არის თუ არა კორონავირუსი ბაქტერია და რას ეყრდნობა ლუკ მონტანიე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

242
VIEWS

2022 წლის 16 იანვარს ფეისბუქ მომხმარებლებმა შორე შანიძემ, Mano Beridze-მ, Nodari Goletiani-მა და Lu Ka-მ მილანში 15 იანვარს კორონავირუსის ვაქცინაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ფრანგი ნობელიანტი მეცნიერის, ლუკ მონტანიეს სიტყვით გამოსვლის ჩანაწერი გააზიარეს. ლუკ მონტანიეს მტკიცებით, იტალიერი მეცნიერების ჩატარებული, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი კვლევები ადასტურებს, რომ ახალი კორონავირუსი ვირუსებისა და ბაქტერიების ფრაგმენტებისგან ხელოვნურად შექმნილი ვირუსია და მისგან განკურნება ანტიბიოტიკების საშუალებით შეიძლება. გარდა ამისა, მონტანიეს თქმით, კორონავირუსის ვაქცინები სახიფათოა, რადგან ისინი ადამიანის ორგანიზმში ახალ ინფექციებს იწვევს, ხოლო ვაქცინებში შემავალი სპაიკ ცილა და ალუმინი ტოქსინებია, რომლებიც სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს და თავის ტვინს აზიარებს. 

Screenshot 1 7 არის თუ არა კორონავირუსი ბაქტერია და რას ეყრდნობა ლუკ მონტანიე?

სიმართლეს არ შეესაბამება, რომ კორონავირუსი ბაქტერიის ნაწილებისგან შედგება და ანტიბიოტიკებით იკურნება. COVID-19-ის ბაქტერიულ წარმომავლობასთან დაკავშირებული მტკიცებები 2020 წლიდან ვრცელდება, თუმცა დღემდე არ არსებობს ვალიდური კვლევები და მეცნიერული მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ახალი კორონავირუსი ბაქტერიას შეიცავს. მცდარია მტკიცებაც, რომ კორონავირუსის ვაქცინებში შემავალი სპაიკ ცილა და ალუმინი ტოქსიკური კომპონენტებია, რომლებიც ტვინსა და ნერვულ სისტემას აზიანებს. 

  • მტკიცება, თითქოს კორონავირუსი ბაქტერიის ნაწილებისგან შედგება და ანტიბიოტიკებით იკურნება, მეთოდოლოგიური ხარვეზების მქონე კვლევას ეფუძნება.

ლუკ მონტანიე 15 იანვრის სიტყვით გამოსვლის სრულ ვერსიაში ამბობს, რომ იტალიელი მეცნიერების ჯგუფმა ექიმ კარლო ბროსნიას ხელმძღვანელობით კორონავირუსსა და ნაწლავის ბაქტერიას შორის კავშირი დაადგინა. მონტანიე სწორედ აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ანტიბიოტიკების გამოყენება აუცილებელია. რეალურად, ექიმი კარლო ბროსნიას ნაშრომი, რომელიც ონლაინ ჟურნალ F1000research-ში გამოქვეყნდა, მხოლოდ ერთი კოვიდით ინფიცირებულის და ერთი ჯანმრთელი ადამიანისგან აღებული ნიმუშების საფუძველზე ასკვნის, რომ კორონავირუსი არა ადამიანის უჯრედებში, არამედ საჭმლის მომნელებელი სისტემის ბაქტერიებში მრავლდება და ანტიბიოტიკებით იკურნება. 

ერთი მხრივ, კვლევის თეზისი ეწინააღმდეგება კორონავირუსის შესახებ 2020 წლიდან დღემდე არსებულ სამეცნიერო კონსენსუსს და ვირუსის შესახებ არსებული კვლევების კორპუსს, რომლის მიხედვითაც, COVID-19-ის გამომწვევი SARS-CoV-2-ის ვირუსია და არა ბაქტერია. რაც შეეხება, კარლო ბოსნიას ავტორობით გამოქვეყნებულ კვლევას, ის მხოლოდ ერთი ინფიცირებული პანციენტისგან მიღებული ნიმუშების ანალიზს წარმოადგენს, მეთოდოლოგიის აღწერაში კი არ ჩანს, ჩართული იყო თუ არა კვლევაში საკონტროლო ჯგუფი. ამას თავიანთი ჰიპოთეზის შესახებ კვლევის ავტორებიც შენიშნავენ, რომლებიც სტატიის “დისკუსიის” ველში წერენ, რომ კორონავირუსის ბაქტერიებში გამრავლების შესახებ მათ მიერ გაკეთებული დასკვნები ერთმნიშვნელოვანი არ არის და მათი შედეგები კორონავირუსის ადამიანის უჯრედებში გამრავლების თეზისს ბოლომდე ეჭვქვეშ არ აყენებს.  გარდა ამისა, იტალიური ფაქტების გადამოწმების პლატფორმის, “Open Fact-checking”-ის მიხედვით, ჟურნალს, რომელმაც ბროსნიას მკვლევართა ჯგუფის სტატია გამოაქვეყნა, მეთოდოლოგიასა და რეცენზირებასთან დაკავშირებული ხარვეზების მქონე ანტივაქსერული “სამეცნიერო” კვლევები ადრეც გამოუქვეყნებია, რომლებიც ხშირად დეზინფორმაციისა და მანიპულაციების საფუძველი ხდება. 

მეცნიერულად დაუსაბუთებელი თეორია, რომლის მიხედვითაც, COVID-19-ის განვითარებაში ბაქტერიული ფაქტორიც მონაწილეობს, რის გამოც დაავადების მკურნალობა ანტიბიოტიკებით უნდა მოხდეს, 2020 წლიდან ვრცელდება. მართალია, კორონავირუსის მკურნალობის მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში თანხმლები ბაქტერიული დაავადების პრევენციის ან თერაპიის მიზნით შესაძლებელია, პაციენტს ანტიბიოტიკები დაენიშნოს, თუმცა ეს არ ნიშნვავს, რომ ანტიბიოტიკები ვირუსის მკურნალობის ზოგად რეკომენდაციას წარმოადგენს. კორონავირუსისა და ანტიბიოტიკებით მკურნალობის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია: 

რა არის კორონავირუსი და შესაძლებელია თუ არა ანტიბიოტიკებით მისგან განკურნება ?

  • სპაიკ ცილა ტოქსიკური არ არის, ხოლო კორონავირუსის ზოგიერთ ვაქცინაში გამოყენებული ალუმინის მცირე დოზა უვნებელია. გარდა ამისა, კორონავირუსის ვაქცინების უმეტესობა ალუმინს საერთოდ არ შეიცავს.

მტკიცება, თითქოს რნმ ვაქცინები სპაიკ ცილებს შეიცავს, რომელებიც ადამიანის სხვადასხვა ორგანოში აღწევენ და დაზიანებებს იწვევენ, დეზინფორმაციაა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინებზე ჩატარებული კვლევებით არ დასტურდება. კორონავირუსის ვაქცინების მოწინააღმდეგეები ხშირად მანიპულირებენ იმ კვლევების მონაცემებით, რომლებმაც ცხოველებში სპაიკ ცილის ტოქსიკურობა აჩვენა. რეალურად სპაიკ ცილის ტოქსიკურობის დასასაბუთებლად მოყვანილი კვლევები კორონავირუსის ვაქცინების კონტექსტში არარელევანტურია, რადგან ვაქცინით ორგანიზმში სპაიკ ცილის შეყვანა არ ხდება. ამის საპირისპიროდ რნმ ვაქცინები ორგანიზმში სპაიკ ცილა სინთეზირდება, რომლის ქცევაც განსხვავებულია. სპაიკ ცილასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე ვრცლად იხილეთ სტატიები: 

რაც შეეხება ალუმინს, კორონავირუსის ვაქცინებიდან ალუმინს მხოლოდ ჩინურ ვაქცინებში, CoronaVac-ისა  და Sinopharm ვხვდებით, თუმცა მათში შემავალი ალუმინის რაოდენობა ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. ალუმინი ვაქცინებში 1930-იანი წლებიდან გამაძლიერებლად გამოიყენება და არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომ სხვადასხვა ვაქცინაში შემავალ მინიმალური რაოდენობის ალუმინს ადამიანის ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების გამოწვევა შეუძლია. ვაქცინებში შემვალი ალუმინის უსაფრთხოების შესახებ ვრცლად იხილეთ:

ლუკ მონტანიეს შესახებ

ფრანგმა ვირუსოლოგმა ლუკ მონტანიემ 2008 წელს ნობელის პრემია ფრანგი მეცნიერების ჯგუფთან ერთად 1980-იან წლებში შიდსის ვირუსის აღმოჩენისთვის მიიღო. წარმატებული სამეცნიერო კარიერის მიუხედავად, გასული დეკადის განმავლობაში სხვადასხვა საკამათო მტკიცების გამო მონტანიემ სამეცნიერო საზოგადოების კრიტიკა არაერთხელ დაიმსახურა. 2010 წელს მონტანიე ამტკიცებდა, რომ შიდსის განკურნება ანტიოქსიდანტებისა და დიეტის დაცვითაა შესაძლებელი, ხოლო 2019 წელს მონტანიე ჰომეოპათიის “სამეცნიერო საფუძვლების” შესახებ წერდა და ამტკიცებდა, რომ წყალს მეხსიერება აქვს. კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში მონტანიემ პოპულარობა კორონავირუსთან დაკავშირებული დაუსაბუთებელი მტკიცებებით კიდევ ერთხელ მოიპოვა. 2020 წლის აპრილში მონტანიე ვარაუდობდა, რომ ახალი კორონავირუსი უკვე არსებული კორონავირუსისა და შიდსის გამომწვევი ვირუსის ხელოვნური შეერთებით მიღებული პათოგენი იყო. ლუკ მონტანიეს შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist