გამოჩნდა თუ არა რუსული წყალქვეშა ნავი 2014 წელს მანჰეტენის სანაპიროზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.4k
VIEWS

14 ივნისს, ფეისბუქ მომხმარებელმა მალხაზ ხაბაზმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ 2014 წელს მანჰეტენის სანაპიროზე მყოფი ტურისტები მოწმე გახდნენ, თუ როგორ ამოვიდა წყლიდან რუსული წყალქვეშა ნავი. ხაბაზის მიხედვით, აშშ-ის სადაზვერვო სალოკაციო სისტემები სათანადოდ ვერ აკონტროლებენ ოკეანეს, რასაც ადასტურებს რუსეთის წყალქვეშა ნავის შემოსვლა აშშ-ს წყლებში. ხაბაზის პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელშიც წყლის ზედაპირზე მცურავი წყალქვეშა ნავის ფონზე პლაჟზე მყოფი ადამიანები ჩანან. ფოტო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს სწორედ მანჰეტენის სანაპიროზე მყოფი ხალხია, რომლებმაც რუსული წყალქვეშა ნავი სანაპიროსთან ძალიან ახლოს დაინახეს.

Screenshot 6 6 გამოჩნდა თუ არა რუსული წყალქვეშა ნავი 2014 წელს მანჰეტენის სანაპიროზე?

იგივე ინფორმაცია 2021 წლის მარტში რუსულენოვან Youtube-ის არხზე “Sequential number Номер по порядку” განთავსებულ ვიდეოშიც გაჟღერდა, სადაც ნათქვამია, რომ 2014 წლის 27 მარტს მანჰეტენიდან და თავისუფლების ქანდაკებიდან სულ რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით რუსული ბორეის კლასის ბირთვული შეიარაღების მქონე წყალქვეშა ნავმა ამოყვინთა. ვიდეოში, ასევე, ხაზგასმულია, რომ ამ მოვლენის შესახებ მეინსტრიმული მედია აქტიურად წერდა.

ინფორმაცია, თითქოს 2014 წლის მარტში რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავი აშშ-ის ტერიტორიულ წყლებში, მანჰეტენიდან და თავისუფლების ქანდაკებიდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში გამოჩნდა, მტკიცებულებების გარეშეა და არცერთ სანდო მედიაში არ იძებნება. ამასთანავე, ფოტო, რომელზეც პლაჟზე მყოფ დამსვენებლებთან ერთად წყლის ზედაპირზე მოცურავე წყალქვეშა ნავი ჩანს, ინტერნეტში 2014 წლამდე ბევრად ადრე, 2006 წლიდან იძებნება და სინამდვილეში რუსეთში,  სევეროდვინსკის სანაპიროზე, იაგრინსკის პლაჟზეა გადაღებული.

  • ინფორმაცია, თითქოს 2014 წელს მანჰეტენიდან რამდენიმე ასეულ მეტრში რუსული ბირთვული ნავი გამოჩნდა, სანდო წყაროებში არ იძებნება. 

Youtube-არხზე “Sequential number Номер по порядку” აღნიშნულია, რომ რუსული ბორეის კლასის ბირთვული შეიარაღების მქონე წყალქვეშა ნავის მანჰეტენზე გამოჩენა მეინსტრიმულ მედიაში აქტიურად გაშუქდა, თუმცა, რეალურად,  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2014 წლის 27 მარტს რუსული წყალქვეშა ნავი თავისუფლების ქანდაკებასთან ძალიან ახლოს, მანჰეტენის სანაპიროდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში, წყლის ზედაპირზე ამოვიდა, სანდო წყაროებში არ იძებნება. არსებობს შემთხვევები, როდესაც რუსული სამხედრო სადაზვერვო გემები და წყალქვეშა ნავები აშშ-ის სანაპიროს სიახლოვეს, რამდენიმე ათეული და ასეული კილომეტრის მოშორებით დაუფიქსირებიათ (1, 2, 3, 4, 5, 6), თუმცა ისეთი შემთხვევის შესახებ, თითქოს რუსული წყალქვეშა ნავი უშუალოდ აშშ-ის ტერიტორიულ წყლებში (სანაპიროს მიმდებარე ზოლი ზღვაში, რომლის სიგანე 12 საზღვაო მილს არ აღემატება), სანაპიროსთან ძალიან ახლოს შენიშნეს, ცნობები არ არსებობს. 

  • მალხაზ ხაბაზის გამოქვეყნებული ფოტო, არა მანჰეტენზე 2014 წელს, არამედ სევეროდვინსკში 2005 წელსაა გადაღებული

ფოტო, რომელიც მალხაზ ხაბაზის ფეისბუქ პოსტს ერთვის თან, ინტერნეტში 2014 წლამდე ბევრად ადრე, სულ მცირე 2006 წლიდან არსებობს. სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ ფოტოზე დაახლოებით 2005 წლის ზაფხულში სევეროდვინსკში რუსული სამხედრო წარმოების პროექტი 941 “აკულაა” ასახული. როგორც ირკვევა, აღნიშნული ფოტო კოლაჟის ნაწილია, რადგან ინტერნეტში მსგავსი ფოტოს სხვა რაკურსებიც მოიპოვება.

Screenshot 8 6 გამოჩნდა თუ არა რუსული წყალქვეშა ნავი 2014 წელს მანჰეტენის სანაპიროზე?
წყარო: defencetalk.com

აღნიშნული ფოტო რომ სევეროდვინსკშია გადაღებული, მოწმობს ისიც, რომ ერთ-ერთ რაკურსში პლაჟის პარალელურად მიმავალი ბულვარის ნაწილი ზუსტად ემთხვევა სევეროდვინსკის სანაპიროზე იაგრინსკის პლაჟის ბულვარს.

Screenshot 9 6 გამოჩნდა თუ არა რუსული წყალქვეშა ნავი 2014 წელს მანჰეტენის სანაპიროზე?
წყარო: Google maps

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სევეროდვინსკისში 1939 წლიდან არსებობს “სევეროდვინსკის მანქანათმშენებელი ქარხანა”, იგივე “სევმაში”, რომელიც უმსხვილესი გემთმშენებელი საწარმოა რუსეთში და დღეს ქვეყნის ერთადერთი ბირთვული წყალქვეშა ნავების მწარმოებელია. “სევმაშის” წარმოებული წყალქვეშა ნავები ხშირად სწორედ სევეროდვინსკის პლაჟთან ახლოს მოძრაობენ. ამას მოწმობს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მხრიდან გადაღებული ფოტოები. სევეროდვინსკის ტელევიზიის ერთ-ერთ რეპორტაჟში, რომელიც 2013 წლით თარიღდება, სწორედ წყალქვეშა ნავის გემთსაშენიდან გამოსვლაზეა საუბარი.

Screenshot 10 6 გამოჩნდა თუ არა რუსული წყალქვეშა ნავი 2014 წელს მანჰეტენის სანაპიროზე?

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი მალხაზ ხაბაზი ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ამბები “მითების დეტექტორის” მასალებში წარსულშიც არაერთხელ მოხვდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist