26 ოქტომბერს ფეისბუქ-გვერდმა Израиль – это позитивно) გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც თეთრ სუდარებში გახვეული ადამიანების სხეულები ჩანს. სუდარებზე არაბული წარწერებია გაკეთებული. კადრებში ჩანს, რომ სუდარებში გახვეული ადამიანები მოძრაობენ. ვიდეოს აღწერის მიხედვით ეს “პალივუდის” (პალესტინა+ჰოლივუდი) მორიგი შედევრია, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვიდეო პალესტინაშია გადაღებული და ასე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ყალბდება.
იდენტური ვიდეო მსგავსი აღწერით, თითქოს მიცვალებულის გამოძრავება დადგმულ კადრებსა და მსხვერპლის გაზვიადებაზე მეტყველებს, ქართულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმაც გააზიარეს.
გავრცელებულივ პოსტი ვიდეომანიპულაციას შეიცავს. რეალურად, ვიდეო 2013 წელს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში სტუდენტების საპროტესტო აქცია-პერფორმანსს ასახავს. ვიდეოს ისრაელი-ჰამასის ომთან კავშირი არ აქვს.
ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო 2013 წელს კაიროში გამართულ საპროტესტო აქცია-პერფორმანსს ასახავს. ვიდეოს ორიგინალი ვერსია 2013 წლის 28 ოქტომბერს იუთუბზე ეგვიპტურმა მედიამ Elbadil-მა გამოაქვეყნა. Elbadil-ის მიხედვით, ვიდეო კაიროში ალ-აზარის უნივერსიტეტში “მუსლიმთა საძმოს” მხარდამჭერი სტუდენტების მიერ არმიის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო პერფორმანსს ასახავს. არაბული ენის ფაკულტეტის სტუდენტები ეგვიპტეში 2013 წლის 3 ივლისის სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებდნენ, რომლის შედეგადაც არმიის გენერალმა აბდელ ფატა ალ-სისიმ პრეზიდენტი მუჰამედ მურსი ჩამოაგდო.
იმ ფაქტს, რომ ფეისბუქზე გავრცელებული კადრები, სწორედ Elbadil-ის მიერ გამოქვეყნბული ვიდეოდანაა, ლოგო და მსგავსი ტიტრიც ადასტურებს.
კადრი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან | კადრი Elbadil-ის ვიდეოდან |
აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია ვიდეო დეზინფორმაციული აღწერით ვრცელდება და ხშირად სხვადასხვა კონფლიქტში ერთ-ერთ მხარის მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის გაყალბებაში დასადანაშაულებლად გამოიყენება. 2021 წელს ვიდეო ასევე ღაზაში, ჰამასის მიერ მსხვერპლის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების საჩვენებლად ვრცელდებოდა. მაშინ ვიდეო გამოცემა АFP-ს ფაქტების გადამოწმების სამსახურმა გადაამოწმა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ კონტექსტში ვიდეოს სერბულ, გერმანულ და ჩეხურენოვანი მომხმარებლები ავრცელებდნენ. АFP Fact-checking-ის თანახმად, ვიდეო კიდევ უფრო ადრე, 2017 და 2018 წელსაც გავრცელდა. იმის საჩვენებლად, რომ თითქოს სირიასა და პალესტინაში კონფლიქტების დროს მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას აყალბედნენ.
2021 წელს ამავე ვიდეოს საქართველოში და ინდონეზიაშიც კორნავირუსის უარყოფისთვის იყენებდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა, როდესაც “გაცოცხლებული გვამის” ვიდეოს დეზინფორმაციული აღწერით ჯერ კორონავირუსის პანდემიის უარყოფისთვის, ხოლო ომის დროს მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის გაყალბების “მტკიცებულებად” იყენებდნენ, “მითების დეტექტორმა” წარსულში რუსეთ-უკრაინის ომის კონტექტსშიც გამოავლინა.
ისრაელსა და ჰამასს შორის ომი 7 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელს თავს დაესხა. ამ პერიოდის განმავლობაში ორივე მხარეს მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა სანდო მედიაში სისტემატურად შუქდება. 2 ნოემბრის მონაცემებით დაპირისპირების შედეგად ისრაელში 1400 ადამიანი დაიღუპა და 5 000-ზე მეტი დაშავდა, სულ მცირე 240 ისრაელელი კი ღაზის სექტორში მძევლად არის აყვანილი. ისრაელის საპასუხო შეტევების შედეგად ღაზის სექტორში 9 061 ადამიანი დაიღუპა და 22 000-ზე მეტი დაშავდა. 134 ადამიანია მოკლული და 2 100 დაშავებული დასავლეთ ნაპირში (West Bank).
ომის დაწყებიდან სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია რეგულარულად ვრცელდება. “მითების დეტექტორმა” ამ თემაზე გავრცელებული არაერთი მცდარი ინფორმაცია გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.