2024 წლის თებერვალში სოციალური ქსელის მომხმარებლები აქტიურად აზიარებდნენ ფეისბუქის მომხმარებლის, Nana Akhalkatsi-ის 2022 წლის 18 ივლისის პოსტს. პოსტის მიხედვით, სამედიცინო ექსპერტმა არიანა ლოვმა ამერიკელი ტელეწამყვანის სტიუ პეტერსის ეთერში მეცნიერულად ახსნა, რომ კოვიდის საწინააღმდეგოდ აცრილი ადამიანის ორგანიზმში ვაქცინის საშუალებით სხვადასხვა ნივთიერება და ტექნოლოგია შეჰყავთ, რომლის გამოყენებითაც ადამიანის კონტროლი გარედან ხდება შესაძლებელი. პოსტს თან ერთვის ვიდეო, სადაც არიანა ლოვი სტიუ პეტერსს ესაუბრება, ხოლო პოსტის ტექსტში ამ ინტერვიუს ქართულენოვანი თარგმანია მოცემული. არიანა ლოვი რამდენიმე მტკიცებას ავითარებს:
1) ადამიანის ორგანიზმზე კონტროლის დასამყარებლად კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების საშუალებით ნანომავთულები ელექტრო-მაგნიტურ ველს ქმნიან და შესაბამისად, EMF რადიაციის დონე იზრდება; 2) იმისთვის, რომ ადამიანის სხეულის გარედან კონტროლი გახდეს შესაძლებელი ორგანიზმში ვაქცინის საშუალებით აბრეშუმის ფიბროინიც (Silk Fibroin) შედის. ის აბრეშუმის ხოჭოსგან მიიღება და ამ შემთხვევაში მისი ადამიანის სხეულში შეყვანა ტრანსჰუმანიზმზე მიუთითებს; 3) ვაქცინებში ნანომავთულების არსებობას ბალზამირებისას გარდაცვლილი ვაქცინირებული ადამიანის სხეულში ნაპოვნი უცხო სხეულები ადასტურებს.
გავრცელებული მტკიცებები ყალბია. რეალურად: 1) კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები არ შეიცავენ მეტალებს ან რადიაციულ ტექნოლოგიებს, რომლებიც ორგანიზმში ელექტრო-მაგნიტურ აქტივობას ქმნიან; 2) აბრეშუმის ჭიისგან მიღებული აბრეშუმის ფიბროინი ვაქცინების შემადგენლობაში არ შედის 3) ბალზამირების სპეციალისტების მიერ გარდაცვლილებში აღმოჩენილი წარმონაქმნები არა მომწამლავი ნანომავთულები, არამედ სისხლის კოლტებია
-
ქმნიან თუ არა ვაქცინები ადამიანის სხეულში ელექტრო-მაგნიტურ ველს?
არიანა ლოვის მიხედვით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების საშუალებით ადამიანის კონტროლი სურთ და ამის გამო სხეულის შიგნით ელექტრო-მაგნიტურ ხელოვნურ ქსოვილს აშენებენ, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში EMF რადიაციის გაზომვის შედეგად მაღალი ელექტრონული აქტივობა ფიქსირდება. რეალურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული არცერთი კოვიდსაწინაარმდეგო ვაქცინა არ შეიცავს რაიმე ისეთი ტიპის მეტალს ან რადიაციულ ტექნელოგიას, რომლებითაც ორგანიზმში ელექტრო-მაგნიტური ველის შექმნა იქნებოდა შესაძლებელი.
EMF რადიაცია იგივე ელექტრო-მაგნიტური გამოსხივებაა, ის ორ კატეგორიად იყოფა: მაიონებელი (Ionizing) და არამაიონებელი (non-ionizing). არამაიონებელი რადიაცია ადამიანებისთვის უსაფრთხოდ ითვლება და მისი ყოველდღიურად მოხმარების მაგალითებია მიკროტალღური ღუმელები, მობილური ტელეფონები, უსადენო ინტერნეტი და სხვა. მაიონებელი რადიაცია საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის და დნმ-სთვის. თუმცა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები არცერთი ტიპის რადიაციის გამომწვევ რაიმე ნივთიერებას ან ტექნელოგიას არ შეიცავს.
რაც შეეხება იმას თუ რატომ უფიქსირდება ზოგიერთ ადამიანს EMF რადიაციის უფრო მაღალი დონე ორგანიზმში ვიდრე სხვებს, ეს მოვლენა შესაძლოა მრავალნაირად აიხსნას: ადამიანებს, რომლებიც კიბოს უჯრედების საწინააღმდეგოდ რადიაციულ თერაპიას მიმართავენ, შესაბამისად, გამოსხივების მაღალი დონე ექნებათ. ანალოგიურად, ორგანიზმში ელექტროაქტივობის დონეს ზრდის ტიტანიუმის იმპლანტები, სმენისთვის საჭირო იმპლანტები, მეტალის იმპლანტები და სხვა. როიტერთან კომენტარში დუბლინის ტრინიტის კოლეჯის ფიზიკის პროფესორმა მაიკლ კოიმ აღნიშნა, რომ შეუძლებელია ვაქცინამ ელექტომაგნირური ველი შექმნას.
-
რა არის აბრეშუმის ფიბროინი და შედის თუ არა ის ვაქცინების შემადგენლობაში?
რაც შეეხება აბრეშუმის ფიბროინს, ის არის სტრუქტურული ცილა, რომელიც შინაური აბრეშუმის ჭიისგან (Bombyx mori) მიიღება. აბრეშუმის ფიბრიონს კარგი ბიოთავსებადობა და ძლიერი მექანიკური თვისებები ახასიათებს. მეთანოლთან ურთიერთქმედების შემთხვევაში აბრეშუმის ფიბრიონის გამოყენება 3D გამოსახულებების ბეჭდვაში ხდება შესაძლებელი, რადგან მეთანოლის საჭირო რაოდენობით დამატებით აბრეშუმის ფიბრიონი 3D ბეჭდვისთვის საჭირო ელასტიურობას ინარჩუნებს.
რაც შეეხება აბრეშუმის ფიბროინის გამოყენებას ვაქცინებში, იგი Pfizer-ის, Moderna-ს, AstraZeneca-ს (Vaxzervia), Sinopharm-ის ან Sinovac-ის შემადგენლობებში არ შედის და მისი თვისებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ვაქცინის შემადგენლობაში იყოს. აქვე ხაზგასასმელია ისიც, რომ არცერთი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანის დნმ-ის მოდიფიცირებას არ ახდენს და არ შეიცავს ქსოვილებს სხვა ცოცხალი არსებებისგან, როგროც ამას ხშირად ანტივაქსერული ჯგუფები ამტკიცებენ და ვაქცინაციას ტრანსჰუმანიზმთან აიგივებენ.
ვაქცინებთან კავშირში აბრეშუმის ფიბროინის გამოყენება მხოლოდ ნემსის წვერის შემცველობის კვლევის შემთხვევაში მოხდა. აუბურნის უნივერსიტეტის მკვლევრის 2022 წლის სტატიაში, რომელიც მიკრონემსების საშუალებით ვაქცინაციის ჩატარებას და ამ მხრივ ტექნელოგიურ სიახლეებს ეხება, ნახსენებია, რომ მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა თავიანთ კვლევაში აბრეშუმის ფიბროინის შემცველი ნემსები გამოიყენეს, თუმცა ხაზგასასმელია, რომ ეს სამეცნიერო კვლევა იყო და მასში კოვდისაწინაარმდეგო ვაქცინები არც კი გამოუყენებიათ. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ აბრეშუმის ფიბროინის თვისებებიდან გამომდინარე მიკრონემსებში მისი გამოყენება ხელსაყრელია, რადგან ის სტაბილურობით გამოირჩევა და ოთახის ტემპერატურაზე შენახვას უძლებს. აღსანიშნავია, რომ აბრეშუმის ფიბროინის გამოყენების შესახებ მედიცინაში კვლევები კვლავ მიმდინარეობს.
-
იპოვეს თუ არა გარდაცვლილი ვაქცინირებული ადამიანების სხეულში ნანომავთულები?
რაც შეეხება მტკიცებას იმის შესახებ, რომ ვაქცინირებულების სხეულებში ბალზამირებისას მომწამვლელი ნანომავთულები აღმოჩენის შესახებ, რეალურად, მტკიცება 2022 წლიდან ვრცელდება და ეყრდნობა ვიდეოს, რომელშიც არა ნანომავთულები, არამედ სისხლის კოლტები ჩანს. ამის შესახებ PolitiFact-თან ბალზამირების ლიცენზირებულმა სპეციალისტმა მონიკა ტორესმა თქვა, რომ უჩვეულო კოლტები კორონავირუსით გარდაცვლილებში ვაქცინაციის დაწყებამდეც იყო აღმოჩენილი. მისივე თქმით, ზოგადად გარდაცვლილებში, რომლებმაც ბალზამირებამდე მაცივარში დიდი დრო გაატარეს, მუქი ფერის სისხლის კოლტები არც ისე იშვიათია.
ვაქცინებში ნანომავთულებისა და ნანონაწილაკების არსებობის შესახებ ყალბ მტკიცებზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, ვრცლად იხილეთ მასალები:
- 3 დეზინფორმაცია ბალზამირების სპეციალისტების მიერ გარდაცვლილებში აღმოჩენილი სისხლის კოლტების შესახებ
- შეიცავს თუ არა ვაქცინა ნანონაწილაკებსა და თხევად კრისტალებს?
-
არიანა ლოვისა და სტიუ პიტერსის შესახებ
არიანა ლოვი ან როგორც ის თავის თავს უწოდებს – დოქტორი რიანა ლოვი პანდემიის პერიოდში და შემდეგაც ვაქცინაციის შესახებ თავისი ბლოგის ambassadorlove.blog საშუალებით არაერთ დეზინფორმაციას ავრცელებდა. ის ასევე ხშირად მონაწილეობდა სტიუ პეტერსის შოუში, სადაც განაცხადა, თითქოს PCR ტესტების საშუალებით მოლეკულური კლონირება და ადამიანის დნმ-ის რეპლიკაცია ხდება.
არიანა ლოვის ბლოგზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი პუბლიკაციის მიხედვით, აუტიზმის სპექტრი რეალურად გენეტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული მანიპულაციაა და მიზნად ადამიანის ტვინის კონტროლს ისახავს. ლოვი ასევე სტუმრობდა პოდკასტს სახელწოდებით Holistic Health Online Podcast (ჰოლისტური ჯანმრთელობის ონლაინ პოდკასტი), სადაც “ხაზარული მაფიის” კონსპირაციის შესახებ ისაუბრა.
რაც შეეხება სტიუ პიტერსს, CBC-ის მიხედვით, პიტერსმა 2023 წლის ნოემბერში გამოუშვა ფილმი “Died Suddenly” (უცებ მოკვდა), რომელშიც ამტკიცებდა, რომ ვაქცინირებული ადამიანები მოულოდნელად იხოცებოდნენ. პიტერსი სხვადასხვა დროს უკრაინის შესახებ პრორუსულ დეზინფორმაციებსა და ნარატივებსაც ავრცელებდა, მათ შორის დეზინფორმაციას, თითქოს ზელენსკის ორეული ჰყავს.
რაც შეეხება სოციალური ქსელის მომხმარებელ Nana Akhalkatsi-ს, მის მიერ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.