საბერძნეთის და პოლონეთის მაგალითზე ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი მრეწველობას ანგრევს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

262
VIEWS

2024 წლის 14 მარტს ფეისბუქ ანგარიშმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, ორგანიზაცია საქართველოში გააჩერებს ქარხნების მუშაობას და დაანგრევს ღვინის, მეტალურგიის, სოფლის მეურნეობის და ყველა სხვა სახის მრეწველობას, რადგან ევროკავშირის ამჟამინდელ წევრებს სურთ, რომ ბაზარზე მხოლოდ მათ მიერ შექმნილი პროდუქცია იყიდებოდეს. პოსტს თან ერთვის რუსულენოვანი ვიდეო, რომელშიც იგივე ინფორმაციაა მოცემული, დამატებით კი ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისას საბერძნეთს და პოლონეთს მოსთხოვეს, რომ თავიანთი გემთმშენებლობის ინდუსტრიაზე უარი ეთქვათ, რადგან ამ საქმეში გერმანიას მონოპოლია გააჩნია. ვიდეოში გაჟღერებული მტკიცებით, ესპანეთმა და იტალიამ ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ საბერძნეთს მოსთხოვა, შეეწყვიტა ზეთისხილის წარმოება. ვიდეოს თანახმად, ამავე მიზეზებით, საბერძნეთს ასევე მოუწია ღვინის წარმოების სერიოზულად შემცირება და მხოლოდ იმ სახეობის ღვინის გამოშვება, რაც საფრანგეთში, ესპანეთში და იტალიაში არ იწარმოება. 

გავრცელებული ვიდეოს პირველი ნაწილი ამოჭრილია 2022 წლის 3 ივლისის ინტერვიუდან, სადაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, პუბლიცისტი და პოლიტიკური კონსულტანტი ანატოლი ვასერმანი ამ თემებზე საუბრობს დიმიტრი პუჩკოვის გადაცემაში “РАЗВЕД ОПРОС”. აღნიშნული ინტერვიუ ფეისბუქზე რუსულენოვანი მომხმარებელების მიერ 2022 აქტიურად ვრცელდებოდა (1, 2, 3).

dezinphormatsia thithqos evrokavshiri mretsvelobas angrevs საბერძნეთის და პოლონეთის მაგალითზე ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი მრეწველობას ანგრევს

ევროკავშირთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საბერძნეთსა და პოლონეთში გემთმშენებლობის ინდუსტრიის, ისევე როგორც ბერძნული ღვინის სექტორის პრობლემები ევროკავშირში გაწევრიანებამდე დაწყებულმა მოვლენებმა განაპირობა. რაც შეეხება საბერძნეთში ზეთისხილის წარმოებას, ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს და მნიშვნელოვანი შემოსავალი აქვს. ამასთანავე, შეუძლებელია ესპანეთს ვიდეოში აღნიშნული მოთხოვნა წამოეყენებინა, რადგან საბერძნეთი ევროკავშირის წევრი ესპანეთზე რამდენიმე წლით ადრე გახდა. 

საბერძნეთისა და პოლონეთის გემთმშენებლობა 

გავრცელებულ ვიდეოში რესპოდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ქვეყანამ უარი უნდა თქვას ყველა იმ პროდუქტის წარმოებაზე, რომელიც უკვე იწარმოება წევრ ქვეყნებში. ამის ერთ-ერთ მაგალითად ის ასახელებს საბერძნეთისა და პოლონეთის გემთმშენებლობის ინდუსტრიას, რომელზეც, ვიდეოს თანახმად, მათ უარის თქმა მოუწიათ. აღსანიშნია, რომ 1981 წელს ევროპულ თანამეგობრობაში (ევროკავშირის წინამორბედი ორგანიზაცია) გაწევრიანებისას საბერძნეთის შემადგენლობაში დაახლოებით იმდენივე სავაჭრო გემი (3942) შედიოდა, რამდენიც ორგანიზაციის დანარჩენ წევრებში ერთად და ამ მაჩვენებლით ის მეორე ადგილს იკავებდა მსოფლიოში, ლიბერიის შემდეგ. ამხელა ციფრები გამოიწვია 1971-1980 წლებში ბერძნების მიერ საზღვაო სექტორზე გაზრდილმა ინტერესმა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა ეს გემი საბერძნეთში არ აშენებულა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ბერძენმა მესაკუთრეებმა სხვებისგან შეიძინეს, ნაწილი კი იაპონიაში და აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში საბერძნეთის შეკვეთის საფუძველზე ააშენეს

მიუხედავად ციფრებისა, 1970-იანი წლების ბოლოს უკვე ცხადი იყო, რომ გემთმშენებლობის ინდუსტრიას პრობლემები ექმნებოდა, რაც განპირობებული იყო ოპეკის ემბარგოს მიერ გამოწვეული ნავთობკრიზისით, რამაც გაზარდა წარმოებისთვის მნიშვნელოვანი თითქმის ყველა დეტალის ფასი, საპირისპიროდ კი მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. ეს პრობლემები შეეხო არამხოლოდ საბერძნეთს, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის გერმანიას, და 1989 წელს გემთმშენებლობის ინდუსტრია მთელ დასავლეთ ევროპაში საუკუნის მინიმალურ მაჩვენებლებს მიუახლოვდა. 

გემთმშენებლობის ინდუსტრიაში 1980-იანი წლებიდან დაწყებულ პრობლემებს დაემატა ისიც, რომ სამხრეთ კორეამ, იაპონიასთან და რამდენიმე სხვა აზიურ სახელმწიფოსთან ერთად გაზარდა გემების წარმოება. აღნიშნული ფაქტი პრობლემას წარმოადგენდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ ქვეყნებში ხელფასები და შესაბამისად წარმოების ხარჯები ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე საბერძნეთში ან ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში, რის გამოც კლიენტები უმეტესად შეკვეთებს სწორედ ამ აზიურ ქვეყნებს აძლევენ. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავსაშენის, სკარამანგას პრეზიდენტი, წარმოების მთავარ შემაფერხებელ პრობლემებად, ერთიანი სტრატეგიის არარსებობას და ეროვნულ მთავრობასთან შეუთანხმებლობას, საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნის დაცემას, ინვესტიციების ნაკლებობას, ტექნოლოგიის დაბალ ხარისხსა და დაბალ პროდუქტიულობას ასახელებდა. 

უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირმა სცადა სექტორის დახმარებაც და 1997 წელს ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანია Hellenic Shipyards-ს დახმარების საინვესტიციო პაკეტი დაუმტკიცა, თუმცა საბერძნეთის მთავრობამ 1996-2002 წლებში პაკეტის პირობები დაარღვია, რითიც აღნიშნული კომპანია უპირატესობაში ჩააყენა მის კონკურენტებთან, რაც ევროკომისიამ უკანონო ქმედებად გამოაცხადა

ევროკავშირში გაწევრიანების გამო საბერძნეთის გემთმშენებლობის ბიზნესის განადგურების შესახებ მანიპულაციაზე “მითების დეტექტორი” წარსულშიც წერდა. ვრცლად იხილეთ:

რაც შეეხება პოლონეთს, ის დიდი ხნის მანძილზე ოკეანეში მცურავი დიდი გემების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი იყო. თუმცა, ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც გემსაშენების უმეტესობას სახელმწიფო ფლობდა. 1980-იან წლებში, როდესაც ქვეყანამ საბაზრო ეკონომიკაზე დაიწყო გადასვლა, შემცირდა მთავრობის როლი ამ ინდუსტრიაში, რასაც დაემატა აზიური ქვეყნების გემთმშენებლობის მრეწველობის განვითარება, რის გამოც პოლონეთში ამ სფეროს პრობლემები შეექმნა. ინდუსტრიამ კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიიღო 2008 წელს დაწყებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიერ და შედეგად, 2000 წლიდან 2020 წლამდე, პოლონეთის წილი გემების მშენებლობაში გლობალურად 2.6%-დან 0.1%-მდე დაეცა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს რიცხვები სრული სურათის აღქმის საშუალებას არ იძლევა, რადგან 2009 წლიდან, ქვეყანა ძირითადად გემების წარმოებიდან მათ შეკეთებაზე გადავიდა და გდანსკის “Gdansk Shiprepair Yard Remontowa S.A” ევროპაში ყველაზე დიდი გემების შემკეთებელი გემსაშენია. პოლონეთში ასევე გაიზარდა იახტების აშენების წილიც და მისგან მიღებული წლიური შემოსავალი გასამმაგდა 2013-დან 2022 წლამდე. 

საბერძნეთის ზეთისხილის მრეწველობა

საბერძნეთი ზეთისხილის წარმოების მაჩვენებლით, ესპანეთისა და იტალიის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. ვიდეოში აცხადებენ, რომ ამ ორმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ საბერძნეთს  მოსთხოვა, თითქმის შეეწყვიტა ზეთისხილის წარმოება, რადგან მათ არ სურდათ კონკურენტი ბაზარზე. თუმცა, ეს რთული წარმოსადგენია იმის გათვალისწინებით, რომ საბერძნეთი 1981 წელს გახდა ევროპული თანამეგობრობის წევრი, ხოლო ესპანეთი 1986 წელს, შესაბამისად მას ვერ ექნებოდა მსგავსი მოთხოვნის წამოყენების უფლება და შესაძლებლობა საბერძნეთის მიმართ.

dezinphormatsia thithqos evrokavshiri mretsvelobas angrevs1 საბერძნეთის და პოლონეთის მაგალითზე ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი მრეწველობას ანგრევს
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ზეთისხილის წარმოებაში. წყარო: Worldatlas

საბერძნეთში დაახლოებით 120 000 000 ზეთისხილის ხეა, საიდანაც დაახლოებით 120 000 ტონა საკვები ზეთისხილი მოდის, დანარჩენი მოსავლით კი ზეითუნის ზეთი მზადდება, რომლის 80%-იც უმაღლესი ხარისხისაა. საგულისხმოა, რომ ამ ზეთის წარმოების მაჩვენებლითაც ქვეყანა მესამე ადგილს იკავებს. მიუხედავად რიცხვებისა, ამ ინდუსტრიას გააჩნია პრობლემებიც, რადგან ბერძნული ზეითუნის ზეთის დიდი ნაწილი ექსპორტზე დაბალ ფასად გადის იტალიაში, სადაც მას სათანადოდ ფუთავენ და ყიდიან ძვირად, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, ბერძნული ზეითუნის ზეთი უმაღლესი ხარისხისაა. თუმცა, აღნიშნული პრობლემის ძირითად მიზეზებად Político-ს სტატიაში ძირითადად საბერძნეთის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სისტემის სისუსტე და ფერმერების ცოდნის ნაკლებობა სახელდება. 

საბერძნეთის მეღვინეობა

ბერძნულ ღვინოს, ევროპულ თანამეგობრობაში გაწევრიანებისას მართლაც შეექმნა პრობლემები, რადგან ის სათანადო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროდუქტი 1970-იან წლებშიც ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა და მას ბევრი მომხმარებელი ქვეყნის გარეთ არ ჰყოლია. პრობლემების მოგვარებას ისიც უშლიდა ხელს, რომ მწარმოებელთა უმეტესობა მცირე ბიზნესმენები იყვნენ, რომელთაც არ ქონდათ საშუალება, სწრაფად ეპასუხათ ახალი სტანდარტებისათვის და გაეუმჯობესებინათ პროდუქტის ხარისხი. 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან სიტუაციის გამოსწორების მიზნით არაერთი ზომა გატარდა, რამაც მართლაც გამოიღო შედეგი და 2000-იანი წლების დასაწყისში ღვინის წარმოება თავდაპირველ მაჩვენებლებს მიუახლოვდა. კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა სექტორმა მიიღო 2008-2009 წლის ფინანსური კრიზისის დროს, რის საპასუხოდაც ევროკავშირმა საბერძნეთს 7 მილიარდი ევროს რაოდენობის დახმარება გაუწია, რაც საკმარისი აღმოჩნდა ექსპორტის მნიშვნელოვნად გასაზრდელად. კოვიდ პანდემიისგან მიღებული ზარალის აღმოსაფხვრელად, 2021 წელს ორგანიზაციამ კიდევ ერთი პროგრამა შეიმუშავა ღვინის სექტორის დასახმარებლად.  Financial Time-ის სტატიის მიხედვით, 80-იანი წლების შუაში ქვეყანაში მხოლოდ 70-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია არსებობდა, 2019 წლისთვის კი ამ კომპანიების რაოდენობამ 1400-ს გადააჭარბა. დღეისათვის ვენახებს საბერძნეთში 70000 ჰექტარი მიწა უკავიათ, საიდანაც 64000 ჰექტარი ღვინის წარმოებისათვისაა განკუთვნილი და 2023 წლის მონაცემებით, ქვეყანა ღვინის წარმოების მიხედვით მსოფლიოში მე-17 ადგილზეა. უკანასკნელ წლებში ბერძნული ღვინის სექტორი იზრდება და უფრო და უფრო მეტი ბერძნული სახეობის ღვინო იწარმოება და ხდება ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის და მათი დიდი ნაწილი საკმაოდ მაღალი ხარისხისაცაა

საბერძნეთის ღვინის ინდუსტრიის შესახებ “მითების დეტექტორი” წარსულშიც წერდა. ვრცლად იხილეთ:

 წყაროს შესახებ: 

რუსულენოვანი ანგარიში “Александр Ногтев” პრორუსული და ანტიუკრიანული შინაარსის მცდარ ან მანიპულაციურ პოსტებს პერიოდულად ავრცელებს. მის მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე პოსტი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ დარედაქტირებულ ფოტო/ვიდეო მასალად არის მონიშნული.

dezinphormatsia thithqos evrokavshiri mretsvelobas angrevs2 საბერძნეთის და პოლონეთის მაგალითზე ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი მრეწველობას ანგრევს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, პოლონეთი, საბერძნეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist