როგორ მუშაობს ბრიტანეთში “ყვითელი ბარათის” სისტემა და რამდენად სანდოა ვაქცინაციაზე გავრცელებული სტატისტიკა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

71
VIEWS

30 მარტს თერაპევტმა ნონა აღდგომელაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 9 დეკემბრიდან  2021 წლის 14 მარტამდე, Pfizer-ისა  და  AstraZeneca-ს ექსპერიმენტული ვაქცინაციის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 594 გარდაცვალების ფაქტი და 404 525 ტრავმა დაფიქსირდა. მსგავსი შინაარსის ინფორმაცია 29 მარტს ფეისბუკის მომხმარებელმა,  Nana Akhalkatsi-მაც გაავრცელა. პოსტის ავტორის მტკიცებით, დიდ ბრიტანეთში 4 მარტის მონაცემებით “ფრაიზერით” ვაქცინაციის შედეგად არაერთი გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა, ხოლო 212 ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაცია ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ვაქცინის შედეგად გარდაცვალების შემთხვევები ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური მონაცემებია.

;;
;
დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურია, რამდენადაც გაერთიანებული სამეფოს “ყვითელი ბარათის” სისტემაში ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი მოვლენებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის ასახვა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, დაფიქსირებული შეტყობინებები კი, შესაძლოა, ჯანმრთელობის ნებისმიერ პრობლემას ასახავდეს, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ იჩენს თავს, იმისდა მიუხედავად, იყო თუ არა ეს პრობლემა ვაქცინით გამოწვეული. 

რა არის ყვითელი ბარათის სისტემა?

ყვითელი ბარათის სქემა ვაქცინების, მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო საშუალებების მონიტორინგის შედეგებსა და გვერდითი მოვლენებს აღრიცხავს და ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტოს (MHRA) მიერ კონტროლდება. სისტემის ერთ-ერთ მიზანს ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი მოვლენების გამოვლენა წარმოადგენს, თუმცა ამ შემთხვევაში გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ იჩენს თავს, იმისდა მიუხედავად, იყო თუ არა ეს პრობლემა სინამდვილეში ვაქცინით გამოწვეული. ყვითელი ბარათის სისტემაში მონაცემების ასახვა როგორც ვაქცინირებულ პაციენტებს, ასევე სხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას სამედიცინო განათლება. ვაქცინაციის შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებლის დასადგენად ყვითელი ბარათის სისტემაში ასახული მონაცემების გამოყენება არასწორია, რამდენადაც პროგრამა დამოუკიდებლად არ ადასტურებს, იყო თუ არა რომელიმე ვაქცინა პაციენტის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი. ყვითელ ბარათებზე დაფიქსირებულ გვერდით მოვლენებს ექიმების, ფარმაცევტებისა და მეცნიერებისგან შემდგარი მედიცინის უსაფრთხოების ექსპერტთა გუნდი განიხილავს, რომლებიც წამლებისა და სამედიცინო დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელ სააგენტოსთან (CHM) თანამშრომლობით მედიკამენტის რისკებსა და სარგებელს იკვლევენ.

 

ყვითელი ბარათის სისტემა  აშშ-ში მოქმედი VAERS სისტემის მსგავსად მოქმედებს, რომლის შესახებაც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:
რა არის VAERS-ის სისტემა და რა ვიცით ამერიკაში ვაქცინაციის პროცესზე?

ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს (MHRA) ახსნა ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი მოვლენების შესახებ

ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით,  2020 წლის 9 დეკემბრიდან 2021 წლის 14 მარტამდე ვაქცინაცია Pfizer-ის ვაქცინის დაახლოებით 10,9 მილიონი და ოქსფორდის უნივერსიტეტის AstraZeneca ვაქცინის 13,7 მილიონი დოზით ჩატარდა. ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA)  Pfizer-ით ვაქცინაციის შემდეგ  38 084, ხოლო AstraZeneca ვაქცინის შესახებ 78 223 შეტყობინება მიიღო. 325 შემთხვევაში ვაქცინის მწარმოებელი კომპანია მითითებული არ ყოფილა. ორივე ვაქცინის შემთხვევაში, შეტყობინებების აბსოლუტური უმრავლესობა ინექციის ადგილზე რეაქციებს ეხება (მაგალითად, მკლავის ტკივილი) და ისეთ სიმპტომებს, როგორიცა თავის ტკივილი, შემცივნება, დაღლილობა, გულისრევა, ცხელება, თავბრუსხვევა, სისუსტე, კუნთების ტკივილი და გულისცემის აჩქარება. ამ ტიპის რეაქციები ნორმალურია და სხეულის მიერ ვაქცინებზე გამოწვეულ ნორმალურ იმუნურ რეაქციას წარმოადგენს.

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს,  ვაქცინაციის შემდეგ MHRA-მ ჯამში 594 შეტყობინება  მიიღო. MHRA-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების ანალიზის მიხედვით,   გარდაცვალების თითოეული შემთხვევის განხილვა აჩვენებს, რომ პაციენტების გარდაცვალებას კორონავირუსის ვაქცინასთან კავშირი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ ფატალური შემთხვევების უმეტესობა ხანდაზმულ ადამიანებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში დაფიქსირდა. MHRA-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული ადამიანების დიდი ნაწილი ასაკოვანია, რომელთა უმეტესობას უკვე გარკვეული დაავადებები აქვს. “ხანდაზმული ასაკისა და ქრონიკული დაავადებების ფონზე უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ შემთხვევითი გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.”

ადრე გავრცელებული მსგავსი ინფორმაცია ბრიტანელმა და ამერიკელმა ფაქტჩეკერებმაც გადაამოწმეს.


ნონა აღდგომელაშვლის პოსტის არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist