დეზინფორმაცია უკრაინელი ბავშვებით ვაჭრობის სქემაში კოკა-კოლის მონაწილეობაზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

240
VIEWS

5 ოქტომბერს მოსკოვში უკრაინაში ბავშვთა უფლებების დარღვევის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც დუმის ვიცე-სპიკერმა ანა კუზნეცოვამ ბავშვთა ორგანოებით შავ ბაზარზე ვაჭრობის სქემაში მონაწილეობაში კოკა-კოლა დაადანაშაულა. პრესკონფერენციის ამ მონაკვეთის რუსული პროპაგანდისტული მედიები აზიარებენ (1, 2, 3, 4, 5). განცხადებას აზიარებენ ფეისბუკისა და ტელეგრამის რუსულენოვანი ანგარიშებიც (1, 2). 

ანა კუზნეცოვას განცადებით, არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ბავშვების ორგანოებით შავ ბაზარზე ვაჭრობის სქემის არსებობას, რომელშიც კომპანია კოკა-კოლა ფიგურირებს. ასევე, კუზნეცოვას თქმით, უკრაინის ბიუჯეტის 7%-ს „შავი ტრანსპლანტოლოგიით“ მიღებული შემოსავალი შეადგენს და ეს სისტემა სახელმწიფო დონეზეა მხარდაჭერილი. დუმის სპიკერი ფონდ White Angel-ს პროფესიონალ გამტაცებლებად მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ მათ იძულებით წაიყვანეს დაახლოებით 856 ბავშვი. 

Screenshot 2023 10 17 144608 დეზინფორმაცია უკრაინელი ბავშვებით ვაჭრობის სქემაში კოკა-კოლის მონაწილეობაზე

კუზნეცოვას ბრალდება უკრაინელი ბავშვების ორგანოებით ვაჭრობაზე მტკიცებულებების გარეშეა. მას ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გამოუქვეყნებია. ასევე, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ კოკა-კოლა ბავშვებით ვაჭრობაშია ჩართული. ფონდი White Angel კი პოლიციელების ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც დონეცკის ოლქის პატარა ქალაქებში ფრონტის ხაზზე მოსახლეობას საკვებითა და მედიკამენტებით ეხმარება.

  • White Angel -ის საქმიანობა უკრაინაში

5 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ნახსენები დოკუმენტები რუსეთის მხრიდან არ გავრცელებულა. არ არსებობს ბავშვების ორგანოებით ვაჭრობის სქემის არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტაცია და შესაბამისად, კოკა-კოლას კავშირი მსგავს ქსელთან არ დასტურდება. რაც შეეხება ფონდ White Angel-ს, ის წარმოადგენს პოლიციელების ჯგუფს რუსტამ ლუკომსკის მეთაურობით, რომელიც მუშაობს დონეცკის ოლქის პატარა ქალაქებში ფრონტის ხაზთან. მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან მიაქვთ საკვები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების ნივთები, და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ მათ ევაკუაციას. რეგიონში პოლიციის ოფიცრებით დაკომპლექტებული ევაკუაციის ხუთი ეკიპაჟი ოპერირებს: ავდიევკას, ბახმუტის, ველიკონოვოსილკოვის, მარიინკასა და ლიმანის რაიონებში. White Angel-ის ეკიპაჟები ყოველდღიურად გადაადგილდებიან მირნოგრადიდან ავდიევკაში თეთრი ჯავშანმანქანით, რომელზეც მათი ლოგოა გამოსახული. მათმა გუნდმა დონეცკის ოლქიდან 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლის ევაკუაცია მოახდინა, რომელთაგან 400-ზე მეტი ბავშვი იყო. ვინაიდან ადგილობრივებს ხშირად არ სურთ სახლების მიტოვება ევაკუაციის დროს, White Angel-ის ოფიცრების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მათი დარწმუნებაა. იმ შემთხვევაში, როცა ამას ვერ ახერხებენ, დარჩენილ მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ. მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, White Angel ხშირად ხდება დეზინფორმაციის სამიზნე და რუსული წყაროები მას ხშირად აკავშირებენ ბავშვებით ვაჭრობის სქემებთან (1).

Screenshot 2023 10 17 144613 დეზინფორმაცია უკრაინელი ბავშვებით ვაჭრობის სქემაში კოკა-კოლის მონაწილეობაზე
წყარო: euam-ukraine.eu
Screenshot 2023 10 17 144618 დეზინფორმაცია უკრაინელი ბავშვებით ვაჭრობის სქემაში კოკა-კოლის მონაწილეობაზე
წყარო: armyinform.com.ua

რაც შეეხება უკრაინის ბიუჯეტს, უკრაინის სახელმწიფო სახაზინო სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გენერალური ფონდის შემოსავლებმა  1491 მილიარდი გრივნა შეადგინა

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ძირითადი წყაროები იყო:

  • უკრაინის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე დამატებული ღირებულების გადასახადი – 253,0 მილიარდი გრივნა;
  • უკრაინაში წარმოებულ საქონელზე დამატებული ღირებულების გადასახადი – 213,9 მილიარდი გრივნა;
  • პირადი საშემოსავლო გადასახადი და სამხედრო მოსაკრებელი – 148,4 მილიარდი გრივნა;
  • კორპორატიული მოგების გადასახადი – 117,0 მილიარდი გრივნა;
  • წიაღისეული რესურსებით სარგებლობის საფასური – 81,0 მილიარდი გრივნა;
  • უკრაინის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე აქციზის გადასახადი – 78,9 მილიარდი გრივნა;
  • იმპორტისა და ექსპორტის გადასახადი – 21,0 მილიარდი გრივნა.
  • კოკა-კოლას დახმარება უკრაინას

თავად კომპანია კოკა-კოლა აქტიურად არის ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევაში. პარტნიორებთან და Coca-Cola Foundation-თან ერთად მან 30 მილიონ დოლარზე მეტი ხარჯი გასწია. ომის დაწყებისთანავე კოკა-კოლამ დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის წითელი ჯვრის დახმარება უკრაინასა და მის მეზობელ ქვეყნებში. კომპანია აწვდიდა ფინანსულ დახმარებას უკრაინაში მცხოვრებ თანამშრომლებს. ამჟამად კოკა-კოლა ძირითადად ფოკუსირდება უკრაინის წყლითა და საკვებით მომარაგებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებაზე. კომპანია ახორციელებს არაერთ პროექტს ბავშვთა დასახმარებლად სხვა ქვეყნებშიც. 2021 წელს Coca-Cola Foundation-მა გასცა 5 მილიონი დოლარი ატლანტის ბავშვთა ჯანდაცვის სისტემის დასახმარებლად. 2018 წელს კომპანიამ დაიწყო საქველმოქმედო პროექტი აშშ-ის მასშტაბით სასკოლო სისტემის გაუმჯობესების მიზნით Coca-Cola Give Program-ის ფარგლებში. კომპანია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვაზე მუშაობს ფილიპინებშიც

ანა კუზნეცოვას დუმას ვიცე-სპიკერის თანამდებობა 2021 წლიდან უკავია. მანამდე ის იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბავშვთა უფლებების კომისარი 2016-2021 წლებში. კუზნეცოვა ერთ-ერთია იმ რუს პროპაგანდისტთა შორის, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინელი ბავშვების გატაცებისა და მათი დასავლეთში გაყიდვის თაობაზე. აგვისტოში, მან გაავრცელა ინფორმაცია კუპიანსკში, ხარკოვის ოლქში ბავშვების გატაცების თაობაზე. მისი თქმით ბავშვებით ვაჭრობას ფონდი Save Ukraine კურირებს. 

უკრაინელი ბავშვების ორგანოებით ვაჭრობაზე დეზინფორმაცია „მითების დეტექტორს“ აქამდეც არაერთხელ გამოუვლენია. მათ შორისაა ბელარუსული მედია საშუალების Беларусь 1-ის სიუჟეტი, რომელშიც საუბარია უკრაინული ბავშვთა სახლებიდან დასავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანაში გაუჩინარებულ ბავშვებზე. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ სიუჟეტში მოყვანილ თითოეულ შემთხვევაში ხდებოდა ფაქტებით მანიპულირება და მოწმეების გაყალბება. მაგალითად, ნიდერლანდებში „დაკარგული“ 170 ბავშვი რეალურად ქვეყანაში მშობლების გარეშე ჩასული არასრულწლოვნები იყვნენ. ხოლო მარიუპოლთან მდებარე თავშესაფრის ესპანეთზე გაყიდვის ერთადერთი მოწმე, იოანა პახცევიჩი, აცხადებს, რომ არ გააჩნია ამის დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტაცია. სიუჟეტში ნაჩვენები რუსი აქტივისტი ვერა ნიკულინა, რომელიც ადასტურებს ორგანოებით ვაჭრობის სქემის არსებობას, გამოყვანილია ეუთოს ყოფილ დამკვირვებლად, რაც, ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ რუსეთის მთავრობაა დადანაშაულებული უკრაინელი ბავშვების არალეგალური დეპორტაციის საქმეში. ამ ბრალდებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წლის 17 მარტს ვლადიმერ პუტინისა და  რუსეთის ფედერაციის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გამოსცა.


მოამზადა მარიამ ვარაზაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist