალისტმა კომენტარი ჰომეოპათ თინა თოფურიას სთხოვა. თოფურიამ, რომელიც გადაცემაში ეპიდემიოლოგად არის მოხსენიებული, განაცხადა, რომ თუ პაციენტი უსიმპტომოდ არის კოვიდ19-ით დაინფიცირებული, მაშინ მისი ვაქცინაცია სახიფათოა. თოფურიას თქმით, აცრამდე ადამიანს PCR ტესტი უნდა ჩაუტარდეს და დადგინდეს, აქვს თუ არა მას კორონავირუსი. აღნიშნულ საკითხზე “ნამდვილი ამბების” 15 მაისის 20:30 საათიან სიუჟეტში თინა თოფურიას გარდა სხვა რესპონდენტის კომენტარი წარმოდგენილი არ არის. “ნამდვილი ამბების” სიუჟეტიდან თოფურიას კომენტარი “ობიექტივის” ფეისბუქ გვერდზე გაზიარებულ 8 საათის ხანგრძლივობის LIVE ვიდეოში 2:22:18 საათზე გვხვდება.

თინა თოფურია: “ის ადამიანი, რომელიც არის უსიმპტომო და მიდის აცრაზე, თუკი მას აქვს უკვე კოვიდი ორგანიზმში, ეს ვირუსი კოვიდის გამომწვევი, მაშინ მისი აცრა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მან შეიძლება ისეთი გართულებები მიიღოს, რომელსაც საერთოდ არ ველოდებით და ვერანაირად წინასწარ ვერ გათვლი… უნდა ჩაუტარდეს ყველას PCR ტესტი წინასწარ, დადგინდეს, რომ არ აქვს მას ნამდვილად კოვიდი და მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ შეფასდეს მისი მდგომარეობის მიხედვით, აიცრება ის თუ არ აიცრება.”

;
თინა თოფურიას მტკიცება, თითქოს კოვიდ19-ით დაავადებული უსიმტომო პაციენტებისთვის ვაქცინაცია საფრთხისშემცველია და შესაძლოა გართულებები გამოიწვიოს, დეზინფორმაციაა. რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში აცრამდე PCR ტესტის გაკეთების საჭიროება არ არსებობს. “მითების დეტექტორი” აღნიშნულ საკითხზე ალერგოლო-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვსაც დაუკავშირდა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ვირუსის უსიმპტომო მიმდინარეობის დროს ვაქცინაცია რაიმე გართულებას არ იწვევს.

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ პლატფორმა provax.ge-ზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება. ასეთ შემთხვევას ნამდვილად წარმოადგენს კოვიდ19-ით ინფიცირება, რაზეც საქართველოში მოქმედი პროტოკოლით გათვალისწინებულია, რომ დიაგნოზის დასმიდან აცრა 4 თვეში შეიძლება ჩატარდეს. თუმცა, არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ პაციენტმა სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში PCR ტესტი უნდა ჩაიტაროს. ამის საჭიროებას არც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) ხედავს, რომლის მიხედვითაც ვაქცინაცია არ არის რეკომენდებული მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება რესპირატორული სიმპტომები, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე და ა.შ. მსგავს შემთხვევაში აცრა გადავადდება, თუმცა, როგორც ინფექციონისტი მიშელ ბარონი აცხადებს, თუ ადამიანი თავს კარგად გრძნობს, ვაქცინაციამდე PCR ან სწრაფი ტესტის გაკეთების საჭიროება არ დგას.

“მითების დეტექტორი” ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს დაუკავშირდა, რომელმაც წერილობით კომენტარში განგვიმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს კოვიდ19 უსიმპტომოდ აქვს და მან ამის შესახებ არ იცის, ვაქცინაცია მისთვის სახიფათო არ არის.

თუ რატომ არის საჭირო სიმპტომების გამოვლენის და ინფიცირების შემთხვევაში აცრის გადავადება ან კოვიდ19-ის გადატანის შემდეგ ვაქცინამდე გარკვეული პერიოდი მოცდა, ამას ექიმები შესაბამისი მიზეზებით ხსნიან:

  1. როდესაც კოვიდ19-ის სიმტომები გვაქვს, სხვა ადამიანს შესაძლოა ვირუსის გადადების საფრთხე შევუქმნათ, ამიტომაც ასეთ დროს ვაქცინაციაზე არ უნდა გამოვცხადდეთ;
  2. კოვიდ19-ის გადატანის შემდეგ ორგანიზმი ბუნებრივ იმუნიტეტს გამოიმუშავებს, ანტისხეულები კი ორგანიზმში მინიმუმ სამი თვის განმავლობაში ნარჩუნდება, შესაბამისად, როცა ვაქცინების რაოდენობა შეზღუდულია, უმჯობესია პრიორიტეტი ნაკლებად დაცულ ადამიანებს მივანიჭოთ.

ვინ არის თინა თოფურია?

თინა თოფურია, არა ეპიდემიოლოგი, როგორც მას ტვ “ობიექტივი” უწოდებს, არამედ ჰომეოპათი და აქტიური ანტივაქსერია, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციაც “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. აღსანიშნავია, რომ საერთო ანტივაქსერული განწყობების და კონსპირაციების გავრცელების ფონზე, თინა თოფურია რუსული ვაქცინა Sputnik V-ის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა და დასავლური ვაქცინებისგან განსხვავებით Sputnik V-ზე დეზინფორმაციას არ ავრცელებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist