29 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ფოტო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ კოცნის ქალი სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმულ პირს. პოსტის ავტორის თანახმად, ეს ქალი გათავისუფლებული ებრაელია, რომელიც დამშვიდობებისას ჰამასის სამხედრო პირს შუბლზე კოცნის. ფოტოს არაბულ ენაზე წარწერა აქვს დართული: “ერთი სურათი ათასი სიტყვის ფასია. ისრაელელი ტყვე მსოფლიოს აოცებს”.
სოციალურ ქსელში გავარცელებული ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული. კადრში, რომელიც ისრაელ-ჰამასს შორის მძევლების გაცვლის დღეს არის გადაღებული, ქალის სახე ჩასმულია, რაც შეუიაღარებელი თვალითაც შესამჩნევია.
24 ნოემბერს ისრაელ-ჰამასის ოთხდღიანი ზავის პირველი დღის ბოლოს “ჰამასმა”, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, ტყვეობაში მყოფი 24 მძევალი გაათავისუფლა, რის სანაცვლოდაც ისრაელის ციხიდან 39 პალესტინელი პატიმარი გაუშვეს. ჰამასის“ სამხედრო ფრთის – ალ-ქასამის ბრიგადის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ქალები და ბავშვები, რომლებიც “ჰამასის” სამხედროებსა და წითელი ჯვრის წარმომადგენლების დახმარებით ტრანსპორტში სხდებიან.
კადრი, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელეს, The Times-ის მიერ Youtube-ზე ატვირთული ვიდეოს 33-ე წამზე გვხვდება. ამ მომენტში “ჰამასის” სამხედრო პირი და წითელი ჯვრის წარმომადგენელი წითელკაპიუშონიან ბავშვს ტრანსპორტში ასვლაში ეხმარებიან. ამავე დროს წითელი ჯვრის წარმომადგენელი, რომელსაც თეთრი უნიფორმა აცვია, მანქანიდან იღებს რაღაც ნივთს (სავარაუდოდ, ტანსაცმელს) და გარეთ მყოფს აძლევს, შესაბამისად, კადრში მისი გაწვდილი ხელიც ჩანს
რეალური კადრი |
დამუშავებული ფოტო |
რაც შეეხება თავად დამუშავებულ ფოტოს, თუ კარგად დავაკვირდებით, რამდენიმე არაბუნებრივ დეტალსა და უზუსტობას აღმოვაჩენთ. მაგალითად, ქალის კანი, რომელიც სამხედრო პირს შუბლზე “კოცნის”, იმ პირობებში გადაღებული ვიდეოსთვის, ასევე სხვა ადამიანების კანთან შედარებით თეთრია. გარდა ამისა, ქალის სახე და “ჰამასის” მებრძოლის შუბლი ერთმანეთთან ხელოვნურადაა შეზრდილი. ასევე, ქალის თითებზე გამონაზარდებია შესამჩნევი, თავად ხელი კი “ჰამასელის” თავზე არაბუნებრივადაა მოხვეული.
28 ნოემბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დადებული დროებითი ზავის მეხუთე დღეს, როდესაც შეთანხმება 48 საათით იყო გახანგრძლივებული, “ჰამასმა” კიდევ 13 მძევალი გაათავისუფლა.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 24 ნოემბრიდან მოქმედებს. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების პირობებში ღაზიდან ისრაელელი მძევლების გათავისუფლება, ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გამოშვება და პალესტინელთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უნდა განხორციელებულიყო.
დროებითი ზავი თავდაპირველად ოთხი დღის განმავლობაში მოქმედებდა, რა დროსაც ისრაელში ისრაელის 51 მოქალაქე და 20-ზე მეტი უცხოელი დაბრუნდა. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა და მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება 27 ნოემბერს კიდევ ორი დღით გააგრძელეს, იმ პირობით, რომ ყოველდღე 10 ისრაელელი მძევალი 30 პალესტინელის სანაცვლოდ გათავისუფლდებოდა. 30 ნოემბერს შედგა კიდევ ერთი შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ზავი კიდევ ერთი დღით გაგრძელდა და ჯამში 7 დღემდე გახანგრძლივდა.
წყაროს შესახებ
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს სისტემატურად აქვეყნებს. 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, ის რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციას. ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.