ტვ “იმედმა” ფეისბუკზე ანტივაქსერის კომენტარი ფრაგმენტულად და დაუბალანსებლად გაავრცელა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

89
VIEWS

21 აპრილს ტვ “იმედის” ეთერში გავიდა გადაცემა “პრაიმშოუ”, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ისაუბრეს. გადაცემის სტუმრები იყვნენ როგორც ანტი-ვაქსერები, ასევე ექიმი-ინფექციონისტები და სამედიცინო სფეროს სხვა სპეციალისტები, რომლებმაც კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სარგებლიანობა შეაფასეს. გადაცემის ერთი 5:18 წუთიანი მონაკვეთი, სადაც ჰომეოპათი თინა თოფურია ვაქცინებს განიხილავს, ტვ იმედის ფეისბუქ გვერდზე შემდეგი აღწერით განთავსდა: “ეს ვაქცინები არის ექსპერიმენტული​ და მათი გამოცდა დასრულდება 2023 წელს”. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თინათინ თოფურია. “ აღნიშნული ვიდეო სრული გადაცემიდან ამოჭრილია და მხოლოდ თინა თოფურიას მოსაზრებებს გვამცნობს, რომელიც აცხადებს, რომ ცხოველებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ფერტილობაზე მოქმედებს. თოფურიას არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ ექიმმა ადამიანს, ვინც აცრას აპირებს, უნდა დაუსვას კითხვა, არის თუ არა ფეხმძიმედ ან აპირებს თუ არა დაფეხმძიმებას უახლოეს მომავალში. ასევე, თინა თოფურიას განცხადებით კოვიდ-ვაქცინები ექსპერიმენტულია, რომლებსაც კვალიფიკაციას მხოლოდ 2023 წელს მისცემენ.

 

;

თინა თოფურიას პოსტის თავდაპირველ ვერსიას 4346 მოწონება და 6200ზე მეტი გაზიარება ჰქონდა. მოგვიანებით ტვ “იმედის” ფეისბუქ პოსტის თავდაპირველი აღწერა ჩასწორდა და დაემატა, რომ თინა თოფურია დეზინფორმაციას ავრცელებს და რომ ვაქცინები არც ექსპერიმენტულია და არც ფერტილობაზე აქვს უარყოფითი გავლენა. თუმცა, ვიდეოს ფრაგმენტი კვლავ უცვლელი დარჩა, ხოლო ჩასწორების შემდეგ არ ყოფილა მითითებული, რომ თავდაპირველი ვერსია მხოლოდ ერთი წყაროს საკამათო მოსაზრებებს შეიცავდა.

;

ვაქცინაციის შესახებ ტვ “იმედის” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო ფრაგმენტში თინა თოფურია 2 დეზინფორმაციულ მტკიცებას ავრცელებს, რეალურად: 1. კოვიდ19-ის ვაქცინები, რომლებსაც ჯანმოს ან FDA-ს ავტორიზაცია აქვთ მიღებული, ექსპერიმენტული არ არის და მათ კვლევის ყველა ეტაპი გავლილი აქვთ, რის შედეგადაც მაღალი ეფექტიანობა აჩვენეს; 2. ავტორიზებული კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უნაყოფობას არ იწვევს. ვიდეოს ამ მონაკვეთში, სრული გადაცემისგან განსხვავებით, არ არის მოყვანილი ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და სამედიცინო სფეროს სპეციალისტების არგუმენტაცია, რომელიც ანტივაქსერულ განცხადებებს გააბათილებდა.

ვიდეოს იმ მონაკვეთში, რომელიც ტვ იმედის ფეისბუქ გვერდზე გაზიარდა, მხოლოდ თინა თოფურიას განცხადება არის ასახული, ხოლო მის საპასუხოდ გადაცემის სრულ სატელევიზიო ვერსიაში მოწვეული სხვა სტუმრების შეფასება წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, ვიდეოფრაგმენტი დაუბალანსებელია და არ გვაწვდის ალტერნატიულ ინფორმაციას, რომელიც თინა თოფურიას ანტი-ვაქსერულს განცხადებებს გააქარწყლებდა. პოსტის აღწერაში ასევე მითითებულია თინა თოფურიას ციტატა, რომელსაც მოგვიანებით დაემატა სხვა ტექსტიც, სადაც აღნიშნულია, რომ თოფურია ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. თუმცა, აუდიტორიამ, რომელიც ეს პოსტი მოიწონა ან გააზიარა, ინფორმაცია ამ ჩასწორების შესახებ არ მიეწოდებოდა და არც ტექსტშია აღნიშნული, რომ თავდაპირველი ვერსია, ჩასწორებულია.

სრულ გადაცემაში თოფურიას მიერ გაჟღერებულ არგუმენტებს პასუხობს ექიმი და ასოცირებული პროფესორი თემურ მიქელაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ მსოფლიოში კოვიდ19-ის საწინააღმდეგო 300-მდე კანდიდატი ვაქცინაა შექმნილი და სწორედ მათ შემთხვევაში მიმდინარეობს ამჟამად ექსპერიმენტები, რაც შეეხება ავტორიზებულ ვაქცინებს, მიქელაძის თქმით, ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) და ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) მიერ არის აღიარებული, შესაბამისად, ამ ვაქცინებით ექსპერიმენტები არ ტარდება. რაც შეეხება თინა თოფურიას განცხადებას ფერტილობაზე, ექიმმა თემურ მიქელაძემ ამ ნაწილსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ვაქცინის შექმნაში გამოყენებული ტექნოლოგიები არ არის ახალი და ვექტორული ვაქცინები შექმნილია 10-12 წლის წინ, ხოლო რნმ მესენჯერული ვაქცინა კი წლებია ონკოლოგიაში გამოიყენება.

რა განსხვავებაა ვაქცინების ავტორიზაციასა და დამტკიცებას შორის?

FDA-ს გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია დღევანდელი მდგომარეობით 3 ვაქცინისთვის აქვს მიცემული: ფაიზერი, მოდერნა და იანსენი (ჯონსონი და ჯონსონი). მართალია, დამტკიცებული ჯერ არც ერთი ვაქცინა არ არის, თუმცა გადაუდებელი ავტორიზაცია ვაქცინების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ არ აყენებს, რადგან ის კლინიკურ კვლევებსა და გვერდითი ეფექტების შესწავლაზე უარყოფითად არ მოქმედებს, პირიქით, წარმოებას და ადმინისტრაციულ პროცესს აჩქარებს. ყველა ვაქცინა, რომელიც გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაციას თუ ლიცენზიას იღებს, ერთნაირ საკვლევ პროცესს გადის, რომელიც სამი ფაზისგან შედგება. მესამე ფაზის შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდება რომ ვაქცინა მუშაობს და უსაფრთხოა, მწარმოებელს განაცხადი მის დამტკიცებაზე შეაქვს, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის გადაუდებელი მდგომარეობის დროს, მაგალითად როგორიც პანდემიაა, ვაქცინების წარმოება არა ვაქცინის დამტკიცების შემდეგ, არამედ ვაქცინის შემუშავების დროს ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესები ერთდროულად მიმდინარეობს და მწარმოებელი არა ლიცენზიის, არამედ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის განაცხადს ავსებს. FDA-ს განმარტებით, გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ვაქცინას მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ კვლევების მესამე ფაზა მის ეფექტიანობას დაამტკიცებს.

ახდენს თუ არა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გავლენას ფერტილობაზე?

თინა თოფურიას განცხადებით, ჩატარდა კვლევები, რომლებმაც ცხოველებში აჩვენა, რომ ვაქცინას ფერტილობაზე აქვს გავლენა. მისი თქმით, ინსტრუქციების მიხედვით, ექიმები ვალდებულები არიან, რომ პაციენტს კოვიდ19-ის საწინააღმეგო ვაქცინის წინ დაუსვან შეკითხვა, არიან თუ არა ისინი ორსულად ან თუ აპირებენ დაფეხმძიმებას.

რეალურად, ცხოველებზე კველევებს, რომლებიც FDA-ის მიერ ავტორიზებულ ვაქცინებზე ჩატარდა, ორსულობამდე ან ორსულობის დროს რაიმე საფრთხე არ გამოუვლენია. ვაქცინის მწარმოებლები ასევე ამონიტორინგებენ იმ ადამიანების მონაცემებს, ვინც კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა და შემდეგ დაფეხმძიმდა. აღსანიშნავია, რომ ფეხმძიმე ადამიანებს არ დაუფიქსირებიათ იმასგან განსხვავებული გვერდითი ეფექტი, რაც არაფეხმძიმე ადამიანებში რნმ ვაქცინების გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა. რაც შეეხება ვექტორულ ვაქცინებს, ამ ტექნოლოგიის ვაქცინები ებოლას ვაქცინაციის მსხვილმასშტაბიანი კვლევის დროსაც იყო გამოყენებული, თუმცა ფეხმძიმობასთან დაკავშირებული ვაქცინით გამოწვეული გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა, რაც ნაყოფზე იმოქმედებდა. მეტიც, ავსტრალიის მთავრობის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ უნაყოფობა რომელიმე ვაქცინის გვერდითი ეფექტია.

მითი ფერტილობასთან დაკავშირებით გასული წლის დეკემბერში ვირუსულად გავრცელდა, რაც ეფუძნებოდა მოსაზრებას, თითქოს კორონავირუსის სპაიკ-პროტეინსა (ანუ ვირუსის „წვეტის“ ცილას) და ე.წ. ცილა სინციტინს  შორის გარკვეული მსგავსება არსებობს, რის შედეგადაც კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებმა შეიძლება სინციტინის ბლოკირება განაპირობოს, და უნაყოფობამდე მიგვიყვანოს. რეალურად, სპაიკ-პროტეინსა და სინციტინს შორის მსგავსება არ არის იმგვარი, რომ ამან ანტისხეულების ე.წ. ჯვარედინი მოქმედება გამოიწვიოს. ამასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორმა” იმუნოლოგ გიორგი კამკამიძის პუბლიკაცია გამოაქვეყნა, სადაც ეს თემა დეტალურად არის განმარტებული. მითი ფერტილობის შესახებ, რომელიც კოვიდ19-ის სპაიკ-პროტეინსა და ცილა სინტიცინს შორის მსგავსებას ეყრდნობა, კორონავირუსით ინფექციის შემთხვევების შესწავლით უკვე გაქარწყლდა, რადგან მსგავსი ჯვარედინი რეაქციის განვითარება ინფიცირების შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულების შედეგადაც უნდა დამდგარიყო, თუმცა მკვლევრები, ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკაზე დაყრდნობით, განმარტავენ, რომ პანდემიას ფერტილობის პრობლემები არ გამოუწვევია.

რაც შეეხება ვაქცინაციამდე სპერმის გაყინვას, თინა თოფურია ამ ინფორმაციას ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერშიც აჟღერებდა, თუმცა სპერმის გაყინვის შესახებ რეკომენდაცია ვაქცინის მწარმოებლის ანოტაციაში ან მარეგულირებელი ორგანოების განცხადებებში არ გვხვდება. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის პუბლიკაცია:


თინა თოფურიას შესახებ

ჰომეოპატი თინა თოფურია აქტიური ანტივაქსერია, რომლის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” არაერთჯერ გადაამოწმა. თოფურიას ანტივაქსერული გზავნილები მედიის განვითარების ფონდის ანგარიშშიც “ინფოდემია 2020” მოხვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთო ანტივაქსერული განწყობების და კონსპირაციების გავრველების ფონზე, თინა თოფურია რუსული ვაქცინა Sputnik V-ის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა, რასაც გაზეთ ასავალ-დასავალში გამოქვეყნებული მისი კომენტარიც ცხადყოფს:

თინათინ თოფურია, ექიმი: “რუსულ ვაქცინებს არ ახსენებენ იმიტომ, რომ ოპოზიცია ჩაუსაფრთებათ. არადა, სიმართლე თუ გაინტერესებთ, ხალხი ამერიკულზე უფრო მეტად სწორედ რუსულ ვაქცინებს ენდობა! წავაწყდი ასეთ ინფომაციას – ბილ გეითსმა შეუკვეთა, ადამიანის გენომს გაუკეთონ ისეთი კოდირება, რომელიც ორგანიზმს აიძულებს, გამოიცნოს ნებისმიერი ვირუსის წარმომავლობა და შეებრძოლოს მას. საკუთრივ ვირუსი არის ინფორმაცია – “დნმ” ან “რნმ”, რომელიც შეფუთულია ცილოვან გარსში. ამიტომ როცა გვეუბნებიან, ორგანიზმში “დნმ” შეგვყავსო, სინამდვილეში შეჰყავთ ვირუსი! ანუ, რაც ბილ გეითსმა შეუკვეთა,  იმის აღსრულება ხდება… მაგალითად, “ასტრაზენეკათი” შეჰყავთ “დნმ”, ხოლო “ფაიზერით” და “მოდერნათი” – “რნმ”. ეს სხვა არაფერია, თუ არა გენური ინჟინერია.” (ასავალ-დასავალი, 29 მარტი – 4 აპრილი).

;

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist