29 აგვისტოს რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშმა გამოაქვეყნა ინფოგრაფიკის შემცველი პოსტი, სადაც “ევროკავშირში გაწევრიანების საფასური” იყო წარმოდგენილი. მოცემული ტექსტის მიხედვით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა (საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, უნგრეთი) ევროკავშირში გაწევიანების გამო ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში იზარალეს. პოსტში დამატებით ნათქვამია, რომ უკრაინაში ევროკავშირს ბავშვების განადგურებაღა დარჩა.
იდენტური ინფოგრაფიკა ფეისბუქზე 2022 წლის მარტში და გასულ წლებში სხვადასხვა რუსულენოვან ვებ-საიტებზეც ვრცელდებოდა.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებამ სახელმწიფოები (საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, უნგრეთი) ინდუსტრიულ სფეროში აზარალა, მცდარ და მანიპულაციურ მტკიცებებს შეიცავს. რეალურად, რიგ ქვეყნებს სხვადასხვა სექტორში პრობლემები ჯერ კიდევ ევროკავშირში გაწევრიანებამდე შეექმნათ, ხოლო გარკვეულ სფეროებში, მაგალითად საავტომობილო ინდუსტრია და სოფლის მეურნეობა, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ქვეყნების შემოსავალი გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ყველა, გარდა საბერძნეთისა, ყოფილი საბჭოთა კავშირის (ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი) და სოციალისტური ბანაკის (პოლონეთი, უნგრეთი) წევრი სახელმწიფოები არიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გავრცელებული ინფოგრაფიკა შესაძლოა მიმართული იყოს არა მხოლოდ ევროკავშირის დისკრედიტაციისკენ, არამედ საბჭოთა პერიოდის მიმართ ნოსტალგიის გასაღვივებლად.
“მითების დეტექტორის” მასალაში მოყვანილი ფაქტები შეეხება როგორც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ასევე გაწევრიანებამდე პერიოდში 6 სახელმწიფოს (საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, უნგრეთი) შესაბამის სტატისტიკებსა და მათ ანალიზს.
საბერძნეთი
დეზინფორმაცია: საბერძნეთს ევროკავშირში შესვლა სოფლის მეურნეობის, მეღვინეობისა და გემთმშენებლობის ინდუსტრიების განადგურებად დაუჯდა
1981 წელს საბერძნეთის ევროპულ თანამეგობრობაში (ევროკავშირის წინამორბედი) გაწევრიანებით, ორგანიზაციას 3942 სავაჭრო გემი შემატა, რითიც ევროპული სავაჭრო ფლოტი გაორმაგდა; თუმცა, გემთმშენებლობის საერთაშორისო ბაზარს, მათ შორის საბერძნეთსაც, გარკვეული დარტყმები გასული ათწლეულიდან მოსდევდა. 1973 წლის ნავთობის ემბარგომ და სუეცის არხის რამდენიმე წლით დახურვამ საერთაშორისო ვაჭრობა შეაფერხა, რის გამოც სავაჭრო გემებზე მოთხოვნა კლებულობდა. 1989 წლისთვის, გემთმშენებლობის ინდუსტრია მთელ დასავლეთ ევროპაში საუკუნის მინიმალურ მაჩვენებლებს მიუახლოვდა. 1990-იან წლებში ბერძნულ ნავსაშენებს ევროკავშირმა საინვესტიციო პაკეტი დაუმტკიცა, თუმცა, პარალელურად, დაიწყო გამოიძიება საბერძნეთის მთავრობის მხრიდან ბერძნული ნავსაშენების მიმართ გაწეულ უკანონო ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით, რაც კონკურენციის პირობებს არღვევდა.
აღსანიშნავია, რომ, სკარამანგას ნავსაშენის, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს პრეზიდენტი, წარმოების მთავარ შემაფეხებელ პრობლემებად, ერთიანი სტრატეგიის არარსებობას და ეროვნულ მთავრობასთან შეუთანხმებლობას, საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნის დაცემას, ინვესტიციების ნაკლებობას, ტექნოლოგიის დაბალ ხარისხს და დაბალ პროდუქტიულობას ასახელებდა.
რაც შეეხება მეღვინეობას, ამ ინდუსტრიას თავდაპირველად მართლაც შეექმნა პრობლემები საბერძნეთის ევროპულ თანამეგობრობაში გაწევრიანებისას. საქმე იმაშია, რომ რიგი მწარმოებლების ღვინო არ შეესაბამებოდა ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს. ამასთან, ბაზარზე დიდ წილს დამოუკიდებელი მეწარმეები შეადგენდნენ, რომლებსაც, განსხვავებით მსხვილი კომპანიებისა, საკმარისი ფინანსური რესურსები არ გააჩნდათ იმისთვის, რომ წარმოების ხარისხი მალევე გაეუმჯობესებინათ. ამ მიზეზების გამო საწყის ეტაპზე წარმოება მკვეთრად დაეცა, თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისში ინდუსტრიამ საგრძნობი ზრდა განიცადა და თითქმის დაუბრუნდა თავდაპირველ მაჩვენებლებს, როდესაც 2003-2004 წლებში წარმოებამ 4 მილიონ ჰექტოლიტრს გადააჭარბა.
ინდუსტრიამ კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა მიიღო 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის და შემდგომ საბერძნეთში დაწყებული ეკონომიკური კრიზის გამო, რამაც ადგილობრივ ბაზარზე ღვინის მოთხოვნაზე დამეცა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ევროკავშირმა საბერძნეთში მეღვინეობის ინდუსტრიას ფინანსური დახმარება გაუწია, რომელიც 7 მილიონ ევროს შეადგენდა და რომელმაც ექსპორტის მაჩვენებლების ზრდაში დიდი როლი ითამაშა. ევროკავშირი დღესაც აგრძელებს ორგანიზაციის მასშტაბით მეღვინეობის, მეხილეობისა და მებოსტნეობის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც კოვიდ-პანდემიით დაზარალებული სექტორების მხარდასაჭერად არის მიმართული.
გავრცელებულ პოსტში საუბარია სოფლის მეურნეობის სექტორის “განადგურებაზეც”, რეალურად კი ამ სფეროსადმი ინტერესის კლება ქვეყნის ევროპულ თანამეგობრობაში გაწევრიანებამდე დაიწყო. ჯერ კიდევ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას – 1981 წელს, ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, 1970-იან წლებთან შედარებით, დაახლოებით 30%-ით იყო შემცირებული, რაც თანამედროვე ეპოქაში, სერვსებისა და ინდუსტრიის ეკონომიკაში წილის ზრდის ფონზე ბუნებრივი მოვლენაა. ამავდროულად, ყურადსაღებია, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი არ შემცირებულა 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, რაც თანამედროვე საბერძნეთში ამ ინდუსტრიის სტაბილურობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
2010 წელს, საბერძნეთი ფერმების რაოდენობით ევროკავშირის ტოპ ხუთეულში შედიოდა და ასევე სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე მოწინავე ადგილს იკავებდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს საბერძნეთის სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობაც – ახალი 2014-2022 სოფლის განვითარების პროგრამის მიხედვით, საბერძნეთი ევროკავშირის ბიუჯეტიდან 6.5 მილიარდ ევროს მიიღებს.
ლატვია
მანიპულაცია: ლატვიაში განადგურდა შაქრის ინდუსტრია და შეჩერდა წარმოება
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, შაქრის წარმოება ლატვიაში რამდენიმე წელიწადში შეჩერდა, ეს იყო არა “ევროკავშირის დიქტატით” განპირობებული მოვლენა, არამედ კერძო კომპანიების გადაწყვეტილება. ეს გადაყვეტილება მართლაც კავშირშია 2007 წელს ევროკავშირის მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებთან, მაგრამ, სინამდვილეში, ეს რეგულაციები წარმოადგენდნენ არა ევროკავშირის მიერ წარმოწყებულ ინიციატივას, არამედ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (World Trade Organization – WTO) მოთხოვნას, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიემართებოდა.
გარდა ამისა, მომხდარი ფაქტი გავრცელებულ პოსტში გაზვიადებულად არის წარმოჩენილი, მასშტაბები კი რეალურად ბევრად მცირეა, რადგან ლატვიას, ჯამში, სულ 3 შაქრის საწარმო გააჩნდა, რომლიდანაც პირველი ჯერ კიდევ 1998 წელს, ევროკავშირში გაწევრიანებამდე ბევრად ადრე დაიხურა, ხოლო შაქრის ინდუსტრიის სიმცირის ნათლად საჩვენებლად, ის ამ პერიოდში მთლიანი კვების ინდუსტრიის მხოლოდ 3.3%-ს შეადგენდა.
მეტიც, 2006 წელს, ამ სფეროში ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 636 ადამიანი იყო დასაქმებული.
გარდა ამისა, განახლებული რეგულაციების მიღება არ წარმოადგენდა შაქრის ინდუსტრიის კლების ერთადერთ მიზეზს. როგორც შაქრის ჭარხლის მწარმოებელი უმსხვილესი კონცერნის მფლობელმა, არნის ვეისმა, ინტერვიუში განაცხადა, არსებული საწარმოები მოძველებული ტექნოლოგიის იყო და დაბალი ხარისხის პროდუქციას იძლეოდა, რითიც თანამედროვე ბაზარზე არაკონკურენტუნარიანი აღმოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საწარმოების დახურვის შემდეგ, ხსენებულ კომპანიებს კომპენსაციის სახით ევროკავშირმა ბიუჯეტიდან 48.5 მილიონი ევრო გამოუყო.
რაც შეეხება ინფორმაციას ზოგადად ინდუსტრიის “განადგურების” შესახებ, დამოუკიდებელი ლატვიის სამუშაო ბაზარზე ინდუსტრიის წილი ევროკავშირში გაწევრიანებამდეც სტაბილურად მცირდებოდა, რადგან იზრდებოდა სერვისების წილი, რომელიც ლატვიის დამოუკიდებლობამდე ეკონომიკაში საკმაოდ მცირე წილს იკავებდა.
ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ წარმოების (manufacturing) წილი ეკონომიკაში შემცირდა, მთლიანი შემოსავალი ამ ინდუსტრიიდან სტაბილურად იზრდება, რაც ეფექტიანობის ზრდაზე მიუთითებს.
რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების ფინანსური სარგებლის უფრო ფართო სურათს, გარდა თავისუფალი ბაზრით სარგებლობის უპირატესობებისა, 2004-2018 წლებში ევროკავშირი ლატვიის ეკონომიკას ჯამში 10 მილიარდი ევროთი დაეხმარა.
ლიეტუვა
მანიპულაცია: ევროკავშირში გაწევრიანების ფასად ლიეტუვას ატომური ელექტროსადგურის ოპერირებასა და რძის ინდუსტრიაზე მოუწია უარის თქმა
იგნალინის ატომური ელექტროსადგური ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დაიხურა, თუმცა, მთავარი პრობლემა, რომელიც მის ფუქნციონირებას უკავშირდება, მომდინარეობს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიიდან. 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირში აშენებული ენერგობლოკები მუშაობდნენ РБМК-1500 ტიპის ბირთულ რეაქტორებზე, იმავე მოდელის, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ფუნქციონირებდა. ჩერნობილის ინციდენტის შემდგომ, ადგილობრივი მთავრობის მიერ შეჩერდა იგნალინის ატომური ელექტროსადგურის მე-3 ენერგობლოკის მშებებლობაც, რომლის დემონტაჟიც 1989 წელს დასრულდა. მიუხედავად ამისა, რომ დამოუკიდებელ ლიეტუვაში ჩატარებულმა რიგმა კვლევებმა მისი უსაფრთხოება მეტწილად დაადასტურა, უსაფრთხოების ზომები არ აკმაყოფილებდა ევროკავშირის სტანდარტებს და აღქმული იყო საფრთხედ, რის გამოც საბოლოოდ მისი დახურვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა კომპენსაციის სახით 820 მილიონი ევრო გამოჰყო, რომელიც შემდეგ 1.45 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. Ხოლო ალტერნატივად, ლიეტუვაში არსებული თბოელექტროსადგურის მოდერნიზაციისთვის, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, ევროკავშირის ბიუჯეტიდან 377 მილიონი ევრო გამოიყო.
რაც შეეხება რძის ინდუსტრიას, ლიეტუვის დამოუკიდებლობის პირველ წლებში ჩანდა ამ ინდუსტრიაში მზარდი კლება, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების, ბაზარზე კერძო ფირმების შემოსვლის და კერძო ფერმების წყალობით პროდუქტიულობამ ზრდა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს ძროხების რაოდენობა 2000 წლის მონაცემებთან შედარებით 2-ჯერ არის შემცირებული, ლიეტუვა იმაზე მეტი რაოდენობის რძეს აწარმოებს, ვიდრე 2000 წელს. 2000 წელს საერთო წარმოებული რძის რაოდენობა 1560 მილიონ ტონა რძეს შეადგენდა, ხოლო 2019 წლის მონაცემით ეს რიცხვი 1584 მილიონ ტონას უდრის.
ქვემოთ მოცემულ ცხრილსა და ინფოგრაფიკაზე მოცემულია უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია წლების მიხედვით:
ესტონეთი
მანიპულაცია: ესტონეთში ინდუსტრიის სექტორი განადგურდა, შემცირდა თევზჭერა და რძის წარმოება
ინდუსტრიულ სექტორთან დაკავშირებით რეალური სიტუაცია გაანალიზებულია დამოუკიდებელი ესტონეთის ეკონომიკის 100 წლის იუბილესთვის მიძღვნილ სტატიაში, რომლის ავტორიც ქვეყნის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ჰეიდო ვითსურია (Heido Vitsur). სტატიაში ნახსენებია, რომ 1990 წლის მონაცემებთან შედარებით თანამედროვე ესტონეთში შემცირდა ხორცის, რძის და კვერცხის წარმოების ჯამური რაოდენობა, რაც არანაირად არ არის ეკონომიკის, რომელიც ბოლო წლებში არნახულად იზრდება, კლების მაჩვენებელი, რადგან სოფლის მეურნეობის საერთო ეკონომიკაში კლების ფონზე იზრდება ისეთი პერსპექტიული ინდუსტრიები, როგორიცაა სერვისები, ხოლო ამჟამად წარმოებული ხორცი და სხვა პროდუქტები უფრო მეტად ხელმისაწვდომია საშუალო მომხმარებლისთვის, ვიდრე ადრე, და მათი ხარისხიც უფრო მაღალია.
რაც შეეხება თევზჭერას, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ესტონეთში ეს ინდუსტრია თავდაპირველად საფრთხის წინაშე მართლაც იდგა, რადგანაც საჭირო გახდა გაუქმებულიყო ესტონეთის მიერ მანამდე გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება EFTA-სთან (თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია, ევროკავშირისგან განსხვავებული ევროპული ორგანიზაცია, რომელიც ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს მოიცავს, როგორიცაა ნორვეგია და ისლანდია), რომლის ფარგლებშიც ქვეყანა თევზის პროდუქტებით ისლანდიასა და ნორვეგიასთან საბაჟო ბარიერების გარეშე ვაჭრობდა, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ესტონეთს მოუწევდა, ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის იმპორტის ტარიფი დაეწესებინა. თუმცა, ევროკავშირთან და EFTA-ს წევრებთან მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეებმა ამ საკითხში შეთანხმებას ესტონეთის სასარგებლოდ მიაღწიეს.
გარდა ამისა, ევროკავშირი სტაბილურად აფინანსებს ესტონეთის თევზის ინდუსტრიის მოდერნიზაციას. 2011 წელს, ევროპული თევზჭერის ფონდმა ესტონეთში თევზის პროდუქციის თანამედროვე გადამამუშავებელი და შემნახავი საცავის ასაშენებლად 3 მილიონი ევრო გამოყო . მთლიანობაში კი, 15 წლის განმავლობაში ევროკავშირმა ესტონეთში მინიმუმ 10 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თევზჭერა ესტონეთის ეკონომიკაში საკმაოდ მცირე როლს თამაშობდა – 1995 წელს ის მშპ-ის 4%-ს შეადგენდა, გავრცელებული პოსტის ინფოგრაფიკა კი მის მნიშვნელობაზე გაზვიადებულ შთაბეჭდილებას ქმნის, როგორც ეს ლატვიის რძის ინდუსტრიის შემთხვევაში იყო.
პოლონეთი
მანიპულაცია: ევროკავშირში გაწევრიანების ფასი პოლონეთისთვის გემთმშენებლობასა და ნახშირის მოპოვებაზე უარის თქმა იყო
სინამდვილეში, გემთმშენებლობა, რომელიც პოლონეთის ერთ-ერთ წამყვან ინდუსტრიას წარმოადგენდა, პრობლემებს ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დასაწყისში განიცდიდა, როდესაც სამუშაო ძალის მასიური კლება დაიწყო. გარდა ამისა, სოციალისტური ბლოკის მიერ ჩამოყალიბებული სისტემის ფარგლებში, პოლონეთისთვის ძირითადი ექსპორტიორი საბჭოთა კავშირი და ვარშავის პაქტის სხვა ქვეყნები იყვნენ, რის გამოც, 1989 წლიდან, პოლონეთი მალევე წააწყდა პრობლემებს. გდანსკის ნავსაშენი, რომელიც არ აღმოჩნდა კონკურენტუნარიანი თანამედროვე ბაზარზე, ჯერ კიდევ 1996 წელს ბანკროტად გამოცხადდა და ფუნქციონირებას შემოწირულობების ხარჯზე ახერხებდა, სანამ ის გდინიას ნავსაშენმა არ გამოისყიდა. მთავარი პრობლემა, რომელიც პოლონეთის ამ ინდუსტრიას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ შეექმნა, იყო სახელმწიფოს მიერ ამ და სხვა ნავსაშენების წლების განმავლობაში ჯამში დაახლოებით 1.3 მილიარდი ევროს ოდენობის სუბსიდირება, რომელიც ევროკავშირმა უკანონოდ და კონკურენციის კანონების გვერდის ავლად ჩათვალა. ამასთან, 2004 წლის 1 მაისამდე, პოლონეთის ევროკავშირში ოფიციალურად შესვლამდე, გაწეულ სახელმწიფო დახმარებას ევროკავშირი დარღვევად არ თვლიდა. საპასუხოდ, 2007 წელს, პოლონეთმა წარადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც ქვეყნის 3 მთავარ ნავსაშენში, რომელთა სუბსიდირებასაც ის ახდენდა, ჯანსაღი კონკურენციის აღსადგენად წარმოება შეიზღუდებოდა.
კონკურენციის საკითხებში ევროკომისარი ნელი კროსის (Neelie Kroes) მიერ გაკეთებული განცხადებით, არცერთი ნავსაშენის დახურვა არ განიხილებოდა.
რაც შეეხება ქვანახშირის მოპოვებას, პოლონეთი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა მოწინავე პოზიციას და ჯერ კიდევ ევროკავშირში გაწევრიანებამდე მოიპოვებდა იმაზე
მეტს, ვიდრე ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ერთად აღებული. 2020 წლის მონაცემებით ამ სფეროში პოლონეთი ახლაც ლიდერია.
ამავრდოულად, ქვანახშირი ითვლება ყველაზე “ბინძურ” საწვავად, რომელიც ატმოსფეროში სხვებთან შედარებით ყველაზე მეტ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. პოლონეთში ბელხატუვის თბოელექტროსადგური, რომელიც ატმოსფეროში წელიწადში 32 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს გამოჰყოფს, ევროკავშირის ყველაზე დიდი “დამაბინძურებელი” კომპანიაა. პოლონეთს აგრეთვე პრობლემები შეექმნა მეზობელ ჩეხეთის რესპუბლიკასთან, რომელიც პოლონეთს ტუროვის ქვანახშირის საბადოს ფუნქციონირების გამო ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებაში ადანაშაულებს. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ პოლონეთის მთავრობას გამამტყუნებელი განაჩენიც გამოუტანა. საბოლოო ჯამში, ნახშირის მრეწველობა პოლონეთში აგრძელებს არსებობას, თუმცა ევროკავშირის “მწვანე შეთანხმების” მიხედვით, ევროკავშირი 2050 წლისთვის გამონაბოლქვის რაოდენობას მაქსიმალურად შეამცირებს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის ევროკავშირი ქვანახშირის მოპოვებაზე სრულად უარის თქმას აპირებდა, მაგრამ, რამდენიმე წევრ სახელმწიფოს, მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთს, ამ ეტაპზე ზუსტი სამოქმედო გეგმა არ გააჩნიათ. გარდა ამისა, რუსეთის ომმა უკრაინასთან და რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე უარის თქმამ, შესაძლოა, ეს პროცესი კიდევ უფრო გადადოს.
უნგრეთი
დეზინფორმაცია: უნგრეთს ევროკავშირში შესვლა “უმსხვილესი მანქანათმწარმოებელი კომპანიის განადგურებად” დაუჯდა
მიუხედავად იმისა, რომ პოსტში კონკრეტული საწარმო დასახელებული არაა, სავარაუდოდ, საუბარია “იკარუსზე” (Ikarus), რომელიც ერთ დროს ევროპაში ავტობუსების ერთ-ერთ უმსხვილეს ბრენდს წარმოადგენდა. 1980-იან წლებში კომპანია წელიწადში 14 000 ავტობუსს აწარმოებდა, რომელთაგანაც უდიდესი ნაწილი ექსპორტზე საბჭოთა კავშირში, ჩეხოსლოვაკიასა და აღმოსავლეთ გერმანიაში გადიოდა. 1980-იანი წლების დასასრულსა და 1990-იანი დასაწყისში კომპანიას უდიდესი დარტყმა სწორედ სოციალისტური ბანაკის ქვეყნების და საბჭოთა კავშირის ბაზრების დაკარგვამ მიაყენა. 1998 წელს რუსეთში დაწყებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე გაუქმდა უკანასკნელი მსხვილი შეკვეთები რუსეთიდან, რის შემდეგაც 1999 წელს კომპანია ფრანგულმა ფირმამ, Irisbus-მა შეიძინა. თუმცა, კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ Ikarus-ის დახურვა გადაწყვიტა, რის მიზეზადაც მოძველებული ტექნოლოგიები, დამზადების სიძვირე და ხარისხის პრობლემები დაასახელა. უკანასკნელი ავტობუსების პარტია, რომელიც 3 მანქანას შეადგენდა, ქარხანამ 2003 წელს გამოუშვა, შესაბამისად “იკარუსის” დახურვა ევროკავშირში გაწევრიანებას არ გამოუწვევია.
რაც შეეხება 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ უნგრეთში მანქანათმშენებლობის ინდუსტრიის განვითარებას, 2004 წელსვე გერმანულმა კომპანიამ Audi AG ქვეყანის საავტომობილო ინდუსტრიაში 110 მილიარდი უნგრული ფორინტის ოდენობის ინვესტიცია ჩადო. ამასთანავე, ევროკავშირში გაწევიანების შემდგომ უნგრეთში ავტომობილების წარმოება საშუალოდ 3-4-ჯერ გაიზარდა, რასაც ადასტურებს OICA-ის (International Organization of Motor Vehicle Manufacturers) წლიური მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც 2000-2005 წლებში უნგრეთში ყოველწლიურად 137 000-152 000 მანქანა იწარმოებოდა, ხოლო 2014-2019 წლებში ეს რიცხვები 400-500 ათასის ფარგლებში მერყეობს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.