ანტივაქსერები ექიმის კომენტარს მანიპულაციურად ავრცელებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

83
VIEWS

18 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა შერი შერი გამოაქვეყნა 22 წამიანი ვიდეო, რომელშიც მაყურებლის კითხვაზე, უნდა მოერიდონ თუ არა აუცრელები აცრილებს, ექიმი პასუხობს: “ყველა უნდა მოვერიდოთ დაავადების გავრცელებას. დაავადების გავრცელების ერთ-ერთი გზა არის აცრა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი”. 19 ნოემბერს ამავე გადაცემის სქრინი გამოაქვეყნა კიდევ ერთმა მომხმარებელმა მანო ბერიძემ, რომელიც წერს, რომ ექიმს წარმოსცდა, რომ დაავადების გავრცელების მნიშვნელოვანი გზა აცრაა. ასევე 19 ნოემბერს პოსტი გამოაქვეყნა ბექა ვარდოსანიძემაც, რომელიც წერს: “თქვენ ფაუჩ მადიდებელმა ექიმმა თქვა შემდეგი განცხადება ”დავადების გავრცელების ერთერთი გზა არის აცრა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. მექანიკური შეცდომა იქნება ესეც ბიძია პარმენ”.  ამავე თემაზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა მომხმარებელმა გვანცა ერემაძემ, რომელიც ამავე ვიდეოს 31 წამიან ფრაგმენტს შეიცავს. ამავე ფრაგმენტში ექიმი ასევე პირბადის ტარებაზეც საუბრობს.

"

"
ფეისბუქ მომხმარებლების მიერ გავრცელებული ფრაგმენტი ვიდეომანიპულაციას წარმოადგენს და მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად, ვინაიდან ვიდეოს სრულ ვერსიაში ჩანს, რომ ექიმი დაავადების გავრცელების პრევენციას გულისხმობს და არა დაავადების გავრცელებას. ის გადაცემის მსვლელობისას არაერთხელ უსვამს ხაზს დაავადების პრევენციაში ვაქცინის როლს, მის დამცველობით ფუნქციას და მაყურებლებს აცრისაკენ მოუწოდებს.

18 ნოემბერს ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, გადაცემაში “კოვიდ 19” მედიცინის დოქტორი, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი ნინო ოთარიშვილი მაყურებლების კითხვებს პასუხობდა. ერთ-ერთმა მაყურებელმა მას შემდეგი კითხვა დაუსვა:

“ოჯახში ვართ სამი ადამიანი, ერთმა აიცრა. ამიტომ, ეს აცრილი უნდა მოერიდოს აუცრელებს, თუ აუცრელები – აცრილს?”

აღნიშნულ შეკითხვაზე ნინო ოთარიშვილი პასუხობს:

“ყველა უნდა მოვერიდოთ დაავადების გავრცელებას. დაავადების გავრცელების ერთ-ერთი გზა არის აცრა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირბადის ტარება და რეგულაციების დაცვა, რომ არ ვიყოთ ხალხმრავალ ადგილებში დიდხანს და აუცილებლად ხელების ჰიგიენა, პირბადის ტარება.”

მისი პასუხიდან ჩანს, რომ ექიმი არა დაავადების გავრცელებას, არამედ გავრცელების პრევენციას გულისხმობს. ამაზე მიუთითებს მისი პასუხის მეორე ნაწილიც, რომელიც ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან მოჭრილია:

ნინო ოთარიშვილი: “მორიდებას რაც შეეხება, აცრილსაც შეიძლება დაემართოს კოვიდ ინფექცია, ოღონდ ეს არის ძალიან მცირე პროცენტი და აცრილმაც შეიძლება გადასდოს სხვას კოვიდ ინფექცია, მაგრამ ესეც არის ძალიან პატარა პროცენტი. ძირითადად, დაავადების გამავრცელებლები არიან აუცრელები. ასე რომ, ოჯახის აცრილს წევრს მიბაძეთ, გირჩევთ და გაიკეთეთ დანარჩენმა ორმაც აცრა, რათა დაცული იყოთ 99-98%-ით დაინფიცირებისგან და დაავადების გართულებისგან.”

ამავე გადაცემაში ექიმმა არაერთხელ გაუსვა ხაზი აცრის, პირბადის ტარების და დისტანციის დაცვის მნიშვნელობას:

ნინო ოთარიშვილი: “ძალიან მადლობელი ვართ ყველა იმ ადამიანის, ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება თავის ჯანმრთელობას, გარშემომყოფთა ჯანმრთელობას, იცრება, ატარებს პირბადეს და იცავს რეგულაციას. ეს არის ყველაზე საუკეთესო დაცვა ამ წუთას – პირბადე, აცრა და დისტანცირების დაცვა, რომელიც მართლა დაგვამარცხებინებს ამ დაავადებას, რომელიც ძალიან გახანგრძლივდა”.

მან ასევე არაერთხელ მოუწოდა მაყურებლებს ვაქცინაციისაკენ. გადაცემის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა მაყურებელმა თქვა, რომ აცრილი იყო ორჯერადად, თუმცა მაინც დაემართა კოვიდი. მან თქვა, რომ საავადმყოფოდან რეკავდა და რამოდენიმე დღის წინ მოხსნეს აპარატიდან. მაყურებელი კითხულობდა, იცავდა თუ არა მას აცრა, რაზეც ნინო ოთარიშვილმა უპასუხა, რომ აცრა დიდი პროცენტით იცავს:

ნინო ოთარიშვილი: “აბსოლუტურად იმისგან, რომ კოვიდი არ შეგეყრებათ, ამის დაცვა არ არის, მაგრამ, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ აცრილები 98%-ით ნაკლებად ავადდნებიან, 98%-ით ნაკლებად ურთულდებათ დაავადება და 98%-ით ნაკლებია სიკვდილიანობა, მგონი ეს მხოლოდ აცრის სასარგებლოდ მეტყველებს. ძალიან ბევრი პაციენტია, რომელმაც აცრის შემდეგ კოვიდი გადაიტანა შედარებით მსუბუქად, არიან პაციენტები, რომლებიც მოხვდნენ სტაციონარში და მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებაში, მათ გადარჩენის უფრო მეტი შანსი და პროცენტი აქვთ, ვიდრე იმ პაციენტებს, რომლებიც აცრის და დაცვის გარეშე არიან იგივე მდგომარეობაში. რაც თქვენ ბრძანეთ, რომ აპარატიდან მოვიხსენიო, ესეც კიდევ ერთხელ თქვენს აცრაზე მეტყველებს. აცრილს რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში დაგემართათ კოვიდი, აუცრელი ორგანიზმისთვის წამროიდგინეთ, რამდენად რთული იქნებოდა ამის გამკლავება”.

ანტივაქსერები ექიმის მიერ საუბრისას დაშვებულ მექანიკურ შეცდომას კონტექსტის გარეშე ადრეც ავრცელებდნენ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist